ქიზიყის გლეხთა აჯანყება 1878 — გლეხთა აჯანყება არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ქიზიყში.
გამოიწვია სახელმწიფო გადასახადების სიმძიმემ, აუტანელმა სატრანსპორტო ბეგარამ, სამაზრო და საგუბერნიო ხელისუფლების შეუზღუდველმა თვითნებობამ. აჯანყების საბაბი გახდა მეფის მთავრობის განზრახვა, კენჭისყრით გაეწვია გლეხები სახალხო ლაშქარში (თურქებთან ომთან დაკავშირებით). სოფლის მამასახლისებმა თვითნებურად შედგენილ კენჭისყრის სიებში, არ შეიტანეს კულაკთა შვილები. გლეხებმა ამ სიების მოსპობა და ლაშქარში ძველი წესით გასვლა მოითხოვეს. აჯანყება დაიწყო 4 ივნისს დილით სოფ.ზემო მაჩხაანში, სადაც გლეხებმა სცემეს სოფლის მამასახლისი დავით ბოსტოღანაშვილი და პრისტავის თანაშემწე. აჯანყებას შეუერთდნენ ანაგის, ვაქირის, საქობოს, მაშნაარისა და სხვა სოფლების გლეხები. ისინი გაერთიადნენ და გზა გადაუჭრეს ბაკურციხეში მიმავალ სიღნაღის მაზრის უფროსს, მოსთხოვეს სიების მოსპობა და კენჭისყრით ლაშქარში გლეხთა გაწვევაზე უარის თქმა. გლეხების მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, ამიტომ აჯანყებულებმა ჯერ მაზრის უფროსის მხლებლები და სოფლის მამასახლისი სცემეს, შემდეგ — თავად რევაზ ვაჩნაძის სახლში თავშეფარებული მაზრის უფროსი გენერალი იოსებ ორბელიანი და მათი კაცები. დაარბიეს ვაჩნაძის სახლი, აგრეთვე კარდანახის, ვაქირის, საქობოსა და სხვა სოფლების მამასახლისთა სახლკარი.
მთავრობამ აჯანყება ჩააქრო. დაიწყო რეპრესიები. სიღნაღის სასამართლომ 11 მათგანს 15 წლის კატორღა მიუსაჯა, გადასახლებულთა შორის იყო ორი ქალი. სასამართლო პროცესზე გამოაშკარავდა აჯანყების ნამდვილი მიზეზი. საქართველოს პრესამ („დროება“, „ობზორი“) სპეციალური წერილები მიუძღვნა ამ აჯანყებას.
იოსებ კონსტანტინეს ძე ორბელიანი (დ. 4 სექტემბერი, 1824 — გ. 3 იანვარი, 1879) — თავადი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი. წმინდა გიორგის ორდენის კავალერი. ალაზნის ხაზის ჯარების სარდალი (1877).
ფოტო https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/189058