სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1993წ. 2-10 ივლისი ტამიშის დესანტი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

622       ბეჭდვა

1993წ. 2-10 ივლისი ტამიშის დესანტი

2 ივლისი

1993 წლის 29 ივნისს თამაზ ნადარეიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას სოხუმზე მოსალოდნელი შტურმის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორ – სამ დღეში სოხუმზე ფართომაშტაბიანი შეტევა იგეგმებოდა, რისთვისაც რუსული 90 კაციანი დესანტი, დნესტრისპირელთა შენაერთები და კაზაკთა დაჯგუფებები გამალებით ემზადებოდნენ. ნადარეიშვილს საჯაროდ არ დაუკონკრეტებია, თუ საიდან ფლობდა აღნიშნულ ინფორმაციას, მაგრამ მართალი რომ აღმოჩნდა, ეს მალევე მთელმა ქვეყანამ იხილა.

1 ივლისის საღამოს ათ საათზე რადიომეტრისტმა ვალერი კვანტალიანმა ოჩამჩირის საზღვაო რაიონში ორი გემი შენიშნა. მან ამის შესახებ საარმიო კორპუსის სამორიგეო შტაბს მაშინვე შეატყობინა. 00 : 00 საათზე კვანტალიანი ვახტაზე გურამ დანელიამ ჩაანაცვლა. დანელია შტაბში ორი საათის განმავლობაში ყოველ ათ წუთში აგზავნიდა შეტყობინებას. 2 : 00 საათისთვის აღნიშნული გემები სკურჩას მიმართულებით გაუჩინარდნენ.

შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ეს ინფორმაცია რეაგირების გარეშე დარჩა და მას დესანტი მოჰყვა. დესანტირების დროს აფსუებმა ხერხს მიმართეს და სადესანტო საშუალებათა ბორტებს პატარა კატარღები ამოაფარეს, რათა რადარის ეკრანზე მხოლოდ ორი ნელმავალი მიზანი ასახულიყო. ეს ნელმავალი მიზნები თვითმავალი საზღვაო ბარჟა “გუმა” და პატარა სადესანტო ხომალდი იყო, რომლებსაც ორი “გრიფის”, ხუთი კი “ვოლგის”, “ნევკისა” და “ჩიბისის” ტიპის კატარღა ეფარებოდა. “გუმაზე” 100-მდე მებრძოლი იმყოფებოდა, სადესანტო ხომალდზე – დაახლოებით 200, კატარღებზე კი – 50 – 80 კაცი. სადესანტო ტრიუმში “გრადის” დანადგარი და საბრძოლო მასალებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი იდგა.

2 ივლისის გამთენიისას, 3-4 საათს შორის, სოფელ ნაოჭთან “ნევკას” ტიპის ორი კატარღიდან ბიჭვინთის ბატალიონის მებრძოლები (10 კაცი) და დნესტრისპირელები (8 კაცი) გადმოსხდნენ. მათ “გუმაზე” მყოფნი მიჰყვნენ და ბოლოს სანაპიროს სადესანტო ხომალდი მიადგა. ამ დროს დესანტს თავზე ორმა რუსულმა სუ 27–მა გადაუფრინა. აფსუებს თავიდან ისინი ქართული მოიერიშეები ეგონათ და დესანტირება მცირე ხნით შეაჩერეს. ცრუ განგაშის შემდეგ ჯარისკაცებმა განაგრძეს გადმოსვლა და “გრადის” დანადგარიც გადმოიტანეს, მაგრამ საბრძოლო მასალებით დატვირთული მანქანის გადმოყვანა ვეღარ მოასწრეს. ოჩამჩირესთან განლაგებულმა 24-ე ბრიგადის ბატარეებმა, დესანტირების რაიონს ცეცხლი გაუხსნეს და სადესანტო ხომალდი სასწრაფოდ ზღვაში გაბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ დესანტის გადმოსხმას უხმაუროდ არ ჩაუვლია, ჩვენი საჯარისო ქვედანაყოფები მაინც მოუმზადებლები დახვდნენ მტერს. ზღვა ქართული შენაერთებისთვის გარკვეულწილად ზურგის ფუნქციას ასრულებდა და ამიტომაც მოწინააღმდეგის შემოტევას მთიდან ელოდებოდნენ. აქედან გამომდინარე, გამთენიისას ზღვიდან დაწყებული შეტევა, მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ტამიშთან, ლაბრის მისადგომებთან და ძველ კინდღთან მდგარმა ქართულმა ნაწილებმა უმძიმესი დანაკარგები განიცადეს.

დესანტთან ერთად ოჩამჩირის რაიონში მოქმედი დაჯგუფებებიც გააქტიურდნენ და ერთობლივი ძალებით პირველი იერიში სოფელ ტამიშზე მიიტანეს. მაიმუნთმშენის ტერიტორია, სადაც ჩვენი 40 კაციანი შენაერთი იდგა (მძიმე ტექნიკის გარეშე), მტერმა ოც წუთიანი ბრძოლის შემდეგ დაიკავა (დილით 6 : 00–ზე). საათნახევარში ამავე მონაკვეთზე (8 : 00–ზე) ტურბაზიდან მომავალი დუშეთის ბატალიონის კოლონა გამოჩნდა, რომელიც თორმეტი მანქანისგან შედგებოდა. კოლონაში „ზილი“-ს ტიპის სატვირთო მანქანაც შედიოდა, რომელზეც საზენიტო დანადგარი იყო დამონტაჟებული. მედესანტეებმა ჩვენს სამხედროებს დანებება შესთავაზეს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს. იერიშმაც არ დააყოვნა......მტერმა კოლონის პირველი და ბოლო მანქანის აფეთქებით, დუშეთელები მარწუხებში მოიმწყვდია, საიდანაც თავის დაღწევის საშუალება აღარ მისცა. ბატალიონის თელაველმა მებრძოლმა, რომელიც „დეშეკა“-ზე (მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი) იყო ამხედრებულმა, ტყვიების წვიმა დააყარა მოწინააღმდეგეს. ტყვიები რომ გაუთავდა მტერმა დანებება შესთავაზა, რაზეც პასუხად შარვალი ჩაიძრო და ყველას ასე „დაანახა“….... აფსუებმა ის ნაღმტყორცნით მოკლეს. ბატალიონში ორი თელაველი იყო (სპარტაკ მურველაშვილი და ლექსო ხეცაშვილი), ამიტომაც ამ ისტორიას ხშირად ორივე მათგანს მიაწერენ ხოლმე. ეს ამბავი თავად აფსუებმა მოყვეს (დაგვენანა მისი მოკვლაო) და მთავარი აქ სწორედ ესაა (ვინმეს გამოგონილი ისტორია რომ არ ეგონოს). თელაველებთან ერთად ბატალიონის სხვა წევრებიც დაიღუპნენ, რომელთა შორის ორი ქალი მებრძოლიც იყო (ლელა ჭინჭარაული და ნანა მესხია). ტყვედ რამდენიმე კაცი აიყვანეს. ტყვეთა შორის აღმოჩნდა ვინმე „ბოქსიორა“, რომელიც აფსუებმა მალევე გაანთავისუფლეს. ჩვენები მას თანამებრძოლი ტყვეების დახოცვაში ადანაშაულებდნენ. აფსუებს ქართველი ტყვეები ერთმანეთში უჩხუბებიათ და ბოლოს ვინც ცოცხალი დარჩენილა, სწორედ ის გაუნთავისუფლებიათ?!

