ქართველი იუნკერი - პოლონეთის არმიის მაიორი ალექსანდრე ტერიაშვილი გმირულად დაიღუპა ვარშავის დაცვის დროს 1939 წლის სექტემბრის ბრძოლებში. დასაფლავებულია ვარშავას პოვონსკას სასაფლაოზე.
1939 წლის 1 სექტემბერს ვარშავის ჩრდილოეთ ნაწილის თავდაცვის მეთაური იყო პოდპოლკოვნიკი ვალერიან თევზაძე. ვარშავის ოხოტის ნაწილს იცავდა მაიორი არტემი არონიშიძე. ვარშავის 28-ე დივიზიის მეთაური იყო პოლკოვნიკი ალექსანდრე ვაჩნაძე. ვარშავის დამცველთა შორის იყვნენ: მაიორები: კონსტანტინე ტერიაშვილი, ლადო ალავიძე, კაპიტანი დავით ლაღიძე.
ალექსანდრე ზაქარიაძე ყარამანის ძე (1884-1959) საქართველოს გენერალი დაბ. სოფ.სიმონეთი თერჯოლა იმერეთი
ქალაქის უკანასკნელი დამცველი ქართველი გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე იყო.
1939 წელს საქვეითო მე-6 დივიზიის მეთაური, კრაკოვის დაცვის უფროსი იყო პოლკოვნიკი რომან გველესიანი . კაპიტანი ვიქტორ ლომიძე ჯერ კაპიტნის მოადგილე, შემდეგ კი ხომალდ „გრიფის“ კაპიტანი იყო. მეორე მსოფლიო ომის დაწყებას ადმირალი გიორგი თუმანიშვილი ხომალდ "ბუჟაზე“ სამხედრო მანევრების დროს შეესწრო.
1942 წელს არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე გესტაპომ დააპატიმრა. დაპატიმრების მიზეზი ვარშავაში 1939-1942 წწ. გერმანელების მიერ დევნილ ებრაელთა შეფარება გახდა. არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე
1942 წლის 6 დეკემბერს მოწამებრივად ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში აღესრულა.
მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის მხარეს
იბრძოდნენ -
გენერლები:
ალექსანდრე ზაქარიაძე
ალექსანდრე ჩხეიძე
ივანე ყაზბეგი
ალექსანდრე კონიაშვილი
კირილე ქუთათელაძე
პოლკოვნიკები:
რომან გველესიანი
ნიკოლოზ მიქელაძე
ალექსანდრე ბაგრატიონი
ნიკოლოზ კანდელაკი
ვასილ კიკვიძე
სიდამონ ერისთავი
ალექსანდრე ტაბიძე
ვალერიან თევზაძე
ნიკოლოზ ვაჩნაძე
პოდპოლკოვნიკები:
ნიკოლოზ მათიკაშვილი
მიხეილ კვალიაშვილი
პლატონ თაყაიშვილი
ვიტალი (თალიკო) უგრეხელიძე
მაიორები:
არტემ არონიშიძე
დავით ქუთათელაძე
კონსტანტინე ტერიაშვილი
ალექსანდრე კოზიაშვილი
დიმიტრი შალიკაშვილი
ლადო სიამაშვილი
გიორგი ფავლენიშვილი
გიორგი მამალაძე
ალექსანდრე ალავიძე
ალექსანდრე ყიფიანი
არკადი სხირტლაძე
კაპიტნები:
მიხეილ კვალიაშვილი
არკადი სხირტლაძე
გიორგი ტურაშვილი
ლადო ალავიძე
ვასილ ინჯია
დავით ვაჩნაძე
მიხეილ რუსიაშვილი
დავით კლიმიაშვილი
ივანე ქავთარაძე
ლადო მახარაძე
ივანე (ვანო) ნანუაშვილი
სიმონ (სიკო) კობიაშვილი
როტმისტრები:
ივანე (ვანო) ბაქრაძე
გიორგი ჯავახიშვილი
დავით ჩხეიძე
გრიგოლ ჩხეიძე
გიორგი მრელაშვილი
საველი ბალახვანელი
გრიგოლ კიკიანი
ვიქტორ ლომიძე
ბიძინა ქუთათელაძე
მიხეილ კანდელაკი
გენადი ხუნდაძე
ლევან მაჭავარიანი
დავით მაჭავარიანი
სევერიან ჭყონია
© დავით ყოლბაია, "რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ. ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939", ვარშავის უნივერსიტეტი 2016 წელი.
