სასანიანთა სპარსეთში გამეფდა პეროზის ძმა, ბალაში (484-488). ამ დროისთვის ვახტანგ გორგასალმა აღიდგინა პირველობა წინა აზიაში. 488 წელს სპარსეთში არეულობა დაიწყო - ტახტიდან ჩამოაგდეს ბალაში და გაამეფეს პეროზის ვაჟი კავად I (488-531). ირანის არეულობა გამოიყენა ვახტანგმა იმით, რომ ახალი ქალაქის - თბილისის მშენებლობა დაიწყო. ახალმა შაჰმა, კავადმა მოსთხოვდა ქართველთა მეფეს ბიზანტიაზე ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება. ვახტანგმა უარი განაცხადა და ომისთვის მზადება დაიწყო.
გორგასალმა ელენე დედოფალი შვილებითურთ უჯარმაში გააგზავნა. მცხეთა-არმაზი და მისი შემოგარენი სამ ერისთავს - დემეტრეს, ნერსესა და ბივრიტიანს ჩააბარა.
502 წელს სპარსეთის ურდო ისევ შემოესია ქართლს. უთვალავ მხედრობას თავად კავად შაჰი და უფლისწული ბარტამი მოუძღვოდნენ. მტერი შემოვიდა ივრის ხეობაში, რუსთავსა და სამგორში. ქართველთა ჯარი სპარსელებზე ხუთჯერ ნაკლები იყო.
ბრძოლის წინ პეტრე კათალიკოსმა დალოცა მეფე ვახტანგი და მისი ჯარი. ვახტანგმა დილა სისხამზე იერიში ბრძანა. შეუკავებლად მიარღვევდა სამოცი წლის ქართველი მეფე შაჰის კარვისკენ. მიაღწია კიდეც, შევარდა შაჰის კარავში. გრიგალივით მოვარდნილი მთაკაცის ხილვით შეძრწუნებულმა კავადმა წამსვე ცხენი შეატრიალა და ბრძოლის ველიდან გაქუსლა. გორგასალს შეერკინა უფლისწული ბარტამი. მზის ამოსვლიდან საღამომდე იბრძოდა ვახტანგი, რომელიც მოღალატე მონაყოფილმა იღლიაში დაჭრა. მხოლოდ უჯარმაში შეიტყვეს, რომ მეფე დაჭრილი იყო, როცა ძალაგამოცლილი უღონოდ დაეცა სარეცელზე. ამასობაში ბიზანტიის კეისარი ანასტასი მოადგა ქართლს დიდძალი ჯარით. შაჰმა სასწრაფოდ აჰყარა თავისი ჯარი და სამხრეთისკენ გაეშურა. კარნუ-ქალაქთან შეიბნენ სპარსელები და ბიზანტიელები ერთმანეთს. დიდი სისხლისღვრა უშედეგოდ დამთავრდა. ორივე გვირგვინოსანი თავს გამარჯვებულად თვლიდა, მაგრამ ორივე ხელცარიელი დაბრუნდა თავის სატახტოში.
კავად I (სპარს. قباد დ. 473 — გ. 13 სექტემბერი, 531) — სასანიდური ირანის მე-20 შაჰინშაჰი 488–496 და 499–531 წლებში, პეროზ I-ის უფროსი ვაჟი.
კავადი სასანიანთა ხელისუფლებაში მისი ბიძის, ბალაშის დამხობის შედეგად მოვიდა. დიდებულთა და ქურუმთა პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების დასუსტების მიზნით მიემხრო მაზდაკელებს და გაატარა მათი პროგრამის შესაფერისი ზოგიერთი ღონისძიება. დაახლოებით 496 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს. 499 წელს დაიბრუნა ტახტი და განაგრძო დიდგვაროვანთა საწინააღმდეგო პოლიტიკა. წარმატებით შეებრძოლა ბიზანტიას (502-505 ან 506), მოიგერია ჩრდილოეთ ჰუნების თავდასხმა.
კავად I-ის დროს დაარსდა რამდენიმე ქალაქი, გაფართოვდა არხების ქსელი, დაიწყო რეფორმების გატარება. მეფობის ბოლო წლებში განუდგა მაზდაკელებს და სისხლში ჩაახშო მათი მოძრაობა.
მან აქტიური, სადამსჯელო პოლიტიკა აწარმოა კავკასიაში. ბიზანტიელებთან დაწყებული ომის პარალელურად ვახტანგ გორგასლის აჯანყებების მოგერიებაც უწევდა. 502 წელს, ივრის ხეობაში დაამარცხა იბერიის სამეფოს ჯარი, მეფე ვახტანგ გორგასალი კი მოღალატის ნასროლი ისრით მიღებულმა ჭრილობამ შეიწირა. ამის შემდეგ სასანიდებმა ქართლში ფეხი უფრო მოიკიდეს და დიდებულების დახმარებით, 523 წელს, კავად I-ის განკარგულებით მეფობაც გააუქმეს.
531 წელს კავად I გარდაიცვალა და მისი ანდერძის თანახმად ძალაუფლება ხელში აიღო მისმა უმცროსმა ვაჟმა, ხოსრო I-მა, რომელმაც გააგრძელა კავადის მიერ დაწყებული რეფორმების გატარების პროცესი, რისი წყალობითაც სასანიდური ირანი ძლიერების მწვერვალამდე მიიყვანა.