კვირიკე I (გ. 918) — კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 892-918 წლებში. მისი მმართველობის დროს ადგილი ჰქონდა მთელ რიგ ახალ მოვლენებს. ეს ის დროა, როცა აზერბაიჯანში იქმნება საჯიდების ძლიერი სახელმწიფო. 907-914 წლებში საჯმა აბულ კასიმმა დალაშქრა და ააოხრა საქართველოს მთელი რიგი პროვინციები. კახეთმა შეძლო ამ შემოსევის თავიდან აცილება: არაბთა მიერ უჯარმისა და ბოჭორმის ციხეების დაკავების შემდეგ კვირიკე I-მა აბულ კასიმს მორჩილება აღუთქვა და სამთავრო აოხრებას გადაარჩინა.
საჯთა ახალმა შემოსევამ დიდად დააზარალა და დაასუსტა კახეთის მეზობელი პოლიტიკური ერთეულები. კახეთი სარგებლობს ამ მდგომარეობით და თავისი ტერიტორიების გაფართოებაზე ზრუნვას იწყებს. დაახლოებით 915 წელს კვირიკე I-მა აფხაზთა მეფე კონსტანტინე III-თან ერთად გაილაშქრა ჰერეთის წინააღმდეგ. მოკავშირეებმა დაიპყრეს და გაინაწილეს ჰერეთის პუნქტები არიში (ახლანდელი მთისძირი), გავაზი (ახლანდელი ახალსოფელი), ორჭობი. კვირიკე I-ს ერგო ორჭობი. რამდენიმე ხნის შემდეგ ჰერეთის მეფემ ადარნასე პატრიკმა ისარგებლა კახეთის სამთავროს საგარეო-პოლიტიკური ვითარების გართულებით და დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა.
კონსტანტინე III, კოსტანტი III (გ. 922) — „აფხაზთა სამეფოს“ (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 893-922, ბაგრატ I-ის ძე. იბრძოდა სამეფო-სამთავროებს შორის ჰეგემონობის მოპოვებისა და საქართველოს გაერთიანებისათვის. 904 დაეუფლა ქართლს. მის წინააღმდეგ გაილაშქრეს სომეხთა მეფემ სმბატ I-მა და ქართველთა მეფემ ადარნასე II-მ. მათ ალყა შემოარტყეს უფლისციხეს და აიღეს. საზავო მოლაპარაკების დროს კონსტანტინე III შეიპყრეს. სმბატმა ის ანისის ციხეში დაამწყვდია, მაგრამ 4 თვის შემდეგ, იმის შიშით, რომ „აფხაზთა სამეფოს“ ტახტზე უფრო ძლიერ პიროვნებას დასვამდნენ, გაათავისუფლა. სმბატ I არაბებთან ურთიერთობის გამწვავების გამო დათმობაზე წავიდა, კონსტანტინე III-მ კვლავ მიიღო ქართლი. დასავლეთ საქართველოსა და სომხეთის მეფის ეს კავშირი კონსტანტინე III-ის სმბატის ასულზე დაქორწინებით განმტკიცდა. აბუ ლ-კასიმის მიერ სმბატ I-ის მოკვლისა (914) და სომხეთის აოხრების შემდეგ კონსტანტინე III-მ ჯერ ქართლში განიმტკიცა ხელისუფლება, შემდეგ მან და კახეთის ქორეპისკოპოსმა (მთავარი) კვირიკე I-მა ჰერეთი დაიპყრეს და გაინაწილეს. ამ დროიდან X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე საქართველოს სამეფო-სამთავროთა შორის ჰეგემონობა „აფხაზთა მეფის“ ხელში იყო.
ადარნასე პატრიკი — ჰერეთის მეფე (დაახლოებით 915-944). მისი მეფობის დროს კახთა მთავარმა კვირიკე I-მა და აფხაზეთის მეფე კონსტანტინემ დალაშქრეს ჰერეთი (915). ვეჯინის შეთანხმების თანახმად ადარნასე იძულებული გახდა კვირიკესთვის დაეთმო ორჭობი, ხოლო კონსტანტინესათვის — გავაზნი და არიში.