ასი ათასი მოწამე, წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან 1227 წელს წამებულნი — საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღე ახალი სტილით 13 ნოემბერს (ძვ. სტ. 31 ოქტომბერი).
მტკვარზე გადებულ ხიდზე ღვთისმშობლის ხატი იდო, ვინც ფეხს არ დააბიჯებდა თავს ჭრიდნენ, რიგში დედაც იდგა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, რაც უფრო უახლოვდებოდნენ ხიდს დედას უამრავი აზრი უელავდა თავში, იფიქრა მოდი ჯერ მე პირველი მივალ ჩემი შვილების სიკვდილი არ ვნახოო, მაგრამ ვაითუ ჩემმი პატარები ჩემმა დასჯამ დათრგუნოს და რწმენას უღალატონო. წინ შვილები დააყენა და უკან თვითონ გაჰყვა უფალთან შესაერთებლად.
მოგვითხრო, დეკანოზი ბადრი (არჩვაძე). დუბის (ყვარელი) დედათა მონასტრის წინამძღოლი
ჯალალედინის ბრძანებით ეკლესია-მონასტრები დაანგრიეს, პატიოსანი სამსხვერპლონი შეურაცხყვეს, სიწმინდეები შეაგინეს, ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები „ეკლესიათა შინა ხატთა და ჯუართავე თანა“ შემუსრეს, მონაზვნები და მორჩილები დაატყვევეს და წამებით მოკლეს, ქალწულები შეურაცხყვეს. მაგრამ მაინც ვერ დამშვიდდა „უკეთური იგი სული მისი“ და „განზრახვითა ეშმაკისაითა“ მოიგონა სხვა სიბოროტეც: სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა, ზედ თავისი „ბილწი საჯდომელი“ დააშენებინა საიდანაც თავლ ყურს ადევნებდა მეტეხის ხიდზე მომხდარ მოვლენებს. ამ მიზნით სიონის ტაძრიდან მოატანინა მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატები, მტკვარზე გადებულ ხიდზე „პირაღმართ“ დაადებინა და ტყვეებს ფეხის დადგმით პატიოსანთა ხატთა შეურაწყოფა და სჯულის დატევება უბრძანა.
ჯალალედინის ხელქვეითებმა ურიცხვი ქრისტიანი ხიდის თავში დააყენეს და გამოუცხადეს: ვინც შეასრულებს სულთნის ბრძანებას, გათავისუფლდება და დასაჩუქრდება, ხოლო ვინც ეურჩება, თავის მოკვეთით დაისჯება. მაშინ ზოგიერთმა სულმოკლე ქრისტიანმა სიკვდილის შიშით ღმერთი დაივიწყა და ქრისტეს განუდგა. მაგრამ დიდმა უმრავლესობამ მხნედ მიუგო მტარვალთ: „თუმცა შერცხვენილნი და დამდაბლებულები ვართ ჩვენი ცოდვების გამო, გულით შევსწირავთ თავს ღმრთს მოტევებისათვის ცოდვათა ჩუენთასა, რომელნიც ვქმენით ქალაქსა ამას შინა, და როგორც შევაგინეთ ჩვენი ქალაქი თავისი სიწმიდეებით, ასევე უნდა განსწმინდოს იგი ღმერთმან ჩვენი სისხლით. არ უარვჰყოფთ ჩვენ ქრისტეს, ჩვენს შემოქმედსა და უფალს, არამედ ყოველნი მისი სახელისათვის მოვკვდებით.”
ხვარაზმელები ხიდის მოაჯირის გასწვრივ გაშიშვლებული მახვილებით ხელში ჩამწკრივდნენ, ხოლო დატყვევებული ქრისტიანები რიგრიგობით უნდა გადასულიყვნენ ხიდზე და ქრისტეს უარყოფის ნიშნად ხიდზე გადებულ ხატებზე ფეხით უნდა გაევლოთ. ტყვეთა უმრავლესობამ დიდი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა, რის გამოც იქვე სიკვდილით იყვნენ დასჯილები.