„ ჭიდილი მხეცებთან “ ნუგზარ ქებურია
მე-6 სატანკო ბატალიონი.. მეთაური პოლკოვნიკი თემურ ზარანდია.
16 მარტს ღამის 2 საათზე აფხაზური მხარის შენაერთებმა დაიწყეს მდ. გუმისთაზე ქართველთა პოზიციებისა და სოხუმის მასირებული საარტილერიო დაბომბვა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. გამთენიისას რუსეთის სპეცდანიშნულების შენაერთები ფრონტის მთელ ხაზზე შეტევაზე გადმოვიდა. უკან სეპარატისტები და მათი დაქირავებული ქართველთა სისხლით დაგეშილი გადამთიელი მკვლელები მოსდევდნენ. რუსულმა სპეცრაზმელებმა ხელში ჩაიგდეს უჩხოზთან მცირე პლაცდარმი და გუმისთის ხაზის ზოგიერთი მონაკვეთიც, რუსული მაშკა ღორი ცდილობდა 23-ე ბრიგადის შტაბისა და მართვის პუნქტების მწყობრიდან გამოყვანას, მაგრამ ჩქარი და ამღვრეული მდინარე ვერ გადმოლახეს და უკან დაიხიეს.
გამთენიისას შეტევაზე ხელახლა წამოვიდნენ და მდინარე გუმისთაზე უკვე წინასწარ გაბმული თოკებით მეორე ნაპირზე გადმოვიდნენ.
მთავარი დარტყმა რკინიგზის ხიდის მიმართულებით განვითარდა... ასეულებმა, რომლებსაც პოზიციები რკინიგზის ხიდთან ეკავათ მტრის მოგერიება ვერ შეძლეს და გადამთიელი მხეცები ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცოფიანი ველური ძაღლებივით შემოცვივდნენ...
- ასობით დაქირავებული ავაზაკი და რუსი მედესანტე გვიტევს. ალყას გვარტყამენ, ტყვია წამალი საკმარისი არ გვაქვს, რა ვქნათ? - ღრიალებდნენ მე-6-ე ბატალიონის სპეციალური დანიშნულების რაზმის „ხიმიკების“ მეომრები... გახევებული, გამშრალი იდგა ასმეთაური გულრიფშელი ( სოფელ ესტინკიდან ) ნუგზარ არეშიძე და დაბნეული შესცქეროდა ასეულის მეომრებს... ყველა ისინი საბჭოთა ჯარ-მოხდილნი იყვნენ, 30-35 წლისანი, ომის ქარცეცხლში გამოვლილ, გაწვრთნილ მეომართა შთაბეჭდილებას სულაც არ ტოვებდნენ. არც ერთი არ იყო ნორმალურად შეიარაღებული, ჩაცმული და საომრად მომზადებული...
მათ შორის რამდენიმე, სრულიად ახალგაზრდა და გამოუცდელი ბიჭიც იბრძოდა...
შეტევას შეტევაზე აწყობდნენ აფხაზები და მათი დაქირავებული ბოევიკები, მაგრამ თითქმის სამჯერ ნაკლები საბრძოლო ტექნიკის მქონე ქართველები ფარხმალს არ ყრიდნენ.
მალე მდინარე გუმისთის ბუჩქიან ნაპირზე სომხური ბატალიონის მებრძოლები გამოჩნდნენ...
უეცრად ყველაზე პატარა მებრძოლმა, 18 წლის ევგენი ნაჭყებიამ საშინლად დაიკვნესა და სახე სიმწრით დაეღრიჯა.
მოხალისეთა ჯგუფის მეთაურმა, ელგუჯა ჩემიამ სანგრებიდან დაინახა, როგორ მოწყვეტით დაეცა ძირს გულრიფშელი მებრძოლი...
- ბიჭებო! თქვენი პატარა მებრძოლი დაჭრეს! - შეჰყვირა მან მთელი ხმით და ზემო-ფშაფელ ლორიკ ბოკუჩავას ხელით ანიშნა, დაჭრილს მიხედეო.