ბრძოლები იყო გაჩაღებული ტამიშის სკოლის შენობასთანაც, სადაც დესანტში შემავალი კაზაკები და რეკის ბატალიონის წევრები აქტიურობდნენ. მძაფრი იერიშების მიუხედავად, მტერმა ვერ შეძლო სკოლის აღება. მალევე, პოლიციის შენობის მხრიდან, ქართული ტანკი გამოჩნდა, რომელმაც თავდამსხელებზე იერიში მიიტანა. რეკის ბატალიონის ერთ-ერთმა წევრმა ყუმბარმტყორცნი მოიმარჯვა, მაგრამ ტანკიდან ნასროლმა ჭურვმა ის ნაფლეთებად აქცია. მეორე ყუმბარტყორცნელიც შეეცადა ტანკის აფეთქებას (იური კუჩუბერია), მაგრამ მასაც ტანკმა დაასწრო, ოღონდ ამ შემთხვევაში მეტყვიამფრქვევემ იმარჯვა. სკოლის შენობიდან სნაიპერებიც დიდი სიზუსტით ისროდნენ და ამ ყველაფრის შედეგადაც, მტერმა მარტო ამ მონაკვეთზე, დაღუპულების და დაჭრილების სახით ორმოცდაათი კაცი დაკარგა (12 დაღუპული და 36 დაჭრილი).

სატანკო დივიზია ავაზამ, რომელიც ტამიში–ლაბრას მონაკვეთზე იყო განლაგებული, უმძიმესი დანაკარგები განიცადა (ამ ოპერაციის დროს სულ 62 კაცი დაიღუპა, საიდანაც უდიდესი ნაწილი პირველი დღის პირველ საათებზე მოდის. ამასთან ერთად მტერმა ბატალიონის კუთვნილი ოთხი ტანკიც ჩაიგდო ხელში. ერთ–ერთი აფსუა მებრძოლი თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ ლაბრასთან 86 მოკლული ქართველის ცხედარი დავითვალეო. ის კონკრეტულად ავაზაზე არ მიუთითებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ოთხი დაქოქილი ტანკი ჩავიგდეთ ხელში და შესაბამისად აქ სწორედ ავაზა უნდა იგულისხმებოდეს). მძიმე დანაკარგების მიუხედავად, ავაზელებმა მაინც გმირული წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს. სპირტის ქარხნის ტერიტორიასთან გამართულ ბრძოლაში, გმირის სიკვდილით დაეცა ანდრო ნარიმანოვი (საკუთარი სიცოცხლის ფასად ტანკის აფეთქებას ცდილობდა, რა დროსაც თვალში მსხვილკალიბრიანი ტყვია მოხვდა). მასთან ერთად დაიღუპა ზაზა ჩხაიძე (გურულო). თავი აიფეთქა და ამის შედეგად მტრის ექვსამდე მებრძოლი იმსხვერპლა – ვახტანგ (ლესიკა) დანელიამ. მიშიკო ვარდიაშვილმა არაერთი დაჭრილი თანამებრძოლი გაიყვანა სამშვიდობოს, თვითონ კი ბრძოლის ველზე დაეცა. თამაზ ნინოშვილმა ექთანი გადაარჩინა, რის შემდეგაც ისევ ბრძოლის ველს დაუბრუნდა და მტრის ტყვიას ემსხვერპლა. 16 წლის რეზო ლაზაშვილიც ამ დღეს დაიღუპა, რომელმაც ფრონტზე მოსახვედრად 19 წლის ახალგაზრდად გაასაღა თავი. მძიმედ დაჭრილმა ნოდარ კანკიამ, რომელიც ტამიშელმა ჯუმბერ ქებურიამ ერთი კილომეტრი ატარა ზურგით, მტრის გარემოცვაში მოქცეულმა თავი აიფეთქა, რითაც ურთულეს ვითარებაში მყოფ თანამებრძოლებს უკან დახევის შესაძლებლობა მისცა (ძლიერი აფეთქების შედეგად მოწინააღმდეგის 10-12 მებრძოლი დაიღუპა). (https://www.facebook.com/vitali.revazishvili/videos/945718238848184/ 27-ე წუთიდან ავაზას მებრძოლი ნოდარის გმირობის ისტორიას ყვება).

ლაბრაში ეკავა პოზიციები ასევე ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ბატალიონსაც (70– კაციანი შენაერთი. ჩვენი და აფხაზური წყაროები ჩოლოყაშვილის ბატალიონის სრულ განადგურებაზე საუბრობენ, მაგრამ რა ვითარებაში მოხდა მისი „განადგურება“, ამაზე სიტყვასაც არ ამბობენ).

