ეპისკოპოსი ალექსი, ერისკაცობაში ალექსანდრე ილარიონის ძე გერსამია დაიბადა 1865 წლის 14 აპრილს ქუთაისის გუბერნიის სოფელ გადიდში, სასულიერო პირის ოჯახში.
პირველ დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ სწავლობდა მარტვილის სასულიერო სასწავლებელში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში.
მისი სწავლის პერიოდი დაემთხვა სემინარიაში ქართველთა უკიდურეს დევნა-შევიწროების ხანას. საქართველოს ეგზარქოსი პავლე ლებედევი სემინარიის რექტორ ჩუდეცკის მეშვეობით დევნიდა ქართველებს. რო¬გორც იაკობ გოგებაშვილი წერდა: "ეგზარქოს პავლეს დანიშვნიდან მცირე ხნის შემდეგ ადგილი ჰქონდა სასულიერო სასწავლებლების ქართველი ზედამხედველების არა-ქართველებით შეცვლას. ამ უკანასკნელთ ქართული ენა არ ესმოდათ და იძულებულნი იყვნენ თარჯიმნების საშუალებით ესაუბრათ მოსწავლეთა მშობლებთან, ამავე დროიდან საღმრთო ისტორიის და კატეხიზმოს სწავლებისას, მოსპეს ქართული ენის ხმარება სასულიერო სასწავლებელში. შეკვეცეს ქართული ლიტერატურის პროგრამა, სავალდებულო გახადეს ქართული სასულიერო ლიტერატურის უსათუოდ რუსულ ენაზე სწავლება, შეზღუდეს აგრეთვე ქართული ენის ხმარება სასულიერო სასწავლებლებში ამავე ენის გაკვეთილებზე, სემინარიაში თორმეტი დამრიგებლიდან მხოლოდ სამია ქართველი. არც ერთი ქართველი არ არის პედაგოგიური საბჭოს წევრი, რომელიც მოსწავლეთა ბედს წყვეტს. რუსი დამრიგებლები ზრუნვით, ჰუმანურად ეპყრობიან რუს მოსწავლეებს, ხოლო ქართველებს გულცივად, მკაცრად." (57, 149).
1886 წლის 24 მაისს სემინარიელმა იოსებ ლაღაშვილმა მოკლა რექტორი ჩუდეცკი, ხოლო პავლე ეგზარქოსმა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში ჩუდეცკის დაკრძალვაზე საჯაროდ დაწყევლა ქართველი ერი. ამას მოჰყვა იმავე წლის 8 ივნისს დიმიტრი ყიფიანის მკაცრი წერილი ეგზარქოსისადმი, დიმიტრი ყიფიანის გადასახლება, ვერაგული მკვლელობა სტავროპოლში, სემინარიიდან ქართველი სტუდენტების დიდი ნაწილის გაძევება. ამ რთული ვითარების პირობებში დაამთავრა ალექსანდრე გერსამიამ სასულიერო სემინარია 1888 წელს და დანიშნულ იქნა მესტიის საეკლესიო-სამრევლო სკოლის მასწავლებლად. 1890 წელს ფოთის საკათედრო ტაძარში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) ალექსანდრე გერსამია დიაკვნად აკურთხა. 1891 წელს იგი აკურთხეს მღვდლად და განაწესეს ღალაშის ეკლესიაში. 1893 წელს მამა ალექსანდრე დაინიშნა ლეჩხუმ-სვანეთის საეკლესიო სამრევლო სკოლების კეთილმოწესედ და ცაგერის ტაძრის წინამძღვრად. 1906-1925 წლებში მამა ალექსი იყო ქუთაისის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი, ქუთაისის პროგიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი. მამა ალექსი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლსიის I, II, III საეკლესიო კრებების მუშაობაში, მხარს უჭერდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის, 1925 წლის 8 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ მამა ალექსი ეპისკოპოსად აკურთხა და ჩააბარა ცაგერის ეპარქია. 1928 წლის 2 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ იქნა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად, 1930 წლის 1 სექტემბერს გადაყვანილ იქნა წილკნის ეპარქიის მმართველად. ვინაიდან ამ დროს წილკნის საკათედრო ტაძარი ადმინისტრაციული წესით იყო დახურული მეუფე ალექსი სვეტიცხოველში წირავდა. ყოფილა ისეთი დღეებიც, როდესაც მას თვითონ უხდებოდა წირვის დროს წიგნის მკითხველის, მგალობლის, დიაკვნისა და მღვდლის მოვალეობის შესრულებაც...
ეპისკოპოსი ალექსი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1938 წლის 7 თებერვალს თბილისში N1 საავადმყოფოში. განსვენებულს წესი აუგო უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ, იგი დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.
სერგო ვარდოსანიძე