1037 წელს საქართველს მეფემ ბაგრატ IV-მ ლიპარიტ ბაღვაშის ინიციატივით ალყა შემოარტყა თბილისს. მალე მასთან გამოცხადდა კვირიკე დიდი თავისი მხედრობით და დახმარება შესთავაზა.
ბაგრატს მეფესთან ოვსთა ერთგულებას და მის დედინაცვლის ბორენას კეთილ ქცევას და განწყობას მუდამაც ვხედავთ,
რომ როდესაც ბაგრატ მეოთხეს ქართლში ებრძოდენ არაბთა
ფადლონ და მის მომხრენი, რადგანაც თფილისში მათი ემირი
იჯდა და თავისებურად განაგებდა, ბაგრატი კი განძისა და თფილისის არაბთა ემირი, წინააღმდეგ საომრად ემზადებოდა, მათი
გაძევება სურდა და ქართლ-კახეთის გათავისუფლება. ამიტომ
მტკვრის პირას შაებნენ მტერს ქართველნი, კახნი, აფხაზნი და
ოვსნი. სამწუხაროდ ამ ომში ოსთა მეფის ერთმა მონათაგანმა
მოკლა კვირიკე მეფე კახეთისა, მესისხლეობით, რადგანაც მას
ზედ წინედ, ომის დროს, კვირიკე მეფეს შეცდომით მოეკლა
ოვსთა მეფე ურდურე. ამ ამბავს „ქართლის ცხოვრება“ ასე
მოგვითხრობს: – „მოადგნენ ლაშქარნი კახნი და პერნი, მას ჟამსა
მოკლულ იყო დიდი კახთა მეფე კვირიკე, ოვსისა მონისაგან,
რამეთუ წყობასა შინა ოვსთა მეფე ურდურ მოეკლა კვირიკე კახთა
მეფესა. ამისათვის მოეკლა კვირიკე მეფე მესისხლეობათა: ნადირობასა შინა, ფიდარზის გორასთან ოვსისა მონისა მიერ“. ოვსებს
რომ დემეტრი მეფის გამო ბორენა დედოფლის შუღლი ჰქონიყოთ, მაშინ ხომ ოვსნი არ მოეშველებოდენ დიდის ფადლონის, განძი ემირის დამარცხებასა და განდევნაში. ბაგრატ
მეოთხეს ოვსნი დიდს დახმარებას აძლევდნენ. ამათს შრომასა
და ამაგს დიდი ადგილი და მნიშვნელობა უნდა მიეცეს ბაგრატ მეოთხისაგან საქართველოს გაძლიერების საქმის წინაშე.
აქ საყურადღებო ერთი ის არის, რომ „ქართლის ცხოვრება“ ოვსის მეფის ერთ მეომართაგანს, ოვსთავე მეფის მონად
აღიარებს. ოვსთა მონებთა შესახებ თუმცა ბევრი არა ვიცით
რა, მაგრამ აქედამ სჩანს, რომ ოვსეთშიაც ძველადგანვე მონებაც ყოფილა, მონათ მონებიც, ბატონყმობაც ყოფილა და
ყოველივე ამის მსგავსი ყოფა-ცხოვრება მდაბალთა და მშრომელთა ისევე, როგორც იგი ქართლ-კახეთშიაც იყო. ბაგრატ
მეფემ რომ ოვსები დიდის პატივისცემით უმზერდენ, ამას გამოაჩენს შემდეგი გარემოებაც, რომელიც ჩვენს ისტორიაში
თამამად გახლავსთ მოთხრობილი.
ბაგრატ IV (დ. 1018 ან 1020 ― გ. 24 ნოემბერი. 1072) — საქართველოს მეფე 1027-იდან, გიორგი I-ისა და დედოფალ მარიამის უფროსი შვილი.
კვირიკე III-ს მმართველობის დროს სამეფომ სახელმწიფოებრივ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ძლიერებას მიაღწია. კვირიკე III-მ გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული. სამეფო დაყო ადმინისტრაციულ ერთეულებად - 7 საერისთავოდ (რუსთავის, კვეტერის, პანკისის, ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის და შტორის). სამეფოს დედაქალაქი გახდა თელავი. დაახლოებით 1027-1032 წწ. კვირიკე III-ის ინიციატივით მოეწყო კოალიციური ლაშქრობა განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ. მონაწილეობდნენ ქართლის ფეოდალები ლიპარიტ ბაღვაში და ივანე აბაზასძე, თბილისის ამირა ჯაფარი და სომეხთა მეფე დავითი. მდინარე ეკლეცზე საქართველოს ლაშქარმა ფადლონი დაამარცხა. დაახლოებით ამავე წლებში კვირიკე III-მ სძლია ოსთა მეფე ურდურეს, ბრძოლაში ურდურე მოკლეს. 1037 წელს კვირიკე III მონაწილეობდა ლიპარიტ ბაღვაშის მიერ თბილისის ამირის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. თბილისის ხანგრძლივი ალყის დროს კვირიკე III მოუკლავს ოს მონას "სისხლისათვის ოვსთა მეფისა ურდურესი" (ვახუშტი ბატონიშვილი).
