ფრაგმენტები შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანიდან `მანანა ანუა, ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე ფრაგმენტი პირველი თავიდან
ომის ქრონიკები
აფხაზეთი 1992-93წწ წიგნიდან საქართველოსთვის რედ. ირმა ირემაძე
მამა ანდრია თებერვლის დამლევს, აღდგომის მარხვის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოჩნდა სოფელში. ქროპირის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნულს, მორჩილ გაბრიელთან ერთად დაეცხუმ-აფხაზეთის
ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე დანიელის მიერ კომანის წმინდა იოანე ოტოვებინა სხალთის მონასტერი, სოხუმს ჩასულიყო და ქალაქიდან თოთხმეტი კილომეტრით დაშორებული გუმისთისპირა, მაღალმთიანი სოფლისკენ მეუფის ლოცვა-კურთხევის მიღებისთანავე აეღო გეზი. როგორც კი გავერანებული ქუჩები სწრაფი, უხმაურო ნაბიჯებით გადაკვეთეს და სახლების მდუმარე რიგს გასცდნენ, ჯერ გაივაკეს _ ძნელად სავალი გზა ხეობაში ჩასაფრებული სნაიპერების სამიზნეზე, ნახევარწრედ მორკალული გუმისთის დინების გასწვრივ გაიჭიმა, მერე არანაკლებ სახიფათო ტყიან ფერდობებს აუყვნენ. ირგვლივ ძეხორციელი არ ჭაჭანებდა. ჩქამი არ ისმოდა, რის გამოც დროდადრო დაბერილი ქარისგან ჩამოტეხილი ტოტების ლაწანი,
ხეებიდან თოვლის ჩამონამქვრის ხმა, ბუნების უწყინარი სუნთქვა განსაკუთრებულად მრავლისმთქმელი, ამაფორიაქებელი ჩანდა. ალბათ, იმიტომ, რომ ზოგჯერ წინასწარმეტყველების შემცველი სიმბოლური ნიშნების ზემოქმედების ძალა რეალური თვალსაჩინოების
უტყუარობას სწორედ საკუთარი იდუმალებით აჭარბებს. რეალური თვალსაჩინოება _ ვთქვათ, მიწის სიღრმიდან ამოტყორცნილი ბელტებისა და გორახების გაყინული ბორცვები პირდაღებული ნაპრალების, ძაბრისებური ვეება
ორმოების გვერდით _ მხოლოდ ხაზგასმულად ადასტურებს სიმბოლოებით მინიშნებული მოვლენების გარდაუვალობას, შესაძლებლობას. თოვა დაიწყო. მორჩილ გაბრიელს მუჭებში მოქცეული, მაგრად ჩაბღუჯული კაბის კალთები კოჭებს ზემოთ აეკრიფა და დაძაბული მიბორძიკობდა საარტილერიო თავდასხმებისგან გადათხრილ, ატალახებულ გზაზე. უგუნებოდ იყო. გული საგულეს არ ჰქონდა.
უკან მოტოვებული ქუჩების ფეხდაფეხ ადევნებული ჩუმი, შიშისმომგვრელი ექო არ კმაროდა, რომ დილანდელ ზაფრას ჯანღით მოცული ცის ქვეშ ჩასაფრებული დაუცველობის განცდაც არ დამატებოდა?
განსაკუთრებით დამთრგუნველად ხშირი, ჩამუქებული კორომების ავისმომასწავებელი გარინდება ეჩვენებოდა, თითქოს ფოთლებშემოძარცვულ ტყეს იდუმალი ლაბირინთებიდან ათასი მოდარაჯე თვალი მიეპყრო. უსიამოვნო ასოციაციების გასაფანტად
წელში გასწორდა და ჭყაპიან საფლობებს მიციებული მზერა მხნედ მიმავალ მამა ანდრიას გაოცებულმა, ოდნავ დარცხვენილმა შეავლო.
რის მიღწევასაც თავად პირჯვრის წერით, ლოცვა-ვედრებით, უზენაესისკენ მიმართული ფიქრით, გონებით შეძლებისდაგვარად ცდილობდა, მამა ანდრიასთვის ბუნებრივად მინიჭებული მადლი იყო: ნებისყოფის წრთობის, თვითფლობის, შინაგანი წონასწორობის მიღწევის უნარი. სხალთის მონასტრის ეზოს გადაღმა შემოღობილ საბოსტნე ნაკვეთზე მოწყობილი მცირე მეურნეობა დაუდგა თვალწინ. როგორ გულდასმით ამოწმებდა პამიდვრის ჩითილებჩაყრილი კვლების სისწორეს ლარივით გავლებულ შავ, ფხვიერ ხნულში ჩამდგარი, სახემოჩრდილული მამა ანდრია. როგორ ელვარებდა მიწაშერჩენილი ბარის მარჯვედ ნალესი, კრიალა პირი ბელტების ამობრუნებისას. როგორ ოქროსფრად ციმციმებდნენ მუქი წიაღიდან ამომზეურებული ნორჩი, დიდრონი კარტოფილები.
ხომ თითქოს სოფლურ ყაიდაზე, გლეხკაცის კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ოღონდ რამდენადაც ღვთისმსახურის შრომა რიგითი მეურნის საქმიანობას გარეგნულად ჰგავდა, იმდენად სცილდებოდა, ემიჯნებოდა შინაარსით, მიზნით. საბოსტნე ნაკვეთს მავთულის ხლართი შემოავლეს თუ არა, საკუთარი ხელით დამუშავებულ მიწაზე მარცვლეულის თესვა, მოსავლის აღება, ოფლის ღვრა განწმენდის, სულზე ზრუნვის ნაწილად ექცათ. ყოველდღიური გარჯის მთავარი მოტივაცია არა მხოლოდ მატერიალური სარგებლის ნახვა, ზამთრის საკვების მომარაგება, არამედ, და უფრო მეტადაც, სულის სასიკეთოდ სხეულის წვრთნა იყო. ნაწილობრივ, მსგავსი დანიშნულება, ოღონდ ბევრად გამძაფრებული ასკეტური ფორმა ჰქონდა სხეულის დასათრგუნად, ხორცის საგვემად მოგონილ ვარჯიშს, ბეტონის ფილების ერთი ადგილიდან მეორისკენ და პირიქით გადაზიდ-გადმოზიდვას, რასაც მამა ანდრია ხშირად მიმართავდა. და რაკი წვრთნა, შრომის პროცესი უქმად ყოფნის დაძლევის, მცონარობის ცოდვისგან გათავისუფლების საშუალებად მიაჩნდა _ სწორედ შრომის
პროცესზე ცდილობდა ორიენტირებას და არა შედეგის მატერიალურ მხარეზე, სარგებელზე. ანუ მთელი გულისყური მიწის სამუშაოებისკენ ჰქონდა მიპყრობილი. თორემ უკვე მოწეულ-დაბინავებული და უშუალოდ საკვებად გამიზნული მოსავალი, თიხის ქოთანში ჩაყრილი ლობიოს ჭრელი მარცვლები, რომლის მოვლა-მოყვანას უამრავი დრო და ენერგია შეალია, მცონარობის ცოდვაზე არანაკლებ საშიშ დაბრკოლებად, მტანჯველ საცდურად ევლინებოდა.
აქაოდა, გემოთმოყვარეობამ არ მძლიოსო, მორჩილ გაბრიელს ლობიოს ამოლესვას, საკმაზ-სუნელებით შეზავებას კატეგორიულად უკრძალავდა. მოხარშული მარცვლებით ოდნავ ფსკერდაფარულ თეფშს მარილს მოაბნევდა, ხახვს მოაჭრიდა და დილა-საღამოს ტრაპეზიც მზად იყო.
სამაგიეროდ, ცომის პატარ-პატარა გუნდებისგან ლიტურგიული პურის ცხობისას იჩენდა ხოლმე დიდ მოწადინებას: მრევლის საზიარებელი სურნელოვანი სეფისკვერები სულის საზრდო იყო და ღვინის რამდენიმე ყლუპთან ერთად
მისი მირთმევა სულის ხსნას ემსახურებოდა. მორჩილ გაბრიელს რამდენჯერ გამოუხატავს გაოცება პირველი საუკუნეების ქრისტიან მოძღრებთან მსგავსებისკენ ოცდაშვიდი წლის მამა ანდრიას, ერისკაცობაში პაატა ყურაშვილის, თავდაუზოგავი სწრაფვის გამო. ღვთისმოსაობის არსზე კამათისას უძველეს პატერიკებში ნახსენები საეკლესიო პირების გამამა ანდრია 243 მონათქვამებს იშველიებდა. სადავო მოსაზრებებს სილუან ათონელის ცხოვრების ამსახველი თხზულებიდან ამოკითხული მაგალითებით ასაბუთებდა. დღე არ გავიდოდა, დავითნი და სახარება თავიდან ბოლომდე არ წაეკითხა, ანდრია პირველწოდებულის პარაკლისი არ გადაეხადა. მიუვალ ადგილას დაყუდებული განდეგილის ასკეტურ ღვაწლსა და ღმერთთან მისასვლელი გზის მაძიებელი მარტოკაცის თვითჩაღრმავებაზე ოცნებობდა. ზამთრის გრძელ დღეებს რელიგიური ლიტერატურის თარგმნა-შესწავლაში ატარებდა. ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს წუთითაც არ იშორებდა. მუდამ მღვდელმონაზვნის მანტიითა და კუნკულ-ბარტყულით შემოსილი დადიოდა. ღამე ლოგინს კი არ გაიშლიდა, ტანგაუხდელად წამოჯდებოდა ხოლმე სენაკის კუთხეში მიდგმულ ტახტზე, სკვნილით ხელში. ხანგრძლივ, ღრმა ძილს კი არ მიეცემოდა, დროდადრო წათვლემდა, თვალს მოხუჭავდა, ძალას აღიდგენდა. თითქოს მზად იყო, ყოველგვარი ხორციელის უარყოფაზე დაფუძნებული ცოცხალი რწმენის მეშვეობით, მეუდაბნოე ბერისთვის სავალდებულო ურთულესი წესების შესრულებით მიახლოებოდა უადრესი ეპოქების სულიერ მამებს. ბევრჯერ უმტკიცებია კიდეც, თანამედროვე ბერ-მონაზვნებში ნამდვილად მოიძებნებიან წმინდანების ტოლი და სწორი საეკლესიო პირები, არა მხოლოდ განსაცდელების გადატანით, არამედ მთელი თავიანთი ცხოვრების წესით რომ ცხონდებიანო.
აი, რით აიხსნებოდა ახალგაზრდა მოძღვრის შუბლგახსნილ, თეთრად გადატკეცილ სახეზე აღბეჭდილი დაურღვეველი სიმშვიდე. რატომ მიაბიჯებდა მამა ანდრია განუწყვეტელი დაბომბვებისგან გადათხრილ გზაზე მხნედ და მსუბუქად: მას, ვინც იმდენად გათავისუფლდა სხეულის მომსახურება-თაყვანისცემის, საკუთარი თავის მოვლა-მოკაზმვაზე ზრუნვისგან, რომ რაც ებადა, ზედ ეცვა (სხალთიდან წამოღებულ ერთადერთ მომცრო ჩანთაში კი მხოლოდ რამდენიმე ნივთი ედო), სიკვდილის შიში ვერ შეაწუხებდა. ხორცის დათრგუნვა ფიზიკური ტკივილის შიშის დათრგუნვასაც ნიშნავდა, სხეულის მნიშვნელობის გადაფასება თუ გაუფასურება _ განსაცდელისთვის მიწიერ წარმოსახვაზე დამყარებული შემზარავი არსის გამოცლას, სიკვდილის ცნების გადაფასებას. მორჩილმა გაბრიელმა კიდევ ერთხელ გახედა ოდნავ დაწინაურებულ მღვდელ-მონაზონს, რომლის შავი, გრძელი სამოსი, მხრებზე დაფენილი თმა თოვლის გახშირებულ კორიანტელს ფანტელების თხელი ფენით დაეფარა. მერე მზერა გუმისთის ხეობისკენ მიმართა. მაღალი ფერდობებით შემოზღუდული ქვაბულის ფსკერზე გაკლაკნილი ალაგ რუხმწვანე, ალაგ ღია ნაცრისფერი მდინარე ტყეების, ზამთრის ცის, დაბინდული მთების გახუნებულ ფერებს ირეკლავდა და პირველ სამოსახლოებს შორის იკარგებოდა.
ეს სოფელი კომანი იყო.
მეშვიდე თავი
ტაძარში 4 ივლისი.
