სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11125

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

640       ბეჭდვა

აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

 წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები  აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე


1992 წელი

14 აგვისტო

საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით პოლიციის ნაწილები გაიგზავნა აფხაზეთში. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების დაცვას ითვალისწინებდა.

საქართველოს პოლიციას წინ მიუძღოდა სოხუმის ბატალიონი სოსო ახალაიას (აფხაზეთის შსს სოხუმის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი) მეთაურობით, რომელიც სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის შემდეგ უბრუნდებოდა დისლოკაციის ადგილს. შემდეგ მოდიოდა შენაერთი თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის დ. ზეიკიძის მეთაურობით.

    პირველი შეტაკება ოჩამჩირის რაიონში მოხდა  სოფელ ოხურეისთან, სადაც აფხაზმა „გვარდიელებმა“ მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელთა კოლონას.

     მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა ქართველთა ერთი ჯავშანმანქანა.

    შეტაკება მოხდა აგრეთვე, გულრიფშის რაიონში  სოფელ მაჭარასთან, სადაც დაიჭრა ერთი ქართველი და დაიღუპა აფხაზი „ბოევიკი“, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან უშენდა ცეცხლს გზატკეცილზე მოძრავ კოლონას.

     ჩასაფრებულმა აფხაზმა ბოევიკებმა ააფეთქეს დისლოკაციის ადგილისკენ (ალკკ XV ყრილობის სახელობის ტურბაზა) მიმავალი ს. ახალაიას რაზმის ქვეითთა ჯავშანმანქანა. აფეთქების ადგილას რატომღაც აღმოჩნდნენ რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის წარმომადგენლები, რომლებმაც უმოკლეს დროში მსოფლიოს ამცნეს, რომ `ქართული არმია ტანკებით შეიჭრა აფხაზეთში და მოახდინა მისი ოკუპაცია“.

_ სისხლისღვრისა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით ქართული შენაერთები ქალაქის შემოგარენში დაბანაკდნენ.

_ სეპარატისტებმა მობილიზაცია გამოაცხადეს (სერგეი შამბამ მიმართა აფხაზი ეროვნების მოსახლეობას, რათა შეკრებილიყვნენ ადრე დათქმულ ადგილებში). აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა, ფაქტობრივად კი ვ. არძინბამ ერთპიროვნულად მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

_ შეიარაღებულმა აფხაზმა სეპარატისტებმა დაიკავეს ქალაქის სტრატეგიული პუნქტები.

15 აგვისტო

_ გაგრის ზონაში ზღვიდან გადმოისხა მცირერიცხოვანი ქართული სამხედრო შენაერთი.

_ სოხუმში ჩამოდიან თენგიზ სიგუა, ჯაბა იოსელიანი. აფხაზებთან მოლაპარაკებაში (ის თავიდან იგეგმებოდა ე.წ. სტალინის აგარაკზე  საქართველოს მინისტრთა საბჭოს დასასვენებელ სახლში, რომელიც სოხუმის შემოსასვლელში მდებარეობს, მაგრამ სერგეი ბაგაფშის მოთხოვნის შემდეგ ადგილი შეიცვალა) ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ: თ. სიგუა, ჯ. იოსელიანი (საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი), თამაზ ნადარეიშვილი (აფხაზეთის უმაღლესი

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე), ვ. ყოლბაია (დეპუტატი), ნ. მესხია (დეპუტატი), ა. იოსელიანი (აფხაზეთის უშიშროების სამსახურის უფროსი).

აფხაზური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: სერგეი ბაგაფში (აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ზ. ლაბახუა (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე), ა. ანქვაბი (დეპუტატი, შ/ს მინისტრი), ზ. აჩბა, სერგეი შამბა და დ. ფილია (დეპუტატები). საუბრის შემდეგ

თ. სიგუამ მათ განუცხადა, რომ ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებული იყო პოლიციის შენაერთის შემოყვანა კომუნიკაციების გაკონტროლების

მიზნით, რამაც გაკვირვება და შეშფოთება გამოიწვია აფხაზურ მხარეში. თ. სიგუამ მოითხოვა ვ. არძინბასთან შეხვედრა, მაგრამ აფხაზთა ლიდერმა ამას თავი აარიდა და დიალოგზე უარი განაცხადა.

ზ. ლაბახუას წინადადებით მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ 200-200 კაციანი აფხაზურ-ქართული სამხედრო შენაერთი მდინარე ფსოუდან სამეგრელომდე დაიცავდა რკინიგზასა და სხვა კომუნიკაციებს, მაგრამ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი არ მოეწერა. ს. ბაგაფშმა სოხუმიდან გასვლისათვის ითხოვა დრო. ამით დასრულდა ეს მოლაპარაკება. აფხაზები დროის გაყვანას ცდილობდნენ.

16 აგვისტო

_ გაგრაში გაიმართა ქართული და აფხაზური პოლიტიკური ორგანიზაციებისა და შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენელთა შეხვედრა. შეთანხმდნენ, რომ ქართული დესანტი არ შევიდოდა გაგრაში და დარჩებოდა განთიად-ლესელიძეში და კონტროლს იქიდან გაუწევდა რკინიგზასა და ავტოტრასას. შეთანხმება ძალაში16 აგვისტოს შევიდა.

17 აგვისტო

_ სოფელ ბზიფის ავტოტრასაზე აფხაზებმა პიკეტები დააყენეს. რამდენიმე საათში ქართული პიკეტები გაჩნდნენ სოფელ კოლხიდასთან, სადაც მოხდა მძევლების გაცვლა.

_ გაგრის ადმინისტრაციის მეთაურმა რ. იაზიჩბამ განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან შეთანხმებით ბიჭვინთიდან დაიწყება დამსვენებლების გადაყვანა ფოთში.

18 აგვისტო

_ ვ. არძინბას ხელისუფლებამ დატოვა სოხუმი (თან გაიყვანეს როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომანქანები, ტაქსები, ავტობუსები, გაძარცვეს რესპუბლიკური სააფთიაქო სამმართველო და წაიღეს ნარკოტიკული საშუალებებისა და სხვა მედიკამენტების მთელი მარაგი).

_ ქართული შენაერთები შევიდნენ სოხუმში. საცხოვრებელი სახლების სახურავებიდან მათ შეხვდათ საკმაოდ ორგანიზებულ სნაიპერთა ჯგუფების წინააღმდეგობა, რომელსაც ორივე მხრიდან მოჰყვა მსხვერპლი (ქართული მხრდან დაიღუპა ქალაქ სოხუმის შჯ-ს სამმართველოს ოფიცერი ნ. ქეცბაია). შემდგომ ქართულმა შენაერთებმა ბრძანებისამებრ პოზიციები მდინარე გუმისთასთან დაიკავეს, თუმცა წინ წაწევა თავისუფლად შეეძლოთ, რადგან ე.წ. აფხაზური გვარდია პანიკურად გარბოდა გუდაუთის მიმართულებით.

_ გუდაუთიდან გაგრაში ჩაიყვანეს დატყვევებული ქართველი ჟურნალისტი ალექსანდრე ბერულავა.

_ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ქალაქ სოხუმში „კრიმინოგენური ვითარების მკვეთრ გამწვავებასთან დაკავშირებით გამოცხადდა მოქალაქეთა ქცევის განსაკუთრებული რეჟიმი 18 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე. კომენდანტად დაინიშნა გენერალ-მაიორი გ. გულუა.

_ გროზნოში კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია იღებს გადაწყვეტილებას, მოხალისეები გააგზავნოს აფხაზეთში.

19 აგვისტო

_ აფხაზები ტოვებენ გაგრას და ქართული შენაერთები იკავებენ მას. ქალაქის კომენდანტად დაინიშნა „მხედრიონელი“ ბ. ფირცხელიანი, მოადგილედ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი ჯ. ლატარია.

_ ლესელიძეში ჩავიდნენ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ შექმნილი საევაკუაციო კომისიის წევრები.

20 აგვისტო

_ არმავირში გაიმართა ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკების, როსტოვის ოლქის, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეების ხელმძღვანელთა ანტიქართული შეხვედრა. ბ. ელცინისადმი მიმართვაში მათ გამოთქვეს შეშფოთება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე რუსეთის ფედერაციის მთავრობის „დაგვიანებული” რეაქციის გამო.

_ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით თბილისიდან შემოსული მედიკამენტები გაგრიდან გადაეცა გუდაუთის (ე.ი. აფხაზური მხარე) რაიონულ საავადმყოფოს.

_ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ა. ჯორბენაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთიდან გაიყვანეს 15 ათასი დამსვენებელი.

22 აგვისტო

_ აფხაზურმა და კონფედერატების შენაერთებმა გადმოლახეს მდინარე გუმისთა, მაგრამ საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ისინი უკუაგდო.

_ ტელევიზიით გამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდალი გ. ყარყარაშვილი, რომელმაც მკვეთრი შეფასება მისცა მოწინააღმდეგის აღნიშნულ გამოხდომას. მისი გამოსვლა გამოირჩეოდა რადიკალიზმითა და შეუწყნარებლობით.

24 აგვისტო

_ შეიარაღებულმა აფხაზებმა დააპატიმრეს და გუდაუთაში წაიყვანეს ეშერელი ა.ჩხეიძე სამ ქართველთან ერთად და სასტიკად სცემეს.

26 აგვისტო

_ ჩეჩენი ეროვნების შეიარაღებულმა პირებმა სასტიკად სცემეს ეშერელი ე. მალიუკი ქართველების მიმართ გამოჩენილი სიმპათიის გამო. მათვე გააუპატიურეს არასრულწლოვანი ქართველი ლ. ცი-ა. სოფეკ ორჯონიკიძეში აფხაზებმა თავის სახლში მოკლეს ცოლ-ქმარი ნ. და რ. ლობჟანიძეები.

29 აგვისტო

_ ბრძოლები გაიმართა გაგრის რაიონში სოფელ მამზიშხასთან, საიდანაც უკან დაიხიეს ქართულმა რაზმებმა.

30 აგვისტო

_ თბილისიდან სოხუმში ჩაფრინდა სომხეთის პარლამენტის წევრთა ჯგუფი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრის, პარტია „დაშომის ქრონიკები 13 ნაკცუტიუნის“ წევრის სეირან ბაგდასარიანის ხელმძღვანელობით. კვირას ისინი შეხვდნენ თ. ნადარეიშვილსა და სხვა დეპუტატებს. სომეხმა პარლამენტარებმა მოინახულეს ქართველების მიერ კონტროლირებადი სომხური სოფლები და გაემგზავრნენ ვ. არძინბასთან შესახვედრად. მათი ვიზიტის მიზანი იყო აფხაზეთში მცხოვრები სომხების უსაფრთხოების საკითხის შესწავლა.

31 აგვისტო

_ 16 საათისთვის სოხუმის რაიონის სოფელ ქვემო ეშერის მიმართულებით გადავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რაზმი, რომელსაც მძაფრი წინააღმდეგობა შეხვდა იქვე განლაგებულ რუსეთის არმიის სამხედრო ნაწილისაგან. ამ რაზმმა აიღო სოხუმის ნავთობაზა და წისქვილკომბინატი.

