წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის დაბადებიდან 150 წელი გავიდა. იგი დაიბადა 1865 წლის 15 თებერვალს ქუთაისში. იგი იყო ბლაღოჩინ მიხეილ მჭედლიძის უმცროსი შვილი. მჭედლიძეები წარმოშობით სოფელ ბოსლევიდან ყოფილან. მათი ერთი შტო კი სოფელ სვირში დასახლებულა. ეს იყო მღვდელი სიმონ მჭედლიძე. მისი ერთი ვაჟი, მიხეილი იმერეთის ეპარქიის ბლაღოჩინი ყოფილა. სვირში დღესაც არის მის მიერ აშენებული წყარო, რომელსაც ,,ბლაღოჩინის წყაროს“ ეძახიან. მას თავის საბლაღოჩინო ოლქში არაერთი ეკლესია აღუდგენია. მეორე ვაჟი კი, ცნობილი პუბლიცისტი, ევსტათი მჭედლიძე(ბოსლეველი) გაბრიელ ეპისკოპოსის ეპარქიის კანცელარიის მდივანი იყო. იგი სრულიად ახალგაზრდა მოკლეს ქუთაისში.
პაპის თანამოსახელე სიმონს დაუმთავრებია სტავროპოლის სასულიერო სემინარია. 1889 წელს ასწავლიდა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში. 1894 წლის 7 მაისს გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ ხელდასმულ იქნა დიაკვნად. იმავე წლის 23 მაისს კი მღვდლად.
მანამდე იგი დაქორწინდა ეკატერინე დგებუაძეზე.
მის შესახებ საარქივო საქმე 30-იან წლებშია შედგენილი. მას ცამეტი შვილი ჰყავდა, მაგრამ იმ დროისთვის, როცა საქმე №1627 შეუდგენიათ, შვიდი შვილი ჰყავდა ცოცხალი.
მამა სიმონ მჭედლიძემ ქ. ქუთაისში გახსნა კერძო პანსიონი, პროგიმნაზია. 1902 წლიდან კი იგი სვირის ეკლესიის წინამძღვარია. საეკლესიო ცხოვრებასთან ერთად იგი ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1896-1905 წლებში იყო იმერეთის ეპარქიის სასწავლებელთა საბჭოს შორაპნის განყოფილების წევრი, ხოლო 1898-1905 წლებში -შორაპნის მაზრის საეკლესიო სკოლების ზედამხედველი. 1901 წელს დაინიშნა იმერეთის ეპარქიის საეკლესიო სკოლების მასწავლებელთა კურსების ზედამხედველად. 1905 წელს იმერეთის ეპარქიის სასწავლებელთა საბჭოს წევრია და ამავე წელს ინიშნება იმერეთის საეპარქიო საბჭოს საქმის მწარმოებლად. 1902-1905 წლებში იყო მეოთხე თანრიგის საგამომცდელო კომისიის თავმჯდომარე.
მღვდელი სიმონ მჭედლიძე, როგორც მისი თანამედროვე მოღვაწე, ზაქარია ჭიჭინაძე წერს ,,ცნობილი მუშაკი გახლავთ სასულიერო და საერო მწერლობის“. იგი ბეჭდავს სხვადასხვა ისტორიულ წიგნებს, როგორიცაა ,,ქრისტიანობა ბებელის ლაბორატორიაში“. რომელიც დაიბეჭდა 1907 წელს. მასში მისი ავტორისათვის დამახასიათებელი გამჭრიახი გონებითა და მახვილი სიტყვით განქიქებულია გერმანელი მარქსისტის, ათეისტი სოციალ-დემოკრატის, გუსტავ ბებელის(და მისი ქართველი მიმდევრების, ,,ესდეკი ბებელების“)მოძღვრება ქრისტიანული რელიგიის შესახებ.
1914-1915 წლებში იბეჭდება მისი სახელმძღვანელო ,,საღვთო ისტორია ძველი და ახალი აღთქმისა, შემოკლებული ლოცვანით, ღვთისმსახურებითა და კატეხიზმოთი“. სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც სასულიერო, ასევე საერო სკოლებისათვის, მასში ბავშვისათვის გასგები ენითაა გადმოცემული წმინდა წერილის თხრობები, განმარტებულია მისთვის ნაცნობი გარემოს -ეკლესიის მოწყობის სიმბოლიკა, უცნობი სიტყვები ლოცვებისა, ახსნილია ღვთისმსახურების არსი...