როცა იმ საშინელი ზაფხულის უმძიმესი მოგონებების ფურცვლას ვიწყებ, ვხვდები, რომ მეხსიერებას ყველა წვრილმანი ხელუხლებლად შემოუნახავს. მართალია, დღეები ერთმანეთში ჩახლართული უამრავი ამბით იყო სავსე, მაგრამ არაფერი დამვიწყებია. არაფერი შეცვლილა. კვლავ ოცდაშვიდი წლის კომანელი გოგო ვარ. და კვლავ მოვლენების შუაგულიდან ვადევნებ თვალ-ყურს გონებაში სამუდამოდ ჩაბეჭდილი კადრების წყებას, რომლებიც უზუსტესი წესრიგით, დაურღვეველი თანმიმდევრობით მეორდება. აი, სანახევროდ დანგრეული სახლი. აი, წითლად მოგიზგიზე ცა. აი, უწყვეტი რყევები ფეხქვეშ. მიწა იძვრის. ჰაერი ლამის დაიფლითოს ყურთასმენისწამღები გნიასისგან. ვარსკვლავთცვენაა და წვიმა ბინდში. ყველა მნათობი ერთბაშად სწყდება ცას. თმაგაშლილი, თავზარდაცემული დავრბივარ, ხმის ჩახლეჩამდე გავყვირი: `არაბი, აპაჩი~ და წარმოდგენა არ მაქვს, რომ ჭურვის ნამსხვრევებით დაცხრილული ერთი ნაგაზი უკვე მკვდარი გდია ვაშლის ხეების ქვეშ, მეორე კი ყეფით ურბენს გარს. ვამბობ, წავიდეთ, ტაძარს შევეხიზნოთ-მეთქი, შინ გაჩერება შეუძლებელია.
მამა მიწას თხრის ტყვიების წვიმაში ძაღლის დასამარხად. უკანა თათებს დაყრდნობილი, თავაღერილი არაბი სივრცეს შეჰყმუის.
244 საქართველოსთვის
აპაჩის სხეულს შავი გორახები ფარავს. გარინდებული დავყურებ. ცრემლი ღვარად მდის. დედა გვერდით მიდგას ნაუცბათევად გამოკრული ბოხჩით ხელში. გვიხსნის: _ პლედები წამოვიღე ტაძრის იატაკზე გასაფენად. სამარე ივსება. მამა უკანასკნელ ბელტებს
აყრის და ტკეპნის. ოფლს იწურავს. წვიმიან ბინდში ჭიშკრისკენ მივიწევთ. ძაღლი მოგვდევს. გული მეკუმშება. _ დარჩი, _ ვთხოვ ნაგაზს, _ ხვალ მოგაკითხავთ.
მუხლებზე ვიჩოქებ. მოწყლიანებულ თვალებში ჩავყურებ. ვკოცნი. სახეს მილოკავს. წკავწკავებს. მუდარანარევი მორჩილებით ამოიყმუვლებს, დამშვიდობების ნიშნად სევდიანად ამოიყეფებს რაღაცას. ბედს ეგუება. ჭიშკართან ვტრიალდები. აი, ომისგან დასახიჩრებული, ათასი ნაიარევით დასერილი ცა გამოღამებული ნასახლარის თავზე. აი, კენტად დარჩენილი ძაღლი პარმაღთან. აი, კომანი, რომელსაც მეზობელ სოფლებზე მიტანილი იერიშის გამოძახილი, ჭურვების შემთხვევითი ანასხლეტი, გზასაცდენილი ტყვია, სხვაგან
გახმიანებული სროლის ექო კი არა, მიზანმიმართულად დაშენილი ბომბების გრუხუნი აზანზარებს. აი, ჩვენ, ვინც მხოლოდ დილამდე ვაპირებთ ტაძარში ყოფნას და წარმოდგენა არ გვაქვს, რომ სამუდამოდ ვაბიჯებთ ზღურბლზე, სამუდამოდ მიგვაცილებს დაობლებული არაბის დარდიანი მზერა. წინ, ერთის ნაცვლად, ორმოცდათორმეტი ღამე გველის, მძევლობის ორი თვე, ეკლესიის კედლებს შორის გატარებული ტყვეობის შფოთიანი ხანა, მაგრამ სამივეს კი არა, სამიდან ორს, რადგან 4 ივლისის ეს
წვიმიან-ნისლიანი ღამე, გამაყრუებელი გრუხუნით სავსე და ათასი ნაიარევით დაფლეთილი, ერთ-ერთისთვის უკანასკნელია.
* * *
5 ივლისი.
თავდასხმა გამთენიისას დაიწყო. 6 საათზე ტაძრის კარი ადგილობრივი შენაერთის მეთაურმა, ზაზა პაკელიანმა შემოაღო. შეშფოთებული და აფორიაქებული ჩანდა. ამბობდა: კომანი ალყაშია. გუდაუთის დაჯგუფებები ეშერა-ამზარადან, შუბარი-ახალშენიდან და აჩადარა-ზეგანიდან მოიწევენ. სოფელი კი ბოლო რვა თვის განმავლობაში ცოცხლად გადარჩენილი ოცდათორმეტი მებრძოლის, ბურჯმორყეული ხიდის, ტყეში ჩამარხული ხუთი ნაღმისა და აფხაზებისთვის წართმეული ერთადერთი ტყვიამფრქვევის იმედად ხვდება სამმხრივ შეტევას. საქმე ცუდად არის, მამაო.
ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალები არ გვყოფნის. მძიმე ტექნიკა საერთოდ არ გვაქვს.
წინააღმდეგობის გაწევას და საარტილერიო მანევრის მოგერიებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუკი კონტრიერიშის მისატანად ყველაზე ხელსაყრელ ადგილს, ეკლესიის გუმბათს, გამოვიყენებთ, _ უცებ გაჩუმდა და ხანმოკლე ყოყმანის მერეღა შეავლო გაუბედავი მზერა შუბლშეკრულ, ჯიუტად დადუმებულ მოძღვარს, რომელიც სათქმელის შინაარსს უკვე ჩასწვდომოდა, _ სხვა გზა აღარ დაგვრჩა. ბევრი ვიფიქრეთ, ავწონ-დავწონეთ და იძულებული გავხდით, სამრეკლოზე ტყვიამფრქვევის ატანის კურთხევა გთხოვოთ.
ზაზა პაკელიანის ხმაში იგრძნობოდა, რომ მშვენივრად იცოდა, რა პასუხსაც მოისმენდა, მაგრამ თავს უფლებას ვერ მისცემდა, მამა ანდრიასთვის ანგარიში არ გაეწია, ვალი არ მოეხადა, მტკიცედ მიღებული გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად წინამძღვრისგან ნებართვის აღება ერთხელ მაინც არ ეცადა. თორემ განა გააზრებული არ ჰქონდა, როგორ შეფასდებოდა ტაძრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტი? როგორც უფლის წმინდა სახლის ბრძოლის არენად, სისხლისღვრის ცოდვიან კერად, პოზიციად ან საგუშაგოდ ქცევა.
_ არა! _ თქვა მოძღვარმა.
ზაზა ხმაამოუღებლად შეტრიალდა, დარბაზი სწრაფი ნაბიჯებით გადაკვეთა და კარის ზღურბლთან მერი პაკელიანს შეეჩეხა. ქალმა გვერდის აქცევა ძლივს მოასწრო. თავიდან ფეხებამდე დათალხული, ფერგამკრთალი და სახემოქუშული, შუბლზე გადატკეცილი შავი ხილაბანდისა და მონაზვნის სამოსისმაგვარი კაბის კალთების სწორებით გაეშურა წინამძღვრისკენ. უცნაურად გამოიყურებოდა. იერი, მზერა შეცვლოდა. თითქოს საკუთარ თავს არ ჰგავდა. სადღა იყო ძველი მერი, იატაკის საწმენდი ჯოხით, ცოცხით, აქანდაზით, ტილო-ჯაგრისებით ხელში? ახლა მისი თვალები, სათნოებისა და თვინიერების ნაცვლად, დაუმამა
ანდრია 245
მორჩილებლობის წყურვილს აფრქვევდნენ. მისი ნაშრომ-ნაჯაფარი მტევნები, ეკლესიის მოვლა-დასუფთავების მაგივრად, ავტომატის დატენვას, მჭიდების გამოცვლას, სასხლეტზე თითის გამოკვრას აპირებდნენ. ახლა ის მრევლის უდრტვინველი წევრი, დამყოლი ღვთისმოსავი კი არა, მეომარი ქალი იყო, ვინც თავის ადგილს არა ტაძარში, არა მაცხოვრის ხატთან, არამედ სანგარში, ქმრის გვერდით ხედავდა.
_ შინ გაჩერება აღარ შემიძლია. უნდა ვიომო. მაკურთხეთ, მამაო. მოძღვარი გაშრა.
დაბნეულებმა გადავხედეთ ერთმანეთს.
საოცარი გარდასახვის მომსწრენი გავხდით. მიჯნა დაირღვა. ზღვარი წაიშალა. ცხოვრების წინააღმდეგობრივი მხარეები გაქრა. ომის ბაცილა ყველას და ყველაფერს მოედო.
_ მისმინე, მერი. ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს უარის სათქმელად: ქალი ხარ, დედა, მეუღლე, მართლმორწმუნე აღმსარებელი, მოძღვრის სულიერი შვილი, ეკლესიის სამწყსოს ეკუთვნი, უფლის სახლს ემსახურები. დარჩი ტაძარში, ილოცე...
უეცრად რაღაცამ იქუხა. ტაძარი შეზანზარდა. მინები აზრიალდნენ. შემკრთალმა მერიმ მღვდელს დაძაბული მზერა ესროლა, თუმცა გაუგებარი იყო, მის შეგონებებს უგდებდა ყურს თუ ომის ძახილს, რომლის უცნაური, ყოვლისმომცველი ზემოქმედების გაფანტვა
მამაოს რჩევა-დარიგებებს აღარ შეეძლო, რომელმაც მოძღვრის სიტყვები გადაფარა. ერთხანს ჩუმად იდგა. უხერხულობის, მღვდლის წინაშე პირველად გაურჩებული ღვთისმოსავის რიდის დაძლევას ცდილობდა, თორემ მერყეობისა და საკუთარ თავთან გამართული შინაგანი ბრძოლების კვალი არ დასტყობია. არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა, გადაწყვეტილება _ მიღებული. როცა სოფელს საფრთხე ემუქრებოდა, მერი პაკელიანი ქვეყნისა და ხალხის ხსნას ღვთისადმი ლოცვის აღვლენაში კი არა, შეურიგებლობასა და წინააღმდეგობის გაწევაში ხედავდა.
_ შემინდეთ, _ წაიჩურჩულა ქალმა, ღია კარისკენ შებრუნდა და უკანმოუხედავად წავიდა, ქუხილის ექოს გაჰყვა იქით, სადაც სადესანტო-იერიშმიმტან ბრიგადას პირისპირ შეტოვებული ოცდათორმეტი კომანელი ჯარისკაცი ეგულებოდა.
მერე ხშირად მიფიქრია: მაინც ვინ იყო მერი პაკელიანი, საშა გამსახურდიას მეუღლე, ორი შვილის დედა, თალხ ხილაბანდწაკრული ქალი შავ კაბაში, ასკეტური იერით სახეზე, რწმენის თუ ბრძოლის ცეცხლით თვალებში, რა უფრო სჭარბობდა მასში: ქალი-ღვთისმოსავი თუ ქალი-მეომარი? ვინ იცის.
* * *
_ მაკურთხე, მამაო.
_ დარწმუნებული ხარ, რომ უფალს თავი სრულიად მიანდე?
_ დარწმუნებული ვარ.
_ გინდა, უფრო ღირსეულად წარსდგე უზენაესის წინაშე?
_ მინდა, მამაო.
_ იყოს ნება ღვთისა. მოძღვარს მომცრო სათავსოდან სტიქარი გამოაქვს, იური ანუას აცმევს და იპოდიაკვნად აკურთხებს.
* * *
ტაძარში რვანი ვართ: მამა ანდრია (რომელმაც მორჩილი გაბრიელი რამდენიმე დღის წინ სოხუმში გაისტუმრა, მეუფე დანიელთან), ანუების ოჯახი, ინვალიდთა საერთო საცხოვრებლიდან შემოხიზნული რუსი ლიდა, ცოლ-ქმარი ალექსი და სონია, მათი ოცდახუთი
წლის ქალიშვილი, ლალი.
ხმაური მატულობს. უკვე მთელ სოფელს ბომბავენ. ლალი შეშინებული ეხუტება დედას და სლუკუნებს. სონია გოდებს. ლიდა გახევებული, სულგანაბული ზის. ალექსის მოთმინება არ ჰყოფნის, ხელებს იმტვრევს, უმწეობისგან ცახცახებს, არარსებულ კედლებს აწყდება, სკამზე წინ და უკან, წინ და უკან ირწევა.
_ დამშვიდდით, _ ანუგეშებს მოძღვარი,
_ უფალს არ მივუტოვებივართ. ყველაფერი ღვთის ნებაა. ეცადეთ, ქრისტიანული ღირსებითა და მორჩილებით მიიღოთ უმძიმესი განსაცდელი, _ ერთხანს ყოვნდება. მერე ქადაგებას იწყებს. მკაფიოდ წარმოთქვამს თითოეულ სიტყვას. სახეზე ნათელი გადასდის. თითქოს ძალიან შორიდან მაცქერალი თვალები ხან ზეცის, ხან მკერდში ჩაკრული სახარების, ხან კედლის გასწვრივ გამწკრივებულ სკამებზე
246 გვერდი წიგნიდან საქართველოსთვის
მოკუნტული საბრალო ინვალიდებისკენ აქვს მიპყრობილი. აუღელვებელია და გაწონასწორებული. გვიხსნის, რომ მიწიერი ცხოვრება, ამქვეყნიური არსებობა მხოლოდ უფალთან შეხვედრის, ღვთიური სასუფევლის დამკვიდრების სამზადისია, გარდაცვალება კი _ მარადიული
სიცოცხლის დასაწყისი. სამზადისი სრულდება. ვიმყოფებით ზღვარზე, რომლის გადალახვისას წუთისოფელს განვერიდებით, ახალ განზომილებაში გადავინაცვლებთ და... საუბარს საშინელი გუგუნი აწყვეტინებს.