ლორიკმა გვერდით მყოფ გოჩა ქარჩავას გადასძახა..
- ევგენი წაიყვანე და წადი აქედან!
- არა, ლორიკ! უშენოდ არსად წავალ! - და გოჩა ბუჩქებს შორის გამოჩენილ სომხური ბატალიონის მებრძოლებს ტყვიამფრქვევის კაკანით შეეგება...
- დაჭრილი გაიყვანე-მეთქი! - უყვირა ლორიკმა თანასოფლელ ბიჭს. იგი სრულიად ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე და ვაჟკაცური შესახედაობის იყო, - გადი! გაიყვანე დროზე! მე დაგიცავთ!
გოჩა სანგრებიდან ამოძვრა, წაკუზულმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მეხნაკრავივით შედგა. ევგენი ნაჭყებიასათვის თავი გაეხვრიტა ტყვიას.
- ვაიმე დედა! - უკან შებრუნდა გოჩა ქარჩავა. წუთით მოღუშვით მოხედა მიწაზე გაშხლართულ თანამებრძოლს და შუაგულ სროლაში გიჟივით შეიჭრა...
გახსნილი ხელყუმბარებით, ხეებს ამოფარებული, თავზეხელაღებულივით იბრძოდა ლორიკ ბოკუჩავა... მისი კარის მეზობელი თამაზ ჯომიდავა, ლორიკის გვერდით მუხლზე წაჩოქილი, მჭიდს ჭიდზე ცლიდა... ზედიზედ ეცემოდნენ ძირს ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონის მებრძოლები...
არაადამიანური ყვირილით მიიწევდა წინ გოჩა ქარჩავა, მაგრამ ასმეთაური, ნუგზარ არეშიძის ხმამ შეაჩერა.
- მოშორდი აქაურობას, ბავშვო! - უყვირა მან ბრაზით.
გოჩა უკან სანგარში შებრუნდა, მაგრამ იქ უკვე რუს მედესანტეებს დაეკავებინათ მისი ადგილი.
ჭაბუკმა ერთი ვაჟკაცურად ამოიოხრა, ჯიბეში ხელი ჩაიყო, ხელყუმბარა ამოიღო და გახსნა, მაგრამ იქვე ახლოს ბუჩქებში ჩამალულმა რუსმა სნაიპერმა შაშხანის ლულა ნელა გაუსწორა გოჩა ქარჩავას მკერდს, ოპტიკურ სამიზნეში მოაქცია მსხვერპლი და...
- ლორიკ! - შემზარავი ხმით იღრიალა თამაზ ჯომიდავამ,- გოჩა!..
- რაშია საქმე!?
- ჩქარა, აქეთ!
- რა მოხდა?
- გოჩა დაჭრეს!
- სად? სადაა დაჭრილი?
- მკერდზე ტყვია მარცხენა მხარეს აქვს მოხვედრილი.
- საიდან ესროლეს?
- აი, იმ ბუჩქიდან... - და საჩვენებელი თითი ფერდობისკენ გაიშვირა, - სნაიპერმა ესროლა, ტყვია მეორე მხარესაა გასული. დაცემისას თვალი მოვკარი ზურგიდან, როგორ ამოხეთქა სისხლმა.
ზემო-ფშაფელმა თამაზ ჯომიდავამ სნაიპერი კი დაინახა, მაგრამ ვაზნები გაუთავდა და მეორე მჭიდის ჩადება ვეღარ მოასწრო...
ხელყუმბარას ზედ დაკვდომოდა გოჩა. დახოცილი რუსი მედესანტეები ეყარნენ მის გვერდით.
თანასოფლელის დაღუპვით გაშმაგებულმა გონელი მილორავამ ხელყუმბარა გახსნა და მკვლელებს სანგრებში მიუვარდა. გასროლა მხოლოდ ერთმა მოასწრო, მაგრამ ისიც უმისამართოდ. წამიც და დახოცილი გადამთიელები მიწაზე ეყარნენ. დრანდელი, სპორტული აღნაგობის ბიჭი არ შეჩერებულა, შურისძიების ინსტიქტი შეშლილივით ამოძრავებდა...
