1028 ლიპარიტ IV-მ დაამარცხა ბიზანტიის კეისრის კონსტანტინეს მიერ საქართველოს ასაოხრებლად გამოგზავნილი ლაშქარი
1028 ლიპარიტ IV-მ დაამარცხა ბიზანტიის კეისრის კონსტანტინეს მიერ საქართველოს ასაოხრებლად გამოგზავნილი ლაშქარი. შემდეგ კი ივანე აბაზასძესთან ერთად მეთაურობდა საქართველოს შეერთებულ ლაშქარს, რომელმაც მდინარე ეკლეცთან სძლია საქართველოს მეფის ყმობისაგან თავდახსნილი განძის ამირა ფადლონის ჯარს. 1032 ლიპარიტ IV-მ დაატყვევა თბილისის ამირა და ერთი ციხე წაართვა, მაგრამ მისი მოწინააღმდეგე დიდაზნაურების რჩევით მეფემ ტყვე გაათავისუფლა, იყმო და ამირადვე დაიტოვა.
1037-1038 ლიპარიტ IV-ის ჩაგონებით ბაგრატ IV-ის ლაშქარი კახთა მეფის ჯართან ერთად თბილისს შემოადგა. 2 წლის ალყის შემდეგ ბაგრატ IV ლიპარიტ IV-ის უკითხავად ამირას დაუზავდა. ამით განაწყენებული ლიპარიტ IV საბოლოოდ გაუორგულდა მეფეს, დაუკავშირდა ბიზანტიას, რომელმაც მალე იგი დამხმარე ლაშქრით, დიდძალი ფულითა და საქართველოს სამეფო ტახტის მაძიებელი დემეტრე გიორგის ძის თანხლებით ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ გამოგზავნა. ლიპარიტ IV-მ ალყა შემოარტყა სამეფო ციხე ატენს, მაგრამ შემდეგ საქმე გართულდა და იგი ბაგრატ IV-ს დაუზავდა. მეფემ ლიპარიტ IV-ს ქართლის ერისთავობა უბოძა, მაგრამ ლიპარიტ IV აგრესიული ბიზანტიის აგენტი იყო და ფარულად თუ აშკარად საქართველოს გაერთიანება-გაძლიერებას ებრძოდა. მან ერთ-ერთი ბრძოლის დროს გამოიხსნა ბაგრატ IV-სთან მძევლად მყოფი თავისი შვილი ივანე, შემდეგ სასირეთის ჭალაში ბრძოლისას მეფე დაამარცხა კიდეც. 1048 ლიპარიტ IV მონაწილეობდა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში ბიზანტიის მხარეზე . თურქებმა სძლიეს ბიზანტიელებს, ლიპარიტ IV კი ტყვედ ჩავარდა. 1051 იგი გაათავისუფლეს ტყვეობიდან და საქართველოში დაბრუნდა. აქ ბიზანტიის მხარდაჭერით კვლავ მომძლავრდა.
1054 ბიზანტიის კეისრის მოთხოვნით ლიპარიტ IV მთელი სამხრეთ საქართველოს მთავარი გახდა. 1058 მეფის ერთგულმა მესხმა აზნაურებმა სულა კალმახის ერისთავის მეთაურობით შეიპყრეს ლიპარიტ IV და მიჰგვარეს მეფეს, რომელმაც ორგული ფეოდალი იძულებით ბერად შეაყენა. ამის შემდეგ ბერი ანტონი (ლიპარიტყოფილი) ბიზანტიაში გადაიხვეწა. მოღვაწეობდა შავ მთაზე, სადაც, სავარაუდოდ, დააარსა წმ. ბარლაამის ქართველთა მონასტერი და იყო მისივე წინამძღვარი 1060–1064 წლებში. მხარს უჭერდა ათონის მთაზე მოღვაწე გიორგი მთაწმინდელს, რის გამოც მისთვის აღაპი დაუწესებიათ. ლიპარიტ IV ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. შემორჩენილია მისი ზოგიერთი თხზულება. „მატიანე ქართლისაჲ-ს“ ცნობით, ლიპარიტ IV გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში, საიდანაც საქართველოში ჩამოუსვენებიათ და კაცხში დაუკრძალავთ
კონსტანტინე VIII (ბერძ. Κωνσταντίνος Η; დ. 960 — გ. 11 ნოემბერი, 1028) — ბიზანტიის იმპერატორი (რეალურად) 1025-1028 წლებში. ოფიციალურად გამეფდა 963 წელს სამი წლის ასაკში, თუმცა რეალური ძალაუფლება მხოლოდ 1025 წლს, 65 წლის ასაკში მოიპოვა. ტახტზე შეცვალა ძმა, ბასილი II. სასტიკად უსწორდებოდა საეჭვო პირებს, ახლობლების მიმართ კი ძალიან გულუხვი იყო. გატაცებული იყო რიტორიკითა და ნადირობით. ჰყავდა სამი ქალიშვილი, რომელთაგან ზოია ცოლად შერთო ერთ-ერთ სენატორს — რომანოზს, რომელსაც მოგვიანებით ტახტიც უანდერძა.