აფეთებების ტალღა ქარიშხალივით ეხეთქება ტაძარს. თაღები იბზარება. უჩვეულო ზეწოლისგან შემოზნექილი სარკმლები ჭახანით სკდება. მანათობელი წერტილები, მინის ნამსხვრევებთან ერთად, იფრქვევა იატაკზე. სასოწარკვეთილი სონია და ლალი კუთხეში იკუჭებიან. ალექსი თავში ღრიალით იცემს ხელებს. ნაკვთებგაქვავებული, თვალგაშტერებული ლიდა სკამის კიდეს ებღაუჭება და გულდამდუღრული მოთქვამს. მამა ხმამაღლა კითხულობს იოანეს სახარებას: `ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია~. დედა მუხლმოდრეკილი შეჰღაღადებს ზეცას:
`უფალო, შეგვიწყალე!~. მე პიჯვრისწერით ვემხობი ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის წინ:
`ღვთისმშობელო ქალწულო... მიმადლებულო მარიამ...~
_ ნუ იმოძრავებთ! ნუ გადაადგილდებით!
_ გვთხოვს მამა ანდრია, _ დარჩით, სადაც ხართ. თვითონვე მოვალ და ადგილზე ჩამოგართმევთ აღსარებას. მერე გაზიარებთ.
_ არა, არა, _ ხელს ასავსავებს ალექსი, არ მინდა ზიარება.
_ მოვინანიოთ, რომ ცოდვებისაგან განწმენდილები წარვსდგეთ უზენაესის წინაშე.
_ არა, არა.
მოძღვარი ალექსის შორდება. ჯერ დედ-მამას, მერე დანარჩენებს გვიახლოვდება.
აღსარებას იბარებს:
_ უფალმა შეგიწყალოთ!
_ ამინ!
დილის თერთმეტი საათია. დგანდგარი და ბათქი ხან წამით წყდება, ხან კვლავ იფეთქებს. მიწაში ჩარჭობილი ბომბის ღმუილი ხან მოშორებით გაისმის, ხან _ ახლომახლო. მგონია, თითქოს სამყარო მიწასთან გასწორდა. საკმარისია, შესასვლელს გავცდე, ქვა-ღორღის საზარელ უდაბნოში ამოვყოფ თავს. მხოლოდ ტაძარი დგას ფეხზე, სარკმლებჩამსხვრეული, კედლებამოკაწრული, ფასადდაცხრილული, მაგრამ მაინც უვნებელი, გუმბათზე ხელუხლებლად აღმართული მოოქროვილი ჯვრით, რუხი ქვიშაქვის გარსით, რომელიც მთელი ძალით ეურჩება ჭურვის ანასხლეტებს. იმედის კუნძულზე ვართ, ნანგრევებით მოცულ ოაზისში. დარბაზს გავყურებ.
ძირს ჩამჯდარ მამა ანდრიას მკლავები სახსარში მოხრილ და მკერდს მიკრულ წვივებზე შემოუჭდვია, ნიკაპით მუხლისთავებს ებჯინება, კანკელს ეყრდნობა, ამბობს:
_ მარადისობას მივუგდოთ ყური. იქნებ უფლის ხმა შემოგვესმას.
აი, სასწაული. დაუჯერებელი რამ მემართება. თუ წეღან შეძრწუნებული ვხატავდი სიკვდილის სურათებს, ვტვირთავდი, ვამძიმებდი მათ საკუთარი განცდებით, ემოციებით, ახლა წარმოსახვების ტყვეობას თავს ვაღწევ და შიშისგან ვთავისუფლდები. ბუნებრივია, ვიცი, რა მელის. რეალობას არ გავურბივარ. კვლავ მოვლენების მონაწილედ ვრჩები. თუმცა სიმხდალეს, ზაფრას და ძრწოლას ვერ ვგრძნობ. აღსასრულს, როგორც არსებობის ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლის ბუნებრივ, ნორმალურ პროცესს, მშვიდად ვხვდები. სასოწარკვეთილების მიზეზი არ მაქვს. შიში, რომლის ადგილს ამაღლებული განწყობილება იკავებს, მრავალგვარი სახეცვლილების შემდეგ, უკან იხევს. სავარაუდო, დასაშვებ და უკვე რეალობად ქცეულ, თითქმის განხორციელებულ საფრთხეს შორის მიჯნას ვცილდები. ზღვარგადასულ მდგომარეობაში ვარ. სიკვდილს განყენებულ ცნებად კი არ მივიჩნევ, მატერიალურად, ხელშესახებად აღვიქვამ, კი არ ველოდები, თვალებში ჩავყურებ, ამიტომ აღარ ვუფრთხი, აღარ გავურბივარ მას.
მზერა მშობლებზე გადამაქვს. მამა მოძღვარს არ შორდება, თუმცა მთელი არსებით ცოლ-შვილს არის მიჯაჭვული. დედა მხნედ გამოიყურება. დარწმუნებული ვარ, დიდი შემართებით, ღვთის ჯილდოსავით ელის მოწამებრივ აღსასრულს იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარში. ნებისყოფას, ძალას, სიმტკიცეს უხმობს უფლისადმი მგზნებარე, ურყევი ერთგულების დასამტკიცებლად. ან რა გასაკვირია? ზოია ადამიას ხომ ლამის ცეცხლის ასოებით აქვს გულში ამოჭრილი სიტყვები ვახტანგ გორგასლის ანდერძიდან: `ეძიებდით სიკვდილს ქრისტესთვის!~.. დიახ, მისი ცხოვრების მიზანი მარტვილობისკენ სწრაფვა, დევიზი _რწმემამანისთვის თავდადება, ქრისტესთვის სიკვდილის ძიებაა, ამიტომ, რაკი ჟამმა მოაწია, აუცილებლად აქ, აუცილებლად ახლა, აუცილებლად მოწამებრივად უნდა აღესრულოს! თორმეტი საათი სრულდება.
სულ რაღაც ერთი წამით სროლა წყდება. და თითქოს შვებისმომგვრელ სიჩუმეში ეკლესიის მთავარი დარბაზის ზემოთ, ზუსტად გუმბათის საყრდენ ბურჯებს შორის მოქცეული სამრეკლოდან მეხის გრგვინვასავით გაისმის ტყვიამფრქვევის ყურთასმენისწამღები კაკანი.
აიტანეს, ღმერთო დიდებულო, მაინც აიტანეს... განწირულები ვართ. ცეცხლში გახვეული სამრეკლოს თავზე აღმართული ჯვარი, ალბათ, უკვე მიზანშია ამოღებული.
უფალო, შეგვიწყალე! უფალო, შეგვიწყალე!
გრიალის ექო, თითქოს გასაქანი არ ჰყოფნისო, გაათმაგებული ძალით ასკდება კედლებს და მორევივით ტრიალებს.
მგალობლების აივნიდან გადმოღვრილი საეკლესიო ჰანგების ექო _ აი, რას უნდა ეტრიალა მაღალ თაღებსა და კამარებში.
გადის ნახევარი საათი, ორმოცი წუთი,
ორმოცდაათი.
ტყვიამფრქვევი დუმს.
ჭერს ავყურებთ.
გუმბათი მთელია.
განაბულები მივშტერებივართ ერთმანეთს და უეცრად სუნთქვა გვეკვრის: ხმები ჩაგვესმის, თანდათან მოახლოებული ადამიანების არეულ-დარეული, გაურკვეველი ხმები, რომლებიც თვალსა და ხელს შუა იწმინდება, მკვეთრდება, ძლიერდება, რუსულ-აფხაზურ ფრაზებად, ყიჟინად, შეძახილად, მილოცვად, გინებად, ბრძანებად ნაწევრდება. მოდიან. წინ სროლა-სროლით მოიწევენ. გალავანი. კარიბჭე. ეზო. ტაძრის მთავარი შესასვლელი. და უეცრად:
_ გააღეთ!
მამა წინამძღვარს უხმოდ შეჰყურებს. წინამძღვარი თავის დაქნევით აძლევს ნებართვას. ორივენი გასასვლელისკენ მიემართებიან. კარი იღება...
მებრძოლები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში გუმისთის მთებიდან უტევდნენ კომანის დამცველებს და რომლებმაც გუდაუთის დაჯგუფებებს შორის პირველებმა შემოაღწიეს სოფელში, ახლა, ნაცარტუტად ქცეული სახლების ფონზე, ჩვენ წინ დგანან.
შემზარავი, დასახიჩრებული, ნაიარევებით დაფარული სახეები. ამოთხრილი თვალი. ახლეჩილი ყური. ალმაცერად გადასერილი შუბლი. ჩალეწილი კბილები. არაადამიანური სისასტიკით აღსავსე გამოხედვა. პირწავარდნილი კაცისმკვლელის ულმობელი იერი. სისხლმოწყურებული თვალები. ფალანგწაცლილი თითები. გაოფლილ-გაპოხილი ტანსაცმელი. მყრალი სუნი...
ნარკოტიკებით თუ ალკოჰოლით გაბრუებული ამაზრზენი არსებების ურდო მგლის ხროვასავით გარს ერტყმის მამას, თითქოს ლუკმა-ლუკმა დაგლეჯას უპირებსო, და ხრინწიანი
ხმით იღრინება, იყეფება:
_ ვინ ხარ? იური ანუა? მერედა, აქ რა გინდა? ლოცულობ ქართველებისა და აფხაზებისთვის? იმიტომ, რომ ძმები ვართ? რა სისულელეა. რა სიგიჟეა. საიდან მოიტანე? ძმები არა... მიდი, მიდი, ფეხი გაადგი! სწრაფად-მეთქი... მამა კონდახების ცემით გაჰყავთ.
* * *
ნაშუადღევია. კარი წამდაუწუმ იღება და იკეტება. ათასი ჯურის ადამიანი თვალებამღვრეული დაძრწის ტაძარში. ვიღაც უმისამართო ბათქაბუთქით იკლებს იქაურობას, ხატებს ცხრილავს, იოანე ოქროპირის სარკოფაგს ძირს ანარცხებს, ზედ წიხლით დგება, ლეწავს:
_ განძი სად არის, თქვენი...
ვიღაც დამამცირებელი ღრეჭვით, აგდებულად ელაზღანდარება მამა ანდრიას:
_ მოდი, ერთი, მაკურთხე, მოძღვარო. რა, არ გინდა? თორე შენც მართლა მღვდელი არ მყავდე. ვიღაც ჩახმახშეყენებულ ავტომატს ცხვირწინ გვიტრიალებს და პირდაპირ ყურში ჩაგვბღავის:
_ გგონიათ, ღალატს შეგარჩენთ, გამყიდველებო, ეკლესიას თავშეფარებულო ვითომ მორწმუნე, ვითომ ძმობის მქადაგებელო სისხლისმსმელებო, ცალი ხელით პირჯვარს რომ იწერდით, მეორით კი გვესროდით. ლოცვა-კურთხევასთან ერთად წყევლა-კრულვას გვიგზავნიდით, ტყვიებს და ხელყუმბარებს გვიშენდით... ღვთისმგმობელებო, მონაზვნის კაბიანო, მღვდლის ანაფორიანო მკვლელებო... რომელმა აათრიეთ `დეშეკა~ სამრეკლოზე? რომელმა მოგვიგზავნეთ ტერორისტი ალქაჯი?..
248 გვერდი წიგნი საქართველოსთვის
ბრალდებების ნიაღვარს ბოლო არ უჩანს. თითქოს თავს დატეხილი ათასგვარი უბედურება არ გვყოფნიდეს, ახლა გაუგებარი მინიშნებებით გვცემენ ზაფრას. სიმწრის ოფლს გვასხამს. ვერაფრით გაგვირკვევია, ვინ არის უცნობი `ტერორისტი ქალი~. რატომ გვთხოვენ პასუხს არა მხოლოდ სამრეკლოდან ცეცხლის გახსნის, არამედ `შაჰიდისქამრიანი წყეული მონაზვნის საქციელის გამო, რაც დღემდე ხელ შეუხებელ ეკლესიაზე იერიშის მიტანისა და
ტაძარში მყოფი პირების მიმართ ანგარიშსწო რების მიზეზად ქცეულა. რისი წყალობითაც მოძალადე ჯარისკაცების გაღიზიანებულ, გაველურებულ ჯგროს შენიღბული ბოროტმოქმედები ვგონივართ და მზად არიან, სული წამებით ამოგვაძრონ.
ჩანს, ყველაფერი ბოლომდე არ ვიცით. რაღაც იდუმალებით მოცული საბედისწერო შემთხვევა _ სხვისი თვითშეწირვისა თუ თვითნებობის ამბავი, რომელმაც ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი უნდა გადაწყვიტოს უნებურად გამოგვრჩა მხედველობიდან. მაინც რა მოხდა?
