წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია
1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.
შანიძე ალექსანდრე მათეს ძე. დაბ. 9 მაისი, 1862წელი ქუთაისი გარდ. 25 სექტემბერი, 1946 (84 წლის ასაკში). დაკრძალვის ადგილი: თბილისი, კუკიის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაო
ალექსანდრე შანიძე დაიბადა 1862 წელს ქუთაისში მღვდლის ოჯახში. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და იმავე წლის 23 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, მალევე მღვდლად დაასხა ხელი და გამოჩინებულის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად განამწესა.
1887 წელს მღვდელი ალექსანდრე ბარსაჯავახოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, ხოლო 1888 წლიდან 1900 წლამდე გამოჩინებულის ოლქის მთავარხუცესი იყო. ამავე წლებში იგი გამოჩინებულის ოლქის სამრევლო-საეკელსიო სკოლების ზედამხედველის თანამდებობას იკავებდა.
1891 წელს ალექსანდრე შანიძე საგვერდულით დაჯილდოვდა. ბარსაჯავახოში მსახურების პერიოდში საფუძვლიანად შეაკეთა და გაარემონტა ეკლესია. 1894 წელს ახალი ოფეთის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში დაინიშნა და 1895 წელს სკუფია უბოძეს. 1897 წელს იგი აბაშის მაზრაში, ხოლო 1904 წელს ქუთაისის მაზრაში ხოლერის საწინააღმდეგო კომისიის წევრი გახლდათ. 1899 წელს ალექსანდრე შანიძეს კამილავკა ეწყალობა. ოფეთში მსახურების პერიოდში დაიწყო ორი ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც 10 000 მანეთი დაუჯდა.
1900 წელს ქუთაისის (ძელქვიანის სასაფლაო) მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა და 1901 წელს ქუთაისის საქალაქო ექვსკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის უშტატო მასწავლებლად დაადგინეს, ხოლო 1903 წელს შტატში ჩაირიცხა. 1900-1905 წლებში იგი ეკლესიასთან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი იყო, ხოლო 1902-1905 წლებში ქუთაისის ეპარქიალური ქალთა სასწავლებლის მმართველი კომიტეტის წევრი. 1910-1911 წლებში კვლავ ამავე სკოლის პედაგოგია.
1903 წელს მთავარხუცესის პოსტზე თორმეტწლიანი კეთილსინდისიერი სამსახურის გამო ალექსანდრე შანიძე წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, ხოლო 1904 წელს სამკერდე ოქროს ჯვარით დააჯილდოვეს.
1910 წელს ალექსანდრე შანიძეს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ალექსანდრე 1938 წლის ჩათვლით ეკლესიის სამსახურში იყო. ამ პერიოდიდან მან დროებით უარი თქვა მსახურებაზე. საქართველოს საკათალიკოზოში არსებულ მოქმედ ღვთისმსახურთა ოფიციალურ ჩამონათვალის მიხედვით, როგორც სჩანს, იგი კვლავ აპირებდა მღვდელმსახურების გაგრძელებას, მაგრამ ჯერ ავადმყოფობამ და შემდეგ კი სიკვდილმა მის განზრახვას ხელი შეუშალა.
1946 წლის 25 სექტემბერს დეკანოზი ალექსანდრე გარდაიცვალა და დასაფლავებულია თბილისში, კუკიის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე.
დეკანოზ ალექსანდრეს ჰყავდა მეუღლე ანასტასია ნიკოლოზის ასული და შვილები: სერგი, ოლიმპიადა, ელენე, ელისაბედი და მარიამი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1904 - სამკერდე ოქროს ჯვარი
- 1903 - წმ. ანას III ხარისხის ორდენი