სავარაუდოდ, დაიბადა 442 წელს ქართლის მეფე მირდატ და დედოფალ საგდუხტის ოჯახში. მისი აღმზრდელი ყოფილა საურმაგ სპასპეტი. 449 წელს, როდესაც ვახტანგი 7 წლის იყო გარდაიცვალა მირდატ მეფე.
ქვეყნის მართვა-გამგეობა დროებით ხელში აიღო დედამ, საგდუხტ დედოფალმა. საგდუხტი წარმოშობით ირანელი მოხელის, ბარდავის ერისთავის ბარზაბოდის ქალიშვილი იყო. ბარზაბოდი რელიგიურად მაზდეანი იყო და პროსპარსულ პოლიტიკას უჭერდა მხარს. ის ქრისტიანობის წინააღმდეგი იყო და სიძე-ხელმწიფის მიმართ მტრობას იჩენდა. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი, ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. სთხოვა, არ გაემაზდიანებინა ვახტანგი. ბარზაბოდმა შეიწყალა საფასურის სანაცვლოდ - მცხეთაში მოგვები უნდა დამსხდარიყვნენ და ხალხსაც თვითონ უნდა აერჩია სჯული.
მცხეთაში მოსულ მოგვთა უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარანი, რომელმაც უამრავი ქართველი აცდუნა. ქრისტიანული სამწყოს მეთაურიც სპარსეთის მსტოვარი იყო მცხეთაში, ეპისკოპოსი მობიდანი გარეგნულად მართლმადიდებელი, შიგნიდან მაზდეანი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე იყო.
მცირე ხნის შემდეგ ზედიზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდი, სპასპეტი საურმაგი და ეპისკოპოსი მობიდანი. საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი, რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში. მიქაელი საკმაოდ ენერგიული კაცი გამოდგა და მძაფრად აღუდგა წინ ბინქარანს.
ვახტანგის მცირეწლოვანებით და ქვეყნის უპატრონობით ისარგებლეს ალანებმა და 451 წელს გადმოვიდნენ ქართლში. ქვეყანა მოაოხრეს, დაეცნენ კასპს და გაიტაცეს ვახტანგის სამი წლის და — მირანდუხტი.
ამ მომენტით ბიზანტიამაც ისარგებლა. მან ჯერ კლარჯეთი დაიჭირა და შემდგომ აფხაზეთშიც გადმოსხა ლეგიონები. ამის შემდეგ ეგრისს შემოესივნენ და ციხეგოჯამდე მოვიდნენ.
ბიზანტიის იმპერია ასევე აღმოსავლეთ რომის იმპერია ან უბრალოდ ბიზანტია — რომის იმპერიის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ძირითადად ბერძნულენოვანი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა გვიან ანტიკურ ხანისა და შუა საუკუნეების პერიოდში. მისი დედაქალაქი იყო კონსტანტინოპოლი (დღევანდელი სტამბოლი[კ 2]), რომელიც თავდაპირველად დაარსდა, როგორც ბერძნული კოლონია ბიზანტიონი.[2] ქვეყანა გადაურჩა დასავლეთ რომის იმპერიის დაშლასა და დაცემას V საუკუნეში და განაგრძობდა არსებობას კიდევ ათასი წლის განმავლობაში 1453 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ მის დაპყრობამდე. მისი არსებობის განმავლობაში იმპერია წარმოადგენდა ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო ძალას ევროპაში. როგორც „ბიზანტიის იმპერია“, ისე „აღმოსავლეთ რომის იმპერია“ წარმოადგენს ისტორიოგრაფიულ ტერმინს იმპერიის აღსანიშნავად მისი განადგურების შემდეგ.
კლარჯეთი — ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი.
განასხვავებენ კლარჯეთის ვიწრო და ფართო გაგებას. ფართო გაგებით კლარჯეთი ესაა ტერიტორია ზღვიდან არსიანის მთამდე, ანუ ჭანეთი და მთელი ჭოროხის ბასეინი, ხოლო ვიწრო გაგებით კი ის აჭარისწყლიდან არსიანამდეა და მოიცავს: ლიმანს, აჭარას, მაჭახელას, შავშეთს და არტანუჯს. კლარჯეთის უძველესი ცენტრია ციხე თუხარისი. კლარჯეთს განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რომლის რეზიდენცია V საუკუნის II ნახევრიდან არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. მეფე ვახტანგ გორგასალმა (V საუკუნე) აქ ფართო კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო: ააშენა ეკლესია-მონასტრები, დააარსა ახალი საეპისკოპოსო (ცენტრი ახიზაში). კლარჯეთი ამავე დროს გახდა ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმი. VIII საუკუნეში აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. IX საუკუნის დასაწყისში მეფე აშოტ I-მა დიდმა არაბთა ლაშქრობებით და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა, ამავე დროს აქ დაიწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. XI-XIII საუკუნეებში კლარჯეთში ფართოდ გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. იგი განთქმული იყო ეკლესია-მონასტრებით, რომელთაც კლარჯეთის თორმეტ უდაბნოს („ათორმეტი უდაბნო“) უწოდებდნენ. XVI საუკუნეში კლარჯეთი სამხრეთ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა.
ეგრისი, ეგრი, ეგური, ფართო მნიშვნელობით — დასავლეთ საქართველოს ძველი ქართული სახელწოდება; წარმოდგება ეგრის ტომის სახელიდან. ეგრისი იგივეა, რაც კოლხიდა (კოლხეთი) და ლაზიკა.
ლეონტი მროველის სიტყვებით: ხოლოა მან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჳსი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქჳან ბედია.
კოლხიდა, კოლხეთი (Kolchis), სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბერძნული სახელწოდება (კოლხი ტომების სახელის მიხედვით). დამოწმებულია ძვ. წ. I ათასწლეულის ბერძენ ავტორებთან. „კოლხას“ ფორმით იხსენიება უკვე ძვ. წ. VIII ს. ურარტულ წყაროებში. ძვ. წ. VI-II საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე არსებობდა კოლხეთის სამეფო. მისი დაშლის შემდეგ, ახ. წ. I-II საუკუნეების მიჯნაზე, ჩამოყალიბდა ეგრისის სამეფო, რომელმაც IV საუკუნეში გააერთიანა მთელი ჩრდილოეთი კოლხეთი (ახლანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორია).
ვიწრო მნიშვნელობით — ეგრისი ერქვა, მდინარეებს რიონსა და ეგრისწყალს შორის მოქცეულ ტერიტორიას.
ნოქალაქევი (მეგრ. ნოქალაქევი, პირდ. მნიშვ. „ნაქალაქევი“), ასევე არქეოპოლისი (ძვ. ბერძნ. Αρχαιόπολις, სიტყვასიტყვით „ძველი ქალაქი“), ქართული წყაროების ციხეგოჯი (მეგრ. ჯიხაქვინჯი) — ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, მდინარე ტეხურის მარცხენა სანაპიროზე, ამჟამინდელი სოფელი ჯიხას (სენაკის მუნიციპალიტეტი) მიმდებარედ.