რა?
_ ხმა ჩაიწყვიტეთ!
_ ენა მუცელში ჩაიგდეთ!
_ თვალთმაქცებო.
_ ფარისევლებო.
ვჩუმდებით. თავზე გვადგანან. მზერით გვბურღავენ. თვითონაც დუმან. მერე თხრობას იწყებენ. უფრო სწორად, მუქარანარევი ბრალდებებისა და ლანძღვა-გინების კორიანტელიდან დროდადრო ღრიალით ამოისვრიან ნაწყვეტ-ნაწყვეტ, აზრდაუმთავრებელ ფრაზებს, რომლებსაც ერთ მთლიან ამბად ვკინძავთ, ვალაგებთ. თავზარი გვეცემა. სისხლი გვეყინება.
ღმერთო დიდებულო! აი, რა გამოდის: თურმე, სწორედ მაშინ, როდესაც მოულოდნელად აკაკანებული ტყვიამფრქვევის დასადუმებლად მოიერიშეებმა გუმბათს `ტურსი ესროლეს, ჭურვმა კი მიზანში ამოღებული ჯვრის გარშემო სასწაულებრივი ნახავარწრე შემოხაზა, შენობას აცდა და მოშორებით აფეთქდა, უეცრად ეზოში, კარიბჭესთან...
ჰო, ეზოს ირგვლივ შემორკალულ გალავანთან, სად იყო და სად არა, ახალგაზრდა, თავფეხიანად შესუდრული ქალის ლანდმა გაიელვა. ხორცშესხმულ არსებაზე მეტად, აჩრდილს ჰგავდა. კოჭამდე კალთებდაშვებული თალხი კაბა ეცვა. შუბლზე შავი ხილაბანდი გადაეტკიცა. გეზი ტაძრისკენ აეღო. ნიავზე უსწრაფესად მიქროდა. კვალდაკვალ მარდად ადევნებულ ოთხ ჯანიან ვაჟკაცს თვალსა და ხელს შუა უსხლტებოდა. ხან ზურგს უკან მოექცეოდა, ხან წინ ისარივით გაიჭრებოდა, ხან გვერდზე გახტებოდა. ბოლოს მდევრებმა კუთხეში მიიმწყვდიეს, გზა გადაუღობეს. ქალმა თავის დაძვრენა სცადა. ზამბარასავით მოქნილმა და წელში მარჯვედ გადრეკილმა, უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა, გაიბრძოლა. მერე, გეგონებოდათ, რაკი გასაქცევი აღარ აქვს, ბედს შეურიგდა და დანებდაო, წამით შეჩერდა, გაირინდა, ცალი ხელი გამაოგნებელი სისწრაფით გააქანა კაბის კალთისკენ, მეორით, კაცმა არ იცის, რომელი საიდუმლო ჯიბიდან თუ უხილავი ნაკეციდან ამოღებულ, რომელი ჯადოსნობის წყალობით მოპოვებულ ყუმბარას დამცავი რგოლი ელვისუსწრაფესად მოგლიჯა და... ყველაფერი თვალისდახამხამებაში მოხდა.
მდევრებიცა და დევნილიც ნაკუწებად იქცნენ.
აფეთქების ადგილას ხორცის უფორმო, სისხლიანი გროვა დარჩა.
ოთხი ახალგაზრდა თანამებრძოლის მკვლელობით გამწარებულმა აფხაზებმა `თავზეხელაღებული მონაზვნის~ საძულველი, დასახიჩრებული სხეული კარიბჭესთან დააგდეს,
რომ სოფელში შემოსულ თითოეულ ჯარისკაცს, შურისსაძიებლად, თითო ტყვია მაინც დაეხალა მისთვის.
_ ახლაც არ აღიარებ, ცრუმოძღვარო, რომ ყველანი თვითმარქვია მორწმუნეები, გადაცმული მეომრები და მოგზავნილი ჯაშუშები ხართ?
_ ნამუსს ვფიცავთ, არ გაპატიებთ.
_ დანდობას ვერ ეღირსებით.
_ სიცოცხლის ფასად გაზღვევინებთ.
_ დროა, სიკვდილის წინ ილოცოთ.
* * *
დილიდან წვიმს. ეკლესიის ეზოს გუბეები ფარავს. გუბეები დგას ცხედრებით მოფენილ შუკებშიც. მკვდრები დატბორილ მიწაზე ყრია, თითქოს მდინარეს გამოერიყოს. თითქოს სისხლს ეწვიმოს, წითლად ატალახებულ გზებზე, მიცვალებულებს შორის ფეხარეული დაბორიალობენ, არყიან ბოთლებს პირდაპირ ხახაში იცლიან, გარემოს ხორხოცით აყრუებენ, გვამების სიახლოვეს ღრეობას, ლხენას თავაწყვეტით ეძლევიან გალეშილი ჯარისკაცები. გამარჯვების, დამარცხების, სიკვდილის წუთებია. სიკვდილი სისხლის, ხრწნის და სპირტის სუნად ყარს კომანში. ირგვლივ არავინ ჩანს. ყველანი გალავანს მიღმა გაკრეფილან. ველური ყიჟინა და ჟივილ-ხივილი ახლა ინვალიდთა ყოფილი თავშესაფრის დილეგად ქცეული ბნელი ჯურღმულებიდან აღწევს, სადაც ნაცემ-ნაგვემი და ნაწამები კომანელი ტყვეები უნდა ჰყავდეთ გამომწყვდეული. მამა სად წაიყვანეს? მამა... გული მეფლითება. ვიცი, დროებით მხოლოდ იმიტომ მიგვატოვეს, რომ ჯერ უმთავრესი ნადავლის, იური ანუას, და სოფელში შემოჭრისას დატყვევებული ადგილობრივი მეომრების ბედი აქვთ გადასაწყვეტი. მერე დანარჩენებისთვისაც მოიცლიან.
გარეთ გავდივართ. მამა ანდრია ეზოს სწრაფი ნაბიჯებით კვეთს. გალავანს უახლოვდება. კარიბჭესთან მერი პაკელიანის სისხლსა და მტვერში ამოგანგლულ, დაფლეთილ, ნატანჯ სხეულს პოულობს. უხმოდ დაჰყურებს. ვიცი, მტკივნეულად განიცდის მერის ურჩობას,
მაგრამ სიბრალული გულს ულბობს. სულიერი შვილის თავნებობით გამოწვეულ წყრომას ადამიანური სულგრძელობა, გულმოწყალება,
მიტევების უნარი ამარცხებს. ეცოდება. ვერ იმეტებს ღია ცის ქვეშ, ჯარისკაცების სამიზნეზე დასაგდებად. მხრებში ებღაუჭება. დაღმართზე, პატრიარქის რეზიდენციის შენობისკენ მიათრევს, რომ ერთ-ერთ ოთახში, უსაფრთხო ადგილას, გარეშე თვალისგან მალულად დაასვენოს, წაბილწვისგან იხსნას. უკან მალე ბრუნდება. ეზოს შორეულ კუთხეში მდგარი სენაკისკენ მიიჩქარის. კარს აღებს. შედის. მცირე ხნით ყოვნდება. კარედის ხატი გამოაქვს.
მიჩვენებს. ხედავ? _ დაფიქრებული მეკითხება.
რა თქმა უნდა, ვხედავ: სარკმლიდან შეჭრილი ტყვია უფლისა და ღვთისმშობლის გვერდით გამოსახულ იოანე ნათლისმცემელს პირდაპირ თავში აქვს მოხვედრილი.
ავი წინათგრძნობა მიპყრობს. ეჭვი არ მეპარება, რომ დაზიანებულ ხატსა და მოსალოდნელ განსაცდელს შორის რაღაც კავშირი აუცილებლად არსებობს. რომ ტყვიის ნაკვალევი არა მხოლოდ შურისძიების გარდაუვალობაზე, არამედ მისი აღსრულების კონკრეტულ ფორმაზე ცხადად, თვალნათლივ მიგვანიშნებს. რა მოხდება?
წუთები სწრაფად გარბის. დღის ხუთი საათია. მებრძოლები ბრუნდებიან. მამა ანდრია მიჰყავთ. ტაძარში ექვსნი ვრჩებით, ხუთი ქალი და ერთი მამაკაცი.
* * *
ბინდდება. ტაძარი წყვდიადსა და მოულოდნელად ჩამოვარდნილ მკვდრულ მდუმარებას მოუცავს. მართალია, შუქი არ გვაქვს (ელექტროსადენები დაწყვეტილია), მაგრამ სანთლების ანთებას ვერ ვბედავთ. ჯობს, სიბნელის საფარს საიმედოდ შევეხიზნოთ. სუნთქვას ვიკრავთ. ადგილიდან არ ვიძვრით. ხმას არ ვიღებთ. ლოცვის სიტყვებიც კი, რომლებსაც დაუსრულებლად ვბუტბუტებ _ `ღვთისმშობელო ქალწულო... მიმადლებულო მარიამ ძლივსგასაგონად ჩამესმის. ბუნდოვნად ვარჩევ დერეფან-სათავსოს გამმიჯნავ კედელთან მდგარი დედისა და შუა დარბაზში გამწკრივებულ სკამებზე მიყუჟული ინვალიდების სილუეტებს. თვითონ შესასვლელში, ოთხეულის პირისპირ და დედისგან მარცხნივ, ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის წინ ვარ ჩაჩოქილი.
სიწყნარეა. უეცრად გვერდითა სათავსოს კარი ჯახუნით იღება (სამარისებურ სიჩუმეში გარკვევით ისმის ლითონის ზედაპირზე გამეტებით დაშენილი მუშტების ხათქახუთქის ხმა) და სამრეკლოზე ამავალი კიბის მხრიდან ვიღაც შემოდის. ვაკვირდები. მეომარია. ბორძიკობს.
კედელს ხელის ცეცებით, ალალბედზე მოუყვება.
გზადაგზა ხან შანდალს წამოედება, ხან სვეტს ეჯახება. მთავარი დარბაზისკენ მოიწევს. გაივლის მარჯვენა ფლიგელს. გაცდება დიდი და მცირე სივრცეების გამყოფ კედელთან მოწყობილ სამკითხველოს, სადაც დედა დგას. ჩერდება ინვალიდების პირისპირ, ჩემგან რამდენიმე
ნაბიჯის მანძილზე, ზურგშექცევით. ყანყალებს.
უაზროდ აშტერდება შავად ჩაგუბებულ წყვდიადს. ბურტყუნ-ბურტყუნით იბრუნებს პირს გასასვლელისკენ. წაიფორხილებს. ფეხებდაბორკილს სამხედრო ქუდი ძირს უვარდება. იხრება.
იატაკზე ხელს ბრმად აფათურებს. ვერ პოულობს. გინებით იმართება წელში. შანდალს წაეტანება. ასანთს აიღებს. გაჰკრავს... აი, სასწაული... თითქოს შავი საბურველი შემოაცალაო, პაწაწინა ალი მდუმარე წყვდიადიდან ადამიანების ფეხებს, დიახ, დიახ, ერთმანეთს მიკრულ ოთხ წყვილ ტერფს ამზეურებს. მოულოდნელობისგან დაზაფრულ მეომარს (რომელსაც ირგვლივ არავინ ეგულებოდა, იდუმალ აჩრმამა დილებს შორის კი ღმოჩნდა) ყვირილი აღმოხდება. ხელახლა გაჰკრავს ასანთს. მკრთალი, მოცახცახე ალი წვივებს მიუყვება, მუხლებზე გადაინაცვლებს, ზედ დაკრეფილ ხელებს, ოთხ წყვილ გაშეშებულ მტევანს დაუნდობლად, უმოწყალოდ ანათებს.
_ უხ, თქვენი... _ შეიკურთხებს. წამით ყოვნდება. გონს მოდის. შანდალზე დამაგრებულ ყველა სანთელს აბრდღვიალებს. რას ხედავს? მუმიებივით გალურსული, სიკვდილამდე შეშინებული ოთხი ადამიანი ალექსი, სონია, ლალი, ლიდა თვალებგაფართოებული, კრიჭაშეკრული მიშტერებია და განაჩენს ელის.
მეომარი სახტად რჩება. ტორტმანებს. მერე ბანცალით იხევს უკან. ლამის დამეჯახოს. ვიცი, თავს უნდა ვუშველო, კედელს ავეკრა, შეუმჩნევლად გავერიდო, მაგრამ ხელ-ფეხი არ მემორჩილება, ძალ-ღონე მღალატობს, მონუსხულივით ერთ ადგილს ვეჯაჭვები. უკვე ცხადად ვხედავ ალისფერნაწიბურებიან, საზარლად დამახინჯებულ სახეს. ვგრძნობ სპირტის ოხშივარს, რომელიც თავბრუს მახვევს, გულს მიღონებს. სამიოდე ნაბიჯი გვაშორებს ერთმანეთს. ორი ნაბიჯი. ერთი. აი, ახლა, ვფიქრობ სუნთქვაშეკრული, აი, ახლა... უეცრად ჩერდება. მხარზე გადაკიდებულ ავტომატს იხსნის. ქანაობს. ლუღლუღებს:
_ ცოლი... ბიჭი... მომიკლეს... ეი, შენ, გაიგე? მგონი, ალექსის მიმართავს.