უცებ ბუჩქებს იქეთ რუსი სნაიპერი შენიშნა და გაუხსნელი ხელყუმბარა ესროლა დაბნეულმა.
ერთი ნახტომით აიტაცა ძირს დავარდნილი, გაუხსნელი ხელყუმბარა რუსმა სნაიპერმა, წამში გახსნა და უკან მოუბრუნა ბუჩქებიდან გამოვარდნილ ქართველ მეომარს. გონელი მილორავა დაიჭრა, საკუთარი ხელყუმბარის ნაგლეჯებმა უკანალი დაუცხრილეს...
ტყვია- წამლის კვამლი ნელ-ნელა იფანტებოდა და ციტრუსების პლანტაციებს ედებოდა. ლორიკ ბოკუჩავას, მარცხენა მხარზე მოხვედროდა ტყვია, მაგრამ მაინც დარბოდა და თავისი ოცეულის ბიჭებს ამხნევებდა...
ფერდობზე რამდენიმე საბრძოლო მანქანა გამოჩნდა. მათ უკან აფხაზი და კაზაკი ბოევიკები ნელ-ნელა უახლოვდებოდა მათ პოზიციას...
ლორიკ ბოკუჩავა ჭურვის მიერ ამოთხრილ ორმოში ჩაიკუნტა როცა დაინახა, რომ ერთი საბრძოლო მანქანა პირდაპირ მისკენ გამოემართა. იგი გრუხუნით განსაზღვრავდა რამდენი მეტრით იყო რუსის ბმპ მისგან დაცილებული.
ერთი მეგრულად შეიგინა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა ხელში მოიმარჯვა, ფეხზე წამოიჭრა, რაღაც წამებში მან თვალით ბმპ-დე მანძილი გამოზომა და გახსნილი ყუმბარა მთელი ძალით ესროლა. ბმპ-ს წინა ბაქანზე მოახვედრა. რკინის ურჩხული გაჩერდა. მაშინვე კოშკურის ხვრელიდან რუსი მედესანტე ამოძვრა, ძირს გადახტა, წახრილმა ოციოდე ნაბიჯი გაირბინა, მიწაზე წაწვა და ქართველ მებრძოლებს ავტომატით სროლა აუტეხა.
ასმეთაურს ნუგზარ არეშიძეს ტყვიამ ზედიზედ ყურში გაუწუილა, მაგრამ ყურადღება არც კი მიუქცევია მშველელის მოსვლას ელოდა. გრადის ჭურვების გრუხუნში ინთქმებოდა მისი სუსტი ხმა. მაგრამ, როცა არავინ გამოეხმაურა, ძალღონე მოიკრიბა და ორმოდან ძლივს ამოხოხდა. იგი, როგორღაც დაუხამხამებელი თვალებით სათითაოდ აცქერდებოდა თავისი ასეულის მებრძოლებს. რაღაც ნახევარი საათის წინ ისინი ცოცხლები იყვნენ, ეწეოდნენ სიგარეტს, ხუმრობდნენ, ახლა კი, ტყვიით დაცხრილულნი იწვნენ ისე, როგორც მოუსწრო სიკვდილმა...
ცოტა ხანში ქალაქში შემოსულ მტერს სოხუმის სამხედრო პოლიციამ ( მეთაური სოსო ახალაია ) და 23-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა ( მეთაური გიორგი ქაჯაია ) რომელიც ბრიგადას სარეზერვო დახმარებას უწევდა მტერს გზა გადუღობა და დათვური ძუნძულით უკან დაახევინა.
აფხაზები და მათი დაქირავებული ხროვა მთელი ღამის განმავლობაში ესხმოდნენ თავს ქართველების მიერ გამაგრებულ პოზიციებს და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ქართველი მებრძოლი დაეხოცათ, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. მაგრამ ქართველი მეომრები დანებებას არ აპირებდნენ და ერთიმეორეზე მიყოლებით იგერიებდნენ აფხაზთა, რუსთა, სომეხთა და ჩრდილო კავკასიელ ე. წ. კონფედერანტთა ნარკოტიკებით გაჟღენთილ ბოევიკებს.