სინამდვილეში კი აი რა მოხდა:

მტერმა მათ პოზიციებს ავაზას ტანკით შეუტია, რომელიც ბატალიონის წევრებმა თავისიანად მიიჩნიეს. ახლო მანძილიდან ნასროლმა ჭურვმა - რადისტი არტურ აივაზოვი იმსხვერპლა. მეთაური ჯონი თორღვაშვილი და კიდევ რამდენიმე მებრძოლი აფეთქების ტალღამ აქეთ–იქით მოისროლა. თორღვაშვილი მაშინვე ფეხზე წამოდგა და ტანკის ეკიპაჟს რუსულად დაუწყო გინება („კუდა სტრელიაიეშ იობ ტვაიუ მატ“). ტანკის მეთაური მოწინააღმდეგის ამ ქმედებამ საგონებელში ჩააგდო. სავარაუდოდ იფიქრა, რომ ქართველების პოზიციებს გავცდი და ჩემიანებს ვესროლეო (თანაც ჯონის სამხედრო ფორმა რუსი მედესანტეების ფორმას ჰგავდა). ლუქი გაიხსნა და მეთაური ტანკიდან ამოვიდა. ის ჩვენმა სნაიპერმა მაშინვე სიცოცხლეს გამოასალმა. სხვა მებრძოლმა კი ტანკის ღია ლუქში ყუმბარა ჩააგდო..... ამასობაში მტრის ქვეითებიც გამოჩნდნენ. ბატალიონის შემადგენლობამ მეზობელ პოზიციაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. იქ მათ კიდევ 30 კაცი (დუშეთის ბატალიონის წევრები) შეუერთდათ. 100–კაციანი შენაერთი პატარა ჯგუფებად დანაწევრდა და ცაგერა – არადუს მიმართულებით განაგრძო სვლა. მალევე 14 კაციანი ჯგუფი მტერმა ალყაში მოაქცია. ორი კაცი ტყვედ აიყვანეს, დანარჩენები კი ბრძოლაში დაიღუპნენ (8 ქაქუცელი და 4 დუშეთელი). მათ გარდა კიდევ ათი-თერთმეტი დუშეთელი და ოთხი ქაქუცელი დაიღუპა (საერთო ჯამში ბრძოლის ველზე 31 დუშეთელი (ტამიშში დაღუპულების ჩათვლით) და 13 ქაქუცელი დაეცა).

სოფელ კინდღიდად, ოპერაციის დაწყების პირველივე საათებში, ლაბრას მიმართულებით დამხმარე ძალა იქნა გაგზავნილი ("ბეტეერი", ორი ჯავშანმანქანა, ურალი და ერთიც მსუბუქი მანქანა). ორმა ჯავშანმანქანამ შუა გზიდან ანუა-არქუს სიმაღლისკენ გადაუხვია, დანარჩენებმა კი დანიშნულების ადგილისკენ განაგრძეს სვლა. ტამიშში, სადაც მტრის ძალებს უკვე ფეხი ჰქონდათ მოკიდებული, ჯერ "ბეტეერს", შემდეგ კი ურალის ტიპის სატვირთოსაც ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. "ბეეტერი" დაზიანდა, ურალისგან კი თითქმის არაფერი არ დარჩა. სატვირთოზე შავნაბადას ბატალიონის 31 კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა, საიდანაც 24 კაცი ადგილზე დაიღუპა (ორი მათგანი დღემდე დაკარგულად ითვლება). მათი მეთაური და მძღოლი სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს. „რპგ“-დან ნასროლმა ჭურვმა, სალონში ჩაწეული გვერდითა საქარე მინიდან შეაღწია და მეორე ჩაწეული საქარე მინიდან ისევ გარეთ გამოაღწია.....

ტამიშის და ლაბრას დაკავების შემდეგ, მტრის მორიგი სამიზნე სოფ. ქვემო კინდღი გახდა. შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკის რვავე პოსტი ინტენსიურად დაიბომბა, რასაც მალევე მედესანტეებისა და ოჩამჩირის რაიონში მოქმედი საჯარისო ნაწილების შტურმი მოჰყვა. ამ პოსტებზე მყოფი ორმოცდაათი სამხედროდან - ცხრამეტი დაიღუპა. ვაჟა ღვალაძე, რომელიც ავღანეთის და სამაჩაბლოს ომის ვეტერანი იყო, მტერს რვა საათის მანძილზე უწევდა წინააღმდეგობას. მას რამდენჯერმე შესთავაზეს დანებება, მაგრამ ყოველ ჯერზე ცივი უარით პასუხობდა და როდესაც ტყვია-წამალი შემოელია, უკანასკნელი ყუმბარით თავი აიფეთქა. მძიმე დანაკარგები განიცადეს ასევე გორის ბატალიონისა და „ომონის“ (წოწორიას სპეცნაზი) ნაწილებმა. ამ ორივე შენაერთის 70-75 კაციდან, თითქმის ნახევარი, დაახლოებით 35 კაცი დაიღუპა (კინდღში აფსუებმა 15-20 ქართველი დაატყვევეს, რომლებიც დიდი ალბათობით ამ ნაწილებიდან უნდა ყოფილიყვნენ). გადარჩენილებმა ტამიშის ხიდის მიმართულებით დაიხიეს უკან, სადაც „დე-შე-ბე“-ს (სადესანტო მოიერიშე ბატალიონი, „თეთრი არწივი“) მებრძოლები დაეხმარნენ. სადესანტო მოიერიშე ბატალიონის 50–კაციან შემადგენლობას ტამიშთან მდებარე პატარა მდინარესთან ეკავა პოზიცია. ეს შენაერთი შვებულებაში იყო და წესით ოთხ რიცხვში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ იმის გამო, რომ დესანტირების წინა დღეებში დრანდაში აფხაზურმა პოლიციამ მათი ორი თანამებრძოლი მოკლა, ისინი აფხაზეთში 2 ივლისს დაბრუნდნენ. მათ კაზაკი და დნესტრისპირელი მედესანტეებიც უპირისპირდებოდნენ. მოწინააღმდეგე აშკარად არ ელოდა ქართველთა ამ ძალის გამოჩენას, რამაც მათ რიგებში დაბნეულობა და დეზორიენტაცია გამოიწვია. ერთი გზააბნეული რუსი მედესანტე სანგარშიც კი ჩაუხტა ჩვენებს, რომელიც იქვე მიაცხრილეს. მტერმა უკან დაიხია. ჩვენს მოიერიშე მედანტეებს იმ დღეს დანაკარგი არ ჰქონიათ, თუმცა შემადგენლობის თითქმის ნახევარმა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო.