ლევან ზ. ურუშაძე – Levan Z. Urushadze (1964)
პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიისათვის (1918-1930-იანი წლები)
ვუძღვნი პოლონეთის პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის ლეხ კაჩინსკის ნათელ ხსოვნას
წინამდებარე ნაშრომის მიზანია, უფრო მკაფიოდ წარმოაჩინოს პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) წლებში, პოლონეთში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის პირველი თაობის წარმომადგენელთა ნაყოფიერი მოღვაწეობა 1920-იან-1930-იან წლებში. ამასთან, ნაჩვენებია ის ღვაწლი, რომელიც პოლონურ-ქართულ ურთიერთობებს დასდო გამოჩენილმა პოლონელმა სახელმწიფო მოღვაწემ, პოლონეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მარშალმა იუზეფ პილსუდსკიმ (1867-1935). ყურადღება ეთმობა ქართველთა როლს ამ უკანასკნელის მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ მოძრაობაში, რომელიც “პრომეთეიზმი”-ს სახელწოდებითაა ცნობილი. სტატია ეფუძნება ამ საკითხებზე არსებულ გამოცემებს და დოკუმენტურ მასალას.
მარშალი იუზეფ პილსუდსკი - Józef Klemens Piłsudski (1867-1935)
პოლონელმა და ქართველმა ისტორიკოსებმა კარგად ვუწყით ის უდიდესი წვლილი, რომელიც ორი მოძმე ერის ურთიერთობებში აქვს შეტანილი პოლონეთში მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ცნობილ ქართველ დიპლომატს და სახელმწიფო მოღვაწეს ბოგდან გურჯიცკის. მან მყარი საფუძველი შეუქნმა ქართულ-პოლონურ ურთიერთობებს. პოლონელ ერს კარგად ახსოვს ისიც, თუ რა თბილად მიიღო ლტოლვილი 1000 პოლონური იჯახი ქართლ-კახეთის სამეფო კარმა 1770 წელს. პოლონეთი სათუთად ინახავს გენერალ ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკის სახელს.
რუსეთის იმპერიის ეს დიდმოხელე წლების მანძილზე გახლდათ ვარშავის გენერალ-გუბერნატორი და ნაცვლად პოლონელების მიმართ უხეში პოლიტიკის გატარებისა, უაღრესად ლოიალური იყო მათ მიმართ. ქართველებს მუდამ უნდა გვახსოვდეს დიდებული მოღვაწის, მარია ვალევსკასგან ნაპოლეონ ბონაპარტეს ვაჟის, გრაფ ალექსანდრე ვალევსკის სახელი. ქართველი ერის დიდად პატივისმცემელი გრაფი აქტიურად იცავდა ქართველთა შელახულ უფლებებს და მოითხოვდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენას: 1856 წელს, პარიზის კონგრესზე იგი საქართველოს უფლებათა დამცავი მგზნებარე სიტყვით გამოვიდა. თავის მხრივ, პოლონური წარმოშობის ქართველებმა მნიშვნელოვანი ამაგი დასდეს ჩვენი ეროვნული კულტურის განვითარებას. საკმარისია, დავასახელოთ გრიგოლ ვოლსკი, გიორგი ზდანოვიჩი (მაიაშვილი), ანეტა იურკევიჩი და სხვანი…
ჯერ კიდევ 1903 წელს, იმხანად უკვე ფართოდ ცნობილი პოლონელი პოლიტიკური მოღვაწის იუზეფ პილსუდსკის უახლოესმა თანამებრძოლებმა ტ. ფილიპოვიჩმა და ვ. იოდკო-ნარკევიჩმა, პილსუდსკის თხოვნით, კავშირი დაამყარეს ეროვნულად განწყობილ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებთან. მათ მიზანს შეადგენდა გზების გამონახვა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისათვის. ამას ხელსაყრელი ნიადაგი შეუქმნა 1904 წლის რუსეთ-იაპონიის ომის შედეგებმა. მართალია იმ ეტაპზე ვერ მოხერხდა პოლონეთის და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარება, მაგრამ ეს იყო ამ მიმართულებით გადადგმული პირველი სერიოზული და თამამი ნაბიჯი (იხ.: ამბროსი გრიშიკაშვილი, ქართველები პოლონეთში: http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000023/Gartvelebi%20Polonetchi.pdf ).