მე-6-ე ბატალიონის დასავლეთის პოზიციაზე, ზღვის მხარეს, სადაც ბაბუშარალი ხვიჩა თოდუას ასეული იყო გამაგრებული, მოულოდნელად აფხაზ-სომეხთა იერიში მთელი სიმწვავით განახლდა. თავდამსხმელები ავტომატებისა და ყუმბარმტყორცნების წივილითა და ღრიალით, სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ ქართველთა პოზიციებს.
23-ე ბრიგადის მე-6-ე სატანკო ბატალიონის მეთაურის ვიცე პოლკოვნიკ თემურ ზარანდიას თქმით, საჭირო შეიქმნა პოზიციაზე ტანკის შეყვანა... მან იმწუთასვე იხმო მოადგილე მაიორი ნოდარ ქვილითაია და უბრძანა სასწრაფოდ მიეღო ზომები.
მაიორმა ქვილითაიამ ( ჩაპა ) იმ წამსვე მოძებნა მე-6 ბატალიონის გმირი, გულრიფშელი ტანკისტი, მურთაზ პიტავა, რომელსაც ბატალიონის მეომრები მისი ღიმილიანი მეტსახელით „პიტკინით“ იცნობდა...
„ პიტკინის “ შუბლზე ერთი ძარღვიც არ შეტოკებულა. მან გულგრილად მოისმინა მეთაურის მოადგილის მაიორ ქვილითაიას ნათქვამი და ნიშნად იმისა, რომ ყველაფერი გაიგო: თავი დახარა, სწრაფად შეტრიალდა და დავალების შესასრულებლად სირბილით გაემართა.
მასთან ერთად იყვნენ გულრიფშელი ზური ზარანდია და მისი თანასოფლელი კუკური გოგოხია... სამივე ერთი ტანკის ეკიპაჟი იყვნენ... ისინი ომის პირველი დღიდან შედიოდნენ იქ, სადაც ბატალიონის მეომრებს ჭურვები უთავდებოდათ... გამოდიოდნენ, იტვირთებოდნენ და ისევ შედიოდნენ...
16 მარტს, დილიდან ორი გზობა გააკეთეს მათ, მე-4 ასეულის მიმართულებით...
მესამე გზობაზე, ფინანსური სამსახურის უფროსის, კაპიტანი ემზარ კვაშილავას თქმით, გულრიფშელი კუკური გოგოხია, რატომღაც არ წაიყვანეს, რაზეც მებრძოლი სულის ბიჭი, მაგრად გაბრაზდა და მთელი ხმით უყვირა განუყრელ მეგობრებს:
- რას მეთამაშებით! თქვე მაიმუნებო, თქვენა!.. - და ხელის სწრაფი მოძრაობით ანიშნა - რა დროს ხუმრობააო!..
- შენ აქ დარჩი! ბრატ! ახლავე მოვალთ!.. - მოგუგუნე ტანკიდან გადმოსძახა „პიტკინმა“ და ისე სწრაფად დაძრა საბრძოლო მანქანა და ისე ელვისებური სიჩქარით გაუჩინარდა, რომ მეგობრებზე განაწყენებულმა ბიჭმა პირის დაღებაც ვერ მოასწრო...
ეს იყო ამ გმირი ბიჭების ბოლო შესვლა მე-6 ბატალიონის პოზიციაზე...
„პიტკინის“ ტანკის გამოჩენა სიხარულს გვრიდა მის თანამებრძოლებს, ძალას მატებდათ და უფრო იმედიანად გრძნობდნენ თავს,მაგრამ ახლა სხვაგვარად მოხდა ყველაფერი. მძიმე საბრძოლო მანქანა, როგორც კი მიუახლოვდა მე-4 ასეულის პოზიციას მაშინვე სროლა აუტეხეს აფხაზური მხარის ბოევიკებმა...
