წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/59
1983-1993 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის 124-ე საშუალო სკოლაში. სკოლაში სწავლის პერიოდში სწავლობდა განათლების მუშაკთა რესპუბლიკური სახლის ქორეოგრაფიულ სტუდიაში და 1987 წელს დაამთავრა სრული კურსი.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში ავიაკატასტროფისას დაიღუპა გმირულად.
ჰყავს მშობლები - ტარიელ და ნინელი ჯანელიძეები, ძმა -გიორგი ჯანელიძე, და - ნათია ჯანელიძე.
დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ჯანელიძე – გვხვდება ამბროლაურის, სამტრედიის რაიონებში. უკავშირდება საკუთარ სახელს “ჯანელი”. (ჯანა + ბოლოსართი – ელ). ამავე ძირისაა ჯანველიძე.
პაატა ჯანელიძე
დაიბადა თბილისში, 1976 წლის 25 ოქტომბერს. 1993 წელს დაამთავრა თბილისის 124-ე საშუალო სკოლა. სკოლის პერიოდში სწავლობდა განათლების მუშაკთა რესპუბლიკური სახლის ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 16 წლის, მოხალისედ წავიდა აფხაზეთში; დაიღუპა 1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში ავიაკატასტროფისას.
პაატა ჯანელიძე (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №185 განკარგულების თანახმად, 2018 წლის 10 ივლისს, ისნის რაიონში, ერთ-ერთ ქუჩას პაატა ჯანელიძის სახელი მიენიჭა.
დედა, ნინელი ჯანელიძე:
"პაატა ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. ლაღი, ხალისიანი, იუმორით და სიყვარულით სავსე; ძალიან აქტიური, ყველაფერი აინტერესებდა; სიმღერა და ცეკვა უყვარდა. 90-იანი წლების დასაწყისში, საქართველოში, სამოქალაქო დაპირისპირებას ავარიდე და თურქეთში წავედით ოჯახით; იქაც ვერ ვაჩერებდით, სახლში წავიდეთ, თბილისში მინდაო. რომ აღარ გაჩერდა, დავბრუნდით თბილისში.
ომში წასვლა უნდოდა, ვუშლიდი, პატარა ხარ, რა გინდა ჯერ შენ ომში-მეთქი. ორჯერ გამეპარა. ორივეჯერ ვიპოვეთ, შევაწრიალეთ მე და მამამისმა მთელი ქვეყანა. ერთხელ 2 დღე იყო აფხაზეთში, სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა 2 თვით ადრე და იქედან ასაკის გამო გამოუგდიათ. "მაშველთა კორპუსი" იყო მაშინ, იქ გაწევრიანდა. იქ სულ კარგი ბავშვები ჰყავდათ. ვალერი უტიაშვილი, ზურა ქუქჩიშვილი და პაატა ერთი უბნელები, სამივე ერთად წავიდნენ. უთქვამთ, თვითმფრინავით უნდა გავფრინდეთო... ესენიც, სამივე, ჩუმად გაიპარნენ; ოჯახმა არაფერი ვიცოდით. ომში წასვლას ხომ ვუკრძალავდი, ერთხელ მომიბრუნდა და მითხრა - დედა, შენ ამბობ, რომ სამშობლო გიყვარს, ვაჟკაცობას გვასწავლი, სამი შვილი გყავს და ერთი შვილიც არ გინდა სამშობლოს შესწიროო?! ვეუბნებოდი, დედი, ეს რუსეთის მიერ წახალისებული ძმათა შორის ომია, ხალხი იქიდან გამორბის, შენ ცეკვა-თამაშის მეტი არაფერი იცი, რა გინდა ომში. თუ ასეა საჭირო, მამაშენი და ბიძაშენი წავლენ, შენ არ წახვიდე დედა გენაცვალოს-მეთქი. თითქოს, გული მიგრძნობდა, რომ ეს ომის მისთვის საბედისწერო იქნებოდა... ბოლოს რაც მითხრა, ის იყო_მე, იქ, სიკვდილს არ ვაპირებ. ჩავალ, ხალხს რომ დავეხმარო და გამოვიყვანო, განა იარაღს ავიღებ ხელში და ვინმეს მოვკლავ?! შენი კორპუსიდან რომ გარბოდეს ყველა, ვიღაცის შვილმა ხომ გინდა, რომ გიშველოს დედა. მეც ასე, ჩვენი ხალხის საშველად მივდივარ. დავბრუნდები და ერთიან, ბედნიერ საქართველოში შენ უნდა გამიზარდო შვილებიო...