საგულისხმოა პოლონეთთან მიმართებაში რუსეთის სახელმწიფო დუმის ქართველი დეპუტატების საქმიანობა. ქართველი სოციალ-დემოკრატი დეპუტატებიც კი, რომლებსაც სახელმწიფო დუმაში ერთი სიტყვაც კი არ დაუძრავთ ქართველი ერის უფლებების დასაცავად (თუ არ ჩავთვლით კაკი წერეთლის ცნობილ რეპლიკას), აქტიურად იცავდნენ პოლონეთის და პოლონელი ხალხის უფლებებს. იმ დროს, როდესაც საკუთრივ პოლონელთა დეპუტაცია პოლონეთის ავტონომიით კმაყოფილდებოდა, ქართველი დეპუტატები მის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას მოითხოვდნენ. საბოლოოდ, 1917 წლის 29 მარტს, თავისი ცნობილი, მგზნებარე გამოსვლით, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძემ აიძულა რუსეთის დროებითი მთავრობა ეცნო პოლონეთის დამოუკიდებლობა. როდესაც, იმხანად უკვე პოლიტიკური ემიგრანტი კარლო ჩხეიძე 1923 წელს ვარშავაში ჩავიდა, ქუჩებში გამოსული ათობით ათასი მადლიერი პოლონელი მას ოვაციებით შეეგება.
კარლო ჩხეიძე – Nikolay Chkheidze
1910-იანი წლების შუა ხანებში თბილისში დაფუძნდა “პოლონელ მხედართა კავშირი”. 1917 წლის ნოემბერში “ამიერკავკასიის კომისარიატმა” უფლება მისცა ხსენებულ კავშირს პოლონელ ქვეითთა ერთი ბრიგადის შექმნისა. ამ ფორმირებამ იარსება 1918 წლის ივნისამდე, როდესაც საქართველოში მყოფი გერმანული საექსპედიციო კორპუსის სარდლობამ და გერმანიის საელჩომ თბილისში მოითხოვეს პოლონური ბრიგადის დაშლა. 1919 წლის მაისში ყოფილი ბრიგადის წევრები გაამგზავრეს ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ისინი შეუერთდნენ გენერალ ჟელიგორსკის პოლონურ დივიზიას. ერთი თვის შემდეგ დივიზია დაბრუნდა პოლონეთში. აღსანიშნავია, რომ ჟელიგორსკის დივიზია და მის შემადგენლობაში მყოფი ქართველი პოლონელები აქტიურად მონაწილეობდნენ ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ 1920 წლის ომში და ვარშავის გმირულ დაცვაში (იხ.: ა. გრიშიკაშვილი, დასახ. ნაშრომი).
ჯერ კიდევ მე-19-მე-20 საუკუნეთა მიჯნაზე შეიქმნა პირველი პოსტულატები შემდგომში მყარი და მთელს ევროპაში ცნობილი პოლიტიკური მიმდინარეობისა, რომელიც “პრომეთეიზმი”-ს სახელწოდებით იყო ცნობილი. მის სათავეებთან იდგა იუზეფ პილსუდსკი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ამ მოძღვრების განვითარებაში. “პრომეთეიზმი” გულისხმობდა მჭიდრო თანამშრომლობას არარუს ერებთან. პრიორიტეტი ენიჭებოდა კავკასიის ხალხებს. შემთხვევითი არ არის მოძრაობის სახელწოდება “პრომეთეიზმი”.
მოძღვრების ძირითადი დებულებები პილსუდსკიმ ჩამოაყალიბა ჯერ კიდევ 1904 წლის 13 ივლისს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი წარდგენილ მემორანდუმში (იხ.: რობერტ კარაბინი, პრომეთეიზმი: კავკასიელი ხალხის მონაწილეობა პოლონეთის 1918-1921 წლების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. – http://mamuli.net/qartlosi/bpg/publication_view.asp?iabspos=1&vjob=vdocid,11411 ).
1910-იან წლებში პარიზში ნაყოფიერ პოლიტიკურ და პუბლიცისტურსაგამომცემლო საქმიანობას ეწეოდა ცნობილი ლიტველი მოღვაწე გაბრისი. გარდა იმისა, რომ გამოსცემდა ერთა უფლებების დამცავ გაზეთს “Les Annales des Nationalites”, პარიზში მოქმედებდა მისი თაოსნობით დაფუძნებული ორგანიზაცია “Les Annales des Nationalites”. გაბრისი აქტიურად თანამშრომლობდა პილსუდსკისთან. როგორც ზემოხსენებული გაზეთი, ისე კავშირი მოუწოდებდნენ რუსეთის იმპერიის დაყმევებულ ხალხებს აქტიურად გამოსულიყვნენ იმპერიის წინააღმდეგ, დამოუკიდებლობის აღსადგენად. ყოველივე ამას ხელს უწყობდა 1917-1918 წლებში მომხდარი ძვრები: დამოუკიდებლობა გამოაცხადეს უკრაინამ, საქართველომ, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, ბელორუსიამ, ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკამ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. ყველა ამ ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა იუზეფ პილსუდსკის, რომელიც კარგად ხედავდა, რომ რუსეთის მხრიდან მუდმივი საფრთხის თავიდან აცილება და პოლონეთის ჭეშმარიტი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევა შესაძლებელი იყო მხოლოდ ამ ხალხებთან მჭიდრო და კონსტრუქციული ურთიერთობით (იხ.: რობერტ კარაბინი, დასახ. ნაშრომი).
შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ კავკასიაში პოლონელების და მოძრაობა “პრომეთეიზმი”-ს წარმომადგენელთა მოქმედების მთავარ ადგილს საქართველო, კერძოდ კი – თბილისი წრმოადგენდა. თბილისში მოქმედებდა “პოლონური კომიტეტი” და აქვე იყო პოლონეთის სრულუფლებიანი დიპლომატიური წარმომადგენლის ვაცლავ ოსტროვსკის რეზიდენცია. 1920 წლის თებერვალში თბილისში ჩამოვიდა პოლონეთის წარმომადგენლობითი დელეგაცია პილსუდსკის ერთ-ერთი ყველაზე დაახლოვებული თანამშრომლის ტიტუს ფილიპოვიჩის ხელმძღვანელობით. ამ დელეგაციის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა პოლონეთ-საქართველოს სამხედრო კავშირის კონცეფციის პროექტი. 1919-1921 წლებში პოლონეთში მოღვაწეობდა საქართველოდან წარგზავნილი მისია დიპლომატიური წარმომადგენლის სიდამონ-ერისთავის ხელმძღვანელობით (იხ.: რ. კარაბინი, დასახ. ნაშრომი).
1920 წელს პოლონეთის გამარჯვებით დაგვირგვინდა ომი ბოლშევიკურ რუსეთთან, რამაც დიდი სტიმული მისცა მოძრაობა “პრომეთეიზმი”-ს საქმიანობას. რამდენიმე თვის შემდეგ მომხდარმა საშინელმა ფაქტმა, – ბოლშევიკური რუსეთის მიერ აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთა რესპუბლიკის ოკუპაციამ დღის წესრიგში დააყენა მოძრაობის გააქტიურების აუცილებლობა. იმხანად მარშალი იუზეფ პილსუდსკი პოლონეთის ეროვნულ არმიას (“არმია კრაიოვა”) ედგა სათავეში. სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს რამდენიმე მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რის გავლენით დაერქვა მოძრაობას “პრომეთეიზმი”. ჩვენ ვემხრობით მოსაზრებას, რომლის თანახმად, ეს სახელწოდება ქართველებისგან მომდინარეობს.
1923-1926 წლებში, როდესაც პილსუდსკი არ იყო პოლონეთის სათავეში, მოძრაობა მისი ხელმძღვანელობით განაგრძობდა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. ამ პერიოდში მას მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა მოძრაობის კავკასიელ, განსაკუთრებით, ქართველ მოღვაწეებთან. მათგან აღსანიშნავია ნოე რამიშვილი, გიორგი გვაზავა, ევგენი გეგეჭკორი, დათა ვაჩნაძე, აკაკი ჩხენკელი.
ამ დროს “პრომეთეიზმი” უკვე წარმოადგენდა ძლიერ, არარუს ერთა ანტიბოლშევიკურ გაერთიანებას. მოძრაობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული პოლონეთის საგარეო დაზვერვასთან (იხ.: В.К. Былинин, А.А. Зданович и В.И. Коротаев. Организация «Прометей» и «прометейское» движение в планах польской разведки по развалу России/СССР.‐ Труды Общества изучения истории отечественных спецслужб, т. 3, Москва, 2007, с. 318‐414).