თავდამსხმელები ავტომატებისა და ყუმბარმტყორცნების წივილითა და ღრიალით, მხეცებისათვის დამახასიათებელი, ველური ყვირილითა და ყმუილით უახლოვდებოდნენ პოზიციას, სადაც ხვიჩა თოდუას ასეული იყო გამაგრებული...
„პიტკინის“ ტანკმა, მიუხედავად მტრის სიმრავლისა, ელვის უსწრაფესად შეცვალა გეზი და მოიერიშე მტრის მიმართულებით, ჯიუტად გააგრძელა გზა... ცოტაც და გააფთრებული მტრის შუაგულში აღმოჩნდა... გაბრიყვებულ მტერს, რა თქმა უნდა, გაუხარდა მოულოდნელი საჩუქარი და დაუფიქრებლად მიაყარა, ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარები...
„პიტკინის“ ტანკი აფეთქდა... კუკური გოგოხიამ კარგად დაინახა ცეცხლში და ბოლში გახვეული თავისი თანამებრძოლების საბრძოლო მანქანა და სასოწარკვეთილებისგან მუხლებზე დაეცა...
ჭურვებით სავსე ტანკის აფეთქების სიმძლავრემ, მთელი გუმისთა ზღვისპირამდე შეაზანზარა...სანამ ყველა ჭურვი არ აფეთქდა, ახლოს მისვლა შეუძლებელი იყო. მოიერიშე მხრიდან ცოცხლად გადარჩენილები უკვე აღარ ყმუოდნენ მხეცების ხმით, რადგან ხვიჩა თოდუას ასეულის მეომრებმა იქვე ჩახოცეს ყველა.
მე-6-ე ბატალიონის საფინანსო სამსახურის უფროსის თქმით, მხოლოდ მეორე დღეს, 17 მარტს, ბატალიონის სამხედრო ექიმმა, მაიორმა გადელიამ შეძლო „პიტკინის“ ტანკში ჩასვლა და ერთმანეთს ჩახუტებული მსხვილი და სუსტი ძვლების ნახვა... ისინი ქვისლები იყვნენ.
აფხაზებმა იმდენად დიდი დანაკარგი განიცადეს, რომ მათ რიგებში პანიკა წარმოიშვა... თუმცა ქართული მხარე იერიშზე არ გადასულა. ქართული ბატალიონები კონტრ-შეტევის ბრძანებას ამაოდ ელოდა...
სამწუხაროდ რუსეთის იმპერიის სამხედრო შენაერთებს, რა თქმა უნდა, ვერ მოერეოდნენ ჩვენი მეომრები, მაგრამ უმაგრესი პატრიოტული სულით გამსჭვალულნი, სამშობლოს ერთგულნი, გაუყიდავი, სიცოცხლით სავსე, თვალებბრიალა ბიჭები ჯაჭვით რომ დაებათ, ამირანივით, მაინც აიწყვეტდნენ სამშობლოს სიყვარულით და ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ!..
მამუკა ბუცხრიკიძე ერთი იმათთაგანი იყო, ვინც მე-6-ე სატანკო ბატალიონის მებრძოლებთან ერთად, სიცოცხლის
უკანასკნელ წუთამდე ამარაგებდა თანამებრძოლებს იარაღით, ტყვია-წამლითა და ხელყუმბარებით...
ბატალიონის შტაბის უფროსის, მაიორი თენგო სიჭინავას თქმით, მამუკა დაიღუპა აფხაზური მხარის ერთ-ერთი ძლიერი შემოტევის დროს, როცა მას ხელყუმბარები შეჰქონდა პოზიციაზე... შემოტევის დროს, წესით, მას არ ევალებოდა პოზიციაზე შესვლა, ვინაიდან ფრონტის ხაზზე მტრის გადმოსვლის შემთხვევაში შტაბი უნდა დაეცვა. მაგრამ მტრის ძლიერი შემოტევების დროს მამუკა ყურადღებას არ აქცევდა ამ წესს,რადგან სწორედ ამ დროს ჰაერივით სჭირდებოდათ წინა ხაზზე მებრძოლ ბიჭებს ხელყუმბარები...