ლიპარიტ IV ბაღვაში — კლდეკარის ერისთავი XI საუკუნის 30-60-იან წლებში, ლიპარიტ III-ის ძე. ბაგრატ IV-ის მცირეწლოვანების პერიოდში საქართველოს ფაქტობრივი გამგებელი იყო ქართლის ერისთავი ივანე აბაზასძესთან ერთად.
1028 ლიპარიტ IV-მ დაამარცხა ბიზანტიის კეისრის კონსტანტინეს მიერ საქართველოს ასაოხრებლად გამოგზავნილი ლაშქარი. შემდეგ კი ივანე აბაზასძესთან ერთად მეთაურობდა საქართველოს შეერთებულ ლაშქარს, რომელმაც მდინარე ეკლეცთან სძლია საქართველოს მეფის ყმობისაგან თავდახსნილი განძის ამირა ფადლონის ჯარს. 1032 ლიპარიტ IV-მ დაატყვევა თბილისის ამირა და ერთი ციხე წაართვა, მაგრამ მისი მოწინააღმდეგე დიდაზნაურების რჩევით მეფემ ტყვე გაათავისუფლა, იყმო და ამირადვე დაიტოვა.
1037-1038 ლიპარიტ IV-ის ჩაგონებით ბაგრატ IV-ის ლაშქარი კახთა მეფის ჯართან ერთად თბილისს შემოადგა. 2 წლის ალყის შემდეგ ბაგრატ IV ლიპარიტ IV-ის უკითხავად ამირას დაუზავდა. ამით განაწყენებული ლიპარიტ IV საბოლოოდ გაუორგულდა მეფეს, დაუკავშირდა ბიზანტიას, რომელმაც მალე იგი დამხმარე ლაშქრით, დიდძალი ფულითა და საქართველოს სამეფო ტახტის მაძიებელი დემეტრე გიორგის ძის თანხლებით ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ გამოგზავნა. ლიპარიტ IV-მ ალყა შემოარტყა სამეფო ციხე ატენს, მაგრამ შემდეგ საქმე გართულდა და იგი ბაგრატ IV-ს დაუზავდა. მეფემ ლიპარიტ IV-ს ქართლის ერისთავობა უბოძა, მაგრამ ლიპარიტ IV აგრესიული ბიზანტიის აგენტი იყო და ფარულად თუ აშკარად საქართველოს გაერთიანება-გაძლიერებას ებრძოდა. მან ერთ-ერთი ბრძოლის დროს გამოიხსნა ბაგრატ IV-სთან მძევლად მყოფი თავისი შვილი ივანე, შემდეგ სასირეთის ჭალაში ბრძოლისას მეფე დაამარცხა კიდეც. 1048 ლიპარიტ IV მონაწილეობდა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში ბიზანტიის მხარეზე . თურქებმა სძლიეს ბიზანტიელებს, ლიპარიტ IV კი ტყვედ ჩავარდა. 1051 იგი გაათავისუფლეს ტყვეობიდან და საქართველოში დაბრუნდა. აქ ბიზანტიის მხარდაჭერით კვლავ მომძლავრდა.
1054 ბიზანტიის კეისრის მოთხოვნით ლიპარიტ IV მთელი სამხრეთ საქართველოს მთავარი გახდა. 1058 მეფის ერთგულმა მესხმა აზნაურებმა სულა კალმახის ერისთავის მეთაურობით შეიპყრეს ლიპარიტ IV და მიჰგვარეს მეფეს, რომელმაც ორგული ფეოდალი იძულებით ბერად შეაყენა. ამის შემდეგ ბერი ანტონი (ლიპარიტყოფილი) ბიზანტიაში გადაიხვეწა. მოღვაწეობდა შავ მთაზე, სადაც, სავარაუდოდ, დააარსა წმ. ბარლაამის ქართველთა მონასტერი და იყო მისივე წინამძღვარი 1060–1064 წლებში. მხარს უჭერდა ათონის მთაზე მოღვაწე გიორგი მთაწმინდელს, რის გამოც მისთვის აღაპი დაუწესებიათ. ლიპარიტ IV ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. შემორჩენილია მისი ზოგიერთი თხზულება. „მატიანე ქართლისაჲ-ს“ ცნობით, ლიპარიტ IV გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში, საიდანაც საქართველოში ჩამოუსვენებიათ და კაცხში დაუკრძალავთ.