_ ჰო, _ თვალებში შესციცინებს ოფლად გაღვრილი ინვალიდი, ცოდოა...
_ ცოდო? _ ცეცხლი ეკიდება, კბილებს აღრჭიალებს, ახლავე უნდა დაგხვრიტოთ ყველანი, სასხლეტს თითს გამოჰკრავს, მიჯრით ესვრის. ვხედავ, როგორ ფლეთს ტყვიები ალექსის სხეულს. როგორ კივის ნაკვთებმორღვეული, სახეშეშლილი სონია. როგორ გამწარებით ეჯაჯგურება დაცლილ მჭიდს ნაწიბურებიანი, ყურათლილი სახიჩარი. იატაკზე სისხლის გუბე დგას. გუბეში დაჭეჭყილი მასრები ყრია. ალექსი გახევებული ზის. სონია არაადამიანური ხმით ბღავის. ლალი და ლიდა ცრემლებად იღვრებიან. მეომარი კარისკენ მიბანდალებს. უკმაყოფილოა. ვერაფრით ინელებს, რომ ოთხიდან მხოლოდ ერთს `გაასხმევინა ტვინი, მეორე დაჭრა, დანარჩენების `ჩასაძაღლებლად კი ვაზნები არ ეყო.
მარტონი ვრჩებით. ჯერ ალექსის ვეხვევით გარს. ტყვიებისაგან დასეტყვილს, აკუწული სამოსის, დამსხვრეული ძვლებისა და სისხლის ნაზავად ქცეულს, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობა. თავი სკამის საზურგეზე გადავარდნია.
ძირს მფორთხავი, დაკრუნჩხული სონია სისხლისგან იცლება. დახმარებას მთხოვს. ვცდილობ, ჭრილობა შევუხვიო. სუნთქვა მეკვრის. უმოწყალოდ დაცხრილულ, გალურჯებულ მარჯვენა მკლავს დანარჩენ სხეულთან კანის პაწაწინა ნაკუწი, მყესი თუ ერთადერთი ნერვიღა აკავშირებს. ხილაბანდს ვიძრობ. სისხლდენის შესაჩერებლად იდაყვს ზემოთ მაგრად ვუჭერ. წივის. გმინავს. იგრიხება. დედა მკაცრად აფრთხილებს:
_ სუ, სუ-მეთქი! ხმა გაკმინდე, ქალო, კრინტი არ დაძრა, თორემ მაგ მკლავს თვითონვე მოგაწყვეტ, იცოდე. სონია კბილს კბილზე აჭერს. არანორმალური ძალისხმევის ფასად ცდილობს ყელში მოწოლილი კივილის ჩახშობას. ოდნავ ვმშვიდდებით. კუთხეში ვიყუჟებით. აგონია ცხრება.
ირგვლივ სიჩუმეა. მგონი, აღარ წვიმს. მგონი, ყველას სძინავს. მაგრამ მოიცა, მოიცა... სამრეკლოზე ასასვლელი კიბის მხარეს რაღაც ფაჩუნობს. ეს რა წყევლაა! კოშმარი მეორდება.
აი, სულთამხუთავივით შემოჩენილი ჯარისკაცი, რომელსაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებს: ვიღაც უნდა მოკლას, მაგრამ, გონებაამღვრეულს, არ ახსოვს, ვინ უნდა მოკლას. მობანცალებს. შუა დარბაზში ჩერდება. თვალებდაელმებული იყურება აქეთ-იქით. არავინაა (კუთხეში მიკუნჭულებს ვერ გვამჩნევს), სკამის საზურგეზე თავგადაკიდებული ალექსის გარდა. მოიმარჯვებს ახალდატენილ ავტომატს, დაუმიზნებს, მთელ მჭიდს დააცლის მკვდარს, შებრუნდება და, ვნებადამცხრალი, კაცმა არ იცის, ვის და რის წინაშე ვალმოხდილი, გაალაჯებს იქით, საიდანაც წეღან შემოეხეტა.
განადგურებულები ვსხედვართ. ბოლოს დედა ამბობს:
_ გონს მოდით! გამოფხიზლდით! კმარა!
დასაკლავი ცხვრებივით ხომ არ უნდა ჩავბარდეთ? დგება. დარბაზებს ელვისუსწრაფესად მოირბენს. ჯერ ერთ კარს, მერე მეორეს, მესამეს გასაღებებით ჩაკეტავს, რკინის ურდულებით გადარაზავს.
სარკმელს შევყურებ. ცაზე მთვარეა. უკვე მეორე უძილო ღამეს ვათევთ ტაძარში. სონია გმინავს. უცნაური გრძნობა მეუფლება. თითქოს მდუღარეში ვიხარშები.
252 გვერდი წიგნი საქართველოსთვის
6 ივლისი.
თქვენი მოძღვარი მოკლეს. ქალი, რომელმაც ეს ფრაზა წარმოთქვა, წითელჯვრიანი თეთრი სამკლაურით დამშვენებულ ხელს პატრიარქის რეზიდენციის შენობისკენ იწვდის:
_ იქ, აი, იქ არის...
ხელი სისხლიანი აქვს. წეღან სონიას ჭრილობა შეუხვია.
სონია ახლა საკაცეზე წევს. ექიმები სასწრაფო დახმარების მანქანისკენ მიაქანებენ. ეზოში მდგარი მანქანა დაჭრილებით და ერთმანეთზე მორებივით დალაგებული მიცვალებულებით არის სავსე. ალექსის გვამს თავთან ლალი და ლიდა უსხედან. მშვიდობით, ამბობს ლალი. მუშტისხელაა, მობუზული. მძღოლი მანქანას ქოქავს. სამკლაურიანი ქალი კაბინაში ჯდება. მკვდრები და დაშავებულები მიჰყავთ. მძევლებს ტაძარში გვტოვებენ.
* * *
მამა ანდრიას ცხედარი პატრიარქის რეზიდენციის პირველ სართულზე, კედლებგაულესავი ოთახის შუაგულში გულაღმა, სანახევროდ თვალგახელილი ასვენია. აღელვებული დავყურებ. სწრაფად ვწყნარდები. ვცდილობ, ამოვხსნა, რა იწვევს ტრაგედიასთან შეუთავსებელ უცაბედ შვებას დიდი მწუხარებისას, რა მანუგეშებს. შავი სამოსისა და მუქწითლად შეღებილი იატაკის ფონზე არაბუნებრივად მოქათქათე, გამჭვირვალე კანი, რომელიც უცნაურ შუქს ასხივებს? ტანჯვის ჩრდილების ნაცვლად, სახეზე გადაფენილი მშვიდი ღიმილის სინათლე, მარადისობასთან ზიარების ნეტარება, სიდიადის გადამდები განცდა? ალბათ. მამა ანდრია გადამწყვეტ წუთს აღბეჭდილი უდრტვინველი იერით ძალას, მზადყოფნას აღსასრულის მერეც გვინაწილებს. თითქოს სიცოცხლეში ნაქადაგები თითოეული სიტყვა მსუბუქ, სათნო ღიმილად შეჰყინვია ბაგეზე. წევს. ქუთუთოები ღია აქვს. ჩვილის ნაკვთებივით კანგადატკეცილი, დახვეწილ-დაწმენდილი შუბლი, სპილოსძვლისფერი ყვრიმალები ცვილისაგან ჩამოქნილს თუ მარმარილოსაგან ნაქანდაკევს მიუგავს. კეფიდან სისხლი სდის. ჩანს, მუხლებზე დამხობილს, ერთადერთი (მცირე კალიბრის, ცენტრდაკარგული) ტყვია პირდაპირ თავში ესროლეს, მაგრამ პირქვე კი არა, გვერდულად დაეცა, მერე გულაღმა ამოტრიალდა...
კარედის დაზიანებული ხატი მაგონდება. აი, თურმე რას გვამცნობდა სარკმლიდან შეჭრილი ტყვიის ნაკვალევი ქრისტეს უახლოესი წინამორბედის, იოანე ნათლისმცემლის გამოსახულების თავის ქალაზე.
სიმბოლოსა და რეალობას შორის კავშირის აღმოჩენის, წინასწარმეტყველების ზუსტად ახდენის სასწაული სინანულნარევი გაოცებით მავსებს.
აქ ვერ დავტოვებთ. ტაძარში უნდა გადავასვენოთ, _ მაფხიზლებს დედა, რომელიც მამა ანდრიას დაჰკანკალებს, ქუთუთოებს თითის წვერებით სათუთად უხუჭავს, გულზე ხელს უკრეფს, ცდილობს, მხრებზე მოეჭიდოს, იღლიებქვეშ მტევნები ფრთხილად შეუცუროს, სისხლში ამოვლებული კეფა, ბეჭები წამოუწიოს. ვეხმარები. მოძღვრის სხეული ბავშვივით მჩატე და მსუბუქია. რამდენიმე წუთის შემდეგ აღსავლის კართან დასვენებულ ნეშტს სახესა და ხელ-ფეხზე ნაკურთხ ზეთს ვუსვამთ, მაცხოვრის ცისფერ სუდარას ვაფარებთ, რომელიც ჭრილობიდან გამოჟონილ სისხლს საშრობივით იწოვს და წითლად იღებება.
* * *
სროლა იწყება. მოუსვენრობა მიპყრობს. როგორ მოვიქცე? ვიჯდე და ველოდო, როდის გაილევა უკანასკნელი წუთები, რომლებსაც დასასრული არ უჩანს? როდის მოეღება ბოლო ყოველი მომდევნო აფეთქებისას განცდილ წამებას? ერთია, გარინდებული, გულხელდაკრეფილი იწვე მყუდროებასა და სიჩუმეში, მთელი არსებით ემზადებოდე, ძალას იკრებდე უფალთან შესახვედრად, თან ცდილობდე, ყური დაუგდო შორეული სამყაროდან მოღწეულ იდუმალ, მანუგეშებელ ბგერებს. მეორეა, თვალწინ ტყვიები გიელავდეს, სმენას ჯოჯოხეთური გრუხუნი გიხშობდეს, თავს დაკანონებული ძალადობისა და სისასტიკის მსხვერპლად გრძნობდე, სიკვდილი საჯაროდ აღსრულებული განაჩენის მსგავს სასეირო, დემონსტრაციულ სანახაობად გეჩვენებოდეს.
უნდა გადავრჩე. სანამ ჯერ კიდევ ვსუნთქავ, გონება მიჭრის და ხელ-ფეხი მემორჩილება, უმოქმედოდ ვერ ვიქნები. მართალია, სამყაროს გიჟურ სრბოლას ვერ შევაჩერებ, მაგრამ რა მოხდება, თუკი საკუთარ ძალას დროის განსაზღვრულ მონაკვეთში მოსასწრები კონკრეტული საქმისკენ მივმართავ? _ მტანჯველ ლოდინს გავექცევი. მოვახერხებ, აღვადგინო ფასეულობების გრადაცია, რისი წყალობითაც მივაგნებ და შინაგანი წონასწორობის შესანარჩუნებლად ჩავებღაუჭები მთავარ საყრდენს რწმენას. ეს არ დაემსგავსება განწირულის აქეთ-იქით
უაზრო წყვეტებას. ეს იქნება ყველაზე კეთილშობილურ მიზანს დამორჩილებული, გააზრებული საქციელი, გნებავთ ღვთისმოსავის ღვაწლი, უმძიმეს ვითარებაშიც კი რაღაც ძალიან არსებითისთვის საკუთარი თავის მიძღვნის მცდელობა. დიდხანს ფიქრი და ყოყმანი არ მჭირდება.
გადაწყვეტილებას სწრაფად ვიღებ. ტაძრიდან გავრბივარ. არაბუნებრივი ნათება თვალს მჭრის. მაინც გარკვევით ვხედავ წითლად განტოტილ, აალებულ ხლართს, ტყვიების ურთიერთგადამკვეთ ტრაექტორიას, წრედს, რომელშიც მინდა, არ მინდა ჩართული ვარ.
ეზოში მდგარი სენაკის კარი ღიაა. გულამოვარდნილი, ზღურბლთან ვყოვნდები. შევდივარ. კედელზე მიჭედებული ლურსმნებიდან მღვდლის შესამოსელს ვხსნი. ჯერ საზაფხულო, შემდეგ საზამთრო კაბას, ბოლოს ანაფორას ვიცვამ. თაროდან წმინდა ნიკოლოზის ხატსა და სახარებას ვიღებ. ტაძარში ვბრუნდები. მიცვალებულს დავყურებ. აი, რა მიხსნის: ღვთიური მადლი, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, რომელმაც უნდა მომიცვას, სიწმინდე, რომელიც მთელი არსებით უნდა შევიგრძნო.
წითლად მორწყულ იატაკზე თავფეხიანად ჩამხობილი, მოძღვრისკენ ვიხრები. გულსაკიდ ჯვარს, ღვთისმშობლის ხატსა და მედალიონს კეფიდან გამოჟონილ სისხლში ვავლებ. მუქშვინდისფრად გაჟღენთილ სუდარას მკერდში ვიკრავ. გასისხლიანებულ ხელებს ლოცვავედრების შეუწყვეტლად, წყნარი, მონოტონური დუდუნით ვისვამ ლოყებზე, საფეთქლებიდან ნიკაპისკენ. თითებგაშლილი მტევნების ბლანტი, წებოვანი ნაკვალევი სახეს არათანაბარ ზოლებად აჩნდება.
