კვირიკე II — კახეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 929-976 წწ. მას განუდგნენ გარდაბნელი აზნაურები და მხარი დაუჭირეს გიორგი II აფხაზთა მეფეს, რომელიც იბრძოდა კახეთის შესაერთებლად. კვირიკე II-ს უღალატა მისმა ძმამ შურტამ და აფხაზთა მეფეს გადასცა უჯარმის ციხე. გიორგი II-მ დაიპყრო ბოჭორმის, ლოწობნის და ნახჭევნის ციხეებიც. კვირიკე II-მ თავი დამარცხებულად ცნო. მაგრამ მას დაეხმარნენ ქართლის აზნაურები და კახეთი დაიბრუნა. 957 წელს აფხაზთა მეფემ თავისი შვილი, ქართლის ერისთავი ლეონი, გაგზავნა კახეთის დასამორჩილებლად, მაგრამ გიორგი II-ის გარდაცვალებამ აიძულა ლეონი დაზავებოდა კვირიკე II-ს, რომელმაც თავი აფხაზთა მეფის ვასალად ცნო. რამდენიმე ხნის შემდეგ ლეონ III-მ განაახლა ბრძოლა კახეთის წინააღმდეგ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. კვირიკე II-მ მთლიანად, აღადგინა თავისი სამფლობელო და საზღვრები არაგვის დასავლეთითაც კი გადაიტანა. 70-იან წლებში შინაფეოდალურმა ომებმა აფხაზთა სამეფო დაასუსტა. ამით ისარგებლა კვირიკე II-მ და დაიწყო ბრძოლა ქართლისათვის, მაგრამ უშედეგოდ.
ლეონ III, "აფხაზთა სამეფოს" (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 957-967 წლებში, გიორგი II-ის ძე. გამეფებამდე დანიშნული იყო ქართლის ერისთავად. მამასთან ერთად იბრძოდა კახეთის შემოსაერთებლად. კახეთში ერთ-ერთი ლაშქრობის დროს გიორგი II-ის გარდაცვალების გამო იძულებული გახდა დაზავებოდა კახეთის მეფე კვირიკე II-ს, რომელმაც თავი ლეონ III-ის ვასალად ცნო. ლეონ III-მ რამდენიმე ხნის შემდეგ განაახლა ბრძოლა კახეთის სამეფოს დასაპყრობად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. მის დროს დასავლეთ საქართველოში დიდი სააღმშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა: ააშენეს მოქვის ეკლესია, რომელიც ლეონ III-მ საკათედრო ტაძრად აქცია; 964 აშენდა კუმურდოს ტაძარი.
უჯარმა — ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ჩრდილოეთით 4 კმ-ის დაშორებით, გომბორის უღელტეხილის მახლობლად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის, თბილისი-თელავის პირას, ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინცია გარეკახეთში, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე.
ბოჭორმის ციხე — ციხესიმაგრე თიანეთის მუნიციპალიტეტში.
ლოწობანი — ისტორიული ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე ქსნის მარცხენა ნაპირზე, სოფ. იკოთიდან (ახალგორის მუნიციპალიტეტი) ჩრდილო-აღმოსავლეთით 4 კმ დაშორებით აღმართულ კლდეზე.