_ წითელი ჯვრის ქალაქ სოჭის საქალაქო კომიტეტმა გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოს გადასცა 50 ათასი მანეთის მედიკამენტები. წითელი ჯვრის შუამდგომლობით აფხაზეთში გაიგზავნა 350 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩრდილოეთ კავკასიიდან. აფხაზეთიდან 57-მა ლტოლვილმა სოჭში მიიღო ფულადი კომპენსაცია 42 ათასი მანეთის ოდენობით.

_ შექმნილი სიტუაცია აფხაზეთში მოითხოვდა სპეციალური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც იმუშავებდა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე. ამიტომ შეიქმნა აფხაზეთში მდგომარეობის სტაბილიზაციის დროებითი კომისია, რომელსაც დაეკისრა აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციები შესაბამისი სტრუქტურების შექმნით. მასში ძირითადად შევიდნენ აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის საბჭოს წევრები. დროებითი კომისიის თავმჯდომარედ დაამტკიცეს გ. ლომინაძე [6].

_ შეიქმნა ჰუმანიტარული და სხვა დახმარებების კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ გ.ნაჭყებია (აფხაზეთის საპენსიო ფონდის თავმჯდომარე) და დეპუტატი ე. ასტემიროვა.

1 სექტემბერი

_ წმიდა მარიამ ღვთისმშობლის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სოხუმის გარნიზონის ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა 17 აფხაზი სამხედრო ტყვე.

_ აღსდგა აფხაზეთის ტელევიზიის გადაცემები, რომლის ორგანიზება დაევალა დეპუტატ ვ.ყოლბაიას. საქართველოს ტელევიზიის თანამშრომელთა დახმარებით სოხუმიდან გადაცემები ვრცელდებოდა მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. აფხაზური ტელევიზია გადაცემებს აწარმოებდა გუდაუთიდან, რომელიც ვრცელდებოდა გუდაუთის რაიონსა და ნაწილობრივ გაგრაზე.

_ აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 14-31 აგვისტოს მონაცემებით, ამ პერიოდისათვის საომარი შეტაკებების დროს დაიღუპა 130 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი, დაიჭრა 510.

3 სექტემბერი

_ მოსკოვში რუსეთის შუამავლობით და გარანტიით ხელი მოეწერა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ. ამ დოკუმენტში კონფლიქტის მხარეებად დაფიქსირდნენ აფხაზეთის ქართველობა და აფხაზები, ამიტომ მას ხელი ე.შევარდნაძესთან, ბ. ელცინთან, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან ერთად ვ.არძინბამ და თ. ნადარეიშვილმა მოაწერეს.

5 სექტემბერი

_ ქართულმა მხარემ შეასრულა შეთანხმება და ჯარებმა დატოვეს პოზიციები. ადგილობრივი მოსახლეობა დაცვის გარეშე დარჩა. აფხაზებმა დაარღვიეს შეთანხმება და დაიკავეს ეს პოზიციები, რის შემდეგ დახოცეს სოფელ ქვემო ეშერაში ჩარჩენილი ქართველები.

8-9 სექტემბერი

_ აფხაზებმა სახლიდან ძალით გაიყვანეს ქვემო ეშერელი მამა-შვილი თ. და ო. ბერულავები, რომლებიც უგზო-უკლოდ დაიკარგნენ. სახლიდან გაიყვანეს და შემდეგ მოკლეს ამავე სოფლის მცხოვრებლები ე. უგრეხელიძე და დ. მინაძე. ყაჩაღური თავდასხმები მოაწყვეს აფხაზმა „გვარდიელებმა“ ბ. ლომთაძის, დ. დემეტრაძისა და რ. კურდღელიას სახლებზე, წაიყვანეს ავტომანქანები და გაძარცვეს, გააუპატიურეს ეშერელი ვ. ს-ი, მ. მ-ა. გუდაუთის რაიონის სოფელ ორჯონიკიძეში აფხაზებმა საკუთარ სახლში მოკლეს ცოლ-ქმარი ნ. და რ. ლობჟანიძეები.

14 სექტემბერი

_ გაგრის ზონის კოლხიდის მიდამოებში გაიმართა მძიმე შეტაკებები ქართულ და აფხაზურ შენაერთებს შორის. ქართული მხრიდან დაიღუპნენ: მიშა ნოზაძე, გურამ გულავა, მაიზერ ბაიაძე, ვოვა ბელიმონოვი, მიშა გამკაძე (შტაბის უფროსი); მძიმედ დაიჭრნენ ზაზა ჯოხარიძე და გურამ მექვაბიშვილი, რომლებმაც შემდეგ „ავაზას“ ერთ ნაწილთან ერთად ბრძოლა გააგრძელეს გაგრის ბატალიონის შემადგენლობაში.

16 სექტემბერი

_სეპარატისტებმა მიიღეს დადგენილებები „აფხაზეთის წინააღმდეგ საქართველოს სახელმწიფო საბჭოს შეიარაღებული ძალების აგრესიის შესახებ“ და „აფხაზი ხალხის გენოციდის შესახებ“.

19 სექტემბერი

_ ქართულმა მხარემ საბოლოოდ გადაკეტა მდინარე გუმისთის ხიდი.

22 სექტემბერი

_ აფხაზეთში მდგომარეობის სტაბილიზაციის დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით შეიქმნა საომარი მოქმედებების ზონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების სპეციალური კომისია. ანალოგიური სტრუქტურები შეიქმნა

აფხაზეთის ყველა ქალაქსა და სოფელში.

24 სექტემბერი

_ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მთიელ ხალხთა კონფედერაციის ასამბლეის პრეზიდენტის მ. შანიბოვის დაპატიმრებასთან დაკავშირებით გაიმართა ამ ორგანიზაციის საგანგებო სხდომა.

24-25 სექტემბერი

_ სერგეი ბაბურინის (რუსეთის ფედერაციის დეპუტატი) ინიციატივით გაიმართა რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს დახურული სხდომა, რომელზეც განიხილეს აფხაზეთის მოვლენების გამო ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი მდგომარეობა. მიიღეს დადგენილება აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის შესახებ“, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შეაფასა როგორც ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა.

27 სექტემბერი

_ მთიელ ხალხთა კონფედერაციის ასამბლეის პრეზიდენტი მ. შანიბოვი გაათავისუფლეს პატიმრობიდან. აფხაზ სეპარატისტთა ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება მთიელ ხალხთა კონფედერაციის ჯარების აფხაზეთიდან გაყვანის შეჩერების შესახებ.

_ გაიმართა ღამის ბრძოლები ოჩამჩირის რაიონ სოფელ მერკულასთან.

_ ვ. არძინბას ხელისუფლებამ გუდაუთაში განაცხადა, რომ არ აპირებს აფხაზეთიდან კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის დაქირავებულ მებრძოლთა გაყვანას.

30 სექტემბერი

_ ე. შევარდნაძის სამთავრობო ძალებმა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების (ზვიად გამსახურდიას) მომხრე შეიარაღებული ფორმირებები განდევნეს სენაკიდან.

10-30 სექტემბერი

_ მოსკოვის 3 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე ქართულმა მხარემ გაგრის ზონიდან გაიყვანა შეიარაღებული შენაერთები. ქალაქში

დარჩა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისაგან შექმნილი მოხალისეთა რაზმი.

1 ოქტომბერი

_ ზ. გამსახურდიას მომხრე შეიარაღებულმა ფორმირებებმა აიღეს ქალაქი ხობი.

_ ქართული შენაერთები შევიდნენ ოჩამჩირის რაიონის სოფელ რეკაში და შემდგომ უკან დაიხიეს.

2-3 ოქტომბერი

_ გაგრას შემოუტია აფხაზთა, რუსთა, ჩრდილოეთ კავკასიელთა გაერთიანებულმა ლაშქარმა. გამოყენებულ იქნა უახლესი სამხედრო ტექნიკა, ტანკები, ავიაცია. ზღვის აკვატორია ჩაიკეტა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების

მიერ. სამხედრო გემები СКР «Безукоризненный», КИЛ-25, ВТН-38, ВМ-66, ГА „Головин“, 345-ე სადესანტო ბატალიონი, 529-ე საავიაციო (СУ-25, СУ-27, МИ-8), 643-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკები რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი

მოადგილის გენერალ-პოლკოვნიკ გ. კოლესნიკოვის მეთაურობით მონაწილეობდნენ გაგრის ზონის ოკუპაციაში. ამავე პერიოდში რუსულმა ტანკერმა „Дон“ გუდაუთაში ჩამოცალა 420 ტონა დიზელის საწვავი და ბენზინი.

_ მოწინააღმდეგემ დილის 6 საათზე დაიწყო შეტევა და საღამოსთვის აიღო ქალაქი გაგრა, სადაც განხორციელდა მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები.

_ ქართულმა სამხედრო ხელმძღვანელობამ მოსთხოვა რუსეთის არმიის წარმომადგენლებს მდინარე გუმისთიდან გაეყვანა საკუთარი შენაერთები.

_ მოწინააღმდეგემ ხელში ჩაიგდო დაახლოებით 20 ერთეული ბრონიტექნიკა.

3 ოქტომბერი

_ მ. შანიბოვის აქტიური მონაწილეობით ჩატარდა მხკ-ის საგანგებო ყრილობა. ორგანიზაციას ეწოდა კავკასიის ხალხთა კონფედერაცია. მასზე მიიღეს გადაწყვეტილება, გაეფართოეომის ქრონიკები 15

ბინათ აფხაზეთში აფხაზ სეპარატისტთა მხარდაჭერა, კერძოდ, მხარი დაუჭირეს საომარ მოქმედებებში რუსეთიდან შემოგზავნილ კაზაკთა რაზმების მონაწილეობას.

3-4 ოქტომბერი

_ განხორციელდა აფხაზთა და კონფედერატთა შეტევა გუმისთაზე ე.წ. „დვურეჩიასთან“, სოფელ კამანისა და შრომის მიმართულებით. დროებითი წარმატების შემდეგ საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის (შემდგომთავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მოტომსროლელი ბრიგადის) მებრძოლებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა და ტექნიკა გაანადგურეს.

5 ოქტომბერი

– ქართული შენაერთის უშედეგო კონტრშეტევა გაგრაზე სანატორიუმ „უკრაინის“ მიდამოებში. საღამოსთვის მოწინააღმდეგე გავიდ „ხოლოდნაია რეჩკასთან“.

_ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს კუთვნილი ვერტმფრენი МИ-8 ჩამოაგდეს.

6 ოქტომბერი

_ აფხაზებმა ფსოუსთან აღმართეს დროშა. ამ დღეს მათ პირველად გამოიყენეს ე. წ. მოტოდეკტოპლანები ქართველთა პოზიციების დასაბომბად.

7-8 ოქტომბერი

_ სოფელ ლიხნში პირველად გაიმართა აფხაზ–აბაზინ ხალხთა მსოფლიო კონგრესი.

