1759 წლის 4-5 დეკემბერს სოლომონმა საეკლესიო და საერო ფეოდალების საგანგებო კრება მოიწვია. ერთი თვის განმავლობაში მსჯელობა დასავლეთ საქართველოს საერთო საკითხებზე მიმდინარეობდა. კრებაზე იმერეთის, ოდიშისა და გურიის სასულიერო და საერო ხელისუფლებმა იმერეთის მეფის მორჩილებისა და ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვის პირობა დადეს. კრების გადაწყვეტილებით, რომელიც ფაქტობრივად სახელმწიფო დარბაზის სხდომა იყო, დაკანონდა ეკლესიის მიერ მათი შეჩვენება, ვინც ამ საქმეს გააგრძელებდა, ხოლო საერო კანონმდებლობით ტყვეებით მოვაჭრეთათვის სიკვდილით დასჯა დადგინდა. გარდა ამისა, კრებამ სხვა დადგენილებებიც მიიღო: აღადგინა გაუქმებული ქუთაისის ეპარქია და დაუბრუნა მას მიტაცებული ყმა-მამული. ქუთაისის კათედრის მწყემსმთავრად კრებამ მაქსიმე აბაშიძე აირჩია; ეკლესიის მამულები მთლიანად გაათავისუფლა გადასახადებისაგან. კრებამ ასევე დაადგინა დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის უფლებები მის ძველადვე კუთვნილ ქონებაზე; უკანონოდ მიტაცებული ყმა-მამულები სახელმწიფოს დაუბრუნდა, საეკლესიო ყმები გათავისუფლდნენ ზედმეტი გადასახადებისაგან; დადგინდა ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს ჩაურევლობა, უღირსთა გადაყენება და ღირსეულთა დანიშვნა, ეკლესია-მონასტრების აშენება და სხვა.
სოლომონ მეფემ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად თავდაცვითი ნაგებობები მეფის იურისდიქციაში მოაქცია. ზოგი ციხე მან შეიძინა თავადებისაგან (ხორაგაული, ჩხერი), ზოგი ჩამოართვა ურჩ თავადებს (კაცხი), ზოგიც ნებაყოფლობით გადასცეს (მოდინახე). ამასთანავე სოლომონი ზრუნავდა ყმა-გლეხების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. სახელმწიფო მიწებს სოლომონი თურქთაგან დახსნილ ტყვეებს, ომში დატყვევებულ მაჰმადიან ქართველებს, ახალციხიდან გადმოსულ ქართველ კათოლიკეებს ურიგებდა.
მისი გამეფებისას 1752 წელს იმერეთის მოსახლეობა დაახლოებით 60-70 ათასი კაცი იყო. ტყვეთა სყიდვის აკრძალვამ და ოსმალთა განდევნამ იმერეთის ტერიტორიიდან შესაძლებელი გახადა გაზრდილიყო მოსახლეობის რიცხვი. 1782 წლის მონაცემებით (19 010 კომლი), იმერეთის მოსახლეობის რაოდენობა 133 070 სული უნდა ყოფილიყო.