ყველაზე მძიმე ვითარება მაინც ტამიშის მონაკვეთზე იყო და ამ მიმართულებით სხვადასხვა ნაწილებიდან დამხმარე ძალა გაიგზავნა. ტამიშის თეთრ ხიდდთან საარტილერიო პოლკის სამ მებრძოლს, რომლებიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდნენ, ჩასაფრება მოუწყვეს და ამის შედეგად ორი მათგანი დაიღუპა (პოლკის მეთაური - პოლკოვნიკი თემურ ლომთათიძე და მართვის ოცმეთაური - უფროსი ლეიტენანტი დავით ქირია). მტერმა არც სასწრაფო დახმარების მანქანა დაინდო, რისი აფეთქების შედეგადაც, პირველი საარმიო კორპუსის სამედიცინო ასეულის სამი ექიმი დაიღუპა (ლევან მაჭავარიანი, ირაკლი დვალიძე და ზაზა კიკნაძე). ექიმები დაკარგა 22-ე ბრიგადამაც (გიორგი ჯაფარიძე, თამაზ თათოშვილი.....), 24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონის ცხრა წევრი ამავე მონაკვეთზე გაჩაღებულ ბრძოლებს შეეწირა. დაღუპულთა შორის იყო ამავე ბრიგადის 241-ე ბატალიონის წევრიც - კარლო კვარაცხელია. აგვიფეთქეს ტანკიც, რომელმაც ტამიშის სკოლასთან ისახელა თავი.

ბრძოლები მიმდინარეობდა ასევე ათარა -აფხაზურასა და ცუგუროვკის რაიონებში. ათარასთან 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის არანაკლებ სამი მებრძოლი დაიღუპა (მურად (ფრიდონ) ჩხეტიანი, ვალერი მუშკუდიანი, მურმან ჩაკვეტაძე). კინდღში და ტამიშში დაიღუპნენ ამავე ბატალიონის მებრძოლები - ზაურ მჭედლიშვილი და გულადი დანელია. ცუგუროვკას 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირველი ასეულის მებრძოლები იცავდნენ, რომლებიც „ბაგრამიანის“ სახელობის ბატალიონისა და ჩრდილო კავკასიელების იერიშებს იგერიებდნენ (იმ დღეს ჩვენთვის ყველაფერმა უმსხვერპლოდ ჩაიარა).

P.S. ოპერაციის პირველი დღე ჩვენი ძალებისთვის მარცხით დასრულდა. მოწინააღმდეგემ ჩვენზე 4-ჯერ ნაკლები დანაკარგები განიცადა. დაიკავა რამდენიმე სოფელი და ამასთან ერთად გადაკეტა ოჩამჩირე - სოხუმის დამაკავშირებელი მაგისტრალური გზაც. წარუმატებლობის მიუხედავად, ჩვენმა მეომრებმა მაინც შეძლეს ბრძოლიუნარიანობის შენარჩუნება და მომდევნო დღეებში არასახარბიელო სიტუაცია უკეთესობისკენ შემოატრიალეს. ნოდარ კანკიას, სპარტაკ მურველაშვილის, ლექსო ხეცაშვილის, ლესიკა დანელიას, ვაჟა ღვალაძის და სხვების გმირულმა თავგანწირვამ, ქართულ საჯარისო ნაწილებს თვითდაჯერებულობა და საბრძოლო სულისკვეთება შემატა.

დანაკარგები:

სავარაუდოდ 270 – 280 მებრძოლი დაგვეღუპა........

დუშეტის ბატალიონი (31 კაცი)

ზაზა არათანაშვილი, ოთარ ბურდული, ვასილ გედევანიშვილი, მერაბ გეთაშვილი, იოსებ ვერძეული, შოთა ზაქაიძე, ზურა ზურაბაშვილი, ვლადიმერ ილურიძე, გელა კარიაული, უშანგი კარიაული, ზურა ლიქოკელი, გოდერძი ლიქოკელი, გურამ ლიქოკელი, ზაზა მანდენაშვილი, კახა მწითური, თამაზ მირზიაშვილი, სპარტაკ მურველაშვილი, ნანა მესხია, ვალერი მიშინი, შოთა ნამგალაური, გოჩა ოდიშელიძე, დათო პეტრიაშვილი, გია რაზმაძე (კიზილა), ზურა ღარიბაშვილი, ნიკო ციგრიაშვილი, ზაზა წოწკოლაური, ომარ ჭიკაიძე, ლელა ჭინჭარაული, მალხაზ ჭიკაიძე, ლექსო ხეცაშვილი, ნოდარ ჯანიაშვილი.

ავაზას ბატალიონი (58 – 60 კაცი)

პაატა გივიაშვილი, ვახტანგ (ლესიკა) დანელია, მიშიკო ვარდიაშვილი, ზაზა ვარდანაშვილი, ნოდარ კანკია, რეზო ლაზაშვილი, ზურა მირაქიშვილი, ვიტალი მირგატია, თამაზ ნინოშვილი, ალბერტ (ჯუმბერი) ნონიაშვილი, ანდრო ნარიმანოვი, დავით რეხვიაშვილი, როინ სამსონიძე, ხათუნა ოდიკაძე, ზვიად შუკაკიძე, ვასო ჩხარტიშვილი, ზაზა ჩხაიძე (გურულო), თამაზ ციკოლია, ზურა ჭელიძე, თამაზ ჯალალი, კახა ნანოშვილი.............

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბატალიონი (13 კაცი)

არტურ აივაზიანი, ნოდარ ბეჟანიშვილი, ილია კოზმანაშვილი, ილია კოვზირიძე, გიორგი ორველაშვილი, ფრიდონ ნეფარიძე, ვალერი ტარასენკო, ნიკოლოზ იმნაძე, თემურ ცუცქირიძე, ოლეგ შევჩენკო, გიორგი პაპიძე, როინ მოროტაძე, გოჩა ჭინჭარაული.

