ვახტანგ გორგასალი დიდხანს ემზადებოდა სპარსეთთან გადამწყვეტი ომისთვის. მან 482 წელს სიკვდილით დასაჯა ქვემო ქართლის თავგასული პიტიახში ვარსქენი. ეს ფაქტობრივად სპარსეთთან ომის გამოცხადებას ნიშნავდა.
პეროზ-შაჰმა დიდძალი ჯარი დასძრა საქართველოსკენ მიჰრან-შაბურის სარდლობით. მტკვრის ხეობა სპარსელებით აივსო. ვახტანგ მეფემ თავისი მცირერიცხოვანი ჯარები ქვემო ქართლის მთებში ჩაასაფრა. ვახტანგი ელოდა დახმარებას ბიზანტიიდან, ჰუნებიდან და სომხებიდან. სომხები კი მოვიდნენ, მაგრამ ბრძოლის წინა დღეს ქართველთა ბანაკი მიატოვეს და სპარსელებს ჩაბარდნენ. ხოლო ბიზანტიელები და ჰუნები საერთოდ არ გამოჩენილან. პირველივე შეტაკებაში ვახტანგი დამარცხდა წარჩინებულთა ღალატის გამო. მეფე სასწრაფოდ ეგრისში გადავიდა ჯარების შესაკრებად. სანამ ვახტანგი ძალებს აგროვებდა ეგრისში, სპარსეთის სარდალი უკან გაბრუნდა, რადგან პეროზი დაიღუპა ჰუნებთან ბრძოლაში და მისი გვამი ვერ იპოვეს.
პეროზი (სპარს. پیروز یکم - გამარჯვებული; გ. 484) — სასანიდური ირანის მე-18 შაჰინშაჰი 459—484 წლებში, იეზდიგერდ II-ის უფროსი ვაჟი.
მამამისის გარდაცვალების დროს იმყოფებოდა სისტანის პროვინციაში. მისმა უმცროსმა ძმამ, ჰორმიზდ III-მ მიიტაცა ტახტი, რის გამოც პეროზის განცვიფრება გამოიწვია. მან მალევე შემოიკრიბა იმპერიის მოსახლეობის დიდი ნაწილი და ჰუნები. აჯანყების შედეგად ტახტიდან ჩამოაგდო ჰორმიზდ III და სიკვდილით დასაჯა. ძმის დატყვევებაში პეროზს ჰუნები დაეხმარნენ. იმავე ჰუნებთან ომში გაიარა მისმა მთელმა მეფობამ. დაიღუპა მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, 484 წელს.
როგორც აღწერილია ჰაგიორგაფიულ ნაწარმოებში „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“ პეროზ მეფის მეფობის მერვე წელს (467 წ.) ესტუმრა ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი, რომელმაც შემდგომ ატროშანი მიიღო და პეროზის ქალიშვილი შეირთო ცოლად.
მას აქტიურად და შეუპოვრად ებრძოდა ქართლის მეფე — ვახტანგ გორგასალი. 484 წელს აჯანყებული ქართლის ასაოხრებლად გაგზავნილი სპარსული ჯარი სწორედ პეროზის ომში დაღუპვის ამბავმა გააბრუნა ირანში.
მოიხსენიება ბოლნისის სიონის ტაძრის ერთ-ერთ წარწერაში