11 ოქტომბერი

_ საქართველოში ჩატარდა პირველი პოსტკომუნისტური პარლამენტის არჩევნები. აფხაზეთში არაკონტროლირებადი (გაგრის ზონა და გუდაუთის რაიონი, ქალაქ ტყვარჩელის ზონა) ტერიტორიებისა და გალის რაიონის გარდა (აქ აქტიურობდნენ ზ. გამსახურდიას მომხრეები, რომლებმაც ჩაშალეს არჩევნები) მოსახლეობამ ყველგან გამოხატა თავისი ნება.

_ ქართულმა ავიაციამ დაბომბა ქალაქ ტყვარჩელთან განლაგებული მოწინააღმდეგის პოზიციები.

_ შეიქმნა „აფხაზეთის რესპუბლიკის არმია“ და თავდაცვის მინისტრად დაინიშნა პოლკოვნიკი ვ. არშბა, ხოლო გენერალური შტაბის უფროსად ჩრდილოკავკასიელი სულთან სოსნალიევი.

13 ოქტომბერი

_ ქვემო ეშერაში ჩამოაგდეს საქართველოს СУ -25 ტიპის გამანადგურებელი.

18 ოქტომბერი

_ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის ასამბლეის პრეზიდენტი მ. შანიბოვი ჩადის გუდაუთაში და აყალიბებს კონფედერაციის ოპერატიულ შტაბს.

23 ოქტომბერი

_ სოხუმში დაიწვა აფხაზეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

_ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლითაც აფხაზეთში დისლოცირებულ ჯარებს ოფიციალურად მიეცათ უფლება ცეცხლი გაეხსნათ ქართული ჯარის პოზიციებისთვის.

24 ოქტომბერი

_ ოჩამჩირის რაიონში, სოფელ მერკულასთან გაიმართა ბრძოლები, რომლის დროსაც ქართველებმა დაკარგეს ერთი ტანკი და ჯავშანმანქანა.

31 ოქტომბერი

_ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირებების ხელმძღვანელი ლოთი ქობალია ჩადის სოხუმში და აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებებში შუამავლის როლს კისრულობს.

1 ნოემბერი

_ ქართული არმიის შეტევა გუმისთის ფრონტზე.

4 ნოემბერი

_ აფხაზთა შენაერთების უშედეგო შეტევა სოხუმის რაიონის სოფლებზე კამანი და შრომა.

5 ნოემბერი

_ ლოთი ქობალია ექსპრეზიდენტის სხვა მომხრეებთან ერთად ჩადის გუდაუთაში და აფხაზურ მხარეს სთავაზობს ჯოხარ დუდაევის წარმომადგენლებთან ერთად კონფლიქტში შუამავლის როლის შესრულებას.

_ 18 საათზე რუსეთის СУ-25 ტიპის ორმა გამანადგურებელმა ცეცხლი დაუშინა ქართულ ბატალიონს მდინარე გუმისთასთან.

14 ნოემბერი

_ ოჩამჩირის რაიონ სოფელ ცხენისწყალთან უტევდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 საარმიო კორპუსის 243-ე ბატალიონის ოცეული. ქართველი მებრძოლი რომან სილაგაძე შევიდა მტრის ზურგში, ნაღმტყორცნით გაანადგურა ორი საბარგო ავტომანქანა, ერთი ტრაქტორი და დიდი ზიანი მიაყენა მოწინააღმდეგეს.

15 ნოემბერი

_ 19 საათზე განხორციელდა რუსეთის ავიაციის თავდასხმა მდინარე გუმისთაზე განლაგებულ საქართველოს საჯარისო ნაწილებსა და სამხედრო პოლიციის პოზიციებზე.

18 ნოემბერი

_ 13 საათზე სოხუმის შემოგარენის დასახლებულ პუნქტ კელასურზე რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა.

20-29 ნოემბერი

_ რუსეთის შეიარაღებული ძალების ზოგიერთი სამხედრო ნაწილის სოხუმიდან გასვლასთან დაკავშირებით გუმისთაზე დროებით შეწყდა ცეცხლი.

24 ნოემბერი

_ შეიქმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა თ. ნადარეიშვილი. ფაქტობრივად, ფუნქციონირება შეწყვიტა ფრაქცია „დემოკრატიულმა აფხაზეთმა“ და აფხაზეთში მდგომარეობის სტაბილიზაციის დროებითმა კომისიამ.

26 ნოემბერი

_ საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილებები „აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით“, „აფხაზეთის საქმეთა კომისიის შექმნის შესახებ“ და „გაგრის მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“. აფხაზეთის კომისიას (თავმჯდომარე აკადემიკოსი ნიკო ჭავჭავაძე) დაევალა წარმოედგინა წინადადებები აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის სამართლებრივი ნორმების თაობაზე. პარლამენტმა ცნობად მიიღო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის შექმნა.

29-30 ნოემბერი

_ აფხაზთა და კონფედერატთა ფორმირებები ჩეჩენ შამილ ბასაევის მეთაურობით ბრძოლით იღებენ ოჩამჩირის რაიონის ყველაზე დიდ ქართულ სოფელ კოჩარას და მთლიანად ანადგურებენ მას. ნოემბერი

_ ოჩამჩირის რაიონ სოფელ ჭლოუში ფუნქციონირება დაიწყო სასწავლო ცენტრმა, სადაც რუსი ინსტრუქტორები ასწავლიდნენ აფხაზებს საბრძოლო ხელოვნებასა და სამხედრო ტექნიკას.

_ ოჩამჩირის რაიონ სოფელ რეკაში ჩამოყალიბდა აფხაზთა ბატალიონი 150 ადგილობრივი მცხოვრებლისაგან (მეთაური სლავიკ ქიშმარია).

_ ოჩამჩირის აფხაზი ეროვნების მოქალაქეებისაგან გუდაუთაში შეიქმნა ბატალიონი „ზიგ-ზაგი“ 220 კაცის შემადგენლობით.

_ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით სოხუმსა და ოჩამჩირის ზონაში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. პარლამენტმა დაამტკიცა აფხაზეთის საქმეთა დროებითი კომისიის დებულება.

_ სოხუმში ჩამოვიდა სეპარატისტთა ეკონომიკის მინისტრი ბესლან კობახია, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა სახელმწიფო მინისტრ გოგა ხაინდრავასთან მოლაპარაკებები. მან განაცხადა, რომ ვ.არძინბა მხოლოდ მაშინ გადადგება, როდესაც იგივე ნაბიჯს ე.შევარდნაძე გადადგამს. ბ. კობახიამ არ დაადასტურა გაგრაში მომხდარი მშვდობიან ქართველთა დახოცვის ვანდალური ფაქტები და თქვა, რომ არსად არ დაფიქსირებულა აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფის ოფიციალური მოთხოვნა.

_ გუდაუთაში ჩატარდა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს აფხაზური ნაწილის სესია, რომელზეც სადეპუტატო უფლებამოსილება მოუხსნეს ზოგიერთ ქართველი ეროვნების დეპუტატს იმ მოტივით, რომ ისინი არჩეულნი არიან საქართველოს პარლამენტში (ე.ი. მათი აზრით, სხვა ქვეყნის პარლამენტში, რაც აფხაზეთის კონსტიტუციის დარღვევად ჩათვალეს). ამ შეკრებაზე ქალაქ სოხუმს უწოდეს „Сухум“, ხოლო ტყვარჩელს _ „Ткварчал“.

2 დეკემბერი

_ რუსეთის ფედერაციის ავიაციამ დაბომბა ქალაქი სოხუმი.

5 დეკემბერი

_ 18 საათზე СУ-25 ტიპის ორი თვითმფრინავით განხორციელდა საჰაერო დარტყმები მდინარე გუმისთასთან განლაგებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილებზე.

6 დეკემბერი

_ ტყვარჩელის მიდამოებში კატასტროფა განიცადა რუსეთის ვერტმფრენმა, რომელსაც შეიარაღება გადაჰქონდა და დაქირავებული მეომრები გადაჰყავდა.

7 დეკემბერი

_ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცხენისწყალთან მომხდარ ბრძოლაში დაიღუპა ბატალიონ „თბილისის“ (მეთაური ა. კვაშილავა) 10 მებრძოლი.

9 დეკემბერი

_ რუსეთის ავიაციამ დაბომბა სოხუმის საცხოვრებელი უბნები. პირდაპირი დამიზნებით ჭურვები დაუშინეს ქალაქის ბაზრის ტერიტორიას, რასაც მოჰყვა უდანაშაულო 13 სამოქალაქო პირის, მათ შორის რუსი ეროვნების ადამიანთა მსხვერპლი.

_ კოჩარის ბატალიონის მეომრებმა ოჩამჩირის რაიონ სოფელ კოჩარაში, სადაც აფხაზები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ, ერთ-ერთ სახლში გამაგრებულ მტერს შეუტიეს. შედეგად დაიღუპა 9 აფხაზი მებრძოლი.

10 დეკემბერი

_ რუსეთის ავიაციამ დაბომბა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბა, სადაც არავითარი საომარი ოპერაციები არ მიმდინარეობდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი.

11 დეკემბერი

_ დაუდგენელმა პირებმა სცადეს მდინარე ენგურის სარკინიგზო ხიდის აფეთქება. ამ პერიოდში გალისა და ზუგდიდის შემოგარენში მანევრები გააკეთა სამხედრო თვითმფრინავმა.

14 დეკემბერი

_ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ა. კოზირევმა სტოკჰოლმში ევროთათბირის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განავითარა აზრი ყოფილი სსრკ-ს ბაზაზე ახალი კონფედერაციის შექმნის შესახებ. აღნიშნული იდეის ავტორად მოგვევლინა რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატთა მე-7 ყრილობა.

15 დეკემბერი

_ გულრიფშის რაიონის სოფელ ლათასთან ჩამოგდებულ იქნა რუსეთის სამხედრო-სატარნსპორტო ვერტმფრენი, რომელიც ასრულებდა რეისს ტყვარჩელი-გუდაუთა.

27 დეკემბერი

_ ოჩამჩირის რაიონში სეპარატისტთა მიერ ავტომაგისტრალებზე პერმანენტული თავდასხმების აღკვეთის მიზნით საქართველოს ჯარებმა დაიკავეს პოზიციები ტყვარჩელის მიმართულებით დაბა აკვასკამდე.

_ სოფელ აკვასკასთან ჩამოაგდეს ქართული ვერტმფრენი და პილოტი _ საბჭოთა კავშირისგმირი _ „ავღანელი“ ჯიმი მაისურაძე.

_ მოსკოვში შექმნილმა რუსულ-აფხაზურმა ერთობლივმა საბჭომ და რუსეთის ფედერაციის საემიგრაციო სამსახურმა, თავის თავზე აიღო აფხაზეთში საბჭოთა არმიის იმ ოფიცერთა და სამხედრო სპეციალისტთა გადასახლების ორგანიზება, რომლებმაც დატოვეს აღმოსავლეთ ევროპა და სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკები. აღნიშნულ საბჭოს მეთაურობს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე ს. ბაღაფში.