შავნაბადას ბატალიონი (25 კაცი)

ბეგლარ გაფრინდაშვილი, კახა აბრამიშვილი, გიორგი თინაშვილი, ვახო ივანაშვილი, რამაზ კობახიძე, დავით კობახიძე, დათო კიკონიშვილი, მიხეილ მარჩილაშვილი, უჩა მაჭარაშვილი, რომანი მახათაძე, ნიკო ორველაშვილი, ოლეგ სალავატოვი, იგორ ცაბაურაშვილი, შოთა ძაძამია, ამირან ხვედელიძე, სერგო ბერელიძე, პაატა გვარჯალაძე, ტრისტან სოფრომაძე, ზურა ბერიძე, ალექსანდრე მარტყოფლიშვილი, გიორგი ბერუაშვილი, ედუარდ ბალასანიანი, ივანე ოთარაშვილი, პაატა ქოქიაშვილი, კონსტანტინე მოდებაძე.

24-ე ბრიგადის 242-ე ბატალიონი (9 კაცი)

ტერენტი გოგუა, ბორის გოჩავა, ტრისტან დარახველიძე, მიხეილ კვარაცხელია, ნოდარ მიბჩუანი, ტარას ფიფია, გიორგი ჯომიდავა, ნუგზარ ჯომიდავა, მურმან კვარაცხელია.

24-ე ბრიგადის 241-ე ბაალიონი (???)

კარლო კვარაცხელია

23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონი (არანაკლებ 5 კაცი)

გულადი დანელია, ზაურ მჭედლიშვილი, მურად (ფრიდონ) ჩხეტიანი, ვალერი მუშკუდიანი, მურმან ჩაკვეტაძე.

22-ე ბრიგადა (არანაკლებ 4 კაცი)

თამაზ თათოშვილი, თემურ კაჭკაჭაშვილი, ბესიკ ობოლაძე, გიორგი ჯაფარიძე

პირველი საარმიო კორპუსი (???)

ირაკლი დვალიძე (სამედიცინო ასეული), დავით თირქია (საარტილერიო პოლკი), ზაზა კიკნაძე (სამედიცინო ასეული), თემურ ლომთათიძე (საარტილერიო პოლკი), ლევან მაჭავარიანი (სამედიცინო ასეული), ვლადიმერ შენიკოვი??? (ცალკეული სატანკო)

შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკი (19 კაცი)

ხვიჩა ბიძინაშვილი, ალექსი გალუაშვილი, კახა გიქორაშვილი, ხვიჩა დეკანოსიზე, დავით ვარსიმაშვილი, იოსებ კოჭლამაზაშვილი, გოჩა კარაპეტოვი, თემურ თივათელიძე, გიორგი მგელაშვილი, ბესო ნიკოლიშვილი, ანზორ ნოზაძე, მამუკა (ბორა) სამხარაძე, ალექსი ქორთიაშვილი, ავთო ქოჩიაშვილი, ბადრი შალიკაშვილი, ვაჟა ღვალაძე, იური ცუცქირიძე, გოჩა ჭინჭარაული, მამუკა (ბრუსლი) ხატისაშვილი.

შინაგანი ჯარების „ომონი“ (ოცამდე კაცი)

ლევან ჯულავიძე, გიორგი (გოჩა) გიორგაძე, ხვიჩა გოლოშვილი, იური ოთინაშვილი, გრიგოლ ღონღაძე...........

შინაგანი ჯარების გორის ბატალიონი (ოცამდე კაცი)

თენგიზ კარიაული, კახა სამადაშვილი, ვასო ჩიტუაშვილი, აკაკი ხადური............

შინაგანი ჯარების სოხუმის ბატალიონი (???)

რევაზ მაჩაიძე, მერაბ მაჩაიძე, მურმან ნაროუშვილი, ზურაბ სხულუხია.........

შინაგანი ჯარების ლაგოდეხის ბატალიონი (???)

გიორგი დუღაშვილი

გვარდია (არანაკლებ 7 კაცი)

გოჩა ანდრიაშვილი, ჯუხრა გიორგაძე, გელა თურმანიძე, კოტე მოდებაძე, როინ მიროტაძე, გელა რაზმაძე, ნიკო იმნაძე.....

გურამ მინდიაშვილი (ტანკისტი), ვასილ კილაძე (ორბი), გოჩა ელბაქიძე (პირველი სატანკო), რევაზ მუმლაძე (თეთრია რწივი), ჯამბულ სოფრომაძე.........

ლაშა სირანაშვილი

1993 წლის, 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.

„ქარიშხალი 777“, რომელიც ჩვენთან „ტამიშის დესანტი“ დაერქვა. 1993 წლის 2-10 ივლისი.

 შავი ავაზას მეთაურის, კობა დიასამიძის ნაამბობი: 9-ივლისს გენერალმა გია ყარყარაშვილმა მითხრა, დაახლოებით 3-4 საათისთვის მოგიწევთ წინ გადანაცვლებაო, იმიტომ რომ იქიდან ძალიან შევავიწროვეთ მტერი და დანებებას აპირებდნენ კიდეც. ლევან ასათიანი უნდა ავიდეს შემოვლით გზითო. ჩვენსა და ანუარხუს შორის ხევი იყო, ტყვია-წამალი უნდა აუტანოს ბიჭებსო. შენ ცოტა მარცხნივ, წინ წაიწიე, უცებ მტერს რომ გადაწყდეს, დახმარება აღმოუჩინოო. შავნაბადა ამდენი ხნის უწყვეტი ბრძოლით ისე იყო გადაღლილი, რომ სწრაფ რეაგირებას ვერ შეძლებდა. მათ მიცვალებულებიც ჰყავდათ და დაჭრილებიც. 7 დღის უძილონი და ფაქტობრივად მშივრები იყვნენ.


