რუსუდან მეფის (საქართველოს მეფე 1223-1245 წლებში) ევროპასთან და რომთან დაკავშირების ცდა
დასავლეთ საქართველოში გადახვეწილი საქართველოს მეფის ხელისუფლება, უკანასკნელ საშუალებებს ცდიდა მონღოლთა წინააღმდეგ დამხმარე ძალის მისაღებად. რუსუდანმა რომის პაპს მიმართა სპეციალური წერილით და ევროპის ქვეყნების დამხმარე ძალების მოშველიება ითხოვა. სამაგიროდ ჰპირდებოდა, რომ დახმარების მიღების შემთხვევაში კათოლიკურ წესზე გადავიდოდა და რომის პაპის უზენაესობას აღიარევდა. საპასუხო წერილში, რომელიც 1240 წელს გამოიგზავნა, რომის პაპი გრიგოლ IX თავის გაჭირვებაზე და უსუსურ მდგომარეობაზე მიუთითებდა და სინანულს გამოთქვავდა, რომ არ შეეძლო საქართველოსადმი სამხედრო დახმარება, სამაგიეროდ აგზავნიდა საქართველოში მოწესე ბერებს, რომლებსაც უნდა ექადაგათ, რომის ეკლესიისადმი შეერთების აუცილებლობა.
გრიგოლ IX (ლათ. Gregorius PP. IX; ერისკაცობაში უგოლინო დი სენი; დ. დაახლ. 1145 — გ. 22 აგვისტო, 1241, რომი) — რომის პაპი 1227–1241 წლებში. წარმოშობით იტალიელი. გრიგოლ IX პაპად აირჩიეს 1227 წლის 19 მარტს და იყო რომის პაპი გრდაცვალებამდე, 1241 წლის 22 აგვისტომდე. იგი იყო ჰონორიუს III-ის (1216–1227), გრიგოლ VII-ის (1073–1085) და მისი ბიძის ინოკენტი III-ის (1198–1216) მემკვიდრე, ამიტომ გრიგოლ IX აგრძელებდა მათ პოლიტიკას.
რუსუდანი (დ. დაახლოებით 1194 — გ. 1245) — საქართველოს მეფე 1223-1245 წლებში, თამარ მეფის და დავით სოსლანის შვილი. 1223 წელს იქორწინა რუმის სულთნის თოღრულ შაჰის ძე მოღის ედ-დინიზე, რომელიც პირობის თანახმად წინასწარ გაქრისტიანდა. რუსუდანის მეფობის პირველ წლებში (1223-1225) საქართველოს ლაშქარმა რამდენიმეჯერ ილაშქრა არან-აზერბაიჯანში, სადაც ვასალურმა და მეზობელმა ქვეყნებმა მტრული მოქმედება დაიწყეს. გარნისის ბრძოლაში (1225) ჯალალედინმა დაამარცხა საქართველოს ლაშქარი, რომელსაც ივანე ათაბაგ-ამირსპასალარი მეთაურობდა და ხვარაზმელები 1226 წელს თბილისს მიადგნენ. რუსუდანი და სამეფო კარი ქუთაისში გადავიდა. ჯალალედინმა 9 მარტს თბილისი აიღო. ხვარაზმელებმა გაწყვიტეს ქალაქის ქრისტიანული მოსახლეობა (ქართველები და სომხები) და დიდძალი ქონება იგდეს ხელთ. თბილისის აღების შემდეგ მტრის ლაშქარი საქართველოს სხვა ნაწილების ძარცვა-რბევას შეუდგა. 1225-1230 წლებში ქართველთა ლაშქარი სხვადასხვა ადგილას გამუდმებით ებრძოდა ხვარაზმელებს.
დაახლოებით 1230/1231 წელს რუსუდანმა თავისი 5 წლის ვაჟი დავითი თანამოსაყდრედ აკურთხებინა ქუთაისში. დაახლოებით 1233 წელს რუსუდანი სამეფო კართან ერთად თბილისში გადავიდა. 1235 წელს მონღოლებმა აიღეს საქართველოს ყმადნაფიცი განძა (განჯა) და თბილისისკენ დაიძრნენ. რუსუდანმა თბილისის დაცვა ციხისთავ მუხას ძეს დაავალა, თვითონ კი ისევ ქუთაისში გაიქცა. გაატარა ფულის რეფორმა; განახლდა ვერცხლის მონეტების მოჭრა. 1236/1237 წელს რუსუდანმა თავისი ასული თამარი რუმის სულთანს ყაიას ედ-დინს მიათხოვა და მასთან გაგზავნა ლაშა გიორგის ძე დავითი, რომ, როგორც ტახტის მოსალოდნელი მეტოქე, თავიდან მოეშორებინა.
რუსუდანმა და მთავარსარდლობამ ვერ გაუწიეს მონღოლებს ორგანიზებული წინააღმდეგობა. სამეფოს სანაპირო-სასაზღვრო რაიონების მმართველები (ავაგ ამირსპასალარი, ვარამ გაგელი, შანშე მანდატურთუხუცესი და სხვები) ბრძოლის მაგიერ თავიანთ ციხესიმაგრეებში შეიხიზნენ. დაქსაქსული ძალების დამორჩილება მონღოლებმა შედარებით ადვილად შეძლეს. 1239/1240 წელს რუსუდანმა რომის პაპს სთხოვა დახმარება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და დაიწყო საზავო მოლაპარაკება მონღოლებთან. ამავე დროს მან ბათო-ყაენთან გაგზავნა მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი არსენი, რომლის დაბრუნების შემდეგ მონღოლებს დაუზავდა. 1242/1243 წელს რუსუდანი და მისი ძე დავითი თბილისში გადავიდნენ, საიდანაც დავითი ყაენთან გაგზავნეს. დასნეულებული რუსუდანი მის მოლოდინში გარდაიცვალა.