1993 წელი

2 იანვარი

_ 13 საათზე აფხაზურმა მხარემ მდინარე გუმისთაზე ტანკებიდან ცეცხლი გაუხსნა ქართულ პოზიციებს, დაიჭრა ერთი მებრძოლი. ქვემო ეშერის წისქვილკომბინატის მიდამოებიდან „გრადის“ ტიპის სარაკეტო დანადგარიდან აფხაზებმა ქალაქ სოხუმის საცხოვრებელი სახლების მიმართულებით ისროლეს 10-მდე ჭურვი. დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

3 იანვარი

_ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცხენისწყალთან აფხაზურმა მხარემ განახორციელა შეტევა, რომელიც მოგერიებულ იქნა. ბრძოლის დროს დაიღუპა 15 აფხაზი და დაიჭრა 4 ქართველი მეომარი.

4-5 იანვარი

_ აფხაზებმა განახორციელეს ძლიერი შეტევა სოხუმის მიმართულებით. დაიღუპა 4 და დაიჭრა 8 ქართველი. აფხაზურმა მხარემ დაკარგა 90-ზე მეტი მეომარი და 4 ტანკი. 

5 იანვარი

_ აფხაზმა ბოევიკმა დაახლოებით 20:00 საათზე სოხუმის აეროპორტის ტერიტორიას გადაუფრინა დელტოპლანით და დაბომბა საცხოვრებელი კვარტალი. მსხვერპლი არ ყოფილა.

7 იანვარი

_ ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღთან მოხდა შეტაკება. აფხაზურმა შენაერთებმა უკან დაიხიეს. _ ოჩამჩირის შემოგარენში ღამის 4 საათზე აფხაზთა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძი. შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ქალაქ სოხუმს, სოხუმის რაიონსა და გულრიფშს.

11 იანვარი

_ ოჩამჩირისა და გალის რაიონების საზღვარზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილებმა დილის 7 საათზე ალყა შემოარტყეს აფხაზთა დივერსიულ ჯგუფს 14 მეომრის შემადგენლობით. დაიღუპა მოწინააღმდეგის სამი მებრძოლი, ხოლო დანარჩენი ტყვედ აიყვანეს.

12 იანვარი

_ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა გაგრის მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის დებულება.

13 იანვარი

_ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ფოქვეშთან მოხდა შეტაკება. აფხაზებმა დაკარგეს ორი მეომარი, 10 დაიჭრა.

15 იანვარი

_ ოჩამჩირის რაიონის სოფელ კუტოლთან მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა 4 ქართველი და 15 აფხაზი მეომარი. ამ ბრძოლაში აფხაზებმა ჩამოაგდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი.

18 იანვარი

_ გულრიფშის რაიონის სოფელ საკენთან ჩამოგდებულ იქნა რუსული ვერტმფრენი, რომელიც მიფრინავდა ქალაქ ტყვარჩელისკენ. ტყვედ აიყვანეს ვ. არძინბას მთავრობის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზ. ლაბახუა.

27 იანვარი

_ ოჩამჩირის რაიონ სოფელ ცხენისწყალთან მდინარე აკვასკას გასწვრივ სპეცდავალებით გავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის სადაზვერვო ჯგუფი გ-სა და ნ. რ-ის შემადგენლობით. აფეთქებულ იქნა

მოწინააღმდეგის მართვის პუნქტი. განადგურებულ იქნა აფხაზების ოთხი საცეცხლე წერტილი.

4 თებერვალი

_ საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებისა და აფხაზეთში კონფლიქტის დამთავრების ღონისძიებათა შესახებ“, რომლის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურსა და მინისტრთა კაბინეტს მიეცა განსაკუთრებული რწმუნებანი მოლაპარაკების საწარმოებლად.

10 თებერვალი

_ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ე. შევარდნაძემ გამოსცა ბრძანება „ქ. სოხუმისა და ოჩამჩირის ზონის დაცვის ღონისძიებათა შესახებ“. მასში აღნიშნულია: „უკანასკნელ ხანს გუდაუთისა და გუმისთის რაიონებში მოხდა სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია. არსებობს მონაცემები სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერი შეიარაღებული ძალების სერიოზული ზრახვების შესახებ ხელში ჩაიგდონ ქალაქი სოხუმი, გამოიწვიონ სრული დესტაბილიზაცია და ქაოსი მთელს საქართველოში“. დაისახა მთელი რიგი სერიოზული ღონისძიებებისა და შესაბამისი დავალებები მიეცა აღმასრულებელ სტრუქტურებს.

_ სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით გურამ გაბისკირია დამტკიცდა ქალაქ სოხუმის მერად.

_ დამთავრდა ქალაქ ტყვარჩელში ჰუმანიტარული ტვირთების ჩატანის პირველი ეტაპი, რომელიც განახორციელა რუსეთის ხელისუფლებამ. ამ აქციის დროს ადგილზე ჩაიტანეს 139 ტონა ტვირთი და ალყაშემორტყმული ქალაქიდან გამოიყვანეს 2089 ადამიანი. აღნიშნულმა კოლონამ გაიარა სოხუმის გავლით.

15 თებერვალი

_ სენაკსა და ზუგდიდში მოხდა სამხედრო შეტაკებები სამთავრობო ნაწილებსა და ექსპრეზიდენტის მომხრეთა შორის.

24 თებერვალი

_ საქართველოს პარლამენტმა გააკეთა განცხადება, რომელშიც რუსეთი დაადანაშაულა აგრესიაში საქართველოს წინააღმდეგ და მოითხოვა მისი შეიარაღებული ძალების გაყვანა აფხაზეთიდან. განცხადებაში ნათქვამია: „საქართველოს პარლამენტი გმობს კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიულ მოქმედებას საქართველოს მიმართ… ამასთანავე დაბეჯითებით მოითხოვს მიღებულ იქნეს ქმედითი ზომები კონფლიქტის ზონიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გასაყვანად“.

25 თებერვალი

_ საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის საჯარისო ნაწილების შესახებ“, რომელშიც ნათქვამია: „1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საჯარისო ნაწილების შემდგომი ყოფნა; 2. დაევალოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს _ სახელმწიფოს მეთაურს აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან კონფლიქტის ზონიდან რუსეთის საჯარისო ნაწილების გაყვანის თაობაზე“.

27 თებერვალი

_ ქართული შენაერთების აქტიურობა ე. წ. სამხრეთის ფრონტზე _ ოჩამჩირის რაიონში.

_ ღამის საათებში ზღვიდან ქართულმა სამხედრო კატარღებმა ცეცხლი გაუხსნეს გუდაუთასთან დილოცირებულ მოწინააღმდეგის ძალებს.

1-2 მარტი

_ აფხაზებმა დაიკავეს ოჩამჩირის რაიონის სოფლები მერკულა და ლაბრა.

2-3 მარტი

_ ქართული შენაერთების შეტევა სოფელ ბედიაზე.

5 მარტი

_ აფხაზური შენაერთები შევიდნენ სოფელ ბედიაში.

10 მარტი

_ ოჩამჩირის რაიონ სოფელ ლაბრასთან შეტაკებისას დაიღუპა დაახლოებით 20 აფხაზი და 9 ქართველი.

11 მარტი

_ საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „თანამედროვე ეტაპზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხების შესახებ“, რომელშიც განისაზღვრა რუსეთის ჯარების გაყვანის გრაფიკი (არა უგვიანეს 1995 წლისა).

_ მდინარე ენგურთან მოხდა მცირე შეტაკება ლ. ქობალიას შეიარაღებულ რაზმსა და სამთავრობო ჯარის ნაწილს შორის.

12 მარტი

_ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერას მშვიდობიანი მოსახლეობა 19 საათისათვის „ნურსის“ ტიპის რაკეტებით დაბომბა რუსეთის СУ-25 ტიპის თვითმფრინავმა. შედეგად დაიღუპა 2, დაიჭრა 9 ქართველი (მ.შ. 5 ბავშვი).

13 მარტი

_ 19 საათზე და 23 საათზე ქალქი სოხუმი და ქართული ჯარის პოზიციები გუმისთაზე დაბომბეს СУ-25 ტიპის თვითმფრინავებმა. ამასთან ისინი აწარმოებდნენ სადაზვერვო გადაფრენებს ქალაქისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. დაინგრა სახლები. მსხვერპლი არ ყოფილა.

14 მარტი

_ დილის 6 და 9 საათზე გუმისთის ქართულ პოზიციებს მასიური ცეცხლი გაუხსნა მოწინააღმდეგემ. დღის მეორე ნახევარში სოფელ შრომას რამდენიმეჯერ შემოუფრინა СУ-25 ტიპის თვითმფრინავმა და გუდაუთის მიმართულებით გაფრინდა.

_ 21 საათზე აფხაზურმა მხარემ მის ხელთ არსებული ყველა სახის იარაღით დაიწყო სოხუმის დაბომბვა. დაინგრა 20-მდე საცხოვრებელი სახლი, დაიღუპა 2 მოქალაქე, მძიმედ დაიჭრა 12, მ.შ. 2 ბავშვი.

16 მარტი

_ ღამის 2 საათზე მოწინააღმდეგემ დაიწყო მდინარე გუმისთაზე ქართველთა პოზიციებისა და ქალქ სოხუმის მასირებული საარტილერიო დაბომბვა. მოგვიანებით ჰაერში გამოჩნდა СУ25 ტიპის რამდენიმე მოიერიშე თვითმფრინავი, რომელთაც გადმოყარეს მანათობელი რაკეტები და დაბომბეს ქალაქი, საარტილერიო და საავიაციო დაბომბვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. გამთენიისას მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალა ფრონტის მთელ ხაზზე შეტევაზე გადმოვიდა. რუსეთის სპეცდანიშნულების შენაერთებს ევალებოდათ გზის „გაწმენდა~ და მეორე ეშელონად აფხაზთა და დაქირავებულთა შემოყვანა სოხუმში. მდინარე გუ მისთა რუსეთის ფედერაციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა გადმოლახეს და ხელში ჩაიგდეს პლაცდარმი ე.წ. უჩხოზთან და გუმისთის ხაზის ზოგიერთი მონაკვეთი. დაიკავეს რამდენიმე ნაგებობა. მაგარამ მცირერიცხვოვან ქართველთაგან, რომლებიც პოზიციებზე მორიგეობდნენ, მედგარ წინააღმდეგობას შეხვდნენ. გამოცხადდა განგაში და დილის 5-6 საათისთვის ფრონტი გამაგრდა. განხორციელდა კონტრშეტევა და ფრონტის ხაზი აღსდგა. 16 საათისთვის დაიწყო გაწმენდითი ოპერაციები. დაბნელების შემდეგ ბრძოლების ინტენსივობა შემცირდა. ღამის განმავლობაში რესეთის სამხედრო თვითმფრინავებმა კვლავ რამდენიმეჯერ დაბომბეს ქალაქი, რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. ღამის 3 საათზე მოწინააღმდეგემ განახორციელა მეორე შეტევა, მაგრამ ვერ გადმოლახა მდინარე და უკან დაიხია.