ისევ ადგილობრივებისგან შემდგარი რაზმი მოვითხოვე და 20 კაცი მომცეს. დავიწყე დავალების შესრულება. სოფელს მთლიანად ვერ გავანთავისუფლებდი, ამისათვის ბევრად მეტი ძალა იყო საჭირო. ამ დროს მიშა თათარაშვილის (თეთრი არწივის ბატალიონის მეთაური) რაზმი შემომიერთდა. ყველაზე ბევრი ახალგაზრდა მებრძოლი ჰყავდა თათარაშვილის ასეულს. ქართველი ბიჭი იყო, რუსი დედა ჰყავდა, რუსეთში დაიბადა და გაიზარდა, 9 აპრილის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა ქვეყნის მოსანახულებლად. ნახა ნათესავები და ომი რომ დაიწყო, მაშინვე საქართველოსთვის ბრძოლაში ჩაება. ასეული და ადგილობრივების რაზმიდან ხალხი შევარჩიე. ერთი ჯგუფი უნდა გასულიყო მარცხნივ და 500 მეტრზე გაშლილიყო, ხოლო მეორე მარჯვნივ და ისიც 500 მეტრზე გაიშლებოდა. იქვე შინაგანი ჯარი იდგა, რომელსაც პოზიცია ძალიან კარგად ეჭირა, ჩვენ ხეობის ფერდობზე უნდა შევსულვიყავით, რომ ლევან ასათიანისთვის გასასვლელი გაგვენთავისუფლებინა ტყვია-წამლის მისაწოდებლად, თან მტრის ნაწილი უკვე ალყაში გვყავდა, ყველა გასასვლელში ჩვენი შენაერთები იდგა.  მტერი ამასობაში ზევით წავიდა. ტყვარჩელის მიმართულებით. ეს კილომეტრზე გაშლილი ხალხი უკვე წვერს რომ ვუახლოვდებით, ერთმანეთან ას მეტრზე აღმოვჩნდით. გაუვალი მაყვლის ბუჩქებში მივდიოდით, უზარმაზარი სიმაღლეზე, მივხვდი, რომ მტერი კარგ დღეს უკვე აღარ დაგვაყრიდა. ფიქრი დასრულებული არ მქონდა, რომ სიმაღლიდან დაგვიშინეს. არ ვიცი რამდენი იყვნენ, მაგრამ ორი ტყვიამფრქვევი მაგრად ამუშავდა. სიმაღეზე იდგნენ და ხელისგულზე ვყავდით. აქა-იქ ხეები იდგა და ვეფარებოდით, მაგრამ მტერს ვერ ვხედავდით. 17 მებრძოლი დამეჭრა, ერთი დამეღუპა. დაჭილები აუცილებლად უნდა გამოეყვანა, გადამერჩინა. ურალი დაღმართზე გვედგა, რადგან აკუმულატორი დამჯდარი იყო და არ იქოქებოდა. მანქანაზე დაჭრილი მებრძოლები აგვყავდა, ტკივილი ძალიან მაგრად აწუხებდათ. რაოდენობით მოწინააღმდეგე ჩვენზე მეტი არ მგონია ყოფილიყო, მაგრამ ჩვენზე ბევრად უკეთესი პოზიცია ეკავათ. ჩემს მებრძოლთან, ლერი რევაზიშვილთან მივედი, მას ტყვიამფრქვევი ჰქონდა. ვუთხარი, რომ უნდა ემუშავა, სხვაგვარად მტერს ვერ შევაჩერებდით, სამწუხაროდ ლულაში ტყვია იყო გაჭედილი, ასევე ანზორ შარმაიძის მეორე ტყვიამფრქვევის ლულაშიც ტყვია გაიჭედა. ჩემს მეორე  მებრძოლთან, რეზო ქოჩორაშვილთან მივედი და ვუთხარი, რომ ყუმბარმტყორცნი ესროლა. მოსაფარებელი ადგილიც არ ჰქონდა, იმ წამსვე სროლას დაიწყებდა მტერი და გაანადგურებდა, მაგრამ მაინც გარისკა და ესროლა. ცოტა ხნით მოწინააღმდეგე მიწყნარდა. ზემოთ ავღნიშნე, რომ ერთი მებრძოლი დაგვეღუპა, რომელმაც თავი გაწირა, ის არ შეუშინდა და სროლით გაემართა მტრისკენ და ჩვენ მანებვრირების საშუალება მოგვცა. რაც ამ 22 წლის ბიჭმა, გერა თაქთაქიშვილმა გააკეთა, ის მე უნდა გამეკეთებინა. როცა გზა გაიხსნა, ყველამ ვნახეთ ის საშინელება, რაც დესანტმა გადმოსვლის შემდეგ გააკეთა და არ მინდოდა ეს ჩემს მებრძოლებს ენახათ. დესანტის მიერ ჩახოცილი, უკვე გახრწნილი ჩვენი მებრძოლების ცხედრები. იმ დროს ტყვეები ავიყვანეთ და ისინი გვაჩვენებდნენ სად იყვნენ დამარხული ჩვენი მეომრები. ეს ტყვეები იყვნენ სომხები, აფხაზები და კონფედერატები. ერთი თვითმფრინავი თუთიის კუბოები ჩამოვიდა, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა და მეორეც ჩამოვიდა. ჯერ მოხდა ცხედრების ამოცნობა, გადასვენება საავადმყოფოში, მოწესრიგება და სისხლიანი ტანსაცმლის გამოცვლა. მთელი ცხოვრება გამყვება ეს სურათ. ვისი ამოცნობაც მოხერხდა თუთიის კუბოებში ჩავასვენეთ, ვისიც ვერა 2 ვაგონი მაცივარი ჩამოვიდა და იმაში მოვათავსეთ. ნათელი დაადგეთ ამ სამშობლოსათვის თავგანწირული გმირების სულებს. ქედი უნდა მოვიხაროთ მთელმა ერმა მათ წინაშე. კიდევ იმას ვიტყვი, რომ სადესანტო მოიერიშე ბატალიონს მტრისთვის ბოლომდე რომ არ ედევნა და უკნიდან გზა არ მოეჭრა, ისინი გაიქცეოდნენ. მაგრამ ისეთ მდგომარეობაში ჩავაგდეთ, რომ დანებება არჩიეს. რომ არა ის ტყვეები, ძალიან ბევრი ჩვენი მებრძოლის ცხედარსაც ვერ ვიპოვიდით. მე, 26 წლის ვიყავი. ყველანი ახალგაზრდები ვიყავით და სამშობლოს სიყვარული გვამოძრავებდა. სხვა დაინტერესება ჩვენ არ გვქონია. არა მარტო ჩემს ბატალიონს, არამედ ყველას, ვინც იქ იბრძოდა. ყველა იქ მყოფი სამშობლოსათვის მიდიოდა ომში. სიყვარულიც სხვანაირი გვქონდა ერთმანეთის მიმართ. ერთ ბატალიონში ხშირად რამოდენიმე ერთი ოჯახის წევრი იყო. ვინც მერე გვიერთდებოდნენ. ისინიც მალევე ჩვენი სისხლი და ხორცი ხდებოდნენ. სხვა ერთიანობა იყო, სხვა სიყვარული. როცა ჩემი მეზობელი დაგვეღუპა, არც მე მინდოდა სიცოცხლე. წარმოვიდგინე მე ცოცხალი ვიყავი და ის კი ოჯახში მკვდარი უნდა მიმესვენებინა. ჩემს ბატალიონში იყვნენ სამი ძმები. ტყუპებიც მყავდა. როცა რთულ ოპერაციაზე მივდიოდი, ერთ-ერთს ვტოვებდი. არ მიმყავდა და ამაზე ბრაზობნენ ხოლმე, მაგრამ ხან რას მოვიმიზეზებდი, ხან რას და ასე ვტოვებდი ხოლმე. რადგან თუ სიკვდილი გვეწერა, მათ დედებს ერთი შვილი მაინ გადარჩენოდათ. 