ჩემი უმცროსი ბიჭი, გიორგი, 5 წლის იყო... იმ ავბედით დილას მაგრად დაუკოცნია და წასულა... ჩვენ არაფერი ვიცოდით, მეგობრებს კი სცოდნიათ. ბანკში ვმუშაობდი მაშინ, ხალხი, ვინც შემოდიოდა, ყველა თვალცრემლიანი მიყურებდა. ნეტავ, რა ხდება-მეთქი, ვფიქრობდი. თურმე, მათ უკვე იცოდნენ, რა დღეში ვიყავი და მე არ მეუბნებოდნენ. სახლში მოვედი, ტელევიზორი ჩავრთე და ვნახე, ბაბუშერას აეროპორტში შუაზე გაპობილი, ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი. ვაი, თქვენ დედას შვილებო, ვისი შვილებიც მანდ ხართ-მეთქი, დავიწყე ტირილი... ჩემი ქმარი გადი-გამოდიოდა, რა გჭირს-მეთქი, ვკითხე და კბილი მტკივაო, მომატყუა. მას სცოდნია, რომ პაატა ომში გაპარულიყო. მერე ფანჯარაში გავიხედე, ჩვენი და ზურა ქუქჩიშვილის კორპუსები ერთმანეთს უყურებდა. დავინახე, რომ ზურას კორპუსთან ხალხი იყო შეკრებილი... ბოლოს და ბოლოს გავიგე, რა უბედურებაც დატრიალდა, მაგრამ ჯერ ზურაზე თქვეს, იმ თვითმფრინავში იყოო; ზურა თუ იყო, მაშინ იქ პაატაც იქნებოდა-მეთქი, განწირული ხმით ამოვიკვნესე და დავიწყეთ პაატას ძებნა, მესამე დღეს კი გაფრინდა ჩემი ქმარი აფხაზეთში და იქ დაიწყო პაატას ძებნა. მერე ვიღაცამ მითხრა, პაატა ავიდა თვითმფრინავში, მაგრამ უკან ჩამოვიდა, არ გაფრენილაო. ჩემი მეუღლე, ტარიელი, აფხაზეთში რომ ჩავიდა და ნახა იმ თვითმფრინავში ჩამწვარი ცხედრები, ნერვიულობის ნიადაგზე დიაბეტი დაემართა, ნერვული შოკი მიიღო, არეული ლაპარაკობდა, რომ დაბრუნდა... მან ერთი სიკვდილი გამოიარა იქ, აფხაზები შეხვედრია და მათთვის უთქვამს, ჩემ შვილს ვეძებო. იარაღი დაადეს მასაც, გვატყუებო! რომ დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად შვილს ეძებდა, უთქვამთ, აფხაზ მიცვალებულებში გაგიცვლით თქვენ მიცვალებულებსო. კონკრეტული პიროვნებები დაუსახელებიათ. ჩემმა მეუღლემ ბევრი ეძება, ეს მიცვალებულები, როგორც იქნა, მიაგნო მათ, თავად კი ძლივს გადაურჩა სიკვდილს... ამის შემდეგ დართეს თბილისში გადმოსვენების ნება...
ჩამოასვენა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც არ მჯეროდა, რომ ჩემი შვილი გარდაცვლილი იყო, იმდენად ცუდად ვიყავი, ფაქტობრივად, სიკვდილს ვებრძოდი... ამიტომ, ჩამოსვენებული ნეშტი ჩემი დედამთილის სახლში მიასვენეს პირველ სართულზე, (ჩვენ მეოთხეზე ვცხოვრობდით)... წესისამებრ დავკრძალეთ, საფლავიც გავუკეთეთ... წლების განმავლობაში დავდიოდი საფლავზე, პაატას დაბადების დღეზე მის თანაკლასელებთან და მეგობრებთან ერთად აღვნიშნავდი ჩემი შვილის დაბადების დღეს, მაგრამ დედის გული მკარნახობდა, რომ იქ, იმ საფლავში, ჩემი შვილი არ იყო...