სოლომონი ძალიან კარგად ხედავდა, რომ ეკლესიას ძალიან უჭირდა, ამიტიმ აუცილებელი იყო მისი გაძლიერება, რათა შემდგომ ქვეყნის გაძლიერების საქმეში ეკლესია თავად დახმარებოდა მეფეს. საეკლესიო კრება მთელ თვეს გაგრძელდა და მან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. მსჯელობის საგანი იყო: 1. ეკლესიის საქმეების მოწესრიგება და 2. ტყვის სყიდვის აკრძალვა. სოლომონის ტახტზე ასვლის მომენტში ეკლესია უნუგეშო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ყმა-მამულის დიდი ნაწილი საერო ფეოდალებს მიეტაცნათ, მრავალი მონასტერი და საეპისკოპოსო კათედრა გაუქმებულიყო. ოსმალეთი მაჰმადიანობას ნერგავდა, აგებდა მეჩეთებს და ანგრევდა ეკლესიებს. არა თუ ახალი ეკლესიების აგებას, ძველის შეკეთებასაც კი კრძალავდნენ. მეფის ხელისუფლების ძლიერებისათვის ბრძოლაში ეკლესია დიდ როლს ასრულებდა. იგი იყო: სარწმუნოების, საერთო ენისა და ეროვნული კულტურის შენარჩუნების ერთ-ერთი ბურჯი; შინაპოლიტიკურ ბრძოლაში ძირითადად მეფის ხელისუფლების მხარეზე იდგა; გამოდიოდა თავადების მძლავრობის წინააღმდეგ; ებრძოდა მაჰმადიანობის გავრცელებას; კრძალავდა ადამიანებით ვაჭრობას. როგორც ვხედავთ მეფისა და ეკლესიის აზრები ერთმანეთს ემთხვეოდა, ეკლესია მეფეს უდგა მხარში, მაგრამ ისე იყო დასუსტებული, რომ თავისი თავისთვისაც ვეღარ მოევლო. როგორც აღვნიშნეთ სოლომონის მთავარი მიზანი იმერეთში მკვიდრი მოსახლეობის შენარჩუნება იყო. ამიტომ სოლომონ მეფემ პირველი რაც გააკეთა ის იყო, რომ საეკლესიო კრებაზე, რომელიც თავად მოიწვია ტყვეთა სყიდვის აკრძალვა დაამტკიცა და ამავდროულად დასავლეთ საქართველოს თავადები ღვთისა და ერის წინაშე დააფიცა, რომ ტყვეთა სყიდვაში აღარ მიიღებდნენ მონაწილეობას. პირობის დამრღვევზე მკაცრი სასჯელი დაადგინა კრებამ. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ მეფეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ეკლესიის წინა პლანზე წამოწევა, ამიტომ საეკლესიო პოლიტიკა მან შემდეგი ღონისძიებებით განახორციელა:
1. ერისკაცთაგან მიტაცებული ყმა-მამულები ეკლესიას დაუმტკიცა;
2. საკლესიო ყმები გაათავისუფლა ზედმეტი გადასახადებისაგან და საეკლესიო
გადასახადები დააკანონა;
3. ერისკაცებს აუკრძალა ეკლესიის სამეურნეო საქმეებში ჩარევა;
4. საკლესიო თანამდებობიდან უღირსნი გადააყენა და ღირსეული პირები
მიიწვია;
5. ეკლესია-მონასტრები ააგო და შეამკო.38
1759 წლის კრების დადგენილებებმა დასაბამი მისცა ახალ პერიოდს დასავლეთი საქართველოს პოლიტიკურსა და სოციალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში. აღნიშნულმა ღონისძიებებმა მეფეს დიდი ავტორიტეტი და პოპულარობა მოუპოვა. ამრიგად, 1759 წლის საეკლესიო კრებაზე მთელი დასავლეთი საქართველოს ხელმძღვანელად მეფე სოლომონი გამოდიოდა, მთავრები და თავადები კი მისი "მორჩილნი" და ბრძანების აღმსრულებელნი იყვნენ. 1759 წლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ ეკლესია სათანადო სიმაღლეზე დადგა, ხალხში გავლენა და ავტორიტეტები აღიდგინა. ეკლესიით აღორძინების შემდეგ მეფე როგორც გეგმავდა, ძლიერი მოკავშირე შეიძინა მისი სახით. სოლომონ პირველის მეფობის პერიოდში აღდგენილი იქნა ოთხი საეპისკოპოსო კათედრა: ქუთაისის, ხონის, შემოქმედისა და ჯუმათის, ნინოწმინდის ეპისკოპოსი კი გადმოყვანილი იქნა გამოჩინებულის ტაძარში.