_ სოხუმის თამარ მეფის, კუხალეიშვილის, მარუხის ქუჩები, თბილისის გზატკეცილი, შუქურას რაიონი _ აი, არასრული სია ადგილებისა, სადაც დიდი სიმძლავრის (300-500 კგ) საავიაციო ბომბები ჩამოაგდეს და მრავალი მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, დაინგრა საცხოვრებელი სახლები. ეს იყო ყველაზე მასშტაბური შემოტევა გუმისთაზე, რომელსაც 600-მდე დაქირავებული ოკუპანტი და აფხაზი სეპარატისტი შეეწირა. ქართული მხრიდან დაიღუპა ასზე მეტი მეომარი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა.

17 მარტი

_ საქართველოს პარლამენტმა მიმართვა გაუგზავნა გაეროს, ევროპარლამენტს, მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებს, რუსეთის ფედერაციის უზენაეს საბჭოს, სადაც აღნიშნა, რომ აფხაზ სეპარატისტებს ამოფარებული რუსეთის შეიარაღებული ძალები 16 მარტის შეტევაში ასრულებდნენ გადამწყვეტ როლს. აგრესორების მიზანია საქართველოსაგან აფხაზეთის მოწყვეტა. პარლამენტმა რუსეთისაგან მოითხოვა ჯარების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან.

_ ქალაქ მოსკოვის დეპუტატთა საბჭო იღებს მიმართვას რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოსადმი საქართველოს მიმართ სანქციების შემოღების მოთხოვნით.

_ 13 საათისთვის სოხუმის შუქურას რაიონში გამოჩნდა მოწინააღმდეგის გემი, რომელსაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და ჩაძირეს.

_ ღამის 3 საათზე კვლავ იყო გუმისთის გადმოლახვის მცდელობა, მაგრამ საარტილერიო ცეცხლმა ამის საშუალება არ მისცა მოწინააღმდეგეს.

_ ქართულმა შენაერთებმა გუმისთაზე, სოფელ აჩადარაში ტყვედ აიყვანეს სომხების ბაგრამიანის ბატალიონის მებრძოლები.

18 მარტი

_ 17 საათისთვის შემჩნეულ იქნა ახალი ათონის მხრიდან მომავალი აფხაზური მხარის მძიმე სატვირთო ავტომანქანების კოლონა, რომელიც ეშერის მიმართულებით მიემართებოდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების საარტილერიო ცეცხლით ექვსიდან ოთხი მანქანა განადგურდა.

19 მარტი

_ დილის 5 საათისთვის სოხუმის რაიონის სოფელ ოდიშთან ჩამოგდებულ იქნა СУ-27 ტიპის რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი. პილოტი, მაიორი ვ. შიპკო დაიღუპა.

_ აფხაზეთის სამხედრო კომისრის ვ. ვეკუას ბრძანების თანახმად გამოცხადდა რეზერვისტთა მობილიზაცია „საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ~ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 29 დეკემბრის კანონის შესაბამისად.

22 მარტი

_ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დამტკიცდა აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმი თ. ნადარეიშვილის თავმჯდომარეობით.

23 მარტი

_ აფხაზურმა მთავრობამ გუდაუთიდან მიმართვა გაუგზავნა რუსეთის ხელისუფლებას ამ ქვეყნის შემადგენლობაში მიღების თხოვნით.

25 მარტი

_ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბესლახუბასთან მტრის დივერსიული ჯგუფი ცდილობდა გაერღვია ქართველთა პოზიციები. შეტევა მოიგერიებულ იქნა. შეტაკებისას დაიღუპა 6 ქართველი მეომარი: დ. შარანგია, ი. ქანთარია, ზ. ლაცუზბაია, გ. თითბერიძე, რ. ზარია, კ. ცატავა

18-31 მარტი

_ ქართულ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ აფხაზებს მიეცათ საშუალება, ბრძოლის ველიდან გადაესვენებინათ გუმისთის ფრონტზე დაღუპული ჯარისკაცები. მაგრამ აღნიშნული სამშვიდობო პაუზა აფხაზურმა მხარემ გამოიყენა პოზიციების ომის ქრონიკები 21 გასამაგრებლად (ააგეს ძოტები და ა.შ.), რასაც არ მოჰყვა ქართული მხარის შესაბამისი რეაქცია.

1 აპრილი

_ საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც პირველად დაადანაშაულა რუსეთი აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პოლიტიკის ხელშეწყობაში. შესაბამისი მიმართვა გაეგზავნა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელშიც რუსეთის ქმედებები შეფასდა როგორც აგრესია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასა და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფას. დადგენილებაში აღნიშნულია: „საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე, აფხაზეთში, რომელსაც რუსეთის ჯარების ხელშეწყობით აკონტროლებს გუდაუთის სეპარატისტული დაჯგუფება, ტარდება ეთნიკური წმენდის პოლიტიკა, რომელმაც მიიღო ქართველი და სხვა ეროვნების მოქალაქეთა წინააღმდეგ მიმართული გენოციდის სახე“.

_ შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის ახალი ბატალიონი, რომელიც ძირითადად დაკომპლექტდა გაგრიდან დევნილებით. ინიციატორები იყვნენ თამაზ ნადარეიშვილი და ბორის კაკუბავა. ამ შენაერთში გაერთიანდნენ ყოფილი სოხუმის „მხედრიონის“, „ბესლეთის სახალხო ლაშქრის“ და გაგრაში ნაომარი „ავაზას“ ბატალიონის მებრძოლები.

6-9 აპრილი

_ ქალაქ სოჭში გაიმართა მოლაპარაკება ქართულ (თ. კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი) და რუსულ (პ. გრაჩოვი, ბ. პასტუხოვი) მხარეებს შორის. მასზე განიხილეს საქართველოდან რუსეთის შეიარაღებული ძალების 1995 წლამდე გაყვანის საკითხი.

17 აპრილი

_ შეიქმნა საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზებული ბრიგადის სამხედრო საბჭო.

22 აპრილი

_ საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მიმართვა აფხაზ ხალხს“, სადაც მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისა და შერიგებისაკენ, ძველი, ისტორიული ურთიერთობის გაგრძელებისკენ.

26 აპრილი

_ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ე. შევარდნაძემ გამოსცა განკარგულება „საქართველოს ტერიტორიიდან ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის გასვლის გრაფიკის შესადგენად ორმხრივი შერეული კომისიის შექმნისა და საქართველოს მხრიდან ამ კომისიის შემადგენლობის შესახებ“, რის შესახებ ეცნობა ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის სარდალს გენერალ-მაიორ თ. რეუტს.

27 აპრილი

_ საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „რუსეთის ფედერაციის საჯარისო ნაწილების აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის თაობაზე“. მასში ნათქვამია: „ითვალისწინებს რა, რომ: რუსეთის შეიარაღებული ძალების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული კონტინგენტი აქტიურად მონაწილეობს საომარ მოქმედებებში საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ, რუსეთის უზენაესმა საბჭომ არაერთხელ მიიღო დადგენილებები, რომლებიც უხეშად ლახავს საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, რუსეთმა დაარღვია მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულება, (…) რუსეთის ჯარებისა და აფხაზი სეპარატისტების კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილი აქვს ქართველი მოსახლეობის გენოციდსა და ეთნიკურ წმენდას, საქართველოს პარლამენტს მოვლენათა ტრაგიკული განვითარების უმთავრეს მიზეზად მიაჩნია რუსეთიის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა, და ადგენს: 1. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა მიმართოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აფხაზეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანის თაობაზე… „ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში აფხაზეთის კონფლიქტის ზონა მდინარე გუმისთის ჩრდილო-დასავლეთით, რუსეთ-საქართველოს საზღვრამდე, ჩაითვალოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა, საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შესაბამისი საკითხი დასვან გაეროს უშიშროების საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული მექანიზმების ამოქმედებისათვის“. 

_ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით თამაზ ნადარეიშვილს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

29 აპრილი

_ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით შეიქმნა აფხაზეთის ა/რ თავდაცვის საბჭო, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა თ. ნადარეიშვილი.

_ სოხუმში ჩავიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფოს მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ე. შევარდნაძე და მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე თ. სიგუა.

_ იმის გამო, რომ მასმედიის საშუალებებით აფხაზეთის ომის შესახებ ხშირად არაობიექტური და სამხედრო თვალსაზრისით ზიანის მომტანი ინფორმაცია და ვიდეომასალა გადაიცემოდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვის

მინისტრის ბრძანებით მათზე დაწესდა ცენზურა.

30 აპრილი

_ ტყვარჩელში ჩამოფრინდა რუსეთის МИ-8 ტიპის ვერტმფრენი, რომელმაც ჩამოიტანა მართვადი რეაქტიული ყუმბარების დიდი რაოდენობა.

1 მაისი

_ საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების

СУ-25 ტიპის 2 თვითმფრინავი ცდილობდა მოწინააღმდეგის საარტილერიო-საცეცხლე წერტილების ჩახშობას, რომლებიც სოხუმის საცხოვრებელ კვარტლებს ბომბავდნენ. ამ ოპერაციის დროს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა (СУ-27) 2,7 ათასი მეტრის სიმაღლიდან ჩამოაგდო ერთი ქართული თვითმფრინავი, რომელსაც მართავდა კაპიტანი რ. ნაროუშვილი. მან მოასწრო კატაპულტირება. მეორე ქართველი პილოტის თქმით, რუსეთის თვითმფრინავი აფრინდა გუდაუთის ბომბორის აეროპორტიდან.

_ ტყვარჩელში რუსეთის ვერტმფრენებმა ჩამოიტანეს რაკეტები და ავტომატები.

5-6 მაისი

_ ადიღეს დედაქალაქ მაიკოპში გაიმართა  ბ.პასტუხოვის (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე) საიდუმლო შეხვედრა ს. ჯინჯოლიასთან (სეპარატისტთა ერთ-ერთ ხელმძღვანელი).

6 მაისი

_ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა გენერალი გიორგი ყარყარაშვილი.

7 მაისი

_ ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი დაჯილდოვდნენ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენებით.

11 მაისი

_ გენერალ-მაიორი ვალერიან ქვარაია დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის უფროსად.

_ გენერალ-მაიორი ზაურ უჩაძე დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის მეთაურად.

14 მაისი

_ ე. შევარდნაძემ და ბ. ელცინმა მოსკოვში ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს, რომელიც შეეხო ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, აფხაზეთში მდგომარეობის დარეგულირების საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, დააჩქარონ დოკუმენტების მომზადება აფხაზეთის შესახებ უმაღლესი დონის განმეორებითი შეხვედრისათვის 1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის საბოლოო დოკუმენტის ფორმატით. შეთანხმდნენ 20 მაისიდან მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

_ რუსეთის პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად კონფლიქტის ზონაში დაინიშნა ბ. პასტუხოვი.