თვითმფრინავში დაღუპული ერთ-ერთი მეომრის დედა, ირინა ზაალიშვილი მეუბნებოდა, მანდ ჩემი ჩვილია, ნინელი, რადგან ასაკით უფროსის ნეშტი იყო, შენი პაატა კი მხოლოდ 16 წლისააო. მე კი ვეუბნებოდი, ირინა ცუდი ხომ არაფერი გამიკეთებია, ხომ ვუვლი საფლავს, თუ ჩემი შვილი ცოცხალი გამოჩნდება საფლავის გათხრის ნებას მოგცემ, მანამდე ვერ-მეთქი; მე ცოცხალი მეგონა მაინც პაატა...
რას არ გააკეთებს სასოწარკვეთილი დედა?! მოძღვართან მივედი და გავუმხილე, რომ არ მჯეროდა ჩემი შვილის სიკვდილი და ვკითხე, როგორ მოვქცეულიყავი. მან კი მითხრა, ცოცხლებშიც მოიხსენიე და მიცვალებულებშიც და უფალმა თავად იცის მისი ადგილსამყოფელიო; ასე ვწერდი 22 წელი მოსახსენებლში პაატას ცოცხლებშიც და მიცვალებულებშიც. წმინდა ბარბარეს ეკლესიის ეზოში იყო საფლავი; ყოველთვის პაატას დაბადების დღეზე, აღდგომას, დღესასწაულებზე სუფრას რომ ვშლიდი, მის მეგობრებს, ნათესავებს ვტოვებდი იქ და მე თვითონ ავდიოდი დიღმის ძმათა სასაფლაოზე და ერთ-ერთი საფლავზე ვდებდი ყვავილებს, რომელშიც ამოუცნობი ნეშტი ესვენა. რატომღაც, გული იქით მიმიწევდა! თითქოს, ის საფლავი მეძახდა! ასე გრძელდებოდა 22 წელიწადი!.. ბოლოს, ზუსტად ის ამოუცნობი საფლავი აღმოჩნდა ჩემი პაატასი.
2016 წლის 9 აპრილს, დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ ჩემს მიერ "ამოჩემებულ" იმ საფლავში ესვენა ჩემი პაატას ნეშტი! აფხაზეთიდან 1994 წელს გადმოასვენეს მათი ცხედრები. ჩემმა მეუღლემ კი, თურმე, მართლა ზაალიშვილის შვილი გადმოასვენა, რომელსაც 22 წელი, როგორც ჩემ შვილს, ისე დავტიროდი, თუმცა, გული მიგრძნობდა, რომ იქ ჩემი პაატა არ იყო, მაგრამ დადასტურებულადაც არ ვიცოდი. საფლავზე ასე ვტიროდი - ჩემი არ ხარ შვილო, მაგრამ ვისიც ხარ, დედა ხომ გყავს და მისავალი იყოს შენი სულისთვის ყველაფერი-მეთქი... ირინა ზაალიშვილმა გადაასვენა იქიდან თავისი შვილი... უკანასკნელ გზაზეც გავაცილე იგი, ვისაც 22 წელი საკუთარი შვილივით დავტიროდი...
პაატას შეყვარებული ჰყავდა. ვეუბნებოდი, მოიყვანე შვილი ცოლი, ხომ გყავს შეყვარებული, რა გინდა ომში-მეთქი. დედა ახლა ისეთი დროა, უჭირს სამშობლოს, ცოლი ვისაც ჰყავს, ისინიც ტოვებენ და ომში მიდიან სამშობლოს დასაცავად, მე რომ ცოლი მოვიყვანო, ხომ ცოდოა ისიც. წავალ, ჩამოვალ და მერე მოვიყვანო. ერთხელ მითხრა, მე ისე ვიცოცხლებ, შენ ჩემით ისევე იამაყებ, როგორც გმირების დედები ამაყობენო...16 წელი იცოცხლა მხოლოდ და 16 წელი აღმოჩნდა საკმარისი, ყველაფერი დიდი კაცივით მოესწრო.. 16 წელი ეყო იმისთვის, რომ სამშობლოს გმირის დედად ვექციე!.."