მე-6-ე ბატალიონის მეთაურის, ვიცე პოლკოვნიკ თემურ ზარანდიას თქმით, მამუკა ბუცხრიკიძე იყო ბატალიონის შტაბის უშიშარი მეომარი, ზედმიწევნით ზრდილობიანი და საიმედო ახალგაზრდა კაცი. მამუკას სხვა დროსაც, ბევრჯერ, დროულად მოუმარაგებია განსაცდელში მყოფი თანამებრძოლები. ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი... მაგრამ, ამ შემთხვევაში, მაიორი სიჭინავას თქმით, მუდამ მომღიმარ, ლამაზ თვალება ბიჭს ბედმა უმტყუნა... ვისაც არ უნახია ის ვერ გაიგებს, როცა უცაბედად იქ აღმოჩნდები, სადაც ყველაფერი ერთად რომ ისვრის!..ტანკები!.. გრადები!.. ქვემეხები!.. ჰაუბიცები!.. და ჯანდაბა!.. ჭურვების ნამსხვრევებით დაფლეთილი საჯიშე ბიჭები, მოჭრილი ხესავით, ლამაზად ეცემოდნენ მშობლიურ მიწაზე... მამუკა ბუცხრიკიძე მუხლებზე ჩაიკეცა, თითქოს მეგობრებს ემშვიდობებაო, შემდეგ პირაღმა დაეცა, გაიშალა, როგორღაც შეწუხებული მზერა მოავლო მანდარინის ბუჩქებს და უკვდავებასთან წილნაყარმა ბიჭმა ლამაზად დახუჭა თვალები...
სარკინიგზო ხიდის დამცველ მე-6-ე ბატალიონის ასეულებმა: 1-ლი ასეული ( მეთაური კაპიტანი იურა კვარაცხელია,) მე-2 ასეული, ( მეთაური კაპიტანი მერაბ გუნავა) ერთ ერთი უმძიმესი და ყველაზე ცხელი წერტილის სარკინიგზო ხიდის დაცვის ბრძოლებში ღირსეულად შეასრულეს საკუთარი მოვალეობა.
23-ე ბრიგადის ბატალიონებმა, რომელთა ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოხალისეებისაგან შედგებოდა. აფხაზური მხარის დაქირავებულ მხეცებს ისე გაუნადგურეს სამხედრო ტექნიკა და ისე დაულეწეს ცხვირპირი, რომ გუმისთის ფრონტის ხაზზე სეპარატისტებს იარაღის ამღები კაცი აღარ დაღჩათ და ქართველი ბატალიონების იერიშზე გადმოსვლის მოელოდინის შიშით კანკალებდნენ, მაგრამ მთავარმა სარდალმა, საკუთარი ხალხის და სამშობლოს მოღალატემ, იუდა შევარდნაძემ ბატალიონის მეთაურების დაჟინებული მოთხოვნა, შეტევაზე გადასვლისა, არ გაიზიარა...
აფხაზები ქართული ქვედანაყოფებისთვის პრობლემა არასოდეს არ იქნებოდა, რომ არა რუსეთი. არც რუსული საჯარისო ნაწილები იქნებოდა პრობლემა, რომ არა შევარდნაძე და აფხაზეთის საძარცვავად ჩამოსული საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობი მისი კრიმინალური ბანდები და მათი მხარდამჭერი წითელი გენერლები... ადამიანები, რომელთაც უნდა ეზრუნათ შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციაზე, სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე და განკარგულების გაცემაზე... ჩვენდა საუბედუროდ, მაღალი რანგის ჩინოვნიკები პირიქით აკეთებდნენ ყველაფერს... როდესაც ქართული არმია იწყებდა წარმატებულ მოქმედებას, ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, რომ შეეფერხებინათ... უფრო მეტიც, მათი მხრიდან მოდიოდა უკან დახევის დამანგრეველი ბრძანება...