17 მაისი

_ ტყვარჩელიდან აფხაზებმა შეუტიეს ოჩამჩირეს.

20 მაისი

_ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ე. ბრუნერი ჩადის აფხაზეთში.

_ რუსეთის ტერიტორიიდან ქლუხორის გადასასვლელით (კავკასიის მთებზე) გადმოფრენილ მძიმე შვეულმფრენს სროლა აუტეხეს ქართველმა მეომრებმა, რის შედეგად ის დაზიანდა და უკან გაბრუნდა.

21 მაისი

_ ტყვარჩელის მიმართულებით ყოველდღე კურსირებდა 7-8 სამხედრო-სატრანსპორტო რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შვეულმფრენი მოიერიშეთა რაზმების თანხლებით. ამ ვერტმფრენების ტვირთამწეობა შეადგენდა 10 ტონაზე მეტს. ტვირთები გადაჰქონდათ ჩამოკიდებულ მდგომარეობაში. შვეულფრენების მარშრუტი იყო: თებერდა-ქლუხორის გადასასვლელი („სამხრეთის თავშესაფარი“) _ ტყვარჩელი.

22-23 მაისი

_ სოხუმში ქართველების დასახმარებლად ჩამოვიდნენ უკრაინელი ნაციონალისტების „უნა-უნსოს“ მებრძოლები, რომელთა დევიზი იყო: `Победим на Гумисте _ победим на Днипре“. ისინი მიიჩნევდნენ, რომ აფხაზეთში რუსეთი ებრძვის საქართველოს.

24 მაისი

_ გალის რაიონის სოფელ გუდავის მე-2 საშუალო სკოლის მოსწავლეებმა და პედკოლექტივმა შეხვედრა მოუწყვეს 24-ე ბრიგადის 245-ე ბატალიონის („სამურზაყანო“) მებრძოლებს.

_ ქართველებმა ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი МИ-6, რომელიც მიფრინავდა ქალაქ ტყვარჩელში. დაიღუპა ეკიპაჟის 5 წევრი.

26 მაისი

– გულრიფშის რაიონ სოფელ საკენთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეომრებმა ჩამოაგდეს რუსეთის ვერტმფრენი ÌÈ-6, რომელსაც იარაღი გადაჰქონდა გუდაუთიდან ტყვარჩელში. დაიღუპნენ: ლ. ჩუბროვი, ე. კასიმოვი, ა. საველევი, ვ. ცარიოვი, ე. ფიოდოროვი.

8 ივნისი

_ გუდაუთაში ჩავიდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი კოზირევი.

9-10 ივნისი

_ ოჩამჩირის რაიონ სოფელ თხინაში რუსეთის შვეულმფრენებმა გააკეთეს 6 რეისი. ჩამოიყვანეს „ბოევიკები“ და ჩამოიტანეს შეიარაღება.

14 ივნისი

_ ოჩამჩირე-ტყვარჩელის მიმართულებით სეპარატისტთა მიერ საჰაერო გზით საბრძოლო საშუალებების შემოზიდვის ინტენსივობა გაიზარდა. მხოლოდ ამ დღეს ან-2 ტიპის თვითმფრინავით 5 რეისი გაკეთდა. გამოიყენებოდა სპეციალურად მომზადებული ასაფრენი ბილიკი. შვეულმფრენები დასხდნენ სოფლებში მოქვი, რეკა, ბედია, თხინა. ჩამოიყვანეს დაახლოებით 200-250 რუსი და ყაბარდოელი „ბოევიკი“.

16 ივნისი

_ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ ტყვარჩელის მოსახლეობისათვის გამოყო ჰუმანიტარული დახმარება. 30 „კამაზის“ ტიპის მანქანით და 3 ავტობუსით მდინარე გუმისთის ქვედა ხიდის (ე.ი. ფრონტის ხაზის), ქალაქ სოხუმისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის ტრასის გავლით ტვირთი ჩატანეს ტყვარჩელში. ეს კოლონა სათანადოდ არ იქნა შემოწმებული და შემდგომ გაირკვა, რომ ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად რუსებმა იქ ჩაიტანეს დიდი რაოდენობის იარაღი და ტყვია-წამალი.

24 ივნისი

_ საქართველოს პარლამენტმა მიმართვა გაუგზავნა გაეროს გენერალურ მდივან ბ. ბ. გალის, რუსეთის პრეზიდენტს ბ. ელცინს, რუსეთის ფედერაციის უმაღლეს საბჭოს. მასში მითითებულია, რომ რუსეთმა დაარღვია 14 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება.

1 ივლისი

_ მარტის წარუმატებელი შეტევის შემდეგ რუსეთის უმაღლეს სამხედრო ეშელონებში შემუშავებულ იქნა სოხუმის აღების ახალი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა: 1. ტყვარჩელის დაჯგუფების მიერ ოჩამჩირის რაიონში ტრასის ხელში ჩაგდებას და იმავდროულად იქ საზღვაო დესანტის გადასხმას; 2. პარალელურად გუმისთის ფრონტზე შეტევას, სოხუმის გარშემო არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სიმაღლეების აღებას ხელსაყრელი პლაცდარმის შესაქმნელად.

_ აფხაზურმა მხარემ ე.წ. აღმოსავლეთ ფრონტზე დაიწყო შეტევა. მთავარი დარტყმა მიმართული იყო სოფელ ტამიშზე. ერთდროულად შეტევა დაიწყო გუმისთის ფრონტის მარცხენა ფლანგზე.

2 ივლისი

_ ოჩამჩირის რაიონ სოფელ ტამიშთან ზღვით შემოვიდა რუსული დესანტი 300 მებრძოლის შემადგენლობით. გემიდან გადმოცალეს ერთი ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი და „ურალის“ ტიპის ავტომანქანა „გრადის“ დანადგარით.

_ გამთენიისას აფხაზთა და დაქირავებულთა ჯგუფებმა მძიმე ტექნიკითა და სხვა საბრძოლო იარაღით ზღვის სანაპიროდან გადმოსხმული დესანტის დახმარებით გაარღვიეს ქართველთა 

 საბრძოლო პოზიციები, დაიკავეს სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები და გამაგრდნენ სოფლებში _ ლაბრასა და ტამიშში. ქართულ საგუშაგოებზე განლაგებულმა „ქაქუცა ჩოლოყაშვილის“, „ავაზის“, დუშეთის, ახალციხის, კოჩარის ბატალიონების მებრძოლებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მოწინააღმდეგეს.

2-10 ივლისი

_ ოჩამჩირის რაიონ სოფელ ცაგერასთან მიმდინარეობდა გააფთრებული ბრძოლები, რის შედეგად აფხაზთა ფორმირებები განადგურდა.

- რუსების მცდელობა, ოჩამჩირის რაიონში ხელახლა გადმოესხათ დესანტი, ქართველ არტილერისტთა ცეცხლის შემდეგ ჩაიფუშა.

_ ამ ოპერაციაში რუს-აფხაზთა შენაერთებმა განიცადა დიდი ზარალი. დაიღუპა 600-მდე კაცი, მრავალი დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. ქართველებმა ჩაძირეს 3 კატარღა და ერთი გემი, გაანადგურეს 2 ტანკი, ჩამოგდებულ იქნა მოწინააღმდეგის 2 ვერტმფრენი.

4 ივლისი

_ სოხუმის რაიონ სოფელ შრომასთან ზეგანთან (მთა ახბიუკი) ჩამოგდებულ იქნა რუსეთის ავიაციის ვერტმფრენი, რომელიც დესანტის გადმოსხმას ცდილობდა. დესანტი მთლიანად განადგურდა.

6 ივლისი

_ ვ. არძინბამ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდა ყველა ქართველ მეომარს, რომელიც იარაღს დაყრიდა.

5-9 ივლისი

_ რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმებმა, აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს სოხუმის რაიონის სოფლები: ახალშენი, გუმა, შრომა. განსაკუთრებულად მძაფრი ბრძოლები გაიმართა სოფელ კამანთან, სადაც მრავალი ქართველი დაეცა. მოწინააღმდეგემ ვერ აიღო ს. ცუგუროვკა. სოხუმის ირგვლივ მდებარე სტრატეგიული მაღლობები სეპარატისტებმა ჩაიგდეს ხელში და ქალაქი, ფაქტობრივად, რკალში მოექცა. ტყვედ ჩავარდა ქართველი გენერალი მამულაშვილი.

_ ქართულმა მხარემ მძაფრი ბრძოლების შედეგად დაიბრუნა დაკარგული საბრძოლო პოზიციები ტამიშის მონაკვეთზე, გახსნა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები. აღნიშნულ ბრძოლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: მაშველთა კორპუსმა „მხედრიონმა“, ყოფილი ხელისუფლების მომხრეთა სამხედრო შენაერთმა, ბატალიონ „თბილისმა“ და ცაგერას 242-ე ბატალიონის მეომრებმა, 243-ე ბატალიონის ტანკისტებმა, 247-ე საარტილერიო დივიზიონმა, 24-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა, მენაღმეთა ასეულმა და გენერალ-მაიორ ზ. უჩაძის მეთაურობით შექმნილმა ოპერატიული ჯგუფის შემადგენლობამ. გარღვევის ჯგუფთან ერთად იყვნენ ი. ბათიაშვილი (უშიშროების სამსახურის უფროსი), ჯ. იოსელიანი, კ. გაბაშვილი (ქ. თბილისის მერი).

6 ივლისი

_ ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვით საქართველოში კონფლიქტის ადგილზე შესწავლის მიზნით იგზავნება 50 სამხედრო დამკვირვებელი. ამას აღშფოთებით შეხვდა ვ. არძინბა და საპასუხო წერილში გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება.

_ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებით აფხაზეთის ა/რ ტერიტორიაზე გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა ორი თვის ვადით.

8 ივლისი

_ საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“.

_ სოხუმში ჩავიდნენ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების მისიათა (გერმანია, აშშ, რუსეთი, თურქეთი, ირანი, ჩინეთი, სომხეთი, ისრაელი) მეთაურები. მათ შეხვდა თ. ნადარეიშვილი, რომელმაც გააცნო ფრონტებზე შექმნილი ვითარება. შემდგომ სტუმრები მიიღო ე. შევარდნაძემ.

10 ივლისი

_ ვ. არძინბამ შესთავაზა ე. შევარდნაძეს აფხაზეთიდან ქართული ჯარების გაყვანა, რაზეც უარი მიიღო.

_ აფხაზებმა დატოვეს სოფელი ტამიში.

13 ივლისი

_ გ. ყარყარაშვილმა ულტიმატუმი წაუყენა აფხაზებს, გადაეწიათ ჯარები გუდაუთამდე.

14 ივლისი

_ რუსების დესანტმა აიღო გალის რაიონში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის მიშველის მთა, რომელიც ქალაქ ტყვარჩელს გადაჰყურებდა. ბრძოომის ქრონიკები 25 ლა გაიმართა ღამით და მასში დაიღუპა კასპის ბატალიონის დაახლოებით 50-მდე ქართველი მეომარი.