ფეხზე გაცილებით ძლიერი ვდგები, ვიდრე მუხლის მოყრამდე ვიყავი: თითქოს უფრო ამაღლებული, არაამქვეყნიურ, ზღვარგადასულ მდგომარეობას ნაზიარები, ხელახლა დაბადებული, ოცდაშვიდი წლის ჩვეულებრივი კომანელი გოგო, მანანა ანუა კი არა, მადლმოსილი მოძღვრის, მამა ანდრიას სხეულის მცველი. და ერთადერთი იარაღი, რითაც მოძღვრის, ტაძრის, საკუთარი ხელშეუხებლობა უნდა დავიცვა, მამაოს სისხლით შეღებილი სამოსი, აუხსნელი შინაგანი ძვრებისგან გაქვავებული, გაფითრებული ნაკვთებია.
* * *
საზარელი სანახავი ვარ: სამმაგი შესამოსელის ბნელ ქაოსში თავიდან ფეხებამდე გახლართული. კერპივით უტყვად ასვეტილი. სისხლშემხმარ კანზე, ცისფერი გუგების ირგვლივ, თითქოს საგანგებოდ უპეებამოთეთრებული.
_ წადი, პირი დაიბანე, _ ხელების გამალებული ქნევით მიყვირიან დაზაფრული ჯარისკაცები, გეგონებათ, წინ შემოფეთებული აჩრდილის დაფრთხობა ან უცნაური ხილვის განდევნა სურდეთ. წარბებქვემოდან ამოელვებულ თვალებს წყრომით ვაკვესებ.
_ არა, ვამბობ კუშტად, მამა ანდრიას სისხლი ჩვენი სიწმინდეა.
_ სიწმინდე, სიწმინდე... აი, თქვენი სიწმინდე, _ ანთებულ სიგარეტს აფერფლებენ, ნამწვებს, ასანთის ღერებს ზედ აყრიან ცხედარს.
_ რას შვრებით? _ ვცხარობ, _ ახლავე
ჩააქრეთ სიგარეტი! მოშორდით ტაძარს! მოძღვრის სხეულის შეურაცხყოფას ღმერთი არ გაპატიებთ.
_ უყურე, ერთი, რა ამბავშია, _ გარს მივლიან, _ რა დიდ გულზე ხარ? გიჯობს, წყაროზე გამოგვყვე და სისხლი ჩამოირეცხო. ეგებ ადამიანს დაემსგავსო. ვინ იცის, ეგებ გალამაზდე კიდეც. ჰა, არ გინდა?
_ წყაროზე მიდიხართ? საღრეობოდ და
საჭყუმპალაოდ? _ თავზარი მეცემა, _ არა, არა, არ შეიძლება, _ აღშფოთებული, დაბნეული, წინ ვეღობები, ხელს ვასავსავებ.
_ ვითომ რატომ?
_ იმიტომ, რომ ჩვეულებრივი წყარო კი არა, უფლის წყალია, სასწაულთმოქმედი, ქრისტეს მდინარე... მარტო მომლოცველებს აქვთ განბანის უფლება... მერწმუნეთ, დამიჯერეთ... საკმარისია, თუნდაც ტერფები დაისველოთ, წმინდა ვასილისკოს სისხლით მორწყულ ქვებს ახლოს გაეკაროთ, სასტიკად დაისჯებით.
უფალს განარისხებთ.
_ რას მიედმოედები? რეებს როშავ? თავიდან მოგვწყდი! გზა, გზა დაგვითმე-მეთქი!
* * *
ცხელა. ალმურადენილი, გავარვარებული ჰაერი ქვის კედლებს შორის შემოღწეული მყრალი სუნით იჟღინთება. მიცვალებულები იხრწნებიან, კომანის ალყის დღეს წვიმისაგან დატბორილ მიწაზე თითქოს მდინარიდან გამორიყული, ახლა კი ივლისის თაკარა მზის გულზე უპატრონოდ დაყრილი მიცვალებულები.
მამა ანდრიას ნეშტს ნაკურთხი ზეთის მსუბუქი სურნელი ასდის. ლოცვაში ვიძირები.
ყურისწამღები გრიალი მაფხიზლებს. დღეიდან უკვე სოხუმი უტევს კომანს, ქართული მხარე სოფელში თავმოყრილ აფხაზურ შენაერთებს. ვზივარ და ვფიქრობ: როდის მოვკვდები?
ახლა თუ წუთის მერე?.. დროის შემდგომ მონაკვეთს, წუთს გაცილებულ მომავალს გონება ვერ სწვდება. მთელი ცხოვრება მიმდინარე წამშია ჩატეული. ალბათ, იმიტომ, რომ დროის უმცირესი ინტერვალის გადატანას მთელი ცხოვრებისთვის სამყოფი ენერგია და გამძლეობა სჭირდება. წამი, არსებობის ხანმოკლე გაელვება კი არა, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას შორის მოქცეული უკიდეგანო მარადისობაა, რომლის შემდეგაც ყველაფერი ბედისწერის უკუნში იძირება. როგორ მოვიქცე, როცა არ ვიცი, ნაბიჯის გადადგმისას ფეხის მონაცვლებას მოვასწრებ თუ არა? ვერ ვხვდები, საიდანღაც გამოტყორცნილი თვალით უხილავი ანასხლეტი, ნემსის ყუნწისტოლა ნამცეცი სხეულში შეღწევისას ელვის სისწრაფით როგორ ანადგურებს სიცოცხლეს? ან რა ვაკეთო, თუ ფიზიკური საყრდენი გამოცლილი მაქვს, მზარდი, უშვემამალებელი ნაპრალი გარს მერტყმის და საძირკველმორყეული კედლები ხელის შეხებისთანავე იფშვნება?
პასუხს ვერ ვპოულობ. განიარაღებული ვარ: საღად განსჯის უნარის, აზროვნების, ცოდნისგან. მხოლოდ ალღო მუშაობს, ინტუიციის კარნახი, შინაგანი ხმა. მხოლოდ მოცემულ წუთს მოცემულ საქმეზე კონცენტრირების ინსტინქტს ვემორჩილები. მოვლენების
არში წვდომის ნებისმიერ მცდელობას ვწყვეტ. ფიქრს ვერ ვახერხებ. უმარტივესი მოქმედებების შესრულებაღა შემიძლია. საკუთარ თავს ვავალებ, რომ, აი, ახლა, მაგალითად, სანთელი უნდა დავანთო. ახლა ფსალმუნი გადავშალო და წავიკითხო. თმა ხილაბანდქვეშ შევიკეცო. კაბა ჩავიცვა. ანუ სანთლის ანთებას, ფსალმუნის კითხვას, კაბის ჩაცმას მიმდინარე წამში ჩასატევი ცხოვრების მიზნად ვისახავ. ვანთებ, ვკითხულობ, ვიცვამ _ ესე იგი, ისევ და ისევ ვცოცხლობ. კიდევ და კიდევ ვივსები სიცოცხლის სიხარულით. სიკვდილს კი არ ველოდები, მორიგი ნაბიჯით უფრო და უფრო ვშორდები მას.
_ ღვთისმშობელო, ღვთისმშობელო... ლოცვის სრულ ტექსტს ვეღარ წარმოვთქვამ. მთავარი სიტყვის გამეორების ძალაღა შემრჩა.
_ უფალო, შეგვიწყალე, _ ბუტბუტებს დედა.
უეცრად მახსენდება, რომ მესამე დღეა, ტაძრიდან ფეხი არ გაგვიდგამს, პირში ლუკმა არ ჩაგვსვლია, წვეთი წყალი არ დაგვილევია, რული არ გაგვკარებია. თითქოს ახალმა რეალობამ, გამანადგურებელი ძალით შემოჭრილმა სიკვდილმა ყველანაირი ბუნებრივი, ადამიანური მოთხოვნილება გაგვიქრო, ფიზიკური გარსი შემოგვაცალა, საკუთარ სხეულს თითქმის მთლიანად მოგვწყვიტა. თითქმის, რადგან როდესაც ათრთოლებული, ქრისტესთვის სიკვდილის ძიების სურვილით ანთებული დედა აფეთქებების ყოველ მორიგ ჯერზე თავისკენ დაჟინებით მიხმობს, მოდი, მანანა, აქ მოდი, დაე, აღსრულდეს უფლის ნება და ორივე მამა ანდრიას გვერდით დავიხოცოთო, თვალცრემლიანი ვემუდარები:
არ მინდა სიკვდილი, არ მინდა სიკვდილი... ახალ მიზანს ხსნის იმედივით ვებღაუჭები. მის მისაღწევად ნამდვილად ღირს გადარჩენა: ხვალ, 7 ივლისს, იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს, მამა ანდრიას ნეშტი მიწას უნდა მივაბაროთ.
* * *
ეს ნამდვილად ჯოჯოხეთის ლეგიონია. ხელს რა უშლით, რომ ლუკმა-ლუკმა ამჩეხონ?
ჰგონიათ, ჯადოქარი ვარ, გრძნეული, ალქაჯი, დემონური ძალების მქონე არამიწიერი არსება, ვისი ბაგეებიდან ავი წინასწარმეტყველება, ცისფრად მოგიზგიზე თვალებიდან კი გამანადგურებელი ცეცხლი იფრქვევა. ეჭვი არ ეპარებათ, რომ თუ მოვინდომებ, შემიძლია, ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი ვთესო. ადამიანების მონუსხვის, მზერით დატყვევების, ბედისწერის მაგიურ ხლართებში გზის გაგნების უნარი შემწევს. განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ვფლობ. მომავალს ვჭვრეტ. ფიქრებს ვკითხულობ. `მსხვერპლის~ საქციელს საკუთარ ნებას ვუმორჩილებ. რატომ ჰგონიათ?
ალბათ, იმიტომ, რომ დილანდელი `წყევლა~ ქრისტეს მდინარეში საჭყუმპალაოდ, ზაფხულის ხვატისგან გასაგრილებლად შესულ მთვრალ ჯარისკაცებს, სოხუმიდან დაშენილი ჭურვების ნიაღვრის სახით, ღვთის რისხვად დატყდომიათ თავს. ოთხივე დაღუპულა, ნაფლეთებად ქცეულა.
_ როგორ მიხვდი? რომელმა ძალამ გიკარნახა? მზაკვარო! ავსულო! _ ტაძრის ზღურბლიდან მიბღავიან, ახლოს მოსვლას კი ვერ ბედავენ, _ ვინ ხარ? გამოტყდი, აღიარე...
_ ვინ უნდა ვიყო? _ ვპასუხობ დინჯად,
_ სასულიერო პირი, მორჩილი. შეგიძლიათ, და მარია დამიძახოთ.
თავი მეთორმეტე
დედა მარმარილოს იატაკზე წოლისგან ძვლები მტკივა. სხეული დაბუჟებული მაქვს. თვალს ძლივს ვახელ. ირგვლივ ჯერაც ბინდბუნდია. სარკმლიდან პირქუშად ჩაბურული ცის ნაგლეჯი მოჩანს. გული უსიამოვნო წინათგრძნობით მევსება. შფოთვა მიპყრობს. ნეტა, რას
გვიმზადებს დღევანდელი დღე? ალბათ, კარგს არაფერს, რადგან მარტონი ვართ. ტაძრის მცველები წავიდნენ. წუხელ, სოფლის ცარიელ შუკებში დიდხანს ისმოდა ცუგუროვკასკენ საბრძოლველად გაკრეფილი ქვეითების ნაბიჯების ხმა. ნაშუაღამევს სიჩუმე ჩამოვარდა,
თუმცა შვება კი არ მიგრძნია, პირიქით, ძრწოლამ ამიტანა. მეგონა, მთელ უნუგეშოდ გადამწვარ-გაუდაბურებულ ქვეყნიერებაზე ორნიღა დავრჩით. გარს გაურკვევლობით სავსე, მტრული სამყარო შემოგვრტმოდა. ნაცნობი შეგრძნება იყო. მსგავსი რამ
ადრეც მომხდარა. დაზავების ხანმოკლე პერიოდს ბრძოლის განახლება მოჰყვებოდა ხოლმე, რასაც თან სდევდა სოფელში თავმოყრილი სამხედრო შემადგენლობების სწრაფი ცვლა. კომანის გზებზე ურთიერთშემხვედრი მიმართულებით დაუსრულებლად მიმოდიოდნენ
ფრონტის ერთი უბნიდან მეორისკენ გადასროლილ-გადმოსროლილი აფხაზურ-რუსული, სომხურ-ჩეჩნური საჯარისო ნაწილები.
