1411 წელს თურქმანებთან ბრძოლაში დაიღუპა საქართველოს მეფე კონსტანტინე
ჩალაღანის ბრძოლა — ბრძოლა ყარაყოიუნლუს („შავბატკნიან“) თურქმანებსა და შირვანშაჰისა და საქართველოს გაერთიანებულ ჯარებს შორის. გაიმართა 1412 წელს. „შავბატკნიან“ თურქმანთა მბრძანებელმა ყარა-იუსუფმა სამხრეთ აზერბაიჯანში გაბატონების შემდეგ ჩრდილოეთ აზერბაიჯანსაც შეუტია. შირვან-შაჰმა შეიხ იბრაჰიმ დერბენდიმ და სიდი ალი შაქისელმა დახმარებისათვის საქართველოს მეფე კონსტანტინე I-ს მიმართეს. კონსტანტინემ 2 ათასი მხედარი მიაშველა მათ.
მოკავშირეები ჩალაღანთან, ელდარის ველის სამხრეთ აღმოსავლეთით, მდინარე მტკვარსა და მდ. ალაზანს შორის დაბანაკდნენ. ჩალაღანის ბრძოლა მოხდა 1412 დეკემბრის შუა რიცხვებში. მოკავშირეები დამარცხდნენ. კონსტანტინე I, შეიხ იბრაჰიმი, მისი ძმა - ბოჰული და ქართველი სარდლები თურქმანებმა შეიპყრეს. ქართველი ტყვეების ამაყი ქცევით განრისხებულმა ყარა-იუსუფმა კონსტანტინე I და მისი ძმა 300 ქართველ ტყვესთან ერთად სიკვდილით დასაჯა.
კონსტანტინე I (გ. 1411) — საქართველოს მეფე 1407-1411, ბაგრატ V-ის ძე. 1400 თავისი ძმის, საქართველოს მეფის გიორგი VII-ის (1393-1407) დესპანი იყო თემურლენგთან და მიაღწია შეთანხმებას. 1401-1402 თემურლენგთან ზავის დადების მომხრე იყო. ამ ნიადაგზე ძმებს შორის უთანხმოება ჩამოვარდა, კონსტანტინე სამცხის ათაბაგ ივანე ჯაყელთან ერთად გიორგი VII-ს განუდგა და საჩუქრებით ეახლა თემურლენგს. ამის მიუხედავად, კონსტანტინე მტრის იარაღად არ ქცეულა და საქართველოს ინტერესებისათვის იღვწოდა. გამეფების შემდეგ ენერგიულად შეუდგა მტრის შემოსევებით გაპარტახებული ქვეყნის აღდგენას, მაგრამ აღარ დასცალდა. XV საუკუნის დასაწყისში ირანის აზერბაიჯანს შავბატკნიანთა (ყარა-ყოიუნლუ) თურქმანული ტომის მეთაური ყარა იუსუფი დაეუფლა, რომელიც ცდილობდა თავისი სამფლობელოების გაფართოებას. 1411 ის შირვანში შეიჭრა. შირვანელებმა დახმარება სთხოვეს კონსტანტინე I-ს, რომელიც 2000 მხედრით მოეშველა მათ. ჩალაღანთან სასტიკ ბრძოლაში კონსტანტინე I ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში მამაცურად ეჭირა თავი, რის გამოც ყარა-იუსუფმა მას საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი.
ყარა-იუსუფი (გ. 1420) — დასავლეთის ოღუზი თურქმანების მომთაბარე ტომთა ერთ-ერთი გაერთიანების — ყარა-ყოიუნლუს ბელადი. ყარა-იუსუფმა დაამარცხა ჯალაირიდების სახელმწიფოს გამგებელი აჰმედი და 1410 წელს საფუძველი ჩაუყარა ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფოს, რომელსაც 1420 წლამდე განაგებდა. ყარა-იუსუფს შირვანზეც ეჭირა თვალი და მის დამორჩილებას აპირებდა. შირვანშაჰმა იბრაჰიმმა საქართველოს მეფე კონსტანტინეს და შაქის გამგებელს სიდი აჰმედს სთხოვა დახმარება. მოკავშირეებსა და ყარა-იუსუფის ლაშქარს შორის ბრძოლა გაიმართა მტკვრის მარცხენა ნაპირზე 1412 წლის დეკემბერში. გამარჯვება ყარა-იუსუფს დარჩა. ბრძოლაში ბევრი ქართველი დაიღუპა, მეფე კონსტანტინე I ტყვედ ჩავარდა და ყარა-იუსუფის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს 300 ქართველ აზნაურთან ერთად. ამიერკავკასიის გაერთიანებული ძალების დამარცხების შემდეგ ყარა-იუსუფმა ყურადღება თემურიდთა ირანის სამფლობელოებზე გადაიტანა. შაჰრუხთან (განაგებდა 1405-1447 წწ.) ომის დროს ყარა-იუსუფი მოკვდა.