   შავი ავაზას მეომარის, ნუკრი თეგეთაშვილის ნაამბობი: სოხუმის შტაბში ინფორმაცია მოდის, რომ რუსებმა კინდღის რაიონის დასაზვერად დესანტი გადმოისროლა და დიდი შეტევისათვის ემზადებიან. შტაბში გადაწყდა ორი ქართული ბატალიონი _ სოხუმის ,,თეთრი გიორგი" და თავდაცვის სამინისტროს არმიის შემადგენლობაში არსებული ,, შავი ავაზა" გაეგზავნათ მტრის გასანადგურებლად. "ავაზას ბატალიონი" თბილისელი ბიჭებით იყო დაკომპლექტებული. ოცეულის მეთაურს, გერა (გიორგი) თაქთაქიშვილს, დაევალა თავისი მეომრებითურთ ცრუ მანევრი განეხორციელებინა და მტრის ყურადღება მიექცია, რათა დანარჩენები შეუმჩნევლად შესულიყვნენ სეპარატისტთა ზურგში. შტაბში შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით ოცეულს კინდღისა და დანარჩენი სოფლების მაკავშირებელი ლაბრის გზა უნდა გაევლო, მაგრამ სულ სხვა ვითარებაში აღმოჩნდნენ. ნუკრი თეგეთაშვილი (გერას ბავშვობის მეგობარი და თანამებრძოლი): `ბატალიონში 60 მეომარი ვიყავით. ჩვენი ოცეული, გერას მეთაურობით გამოეყო და წავედით დაზვერვაზე, უფრო სწორად, მტრის ყურადღება უნდა მიგვექცია, _  მათ უნდა ჰგონებოდათ, რომ მზვერავები ვართ, ამით ისარგელებდნენ დანარაჩენი მეომრები და ზურგიდან მოვლა გაუადვილდებოდათ. გეგმით, ლაბრის გზა უნდა გაგვევლო, მაგრამ იქ, უკვე რუსების დესანტი იდგა და ვერ გავივლიდით.  მანევრი შეცვალეთ, იძულებული გავხდით შეგვეცვალა, ზემოდან უნდა მოგვევლო, რომ ჩვენ ბატალიონთან შევერთებულიყავით, სხვა შესაძლებლობა არ არსებობდა. გერა წინ მიგვიძღოდა და გვამხნევებდა. ბილიკებით ტყიან ფერდობზე ავედით და გზადაგზა რანდენჯერმე ვისროლეთ კიდეც _ თუ მტერი ახლომახლო იქნებოდა ბრძოლა მოგვიწევდა და ჩვენი ბატალიონი მოგვეშველებოდა. საპასუხო ცეცხლი   არავის გაუხსნია.