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბოლშევიკური ოკუპაციაანექსიიდან სამი წლის და 1924 წლის აგვისტოს ეროვნული ამბოხების სისხლში ჩახშობიდან სამი თვის შემდეგ, 1924 წლის ნოემბერში, სტამბოლში შემდგარ საგანგებო თათბირზე დაფუძნდა “კავკასიის განმათავისუფლებელი კომიტეტი”. მისი შექმნის შესახებ აქტს ხელი მოაწერეს: მიხეილ (მიხაკო) წერეთელმა, დავით (დათა) ვაჩნაძემ, ალექსანდრე ასათიანმა (საქართველო), ხოსროვ სულთან ზადემ, აბდულ ალი ემირჯანმა, შეიხ-ულ-ისლამ-ზადემ (აზერბაიჯანი), ჰასან გირეიმ, ჯიბაგიმ, ალიხან კანტემირმა, აიტეკ ნამიტოვმა (ჩრდილოეთ კავკასია) (იხ.: დავით ვაჩნაძე, სამშობლოს სამსახურში (მოგონებანი), ნაწ. I.- ჟ. “ივერია”, თბილისი-პარიზი, 1992, გვ. 120-167). ამ კომიტეტს მოგვიანებით ეწოდა “კავკასიის კონფედერაციის კომიტეტი” (კ.კ.კ.). როგორც ადასტურებს დოკუმენტური მასალის მონაცემები, კომიტეტი შეიქმნა მოძრაობა “პრომეთეიზმი”-ს უშუალო მონაწილეობით (იხ.: В.К. Былинин, А.А. Зданович и В.И. Коротаев, დასახ. ნაშრომი).
პირველივე სხდომაზე, მოძრაობის ხელმძღვანელობასთან, პოლონეთის საგარეო დაზვერვასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, გადაწყდა საიდუმლო ოპერაციის განხორციელება: მოძრაობის წარმომადგენლების დათა ვაჩნაძის, ხუსრევ სულთანზადეს და ალიხან კანტემირის თურქეთისა და ირანის საზღვრისპირა პუნქტებში გაგზავნა ინფორმაციის მოძიებისა და კ.კ.კ.-ს სახელით აგიტაციის ჩატარების მიზნით. მათი ამ მისიის დაფინანსება დაევალა პოლონეთის ელჩს თურქეთში რომან კნოლს. კომიტეტის ეს გადაწყვეტილება პირნათლად იქნა აღსრულებული 1925 წლის აგვისტოში (იხ.: დ. ვაჩნაძე, დასახ. ნაშრომი; В.К. Былинин, А.А. Зданович и В.И. Коротаев, დასახ. ნაშრომი).
როგორც აღვნიშნეთ, 1923-1926 წლებში იუზეფ პილსუდსკი ჩამოცილებული იყო პოლონეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას. ამ წლებში ქვეყანას სათავეში ედგა ხენო-პიასტის ხელისუფლება. 1926 წლის მაისში მარშალ პილსუდსკის ხელმძღვანელობით პოლონეთში მოხდა გადატრიალება, რომლის წყალობით მარშალი კვლავ მოექცა ქვეყნის სათავეში. საერთოდ, გადატრიალება ფასდება ხოლმე უარყოფითად. ეს შემთხვევა გამონაკლისია. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის არმიის ყველა ქართველმა გენერალმა და ოფიცერმა უყოყმანოდ დაუჭირა მხარი საყვარელ მარშალს. ამას ჰქონდა მყარი საფუძველი, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. ახლა კი, ვნახოთ, რას წერს მაისის მოვლენების შესახებ თავის მოგონებებში ცნობილი ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლონეთის ეროვნული არმიის მაიორი დიმიტრი შალიკაშვილი: “ოპონენტები აკრიტიკებდნენ გადატრიალებას. დაპირისპირება გაჩნდა მოსახლეობაშიც.
დაისვა კითხვა – ზნეობრივია თუ არა ბრძოლა ხელისუფლებისთვის, როდესაც ერთი ძმა ებრძვის მეორეს და დედაქალაქში დაიღვარა სისხლი! ეს უმძიმესი ისტორიული მომენტია და ძნელია ამის მორალური გამართლება, მაგრამ გადატრიალების სასარგებლოდ ერთი რამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: ხელისუფლების სათავეში კვლავ მოვიდა ქვეყნისთვის თავგანწირული და სწორი პოლიტიკის გამტარებელი პილსუდსკი, რომელმაც ქაოსიდან გამოიყვანა ერი და სწორ გზაზე დააბრუნა იგი. გახდა რა კვლავ პოლონეთის ხელისუფალი, პილსუდსკის პრესტიჟი საზღვარგარეთ სწრაფად გაიზარდა და პოლონეთს უკვე მიაგებდნენ იმ პატივს, რომელიც ძლიერ სახელმწიფოთა ხვედრია” (იხ.: (ix.: Poland by Dimitri Shalikashvili, in “Sarmatian Review – XV”: http://www.ruf.rice.edu/~sarmatia/195/shalikashvili.html).