_ აფხაზებმა აიღეს სიმაღლეები ახბიუკი, იაშთუხა და აპიანდა სოხუმის მისადგომებთან.

18 ივლისი

_ აფხაზეთის ა/რ თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე თ. ნადარეიშვილი პირადი განცხადების საფუძველზე (ჯანმრთელობის გაუარესება) გადადგა თანამდებობიდან და ამ პოსტზე დაინიშნა საქართველოს პარლამენტის წევრი ჟიული შარტავა.

_ სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით თ. ნადარეიშვილი დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

24 ივლისი

_ საქართველოს პარლამენტმა ე. შევარდნაძეს მიანიჭა უფლებამოსილება დაედო სამშვიდობო ხელშეკრულება და ჯარები გამოეყვანა აფხაზეთიდან.

26 ივლისი

_ სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით ჟ. შარტავას მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

27 ივლისი

_ ქალაქ სოჭში ხელი მოეწერა შეთანხმებას „აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მასზე კონტროლის მექანიზმის შემუშავების შესახებ“. გარანტად ისევ რუსეთი დარჩა.

_ საომარი მოქმედებების ბოლომდე გაგრძელების მოთხოვნით ყოფილი ხელისუფლების მომხრეები მიტინგს აწყობენ თბილისში.

_ ე.წ. აფხაზური ფლოტი ზღვიდან ჭურვებს უშენს სოხუმის (დრანდის) აეროპორტს.

28 ივლისი

_ ლ. ქობალიას რაზმი კვლავ შედის ქალაქ სენაკში და სთავაზობს თ. კიტოვანს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებას, რასაც უკანასკნელი არ იღებს.

29-30 ივლისი

_ აფხაზურმა შენაერთებმა იერიში მიიტანეს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან საქართველოს შეიარაღებული ძალების პოზიციებზე. ბრძოლა რამდენიმე საათს გაგრძელდა და შეტევა მოგერიებულ იქნა, მაგრამ ქართველთა მხრიდან იყო მსხვერპლი. ასევე პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა სოხუმის რაიონის სოფელ ცუგუროვკასთან და შრომა-ახალშენის მიმართულებით.

30 ივლისი

_ მუშაობას შეუდგა სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამკვირვებელთა კომისია, რომელიც დაკომპლექტდა დროებითი საკონტროლო ჯგუფებით. მეთვალყურეობა ხორციელდებოდა გაგრაში, გუდაუთაში, ახალ ათონში, სოხუმში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალში.

31 ივლისი

_ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემდეგ ლ. ქობალია და მისი შენაერთი ტოვებენ ქ. სენაკს.

1-20 აგვისტო

_ ქართულმა მხარემ მთლიანად შეასრულა შეთანხმება: მდინარე გუმისთის ფრონტზე დატოვა მხოლოდ ორი სამეთვალყურეო პუნქტი. დაიწყო ბატალიონების დაშლა, რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო გემების საშუალებით ფოთის მიმართულებით გაიყვანა მთელი მძიმე ტექნიკა (ტანკები, არტილერია, ჯავშანმანქანები). ქართული მხარე აქტიურ მონაწილეობას იღებს ერთობლივი კომისიის მუშაობაში, რომელსაც შეთანხმების შესრულებაზე კონტროლი ევალება.

2 აგვისტო

_ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით 27 ივლისის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით შეიქმნა აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების კომისია, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა ჟ. შარტავა.

9 აგვისტო

_ ვ. არძინბამ ბ. გალისა და ბ. ელცინს გაუგზავნა მიმართვა, სადაც დაადანაშაულა ქართული მხარე შეთანხმების დარღვევაში, რითაც რუსეთი წინასწარ იზღვევდა თავს სოხუმის მომავალი შტურმის წინ.

6 აგვისტო

_ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა თ. სიგუა.

24 აგვისტო

_ ვ. არძინბა ჩადის მოსკოვში და ხვდება რუსეთის პრეზიდენტ ბ. ელცინს.

28 აგვისტო

_ ლ. ქობალიას რაზმები მოულოდნელი დარტყმებით იღებენ სენაკსა და აბაშას.

31 აგვისტო

_ ქალაქ ზუგდიდში იმართება ზ. გამსახურდიას პერიოდის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 62 დეპუტატის შეკრება, რომელზეც განიხილეს საქართველოში შექმნილი მდგომარეობა, რუსეთთან ურთიერთობისა და მისი სამხედრო ბაზების პრობლემა, მათთვის ტელევიზიაში საეთერო დროის დათმობის საკითხები და ა.შ.

1-15 სექტემბერი

_ აფხაზეთში და განსაკუთრებით სოხუმში მასიურად ბრუნდება დევნილი მოსახლეობა. იწყება სასწავლო წელი. ქალაქში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

10 სექტემბერი

_ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა გამოსცა განკარგულება „აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ“, რომლის მიხედვით „სამშვიდობო პროცესის შეუქცევადობის მიღწევის, ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების მიზნით“ აღმასრულებელ სტრუქტურებს დაევალათ რიგი ღონისძიებებისა.

15 სექტემბერი

_ ლ. ქობალია აწყობს „ლაშქრობას“ გურიის მხარეში.

16 სექტემბერი

_ სეპარატისტებმა დაიწყეს შტურმი ე. წ. აღმოსავლეთის (ტყვარჩელ-ოჩამჩირის მიმართულება) ფრონტზე.

17 სექტემბერი

_ გუმისთა გადმოლახეს რუსეთის სპეცდანიშნულებისა და კონფედერატთა რაზმებმა. აიღეს ორივე ხიდი, სოფელ აჩადარის ნაწილი. ძალები უთანასწოროა. ქართულ მხარეს არ გააჩნია მძიმე ტექნიკა, არტილერია, ყუმბართმტყორცნები. განიცდის ტყვია-წამლის ძლიერ ნაკლებობას.

_ მოწინააღმდეგე არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით ახორციელებს შეტევას სოხუმის რაიონის სოფლებზე: თავისუფლება, ბირცხა, ოდიში.

_ მთიელ ხალხთა კონფედერაციამ გამოსცა ბრძანება აფხაზეთში დასაბრუნებლად ყველა სამხედრო ფორმირების სრული საბრძოლო მზადყოფნის შესახებ.

_ ე. შევარდნაძე ადლერში შეხვდა პ. გრაჩოვს. საუბარი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

18 სექტემბერი

_ რუსეთის თავდაცვის მინისტრი პ. გრაჩოვი პრესკონფერენციაზე მოსკოვში აკეთებს პროვოკაციულ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია: „არც ქართველთა, არც აფხაზთა მხარეებს არ სურთ მშვიდობა. ერთი ღრმად ჩაეფლო სისხლში, მეორეს კი ვერ გაუკონტროლებია სიტუაცია. საქართველოში მიმდინარეობს ნამდვილი სამოქალაქო ომი და არა მარტო აფხაზეთში“.

19 სექტემბერი

_ ადლერში გაიმართა აფხაზეთში ვითარების მოწესრიგების გაერთიანებული კომისიის პირველი სხდომა. შეხვედრამ აფხაზური მხარის დესტრუქციული პოზიციის გამო უშედეგოდ ჩაიარა (ძირითადად აქტიურობდა ნ. ხაშბა _ სეპარატისტთა მთავრობის მეთაურის პირველი მოადგილე).

_ ტამიშისა და ძველი კინდღის საავტომობილო ტრასას სეპარატისტთა რაზმები აკონტროლებენ.

_ რუსეთის მთავრობამ (ვ. ჩერნომირდინის ხელმოწერით) გამოსცა განკარგულება „აფხაზთა მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სოჭის 1993 წლის 27 ივლისის შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე“, რომელშიც ნათქვამია: „თუ აფხაზეთისმხარე კვლავაც არ დაიცავს სოჭის შეთანხმებას, განხორციელდეს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ღონისძიებები, კერძოდ, შეუწყდეს ენერგომომარაგება აფხაზეთს რუსეთის ტერიტორიიდან“.

21 სექტემბერი

_ ე. შევარდნაძე ეწვია სოხუმის შემოგარენში განლაგებულ საბრძოლო პოზიციებს.

21-23 სექტემბერი

_ რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმები, აფხაზი სეპარატისტები და დაქირავებული „ბოევიკები“ შემოვიდნენ სოხუმის შემოგარენში.

_ სოხუმის `შუქურას~ რაიონში მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო უპირატესობის მიღწევა, მაომის ქრონიკები 27 გრამ სამაგიეროდ წინ წაიწია შრომის მხრიდან და სოხუმის ფუნიკულიორს მიადგა. შემდგომ მთლიანად აიღო აჩადარა და ლეჩქოფის სასაფლაოდან გავიდა ცენტრალურ სადგურთან, გადაკვეთა რკინიგზა, გავიდა ზღვის სანაპირომდე და ალყაში მოაქცია შუქურას მიდამოებში მებრძოლი ბატალიონები; მეორე ნაწილი გაუყვა ჭოჭუას ქუჩას და ე.წ. ტრაპეციის მთასთან (ფუნიკულიორის მოპირდაპირე) შეუერთდა შრომის მხრიდან შემტევ შენაერთს.

23 სექტემბერი

_ ე. შევარდნაძემ სოხუმში გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც შეაფასა შექმნილი მძიმე ვითარება.

24 სექტემბერი

_ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურმა ე. შევარდნაძემ რადიოთი მიმართა სოხუმის მოსახლეობას და ქალაქის დამცველებს: „...სოხუმელებო, საქართველოს მოქალაქენო!.. მე აღფრთოვანებული ვარ თქვენი გმირობით, ვაჟკაცობითა და თავდადებით… სეპარატისტებს და ავანტიურისტებს, რომლებსაც ისტორია გაასამართლებთ, უნდათ, რომ ქართველმა კაცმა ამ ქართულ ქალაქში აღარ იცხოვროს. ბევრს უნდა, რომ გაგრის ტრაგედია სოხუმშიც გაიმეორო... ვიცი, რომ თქვენ ძალიან გიჭირთ. ბევრმა გასაგები მიზეზების გამო დატოვა სოხუმი, მაგრამ თქვენ აქ დარჩით იმისთვის, რომ იბრძოლოთ სოხუმისა და საქართველოსთვის… მოგმართავთ თქვენ, სოხუმის მოქალაქენო, მოგმართავთ ჯარისკაცებს, ოფიცრებსა და გენერლებს: (...) ჩვენ არ გვაქვს უფლება შევდრკეთ, ჩვენ ყველანი ჩვენს ადგილზე უნდა ვიდგეთ. უნდა გავამაგროთ ქალაქი, გადავარჩინოთ სოხუმი… მე მინდა გითხრათ ისიც, რომ (...) ბატონი ჟიული შარტავა, მისი კოლეგები, ქალაქის ხელმძღვანელობა, ქალაქი და მთელი რაიონები, რომლებიც სოხუმს გარს არტყია _ ყველანი საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ამას კარგად ხედავს ჩვენი მოწინააღმდეგე და ამიტომაც ასეთი სიძულვილით და ასეთი გამძაფრებით ებრძვის, ანგრევს ჩვენს საყვარელ სოხუმს... მე მინდა ყველას გთხოვოთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, შეინარჩუნოთ თქვენთვის ჩვეული გამძლეობა, ვაჟკაცობა და თუ რომელიმე ქუჩაზე, რომელიმე უბანში გამოჩნდება მტერი, მას ისე უნდა დავხვდეთ, როგორც ეს მტერს ეკადრება“…

18-27 სექტემბერი

_ სენაკში ჩეჩნეთიდან ჩამოფრინდა ზ. გამსახურდია. აწყობს მიტინგებს სენაკში, ჩხოროწყუში, ზუგდიდსა და გალში, ჩადის ოჩამჩირეში და შეხვდას აწყობს სამთავრობო ჯარების რიგ ხელმძღვანელებთან.