დიდი მანძილი არ გვქონდა დარჩენილი  ლაბრის გზამდე, არც ტყიანი მასივი იყო რთული გასავლელი. ავიარეთ აღმართი, მეორე ფერდობს გადაღმა უკვე გზაა და გასავლელიც ცოტაღაა დარჩენილი. დავეშვით და უცებ ჭაობში ჩავცვივდით, მხრებამდე ჩავიფალით. ოც მეტრში, ფერდობიდან, ცეცხლი გაგვიხსნეს, წამებში დაგვიჭრეს შვიდი კაცი. ჩვენ დავიბენით, არ ვიცოდით რა გაგვეკეტებინა, როგორ მოვქცეულიყავით. ამ დროს, გერამ დაიღრიალა: ბიჭებო, არ შეშინდეთ! რაღაც სასწაული ძალა მიეცა, ისეთი შემართებით მიიწევდა ჭაობში, რომ ჩვენც გამოვფხიზლდით. ფაქტორივად, განწირულები ვიყავით, მაგრამ გერას შეძახილები გვამხნევებდა და ძალას გვაძლევდა. ასეთ დროს ვერ აანალიზებ, _ რა ხდება, სრულად ვერ აღიქვამ სიტუაციას, პანიკა გიპყრობს და ბედისწერას ემორჩილები, დუნდები ყველაფერი ეს იყო, იყო პირველ წუთებში, მაგრამ გერას შეძახილებმა, სული გაგვიმხნევა და ჭაობს არ დავნებდით. მეთაურის ძალა და ენერგია ჩვენც გადმოგვედო და მივყევით. ჭაობში შეტყუებული ოცეული სეპარატისტებისათვის კარგი სამიზნეები არმოჩნდნენ, რადგან მკერდამდე ჩაფლულები იარაღის ხმარებას ვერ ახერხებდნენ. აფხაზები განუწყვეტლივ ისროდნენ _ ავტომატის ჯერი, სნაიპერის ტყვია, `ლიმონკები, ყუმბართმტყორცნები...  სასიკვდილოდ დაჭრილების გმინვას ჭაობი ნთქავდა და არც სისხლის წითელი კვალი აჩნდებოდა ჭაობს. ფერდობის თავზე, იქით, საითაც გერას ოცეული აპირებდა ასვლას, ქართული ბატალიონის  მცირე ნაწილი გამოჩნდა და ცეცხლი გაუხსნა აფხაზებს. სეპარატისტებმა ყუმბართმტყორცნებით უპასუხეს.  ჭაობში მყოფთ იმედი მიეცათ. გერამ, ახლა უფრო ომახიანად შესძახა, ბიჭები შეაგულიანა. ამ დროს, სეპარატიტებიმა უახლესი იარაღის მთელი არსენალი გამოიყენეს და  ჭაობში ჯოჯოხეთური ომი დაიწყო. აფხაზები ჭაობში ჩარჩენილი ბიჭების დახმარების საშუალებას არ აძლევდა ფერდობის თავზე შეფენილ მცირე რიცხოვან ქართველთა რაზმს. რამდენიმემ მაინც დააღწია თავი ჯოჯოხეთს, ჭაობიდან ამოვიდნენ, მაგრამ აფხაზებმა ფერდობზე ასვლის საშუალება აღარ მისცეს. მიზანში ამოიღეს.  გერა და მისი ოცეულის წევრები  მიწაზე იყვნენ გართხმული და მომენტს ელოდნენ, რომ თავისიანებთან მისვლის საშუალება მისცემოდათ. სეპარატისტებმა გაასმაგებული ძალით დაიწყეს შეტევა. ყველაფერს ცხრილავდნენ და ანადურებდნენ. გერა, ნუკრი თეგეთაშვილი და ზაზა ჩქარეული, ამ უკანასკნელს ერთი თვალი დაკარგული ჰქონდა (ერთერთი ბრძოლის დროს დაუზიანდა და  თბილისში ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ მაინც დაბრუნდა) ფერდობზე იწვნენ ერმანეთის შორიახლო. აფხაზებმა ისევ ისროლეს ყუმბარმტყორცნები და ამდროს, ზაზამ დაიყვირა: - მიშველეთ, მეორე თვალში დამჭრეს! ზაზას ყვირილზე გერა წამოდგა მის დასახმარებლად. აფხაზები მის მოკვლას ჭაობშიც ცდილობდნენ, არ გამოსდიოდათ, ახლა კი მიზანში  ამოიღეს და ყუმბარმტყორცნი ესროლეს... გერა აფეთქდა. მაინც ესროლა სნაიპერმა, ჭაობიდან უთვალთვალებდა და დამწვარს ესროლა უკანასკნელი ტყვია. 1993 წლის 9 ივლისს, გერა (გიორგი) თაქთაქიშვილი გმირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე. როგორც ყოველთვის, ომის დროს სიკვდილი წამებში ხდება. გერასაგან მოშორებით ნუკრი თეგეთაშვილი იწვა. გერას აფეთქებისთანავე წამოხტა,  ბიჭებისაკენ გაიქცა და ყუმბარმტყორცნმა ზუსტად ის ადგილი ააფეთქა, სადაც ჩაწოლილი იყო. ვერ დაუმიზნეს, სასწაულად გადარჩა. სასწაულმა გადარჩინა ზაზაც. ფერდობის თავზე ქართველები იყვნენ და ქვემოთ ჩასვლას, მაინც ვერ ახერხებდნენ. ჭაობიდან გამოსული ბიჭები ერთი დღე-ღამე ფერდობზე იწვნენ და თავის აწევას ვერ ბედავდნენ. მათი გამოყვანა, მხოლოდ დამატებითი დამხმარე ძალის მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი, მაგრამ ცხედრების გამოტანა ვერ მოხერხდა. ნუკრი თეგეთაშვილი: "გია ყარყარაშვილი მოვიდა პირადად ჩვენთან და მადლობა გადაგვიხადა. მსხვერპლი დიდი იყო, მაგრამ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დამატებითი ძალების მოსვლის შემდეგ, სეპარატისტებმა დაწოლას ვერ გაუძლეს და უკან დაიხიეს. ჭაობში ბრძოლის დროს მტერმა ტყვია-წამლის რესურსი მთლიანად ამოწურა, ამით ქართველებმა ისარგებლეს და შეტევა დაიწყეს, სეპარატისტებმა უკან დაიხიეს. აფხაზეთის ომის დროს, ეს ოპერაცია ერთერთი რთული, მძიმე და წარმატებული იყო. გზის დიდი ნაწილი უკვე განთავისუფლებული იყო სეპარატიტებისაგან. მხოლოდ მცირე მონაკვეთი იყო დარჩენილი, რომელსაც აფხაზები აკონტროლებდნენ. ჩვენები ამ მონაკვეთის აღებასაც გეგმავდნენ დღედღეზე და მხოლოდ ამის შემდეგ აპირებდნენ მიცვალებულთა გამოყვანას. ჩემ თავზე ავიღე პასუხისმგებლობა. მიცვალებულები ამოვიყვანეთ. დიდი სატვითო მანქანა, ურალი გამოვართვით ჩვენებს და ცხედრები ძარაზე დავდეთ. მძღოლს ვუთხარით ბოლო სიჩქარით გაევლო გზის ის მონაკვეთი, რომელსაც აფხაზები აკონტროლებდნენ. გერას ცხედარის გვერდით დაწვა ნუკრი, მისი უახლოესი მეგობარი. ზაზაც იქ იყო. მძღოლმა ადგილიდან მოწყვიტა ურალი და დიდი სისწრაფით გაიჭრა. აფხაზებმა ცეცხლი გაუხსნეს. ღია ძარაზე, გერას დამწვარ და დაგლეჯილ ცხედარს გადაეფარა ნუკრი, ეს გაუცნობიერებლად ხდებოდა. იმ ჯოჯოხეთის შემდეგ, რაც ჭაობში ნახეს, შიში დათრგუნული ჰქონდათ. გერას ცხედარი სოხუმიდან თვითმფრინავით თბილისში ჩამოასვენეს. მხედრული მამაცობისათვის გიორგი თაქთაქიშვილი ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა სიკვდილის შემდეგ.

საინტერესო სტატია 

მთავარი ფოტო გერა (გიორგი) თაქთაქიშვილი გარდაიცვალა 22 წლის 09 ივლისი 1993წელი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.12.2020
ბოლო რედაქტირება 03.07.2022
სულ რედაქტირებულია 2





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0