დიმიტრი შალიკაშვილი - Dimitri Shalikashvili
აქ ოდნავ გადავუხვევთ თემას და მკითხველთა ყურადღებას გავამახვილებთ ერთ საგულისხმო მომენტზე. მარშალი პილსუდსკი, სამშობლოს ეს გულანთებული პატრიოტი, გახლდათ პოლონეთის სოციალისტური პარტიის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი. ყოველივე ეს იმდენად არის ამოვარდლილი საერთო ევროპული სოციალისტური მოძრაობის კონტექსტიდან, რომ ნამდვილად დააბნევს საკითხში ჩაუხედავ მკითხველს, მეტადრე, საბჭოთა დიქტატურის მნახველ ქართველს. მაშინ, როდესაც, საქართველოს უახლეს ისტორიაში ორივე სოციალისტური მიმდინარეობა, – ბოლშევიკური (კომუნისტური) და სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიები, მკვეთრად გამოხატული ანტიქართული ხასიათის იყო, პოლონეთის სოციალისტური პარტია პოლონეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დროშით გამოდიოდა, მისი ლიდერი კი დამოუკიდებელი პოლონეთის უპირველეს სულისჩამდგმელად არის მიჩნეული…
1926 წლის მაისის მოვლენების შემდგომ მეტად გააქტიურდა მოძრაობა “პრომეთეიზმი”-ს ურთიერთობა კავკასიურ პოლიტიკურ ემიგრანტულ წრეებთან. მოძრაობა უკვე იმდენად იყო მომძლავრებული და გაფართოებული, რომ დღის წესრიგში დადგა ძლიერი პოლიტიკური გაერთიანების, ორგანიზაციის დაფუძნება. ხსენებულ წელსვე, პარიზში დაარსდა პოლიტიკური ორგანიზაცია – ლიგა “პრომეთე”, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ პოლონელები, უკრაინელები, ფინელები, ქართველები, აზერბაიჯანელები, დონის კაზაკები (რომლებიც რუსებისადმი მკვეთრად დაპირისპირებულნი იყვნენ), ჩრდილოკავკასიელები (ძირითადად ჩეჩნები, ინგუშები, დაღესტნელები და ჩერქეზები), თურქესტანელები, ყირიმელი თათრები, ყუბანელები, აგრეთვე, ინგირიის, კარელიის, კომის, ურალის წარმომადგენლები (იხ.: Прометеизм, «Википедия»: http://ru.wikipedia.org/wiki/Прометеизм). შექმნისთანავე “პრომეთე”-ს ლიგა შეუდგა საკუთარი პოლიტიკური კლუბების და განყოფილებების შექმნას. პრომეთეს ასეთი კლუბები (განყოფილებები) შექმნეს უკრაინელებმა, ფინელებმა, ქართველებმა, აზერბაიჯანელებმა, ჩრდილოკავკასიელებმა. სათაო ორგანიზაცია, რომელიც კურირებას უწევდა ყველა კლუბის (განყოფილების) საქმიანობას, მდებარეობდა ვარშავაში. საგულისხმოა ის გარემოება, რომ, გარდა წმინდა პოლიტიკურისა, “პრომეთე” ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო და კულტურულ მოღვაწეობას. მისი ეგიდით ვილნიუსში ფუნქციონირებდა აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტი, ვარშავაში კი ნაყოფიერ საქმიანობას ეწეოდა აღმოსავლეთის შემსწავლელი ინსტიტუტი, რომელთან არსებობდა აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლა. ვილნიუსის ინსტიტუტთან ფუნქციონირებდა პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა. 1928 წლიდან ჟენევაში მოქმედებდა ორგანიზაციის ეგიდით დაფუძნებული საინფორმაციო სააგენტო ““Ofinor”. 1930 წელს ვარშავაში დაფუძნდა “პრომეთე”-ს ყოველკვარტალური ჟურნალი “Wschod-Orient” (იხ.: რ. კარაბინი, დასახ. ნაშრომი).
1926 წელს პარიზში დაიწყო გამოცემა ორგანიზაციის ფრანგულენოვანმა ჟურნალმა “La Promethee”. მისი რედაქტორი გახლდათ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გვაზავა (1869-1941).
