1431 წელს მან დიდი ძალისხმევის შედეგად შემოიერთა ციხე-ქალაქი ლორე და ლორის ველი, რომელიც მანამდე შავბატკნიან თურქმანებს ეპყრათ. ალექსანდრე I დიდი (დ. დაახლოებით 1390 — გ. 1445) — საქართველოს მეფე 1412-1442. კონსტანტინე I-ისა და ნათია ამირეჯიბის ძე. ზრდიდა ბებია რუსა.
მეფობის პირველსავე წლებში იძულებული გახდა მოეგერიებინა თურქმანთა შემოტევები. მხოლოდ 1415 წლიდან დამყარდა საქართველოში მშვიდობიანობა და მეფემ ენერგიულად მოჰკიდა ხელი თემურლენგისა და თურქმანთა შემოსევებით განადგურებული ქვეყნის აღდგენას. რაკი სახელმწიფო ხაზინას საამისო სახსრები არ გააჩნდა, მან 1425 წელს შემოიღო სპეციალური დროებითი საკომლო გადასახადი, რომლის შემოსავლითაც შეაკეთა სვეტიცხოველი, რუისის ტაძარი და მრავალი სხვა ციხე, საყდარი და მონასტერი. 1440 წლის სიგელით გააუქმა გადასახადის სახეობა — „მალი“. ალექსანდრე I ცდილობდა აღედგინა საქართველოს ადრინდელი საზღვრები.
ყარა-ყოიუნლუ (თურქ. — შავბატკნიანები, ყარა — შავი და ყოიუნ — ცხვარი, აქედან სპარსულ წყაროებში გვხვდება, როგორც ყარაბაღი; მათ დროშაზე გამოსახული შავი ცხვრის მიხედვით), ოღუზი თურქების (თურქმანების) მომთაბარე ტომების გაერთიანება, რომელსაც მეთაურობდა ბაჰარლუს ტომი. თავდაპირველად სახლობდნენ ვანის ტბის სამხრეთით; ფეოდალური სახელმწიფო აზერბაიჯანსა და დასავლეთ ირანში (1410-1468). ყარა-ყოიუნლუს ტომები ებრძოდნენ თემურლენგსა და მის მოკავშირე აყ-ყოიუნლუს, მხარს უჭერდნენ ჯალაირიდებსა და ოსმანებს თემურლენგის წინააღმდეგ. თემურლენგის სიკვდილის შემდეგ (1405) ყარა-ყოიუნლუს ბელადი ყარა-იუსუფი დაეხმარა ჯალაირიდებს თემურლენგის შვილის მირან-შაჰის დამარცხებაში, ხოლო შემდეგ თვითონ დაამარცხა ჯალაირიდები, დაიკავა აზერბაიჯანი, ირანი, სომხეთი და 1410 დააარსა ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფო, რომლის გამგებელი ყარა-იუსუფი და ისქანდერი (1420-1436) ებრძოდნენ თემურიდებსა და შირვანშაჰებს. 1435 წელს თემურიდების სულთანმა შაჰრუხმა შირვანშაჰთან ერთად გაანადგურა ისქანდერის ლაშქარი. 1436 წელს გამეფებული ჯეჰან-შაჰი იძულებული გახდა ეცნო თემურიდების ვასალობა, ხოლო 1447 წელს, შაჰრუხის სიკვდილის შემდეგ, თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა. 1453 და 1457 წლებს შორის ყარა-ყოიუნლუმ დაიპყრო დასავლეთი ირანი. 1467 წელს ჯეჰან-შაჰის ჯარები გაანადგურა უზუნ-ჰასანმა (განაგებდა 1453-1478 წლებში), ხოლო 1468 წელს ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფოს ტერიტორია აყ-ყოიუნლუს შემადგენლობაში შევიდა.