დავითი — კახეთის ქორეპისკოპოსი (მთავარი) 976-1010 წლებში, კვირიკე II-ის ძე. კახეთის უკანასკნელი მთავარი, რომელიც ქორეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა. მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები ჰქონდა ქართლშიც. ებრძოდა საქართველოს მეფე ბაგრატ III-ს, რომელიც კახეთ-ჰერეთის შემოერთებისათვის იღვწოდა. 1008 წელს დავითი იძულებული გახდა მრავალრიცხოვანი ჯარით კახეთზე გამოლაშქრებულ ბაგრატ III-თვის დაებრუნებინა ქართლის ციხეები (წირქვალი, გრუი). ამავე ლაშქრობის დროს ბაგრატ III-მ მოახერხა ჰერეთის დაპყრობა, მაგრამ როგორც კი მეფე გაბრუნდა, დავითმა ეს მხარე კვლავ კახეთს შეუერთა.
ბაგრატ III ბაგრატიონი (დ. დაახლ. 961[კ 1] — გ. 7 მაისი, 1014) — გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975-1014, ბაგრატიონი, გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. ბაგრატის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს. 2016 წლის 22 დეკემბერს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
წირქვალის ციხე, წირქოლის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში (ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტი); მდებარეობს მდინარე ქსნის მარჯვენა მხარეს, ქარაფოვანი კლდის თავზე, იქ სადაც ხეობა ვიწროვდება. აგებულია ადრე შუა საუკუნეებში. კონტროლს უწევდა მდინარეების ქსნისა და ალეურის გასწვრივ მიმავალ გზებს; კეტავდა ქსნის ხეობის მთაგორიან მხარეს. ვარაუდით, ის ქსნისხევის ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრი იყო. X საუკუნის დასასრულს კახეთის სამთავრომ შიდა ქართლზე პოლიტიკური ექსპანსიის დროს წირქვალის ციხე თავის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. XI საუკუნის დასააწყისში მეფე ბაგრატ III-მ აიღო; XVIII საუკუნეში მსხვილ ფეოდალ გივი ამილახვარს ეკუთვნოდა. 1777 წელს აქ იყო გამაგრებული ერეკლე II-ის წინააღმდეგ აჯანყებული ქსნის ერისთავი გიორგი, იმავე წელს ქსნის საერისთავოს გაუქმებისთანავე სამეფო ხელისუფლებას დაექვემდებარა. ციხის სამშენებლო ფენაში შეიმჩნევა ადრინდელი და გვიუანდელი შუა საუკუნეების შრეები. წირქვალის გორაზე მოკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა. წირქვალის ციხის ახლოს მდებარეობს წირქოლის ეკლესია.
გრუი, გრუა — ციხესიმაგრე ფეოდალური ხანის საქართველოში, ქსნის ხეობაში, მდინარე ალეურის მარჯვენა შენაკადის გრუისხევის შუაში ამოზიდულ გორაკზე. შემორჩენილია ნანგრევები. გრუი პირველად მოხსენებულია „მატიანე ქართლისაში“ (XI ს.), „ძეგლი ერისთავთაში“ (XIV ს.) იხსენიება გრუი და გრუელნი VI საუკუნის მოვლენების თხრობასთან დაკავშირებით. X საუკუნეში გრუი წირქოლის ციხესთან ერთად ქართლზე კახეთის სამეფოს პოლიტიკური ბატონობის საყრდენი იყო. ციხეს სამი მხრიდან მდინარე უვლის. სამხრეთ ნაწილში ტიყისა და ფლეთილი ქვით ნაგები სათოფურებიანი მრგვალი კოშკია, რომლის დიამეტრი 6 მ უდრის, ჩრდილო ნაწილში სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევებია. ნაგებობებს შორის ადგილი გარშემორტყმული ყოფილა პარალელური კედლებით. ციხის ნაშთები XIV-XVII საუკუნეებისაა. აქ მოპოვებული კერამიკის ფრაგმენტები (VI-XII სს.) წერილობით ცნობებთან ერთად სარწმუნოს ხდის, რომ გრუის ციხე ჯერ კიდევ ადრინდელ ფეოდალურ ხანაში არსებობდა.
თანამედროვე დროში, ახალგორის მუნიციპალიტეტში არსებობს სოფლები: ზემო ღრუ და ქვემო ღრუ, რომელთა ეტიმოლოგია გრუის ციხეს უკავშირდება.[