16-27 სექტემბერი

_ თვენახევარმა ცეცხლის შეწყვეტამ და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა გახიზნული მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა და უკან, აფხაზეთში, სოხუმში მოაბრუნა. სკოლები სავსეა ბავშვებით. მტრის შეტევის შემდეგ ადგილობრივი მებრძოლები ძლიერ განიცდიან ოჯახების ბედს. სამგზავრო ავიაცია ვერ უმკლავდება ბავშვთა და ქალთა, მოხუცთა გადაყვანას უსაფრთხო ადგილას. მოსახლეობა იმდენადაა მიჩვეული მტრის შემოტევებს, დაბომბვებს და სხვა უბედურებას, რომ მშვიდად ტოვებს ქალაქს. არავის არ სჯერა, რომ სოხუმი დაეცემა: არც იმ საშინელებას გრძნობენ, ქალაქის აღების შემდეგ რომ ელოდებათ ქართველებს, რომელსაც მსოფლიო გენოციდად შეაფასებს შემდგომ...

_ მთელი საქართველოდან დამატებით იგზავნება სოხუმში მოხალისეთა ძალები. ქვეყანაში მოიხსნა თითქმის ყველა ავია რეისი და სახელდახელოდ შეკრებილი მეომრები მიემართებიან ფრონტზე. გუმისთასთან და ქალაქ სოხუმში იმართება მრავალი უთანასწორო ბრძოლა. მტერმა ააფეთქა სოხუმის (ბაბუშერის) აეროპორტიდან აფრენილი დევნილებით სავსე თვითმფრინავი, რომელშიც ყველა ჩაიწვა.

_ სეპარატისტთა მიერ ჩამოგდებულ იქნა და ზღვაში ჩავარდა სოჭიდან მომავალი თვითმფრინავი, რომელშიც მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები ისხდნენ.

_ სოხუმის აეროპორტში ჭურვების ზუსტი დარტყმით განადგურებულ იქნა მგზავრებით სავსე თვითმფრინავი. აქვე დაიღუპა სახელოვანი ქართველი სპორტსმენის ლევან თედიაშვილის ვაჟი ვახტანგ თედიაშვილი, რომელიც დამწვარი თვითმფრინავის მშველელთა რიცხვში იყო.

_ სოხუმი-ოჩამჩირის საავტომობილო ტრასაზე მდინარე კოდორის სიახლოვეს თავმოყრილია საქართველოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი შენაერთი (დაახლოებით 3 ათასი მებრძოლი და 60-მდე ჯავშანტექნიკა), ასევე ექსპრეზიდენტის მომხრეთა შეიარაღებული ფორმირებები, რომელებიც სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებს მდინარის ფორსირებას და სოხუმელთა დახმარებას.


27 სექტემბერი

_ მოწინააღმდეგემ სოხუმი აიღო. ე. შევარდნაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბთან ერთად გადადის დაბა აგუძერაში.

_ საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება, სადაც მოუწოდა ე. შევარდნაძეს დაბრუნებულიყო თბილისში თავისი მოვალეობის შესასრულებლად, რაც თავიდან ააცილებდა საქართველოს უფრო დიდ სისხლისღვრასა და სამოქალაქო ომს.

25-28 სექტემბერიდან

_ მოსახლეობა და ჯარის ნაწილები ორი მიმართულებით იხევდნენ უკან. დევნილების ერთი ნაწილის ევაკუაცია ხდებოდა ზღვიდან (გულრიფშის რ-ნი), ხოლო მეორე, გაცილებით დიდი მასის, კოდორის (დალის) ხეობით, მერხეული-წებელდა-ლათა-აჟარა-გენწვიში-ჩხალთა-საკენის გზით. მთის გზას, რომელსაც „გოლგოთის გზა” შეარქვეს, მიუყვებოდა ასობით მსუბუქი და სატვირთო მანქანა, ათიათასობით ადამიანი. მათ პრაქტიკულად არ ჰქონდათ საკვები და ადამიანები შიმშილისაგან იღუპებოდნენ. ადგილობრივი სვანი მოსახლეობა, რითაც შეეძლო, ეხმარებოდა დევნილებს. ხალხი ჭუბერის უღელტეხილისკენ მიიწევდა. ამ პერიოდში მაღალთმიანეთში ღამით სუსხია. ბავშვები, მოხუცები, ქალები სიცივისგან ავადდებოდნენ. დაუზუსტებელი მონაცემებით, უღელტეხილის გადასვლისას დაიღუპა 400-ზე მეტი ადამიანი. მიცვალებულებს, ხშირ შემთხვევაში, იქვე ასაფლავებენ. საქართველოს ხელისუფლებამ დახმარებისთვის მიმართა მსოფლიოს თანამეგობრობას. ზოგიერთი ქვეყანა გამოეხმაურა, კერძოდ, უკრაინა და სომხეთი, რომლებმაც სატრანსპორტო ვერტმფრენები გამოგზავნეს.

ხელისუფლება და ადგილობრივი მოსახლეობა ხალხს ეხმარებოდა პურით, ხორცით, კონსერვებით, თბილი ტანსაცმლით... ამასთან ერთად, კოდორის ხეობაში აღმოჩნდნენ ბანდიტური ჯგუფები და კრიმინალური ელემენტები, რომლებიც ადამიანებს ართმევდნენ ყველაფერს, შეურაცხყოფას აყენებდნენ უმწეოებს, ამცირებდნენ მათ ადამიანურ ღირსებას.

28 სექტემბერი

_ გრძელდება გულრიფშის რაიონის (მაჭარა, აგუძერა) დაბომბვა. ზღვიდან და ხმელეთიდან დამიზნებით ბომბავენ დრანდის აეროპორტს.

_ დრანდის აეროპორტიდან აფრენილ თვითმფრინავს, რომელშიც იმყოფებიან ე. შევარდნაძე და მთავრობის ზოგიერთი წევრი, აგრეთვე მრავალი დევნილი ბავშვი და ქალი, _ ცეცხლს

უშენენ ზღვიდან, მაგრამ ის მაინც ახერხებს ბათუმის გავლით უვნებლად თბილისში ჩაფრენას.

_ დრანდის აეროპორტიდან საღამოს 5 საათზე გამოფრინდა აეროპორტის უფროსის ზ. ხაინდრავას ინიციატივით ბოლო წუთებში სახელდახელოდ შეკეთებული თვითმფრინავი, რომლითაც აეროპორტში ჩარჩენილი 120-მდე მოხუცი, ბავშვი, ქალი ქუთაისის გავლით ჩამოყვანილ იქნა თბილისში.

29 სექტემბერი

_ სეპარატისტთა და დაქირავებულთა რაზმები შედიან გულრიფშში.

_ სოხუმის 23-ე ბრიგადის მებრძოლებმა დაიხიეს კოდორის ხეობის მიმართულებით. მათ პოზიციები გაამაგრეს და ხალხს საშუალება მისცეს სამშვიდობოს გასასვლელად.

30 სექტემბერი

_ სოხუმში აფხაზებმა დახვრიტეს 62 ქართველი.

_ მოწინააღმდეგემ დაიკავა ოჩამჩირე დაგალი, მდინარე ენგურს მიადგა 20:00 საათისთვის. გალის რაიონის მოსახლეობა გაიხიზნა ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში. დაიწყო ეთნიკური ქართველების მასობრივი განადგურება აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებში.

„ომის ქრონიკები“ შედგენილია საქართველოს პარლამენტთან არსებული აფხაზეთის პრობლემის მოგვარების დროებითი კომისიის მიერ _ კრებულიდან „აფხაზეთის ლაბირინთი“ (საქართველოსპარლამენტი _ 1999 წელი).

წიგნზე მუშაობდა ავტორთა ჯგუფი: ვახტანგ ყოლბაია, რაფიელ გელანტია, დავით ლაცუზბაია, თეიმურაზ ჭახრაკია

მთავარი რედაქტორი ირმა ირემაძე

პროექტის ხელმძღვანელი ნანა შენგელია

რედაქტორი ანა გერანტია

სამხედრო კონსულტანტები: დავით გულუა _ გენერალ-მაიორი, ადმირალი (აფხაზეთის შსს მინისტრი 1992-1995 წლებში) საკონსულტაციო ჯგუფი: ჯანრი უბირია, ზურაბ შამუგია, ზურაბ ფიფია, როზმან ლოლაძე, ჯემალ სვანიძე, რამინ ბულისკერია, რაჟდენ კოპალიანი, თეიმურაზ დარჯანია.

მხატვარი გოგი წერეთელი

ტექნიკური რედაქტორი ლევან თითმერია

სარედაქციო ჯგუფი მადლობას უხდის:

აფხაზეთის მეომართა კავშირს _

T. alanias, p. anTias, g. arzians, l. baraTels, r. beWvaias, v. bendelians, v. bedinaSvils,

m. gabunias, g. galdavas, T. guguSvils, v. goCaleiSvils, e. grigolias, o. gugusians,

T. darcmelias, l. daSnians, r. zarandias, T. inaliSvils, e. kaxians, d. kvaracxelias,

m. korZaxias, j. kopalians, d. kvaracxelias, s. kvaracxelias, j. kvicians, e. lomaias,

a. margians, z. mebonias, g. morgoSias, j. metrevels, v. mukmanians, T. nayofias,

r. nemsiwveriZes, e. svaniZes, k. turavas, v. ubirias, r. qardavas, r. qobalias, a. qoiavas,

d. Rvinjilias, r. wifians, d. canavas, b. xarzians, m. Wanturias, m. WeliZes, T. Waxrakias,

j. xaindravas, l. janjRavas, n. jiqias, s. jomidavas, r. jobavas.

წიგნზე იმუშავეს: თამუნა ყოლბაიამ, ია პაპასკირმა, თამუნა გერსამიამ, ზაურ კალანდიამ,

ელენე ჩარგაზიამ.

garekanze gamoyenebulia fragmenti skulpturisa `saqarTvelosTvis~ (skulpturis

Seqmnis ideis avtori zurab kokaia).

ssip afxazeTis kulturisa da xelovnebis centri

ISBN 978-9941-8-1983-4


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.05.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0