ვარდენ ყიფიანი (ღვანკითელი) (1869-1929) დაიბადა სოფელი ღვანკითი, თერჯოლა იმერეთი
მუშა-პოეტი.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართულ ლიტერატურულ და თეატრალურ წრეებში კარგად იყო ცნობილი ვარდენ ღვანკითელის სახელი. პროფესიით რკინიგზელი იყო - ამიერკავკასიის რკინიგზაზე გამყოლად მუშაობდა, თუმცა, მისი მოწოდება პოეზია და თეატრი იყო. წერდა ლექსებს "ღვანკითელის" ფსევდონიმით, გვარად კი ყიფიანი იყო.
ვარდენ ღვანკითელმა განსაკუთრებული პოპულარობა აკაკისთან გაპაექრებით მოიპოვა.
"შენ საჩხერის არწივი ხარ,
მე - ღვანკითის შევარდენი,
შენც პოეტი, მეც პოეტი,
შენ აკაკი, მე ვარდენი", - ასეთი ლექსი უძღვნა ვარდენმა აკაკის და აკაკი რის აკაკი იქნებოდა, რომ არ ეპასუხა:
"წერე, წერე, ჩემო ვარდენ,
მტერს დაასე ისარიო,
თუ მწერალი არ გამოხვალ,
წერას მაინც ისწავლიო".
კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის(1921-1927) სასამართლოზე სიტყვა მუშაკ-მწერალმა (როგორც მაშინ უწოდებდნენ) ვარდენ ღვანკითელმა ითხოვა. მისცეს ნებართვა. იგი ტრიბუნის ნაცვლად განცალკევებით მჯდომი პატრიარქისკენ წავიდა, მიუახლოვდა, დაიჩოქა და მთელი ერის სახელით შენდობა სთხოვა.
დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.