აღსანიშნავია, რომ “პრომეთე”-ს ეროვნული ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და გამორჩეული იყო ქართული “პრომეთე”. საკმარისია აღინიშნოს, რომ არსებობის მანძილზე მან შეძლო საქართველოში 20 კონსპირაციული ჯგუფის შემოგზავნა. ამ ჯგუფების უმთავრეს მიზანს შეადგენდა საქართველოში და ამიერკავკასიაში არსებული საზოგადოებრივ პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის თავმოყრა (იხ.: Prometheism, in “Wikipedia”: http://en.wikipedia.org/wiki/Prometheism). ქართული “პრომეთე”-ს ნაყოფიერ საქმიანობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ის პარიზში გამოსცემდა ორგანიზაციის ქართულენოვან ჟურნალს.
“პრომეთე”-ს ლიგის იდეური ხელმძღვანელობის ქვეშ მოღვაწეობდა ჯერ “კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტი”, შემდეგ კი მის ბაზაზე შექმნილი “კავკასიის კონფედერაციის საბჭო”. მასთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, აგრეთვე, “ქართულ ეროვნულ ცენტრს”. ქართველი პრომეთეელები იმდენად აქტიურად და კონსპირირებულად მოქმედებდნენ, რომ 1930-იან წლებში საქართველოში ყავდათ საკუთარი აგენტურა. ერთ-ერთი დოკუმენტის წყალობით, ბოლო დროს ცნობილი გახდა, რომ 1930-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისში “ქართული ეროვნული ცენტრის” და “პრომეთე”-ს რეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა სტომატოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთერთი ფუძემდებელი, პროფესორი აპოლონ ურუშაძე (1886-1961), წარსულში მემარჯვენე ესერი, 1912-1917 წლებში რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ მეორის პირადი ექიმი-სტომატოლოგი, 1916-1917 წლებში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრი. რუსი ავტორები “შეცდომით” მოიხსენიებენ მას, როგორც “საქართველოს სსრ მთავრობის წევრს” და “ოქტომბრის რევოლუციის მონაწილეს” (იხ.: В.К. Былинин, А.А. Зданович и В.И. Коротаев, დასახ. ნაშრომი). იმავე ხანებში კავშირს სსრკ-თურქეთის საზღვარზე უზრუნველყოფდა “პრომეთე”-ს აგენტი კ. მასხარაშვილი, იტალიასთან და ნაცისტურ გერმანიასთან ლიგის კავშირს უზრუნველყოფდა “პრომეთე”-ს რეზიდენტურა ქრთული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწის ვ. სადათერაშვილის ხელმძღვანელობით (იხ. იქვე).
პრომეთეელთა მოძრაობამ და ლიგამ “პრომეთე” იარსება 1939 წლის შუა ხანებამდე. ამ მოძრაობის ფარგლებში 20-წლიანმა თანამშრომლობამ არაერთი ღირსეული და საგულისხმო ფურცელი ჩაწერა პოლონელი და ქართველი ერების ურთიერთობათა ისტორიაში.
და ბოლოს, არ შეიძლება მკითხველთა ყურადღება არ გავამახვილოთ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან ფაქტზე, რომელიც სწორუპოვარი მაგალითია ორ მოძმე ერს შორის ურთიერთპატივისცემისა.
მოგეხსენებათ, ბოლშევიკური რუსეთის მიერ სუვერენული საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის გაზაფხულზე, უამრავმა ლტოლვილმა ქართველმა მოიყარა თავი თურქეთის ტერიტორიაზე. მათ შორის იყვნენ ქართული ეროვნული არმიის კადრის ოფიცრები და თბილისის სამხედრო სკოლის (იგივე იუნკერთა სკოლის) იუნკრები, რომლებსაც გამოვლილი ჰქონდათ კოჯორ-ტაბახმელას 1921 წლის თებერვლის ბრძოლები. მათ ხელმძღვანელობდნენ სკოლის უფროსი, ქართული ეროვნული არმიის პოლკოვნიკი (შემდგომში პოლონეთის ეროვნული არმიის ბრიგადის გენერალი) ალექსანდრე ჩხეიძე და სკოლის სამწყობრო ნაწილის ოფიცრები არტემ არონიშიძე, ივანე ქუთათელაძე, ნიკოლოზ ყიფიანი და ალექსანდრე ალავიძე.
გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე (ცენტრში) პოლონეთის ეროვნული არმიის ქართველ ოფიცრებთან ერთად (1935 წ.)
გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე (ცენტრში) პოლონეთის ეროვნული არმიის ქართველ ოფიცრებთან ერთად (1935 წ.) 2009 წელს პოლონეთის ეროვნულმა არქივმა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა 1920-იანი წლების პოლონურ-ქართული ურთიერთობის ამსახველი რამდენიმე უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტის ასლები. ყოველი მათგანი შეეხება სწორედ ქართველ სამხედროთა ბედს და იმას, თუ როგორი მზრუნველობა გამოიჩინა მათ მიმართ მარშალმა პილსუდსკიმ. დოკუმენტები გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ, თუ მარშლის უშუალო მითითებით რომელი ქართველი იუნკრები ჩარიცხეს პოლონეთის სამხედრო სასწავლებლებში. ესენი იყვნენ იუნკრები: სიმონ აბაშიძე, ვარლამ აბაშიძე, პროკოფი აბულაძე, ნიკოლოზ აღნიაშვილი, სიმონ ბახუტაშვილი, ივანე ბაქრაძე, სავლე ბალახვანელი, გრიგოლ ბოკუჩავა, ზაქარია ცერცვაძე, ვალერიან ჭელიძე, გედევან ხუნდაძე, ვლადიმერ ცაბაძე, თადეოზ წითლანაძე, დავით (დუდა) ჩხეიძე, გრიგოლ ჩხეიძე, გიორგი ჯავახიშვილი, მიხეილ დადიანი, ალექსანდრე გლოვაცკი, ბორის ღოღობერიძე, გრიგოლ იაშვილი, ილია კაკაბაძე, ნიკოლოზ კანდელაკი, ირაკლი ყაზბეგი, ლევან კეზელი, მიხეილ კიკნაძე, ალექსანდრე ყიფიანი, დავით ყიფიანი, მიხეილ კვალიაშვილი, დავით ლაღიძე, ილარიონ ლობჟანიძე, ვახტანგ ლომიძე, ვლადიმერ მაჭარაძე, გიორგი მამალაძე, ნიკოლოზ მათიკაშვილი, გიორგი მრელაშვილი, ფარნაოზ ნავცლიშვილი, ივანე ნანუაშვილი, ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი, რევაზ ფავლენიშვილი, შალვა ფურცელაძე, გიორგი რატიშვილი, არკადი სხირტლაძე, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, მელიქ სომხიანცი, პლატონ თაყაიშვილი, გიორგი ტურაშვილი, ვიტალი (ტალიკო) უგრეხელიძე, დავით ვაჩნაძე, იოსებ ზაუტაშვილი, ბორის თინიკაშვილი. იუნკრების და, საერთოდ, სამხედროთა აღნუსხვას და გამგზავრებას ქართველთა მხრიდან უზრუნველყოფდა გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე, პოლონეთის მხრიდან კი პოლონეთის სამხედრო ატაშე კონსტანტინეპოლში, პოლკოვნიკი ბაბიცკი.
ქართველი ემიგრანტი სამხედროები პოლონეთის გარდა აღმოჩნდნენ საბერძნეთში, საფრანგეთში, ჩეხეთ-სლოვაკეთში, მაგრამ არსად უხდებოდათ ცხოვრება ისეთ საუკეთესო პირობებში, როგორც პოლონეთში. როგორც დიმიტრი შალიკაშვილი მიუთითებს თავის მოგონებებში, ქართველი ოფიცრები ყველა თვალსაზრისით გათანაბრებულნი იყვნენ პოლონელებთან. საკმარისია აღინიშნოს, რომ პოლონეთის არმიას ჰყავდა 6 ქართველი გენერალი: ალექსანდრე ზაქარიაძე, ზაქარია (შაქრო) ბაქრაძე, ალექსანდრე ჩხეიძე, იან ყაზბეგი, ალექსანდრე კონიაშვილი და კირილე ქუთათელაძე. ამას ადასტურებს პოლონეთის ეროვნული არქივის ზემოხსენებული დოკუმენტები. ჩამოთვლილი გენერლებიდან ერთ-ერთი, – ალექსანდრე ჩხეიძე 1940 წელს კატინის ტრაგედიას ემსხვერპლა.
ამდენად, ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ბარბაროსული აგრესიის დროს საქართველოს ინტერესების დასაცავად ჩამოსული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თავდადებას დიდი წინაისტორია და საფუძველი ჰქონდა.
ლეხ კაჩინსკი
საქართველოს ეროვნულ გმირთა დიდებულ გალერეას ქართველი ერის დიდი მეგობრის ხატება შეემატა. რაოდენ სიმბოლურია ისიც, რომ კრაკოვში ერთ აკლდამაში, გვერდიგვერდ განისვენებს პოლონეთის ორი სახელოვანი პრეზიდენტი, ქართველი ერის ორი გულმხურვალე მეგობარი – იუზეფ პილსუდსკი და ლეხ კაჩინსკი.