5 ივლისის შტურმიდან მოყოლებული, ვინ მოთვლის, რამდენმა შერეულმა დაჯგუფებამ გადმოიარა კომანის ხიდი, საომარი მზადყოფნის გამოცხადებისთანავე რამდენი ქვეითი გაემართა მუდმივად ბრძოლის ცეცხლში გახვეული ცუგუროვკას მთისკენ, რამდენჯერ დაგვემშვიდობნენ რაფიკ აიბას თანამებრძოლები, რამდენჯერ ითხოვა ბატალ ტარნავამ ტყვია-წამლის მარაგის შესავსებად შტაბში მიბრუნების ნებართვა... `მშვიდობით, მარია,ნახვამდის, ბატალ~... ნაცნობი შეგრძნება იყო-მეთქი. ადრეც არაერთხელ ავუფორიაქებივართ მიუსაფრობისა და დაუცველობის განცდას, ახალ-ახალი შენაერთების წინაშე ღვთის ანაბარა, საკუთარი თავის იმედად აღმოჩენის შიშს. ბრძოლებში ნაცადი ჩეჩნების მოლოდინი ხომ ბოლოს გვიღებდა. რას აღარ ყვებოდნენ მათზე: უმოწყალოდ ამოჟლეტილი ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობენო. ყველაზე ფანატიკოსები მოწინააღმდეგის დაჯგუფებებისთვის მუსრის გასავლებად თვითმკვლელობასაც არ ერიდებიანო... რა გასაკვირი იყო, სიკვდილთან პირისპირ შეყრა გვენატრა, ტაძრის სიახლოვეს მათი გაჭაჭანება კი _ არა. ამიტომ როდესაც ხმა დაირხა, მოდიან, მოდიანო, მოსვენება დავკარგეთ. თვალი წამდაუწუმ კარიბჭისკენ გაგვირბოდა. უმნიშვნელო ჩქამსაც კი ვაყურადებდით. გამოჩნდნენ? სოფლის შემოგარენში მოაბიჯებენ? ტაძრისკენ აიღეს გეზი? არა, ჯერ არა. გამთენიისას აპირებენ გუმისთის გადმოლახვას? შუაღამისას? ვინ იცის. მოიცათ, მოიცათ... რისი ხმა ისმის? ჩექმების ბრაგუნის? ან რა ბუღია გზაზე? ჯარისკაცების მწკრივს შლეიფივით ფეხდაფეხ ადევნებული მტვრის კორიანტელი ხომ არ დგას? რა მნიშვნელობა
აქვს, ძალადობა მოგვიღებს ბოლოს თუ ძალადობის შიში, სასჯელი თუ სასჯელის მტანჯველ, თუნდაც ცრუ მოლოდინში თეთრად დათენებული სამი უსასრულო, ბნელზე ბნელი ღამე!
მოვიდნენ. მეოთხე დღეს გამოჩნდნენ კომანის შემოგარენში. ხიდი გადმოიარეს. სვანების ნასახლარებისკენ დაეშვნენ. ტაძარს გასცდნენ... ჩეჩნებმა ქართულ სალოცავს, მაჰმადიანებმა ქრისტეს წმინდა სახლს უსიტყვოდ, რიდითა და კრძალვითაც კი, აუქციეს გვერდი.
ხანდახან როგორი საფუძველსმოკლებული, გამაოგნებლად მცდარი _ იმედისმომცემიც და იმედგამაცრუებელიც _ შეიძლება აღმოჩნდეს წინასწარ შექმნილი განწყობილება. როგორ გადასძალავს ხოლმე ზოგადადამიანური ღირსებები და საყოველთაო ფასეულობები ვიწროეთნიკურ მისწრაფებებს და კერძო ინტერესებს. როგორ ვაწყდებით დანდობას ულმობლობის, გულმოწყალებას შეუბრალებლობის სანაცვლოდ და პირიქით.
პირიქით, რადგან სხვაგვარი დღეებიც გაგვთენებია, სხვაგვარ ადამიანებსაც შევხვედრივართ, დედა. აფხაზური რაზმის მეთაური გახსოვს? ბუშლატგაღეღილი, გაბანჯგვლული, სიმთვრალისაგან თვალებჩაწითლებული და პირზე დუჟმომდგარი რომ ტორტმანებდა შუა დარბაზში? სისხლმოწოლილ, ალმურადენილ ლოყებზე ხვითქი ასკდებოდა. ოფლისა და სპირტის სუნად ყარდა. სასმელის ოხშივარს აფრქვევდა. ჟინმორეული ბურტყუნებდა, გავიგე, ანუას კარგი გოგო ჰყოლიაო, თან უკანდახეულს ბანცალ-ბანცალით მიახლოვდებოდა, ამღვრეულ მზერას არ მაშორებდა. ირგვლივ განწირული ვიხედებოდი, თუმცა ხსნის იმედი არ მქონდა. რაფიკ აიბა საგუშაგოზე მეგულებოდა. ზაალმა და ედგარტმა რამდენიმე წუთის წინ გაიხურეს კარიბჭე, რომელიც სულ მალე, წესით, ბატალსა და ასტამურს უნდა შემოეღოთ, კარიბჭე კი არ იღებოდა. ბიჭები იგვიანებდნენ. ვეღარაფერი მიშველიდა. და სწორედ ამ დროს შევნიშნე, ბუშლატგაღეღილი მეომრის თავზე დაშნასავით როგორ აღიმართა ოქროთი მოვარაყებული თუჯის ვეება, მძიმე, მრავალსანთლიანი შანდალი. ცოტაც
და გალეშილი ოფიცრის თხემისა და კეფისგან ძვლების, ტვინის, სისხლის გულისშემაღონებელი ნაზავის გარდა აღარაფერი დარჩებოდა.
_ არ ჩაარტყა, დედა! _ დავიყვირე.
მეომარმა, რომლის დაბინდულ გონებას, ჩანს, რაღაც მისწვდა, სასმელისგან გაჟღენთილი ადამიანის უგერგილობითა და მოუქნელობით, ტლანქად მიიღრიცა კისერი უკან, ჰაერში ავისმომასწავებლად გამოკიდებული `მახვილისკენ~ და როგორც კი შანდალმოღერებული ქალის მრისხანე, გაალმასებულ მზერას გადააწყდა, ნირი ეცვალა, სისხლმოწოლილი, ალმურადენილი სახე გაუფითრდა.
_ ახლავე გაეთრიე აქედან! _ შეუტია დედამ, _ ახლავე-მეთქი, თორემ იარაღის ამოღებას კი არა, თითის განძრევას ვერ მოასწრებ, სულს გაგაცხებინებ!
არავინ იცის, რა მოხდებოდა, დარბაზში უეცრად ნაცნობი გვარდიელი, თამაზი, მეტსახელად `ჭაღარა~, რომ არ შემოსულიყო. სანამ ტაძარს გაარიდებდნენ, შიშნაჭამი, გულმოსული ოფიცერი დიდხანს ცდილობდა უნიათო წინააღმდეგობის გაწევას, ილანძღებოდა, ჭირვეულობდა, ხელებს გამალებით, ჟინიანად იქნევდა... ზოიასთანა მამაცი ქალი არასდროს გვინახავსო, თქვეს მოგვიანებით ბიჭებმა. ვინც მთელი არსებით მიენდობა უფალს, ღვთის ჭეშმარიტი რწმენა არამცთუ შიშის სენისგან განკურნავს, არამედ მარტვილობისკენ
უბიძგებს. უფლისა და რწმენისთვის მოწამებრივი აღსასრული, ქრისტესთვის სიკვდილის ძიება, ტანჯვის თმენა უზენაესი ნეტარებააო, განმარტა დედამ. გამოდიოდა, რომ თუკი მე ტაძრის კედლებს შორის ყოფნის უმთავრეს (და, ზოგადად, ცხოვრებისეულ) საზრისად, ღვთის მსახურების გზით, თვითგადარჩენა მესახებოდა, დედა თვითშეწირვას ესწრაფვოდა. მე ქვეცნობიერად სიცოცხლეს მიველტვოდი, დედა მამა ანდრიას ბედის გაზიარებაზე ოცნებობდა: `როცა მოვკვდებით, მოძღვრის გვერდით დაგვმარხეთ! მოუწოდებდა აფხაზებს. მე უფლისგან დაწესებული ამქვეყნიური არსებობის ვადის ბოლომდე გავლა მსურდა, ის სიცოცხლეზე უარის სათქმელად ზეგარდმო მოვლენილ ნიშანს, ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევას ელოდა. მე განსაცდელს ვუფრთხოდი, ვემალებოდი, ის არ ეპუებოდა, მეტიც, მგზნებარედ იწვევდა და მოუხმობდა:
_ როგორ ბედავ მარიას სამოსის ჩაცმას?
ახლავე გაიხადე, თავხედო! _ წინ აესვეტა ერთხელ ნაძარცვ ქურქში გამოწყობილ მეომარს, რომელსაც, წესით, ორივენი ადგილზე უნდა დავეცხრილეთ, მაგრამ, არ ვიცი, როგორ ან რატომ, ზოიას ბრძანებას უსიტყვოდ დაემორჩილა. რამდენიმე დღის წინ კი დაუჯერებელი რამ მოხდა. დედა ძირს დაანარცხეს, ჩახმახშეყენებული ავტომატის ლულა გულზე დააბჯინეს, გინდა თუ არა, გაგვიმხილე, იური ანუას მიერ ქართველებისთვის იარაღის მისაწოდებლად გათხრილი მიწისქვეშა გვირაბი სად არის, თორემ დაგხვრეტთო.
_ არავითარი გვირაბი არ არსებობს, რით ვერ გაიგეთ? ტაძარში იარაღის საცავს რა უნდა? მაგრამ თუ სროლა გაქვთ განზრახული, მესროლეთ, დამხვრიტეთ. ხელს ვინ გიშლით? რაღას უცდით? ახლავე გამოჰკარით სასხლეტს თითი, დაუყოვნებლივ! ოღონდ რაიმე სხვა მიზეზის გამო კი არა, ქრისტესთვის, რწმენისთვის მომკალით! _ ისეთი ძალით შეუძახა, დაბნეულმა, შემცბარმა, წუთის წინ სისხლის დასაღვრელად აღერღილმა ჯარისკაცებმა, მგონი, უსუსურობა იგრძნეს. ცხადი იყო, შიშის გრძნობაზე ამაღლებული ამ უცნაური ქალის ნებისყოფის გასატეხად, თვალებიდან გამოსხივებული ჭეშმარიტი სიმტკიცისა და შეუპოვრობის წინაშე, დასჯის, ძალადობის მუქარა ვერ გამოადგებოდათ.
საერთოდ, თუკი ზოია ადამიას განრისხება გსურდათ, `მიწისქვეშა კომანი~, `ბუნკერების სისტემა~, `საიდუმლო ლაბირინთი უნდა გეხსენებინათ. ბრაზისგან წონასწორობას კარგავდა, ცეცხლი წაეკიდებოდა ხოლმე. აღარც საკუთარ მდგომარეობას დაგიდევდათ რამედ, აღარც გარშემომყოფების სამხედრო სტატუსს, ჩინსა და წოდებას, ანუ ფაქტს, რომ მონასტრის ხიზნების ყოფნა-არყოფნის საკითხის გადაწყვეტა ხშირად სწორედ დატუქსულ-გალანძღული თანამოსაუბრის გუნება-განწყობილებაზე იყო დამოკიდებული. მახსოვს, რაფიკ აიბამ გუდაუთის ფრონტის სარდალს შეგვახვედრა. სარდალმა უგულისყუროდ აგვხედ-დაგვხედა და ორიოდე არაფრისმთქმელი ფრაზის წამოსროლის მერე, არც აცია, არც აცხელა, გვირაბი სად არისო, იკითხა. რაო, გვირაბიო? თვალი შევასწარი, როგორ აჰკრა სიმწრის ალმურმა დედას. დღესაც არ ვიცი, რა ძალამ შეაკავა, რომ ცდუნებისთვის გაეძლო და გუდაუთელ მაღალჩინოსანს ყელში არ სწვდომოდა.
_ როგორ არ გრცხვენიათ, ცილს რომ გვწამებთ? გირჩევნიათ, მიპასუხოთ, რა დამართეთ ჩემს ქმარს, სად გააქრეთ, სად წაიყვანეთ, სად მოკალით? რაფიკ აიბა გაფითრდა.
_ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, _ სწრაფად გადაუჩურჩულა აჭარხლებულ სარდალს, _ დიდი განსაცდელი გამოიარა. ნერვული შეტევა აქვს. ემოციების გაკონტროლება უჭირს. სიფიცხე აპატიეთ...
_ ერთი სიკვდილი გავათავე, _ მითხრა მოგვიანებით რაფიკმა, _ ბეწვზე გადავრჩით. დაარწმუნე ზოია, თავი შეიკავოს, საკუთარ სიცოცხლეს თუ არ დაეძებს, სხვა მაინც შეიბრალოს. გაფრთხილდით, მარია, თითოეულ ნაბიჯსა და სიტყვას დაუკვირდით.
_ ჰო, მაგრამ... ვერ გამიგია, რატომ აკერია ყველას პირზე ეს მითიური, ყბადაღებული, დაწყევლილი და არარსებული გვირაბი?
_ არარსებული? _ ყურადღებით შემათვალიერა, _ მარია, _ მითხრა ბოლოს, _ მოდი, შენს ალალ თვალებში ჩამახედე და გულწრფელად მიპასუხე, ოღონდ არ მომატყუო, არის გვირაბი თუ არა?
_ არა, რაფიკ, არა. ვნახოთო. წავიდა. შტაბში მოკალათებულ ჯარისკაცებს სულთამხუთავივით დაადგა თავს. წამოყარა. სახლის უკან ფაქიზად ჩაწიკწიკებული ფიცრებისკენ გაირეკა (სადაც, თურმე, იარაღის საცავი ეგულებოდათ), გადაალაგეთ, მიწა გათხარეთ და თუ ვერაფერს აღმოაჩენთ, ბელტები უკანვე ჩაყარეთ, თხრილი ამოავსეთ, ფაქიზად დატკეპნეთ, რომ ბარის და ნიჩბის ნაკვალევი არსად დარჩეს, მერე ფიცრები კოხტად, თანმიმდევრულად გადმოაწყეთ, ძველი წესრიგი აღადგინეთ. დილას რომ ავდგები, ყველაფერი უცვლელად უნდა დამხვდეს, თორემ ტყავს გაგაძრობთო.
_ მართალი ყოფილხარ, _ შემომღიმა მეორე დღეს, _ არ არის.
ეჰ, რაფიკ, რაფიკ...
* * *
ნაშუადღევია. კარს ფრთხილად ვაღებ და ვიწრო ღრიჭოდან ლანდივით ვსხლტები. საფეხურებზე ვეშვები, ერთი, ორი, სამი. ვცდილობ, პარმაღის მოაჯირს, შემდეგ ქვის კედელს აკრულმა, შეუმჩნევლად მივაღწიო ფასადის კუთხემდე, აღმაშენებლის ჭედურ გამოსახულებას ზურგით მივეყრდნო და მამა ანდრიას სამარის გვერდით ჩავიჩოქო. ვმშვიდდები. ვფიქრობ: აი, მოძღვრის საფლავი, ვრცელი ეზო, ალაგ-ალაგ გაბნეული ფიჭვები, ორი კარიბჭე, რომელთაგან ერთ-ერთისკენ სამანქანო გზა მოემართება, მეორე სოფლის შარას რკინის კიბით უკავშირდება. თუკი ტაძარს გარს შემოვუვლი და აღმოსავლეთის მხრიდან მოვექცევი, ჯერ სენაკს მოვიტოვებ უკან, ბოლოს პატრიარქის რეზიდენციის დაუმთავრებელ შენობას მივადგები. უფლება მაქვს, კიდევ რამდენიმე ნაბიჯით წავიწიო წინ, ეზოს მახლობელი კუნჭულებისკენ, მერე კი იძულებული ვარ, შევჩერდე. საითაც უნდა მოვატარო მზერა _ პირდაპირ, მარჯვნივ, მარცხნივ, ირგვლივ, ყველგან _ გალავნით მკაცრად შემოზღუდულ სივრცეს, გადაულახავ კედლად აღმართულ ბეტონის რკალს ვაწყდები.
ნეტა, რა ხდება იქით? ვინ არის იქით? კომანელებისგან არავინ, საერთო სამარხში ჩაყრილი მიცვალებულების გარდა, რომლებსაც აფხაზ მკვდრებში გადაცვლის მერე, ალბათ, სოხუმთან ახლოს, სოფელ მაჭარას მიწას მიაბარებენ. საერთო სამარხის ადგილას კი,
ნანგრევებს შორის ამოჯაგრული შამბისა და ხვიარის ფონზე, ლურჯი ცის ქვეშ, გულამოთხრილი, ხახადაფჩენილი ვეება, შავი ღრმული დარჩება. როგორია ცხოვრება ტაძრის გალავანს მიღმა, თუკი ნანგრევების დუმილს შეიძლება, ცხოვრება ეწოდოს? არ ვიცი, არ ვიცი.
სად არის სახლი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ღამით დავტოვეთ, თუმცა აზრადაც არ მოგვსვლია, რომ დრო დაბინდებასა და განთიადს შორის, ერთი ღამის ნაცვლად, მთელ მარადისობას მოიცავდა?
ვერ ვხედავ. ვცდილობ, წარმოსახვით გადავდგა აკრძალული ნაბიჯები ეზოს მახლობელი კუნჭულებიდან ბეტონის მკვიდრად შედუღაბებულ ფილებამდე, გამოვხსნა კარიბჭე,
ჩავუყვე კიბეს, ვიარო გუმისთის ხეობის გასწვრივ, წმინდა წყლების მიდამოსკენ, სანამ ყაზარმად ქცეულ ნასახლარს არ მივადგები. არ შემიძლია. თვალებს ვხუჭავ და ვახელ. გინდ მარჯვნივ მიაწყვიტე მზერა, გინდ _ მარცხნივ, გინდ _ პირდაპირ, გინდ _ უკან, არაფერი იცვლება. ცხვირწინ მხოლოდ ზღუდეა, ორ ადგილას კარიბჭედატანებული, თანაბარი სიმაღლის რუხი კედელი, ტაძრისა და დანარჩენი ქვეყნიერების გამყოფი ხაზი, უკიდურესი მიჯნა, ჩაკეტილი წრე, რომელსაც ვერ გავცდებით. რატომ? თითქმის მთელი თვეა, უმკაცრესი რეჟიმით ვცხოვრობთ. გვძინავს ტანგაუხდელად, კარებჩარაზულ დარბაზში, პლედებდაგებულ იატაკზე. ვსაზრდოობთ რაფიკ აიბას თანამებრძოლების მიერ დილა-საღამოს მოწოდებული ჯარისკაცული ულუფით. თავისუფლად ვმოძრაობთ მხოლოდ შენობის შიგნით, გუმბათქვეშა სივრცესა და დერეფან-სათავსოებში. გარეთ გასვლას ვბედავთ ძალიან იშვიათად, მალვით, ფარულად, როცა უცხო პირთაგან ირგვლივ არავინ გვეგულება. ყოველი ნაბიჯის გადადგმას ვუთანხმებთ რაფიკ აიბას, რომელიც წყვეტს (კი არ გვიბრძანებს, გვირჩევს), როდის და რამდენ ხანს განვმარტოვდეთ მოძღვრის სამარესთან, რა მანძილზე მივუახლოვდეთ გალავანს, დარბაზში ფეხმოუცვლელად გამოვიკეტოთ თუ საკუთარ თავს ხუთი-ათი წუთით სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება მივცეთ. მთავარია, ტაძრის მცველები გვერდიდან არ მოვიშოროთ, ყურადღება არ მოვადუნოთ, რომ სროლის დაწყებისას ღია ცის ქვეშ, ჭურვებისა და ყუმბარების სამიზნეზე არ აღმოვჩნდეთ. ვერ ვიტყვი, ჩვენი ყოფა ნებისმიერ წუთს აუტანლად მძიმეა, სიმი დღე და ღამ გასაწყდომად არის დაჭიმული-მეთქი. ხანდახან მშვიდი
დილა თენდება, როცა არც ჩექმების ბრაგუნი ისმის, არც კვამლი ადის ცაში, არც მტვრის ბუღი დგას გზაზე, არც ბიჭებს გზავნიან ცუგუროვკას მთაზე საბრძოლველად. როცა ომი
გვავიწყდება, ავი წინათგრძნობა და უსიამოვნო მოლოდინი ქრება, მხიარულ გუნებაზე ვდგებით, თითქოს უცნაურად ვიქცევით, ვითარების აღქმის უნარს ვკარგავთ, სინამდვილეში, ძველი ჩვევების აღდგენას ვცდილობთ.
აი, მაგალითად, ფრონტის წინა ხაზიდან მობრუნებული ასტამური, ანკესით ხელში, გუმისთისკენ მიემართება. სახეზე ბავშვური ღიმილი დასთამაშებს. უნდა, განწყობილების შესაქმნელად, რამე ღრმააზროვანი და ბრძნუ მომხდარა. ომს მუდამ ახლდა სასიამოვნო, უფრო ხშირად კი, გულსატკენი პარადოქსები, როცა ზავის წყალობით დამეგობრებული ბიჭები საღამოს ლუკმას იყოფდნენ, მომდევნო დილას კი, ცეცხლის განახლებისთანავე, ერთმანეთის უნებური მსხვერპლი ხდებოდნენ. აგვისტოს დამდეგს ტყვეებისა და მიცვალებულების გაცვლა დაიწყო. კომანელებს 5 ივლისს დაღუპული და საერთო სამარხს მიბარებული ოცდასამი ახლობლის ცხედრის გადასვენების ნება დართეს.
12 აგვისტოს რაფიკ აიბა ტაძარში სვანებს შემოუძღვა. მერის ძმა, ვახტანგ პაკელიანი ვიცანი. ჩავეხუტე.
_ დღესვე ბრუნდებიან სოხუმში, _ მიმართა დედას რაფიკმა, _ გაყევით.
_ არა, _ გადაჭრით იუარა დედამ.
ვახტანგი შეცბა:
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ... _ ვეცადე, ზოგადი ფრაზებით შემოვფარგლულიყავი. ვრცელი ახსნა-განმარტებებისა და საკუთარი სულიერი მდგომარეობის შესახებ მსჯელობის დრო არ გვქონდა. ან როგორ გვეთქვა: ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად სულაც არ გვიღირს
კომანის, ტაძრის, მამა ანდრიას საფლავის მიტოვება, პიროვნულ ტრაგედიაზე ამაღლებისა და უფლის სიახლოვის განცდის ღალატი. უფალთან ახლოს ვართ. თითქოს მიწაზე კი არ გვიდგას ფეხი, ჰაერში ვლივლივებთ, ღრუბლებში დავცურავთ, წყალზე დავდივართ, პეტრესავით, რაც სიხარულს გვანიჭებს, უცნაური და დაუჯერებელი, აღტაცების მომგვრელი, ლამის საზეიმო შეგრძნებით გვავსებს ამქვეყნიურ ჯოჯოხეთშიც კი (მხოლოდ მორწმუნე მიხვდება, რას ვგულისხმობ). ტაძარს ვართ მიჯაჭვულები. ხიზნობა გვაქვს მისჯილი, ოღონდ ადამიანების კი არა, უფლის მიერ... და საერთოდ, თუ განვლილ დღეებს გადავავლებთ თვალს, ადვილად მივხვდებით: ტაძარში ყოფნა, მიწიერი საზრუნავისაგან გათავისუფლებისა და სულიერების წინ წამოწევის
სასარგებლოდ, ჯერ კიდევ ომის დაწყებისას მიღებული გადაწყვეტილებაა. არა თავსმოხვეული უზენაესი ნება, არამედ ამქვეყნიურ და მარადიულ ფასეულობებს შორის ძალდაუტანებლად, ბუნებრივად გაკეთებული არჩევანი. ჩვენი არჩევანი, ვისაც არასდროს განგვიხილავს, არც კი დაგვისვამს სოფლიდან გადახვეწის, უფლის სახლისა და მამა ანდრიას დათმობის საკითხი.
_ მეეჭვება, სხვა დროს აქედან გაღწევის შესაძლებლობა მოგეცეთ, ზოია...
_ მშვიდობით, ვახტანგ! პაკელიანმა შემოგვხედა, მერე თქვა:
_ მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა!
* * *
14 აგვისტოს მამა ანდრიას ორმოცი გადავიხადეთ.
15 აგვისტოს რაფიკ აიბამ გვაცნობა:
_ მორჩა, დამთავრდა. ყველანაირი ვადა ამოიწურა. რამდენიმე დღეში უნდა გავემგზავრო. თუ ბრძანებას არ შევასრულებ (რის გაკეთებასაც უნებურად მაიძულებთ: კომანიდან ფეხის მოცვლა არ გინდათ, მარტოებს კი ვერ გტოვებთ), დაუმორჩილებლობისთვის სამხედრო ტრიბუნალს გადამცემენ. ორივე შემთხვევაში, ფრონტის სხვა უბანზე გადავალ თუ ღალატის ბრალდებით დამხვრეტენ, შეურაცხყოფა, დამცირება, სიკვდილი არ აგცდებათ.
ზოია, საბოლოო პასუხი მჭირდება: მიდიხართ? უარს ვერ მივიღებ. დამთანხმდი. რაკი საკუთარი თავის გარდა შვილიც გაბარია, სიცოცხლე რომც არად გიღირდეს, ვალდებული ხარ, მისი ღირსების დაცვაზე იზრუნო, შვილის გამო დათმო. შეიბრალე. წარმოიდგინე, რა მოელის, როგორც კი შორს დამიგულებენ, როგორც კი გვერდით მფარველი აღარ ეყოლება.
_ მისმინე... _ წამოიწყო დედამ, მაგრამ რაფიკმა გააწყვეტინა:
_ ნუ აჩქარდები. დილამდე იფიქრე, ვითარება კარგად აწონ-დაწონე. გაიაზრე: რა შეიძლება მოჰყვეს უარის თქმას, ხარ თუ არა მზად ნებისმიერი მოსალოდნელი შედეგისთვის, იღებ თუ არა საკუთარ თავზე ყველანაირ პასუხისმგებლობას. ოღონდ გიმეორებ, არ დაივიწყო, რომ სამი ადამიანის ბედი გაქვს გადასაწყვეტი, შენთვის, ჩემთვის, მარიასთვის სასიცოცხლო ან სასიკვდილო განაჩენი გამოგაქვს.
_ რაფიკ! _ შეკრთა დედა.
_ ნახვამდის! დილას დავბრუნდები.
ავტორი შორენა ლებანიძე