მამა სიმონ მჭედლიძის მიერ რუსულიდან ითარგმნა გლადკოვის წიგნი ,,სინამდვილე სახარებისა“. მან საკუთარი სახსრებით დააარსა სტამბა ქუთაისში და რედაქტორობდა სარწმუნოებრივ-ზნეობრივ- საზოგადოებრივ გაზეთს ,,შინაური საქმეები“ ეს გაზეთი ყოველკვირეული იყო და აგრძელებდა ილია ჭავჭავაძის გზას და მიზნად ისახავდა რწმენადაკარგული, დაბნეული და პარტიებად დაქსაქსული საზოგადოების ზნეობრივ და სულიერ აღზრდას. ქართველებისაგან დავიწყებული და უგულვებელყოფილი ქრისტეს რჯულისა და მცნებების, ქრისტიანული ზნეობის აღდგენას. გაზეთი ეკლესიას უნდა დახმარებოდა ხალხის ღვთისკენ მობრუნებაში: ,,ხალხს მოძღვარი ეჭირვება, უამისოდ მას არ უცხოვრია და ვერც იცხოვრებს, რაც უნდა მაღალი შეიქმნას მისი კულტურა. ამიტომ, როცა ჭეშმარიტი მოძღვარი არ არის, ცრუ მოძღვარნი იჭერენ მის ადგილს და ხალხიც ემონება. სადაც ქრისტე არ არის, იქ მაჰმადია, იქ ბუდაა, იქ ზოროასტრია. როცა ჩვენი დროის ჭეშმარიტი ქრისტეს მოძღვარნი შემცირდნენ, მათი ადგილი ბებელებმა და გომართელებმა დაიჭირეს. საკმარისია, აღდგნენ ჭეშმარიტი, თავდადებულნი მოძღვარნი, რომ ცრუმოძღვრები დაეცნენ... მაგრამ შეგვიძლია კი ხალხს მოძღვრობა გავუწიოთ გაზეთის საშუალებით? შეგვწევს თუ არა იმდენი ღონე, რომ ძლევამოსილად გავუმკლავდეთ ბნელ ძალებს? გვყვანან თუ არა ასეთი მებრძოლები?“-წერდა ,,შინაურ საქმეებში“.
მადლობა უფალს, რომ იმ დროსაც არსებობდნენ მამულიშვილები, ვისაც ერის სატკივარი თავისად მიაჩნდათ და გულთან ახლოს მიჰქონდათ.
,, შინაურ საქმეებში“ იბეჭდებოდა მომავალი პატრიარქების კირიონ მეორის, ლეონიდე ოქროპირიძის, კალისტრატე ცინცაძის, არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილის, ბერი ალექსი შუშანიას და სხვათა წერილები ხალხის სატკივარზე. გაზეთი მკვეთრად გამოხატული ეროვნული ხასიათისა იყო. მამა სიმონ მჭედლიძე გაზეთში ფსევდონიმით აქვეყნებდა პუბლიკაციებს. თავისი წერილებით ილაშქრებდა მეფის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ, იბრძოდა ეკლესიის ავტოკეფალიისა და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, ფასიანი სწავლების გაუქმებისათვის. თვითონ სამღვდელოებას მოუწოდებდა ქველმოქმედებისაკენ და გამოღვიძებისაკენ: ,,ეკლესიას დროის შესაფერისი სამღვდელოება ეჭირვებაო“- წერდა იგი. გამოდიოდა საღვთო სჯულის რუსულად სწავლების წინააღმდეგ. მიაჩნდა, რომ იგი ძირს უთხრიდა სამშობლო ღვთისმეტყველებას, უკარგავდა ენას და ამუნჯებდა სამღვდელოებას, უსპობდა მწიგნობრობას, ერთი სიტყვით, სპობდა მღვდელსა და ერს შორის ცხოველ დამოკიდებულებას“. იგი დაჟინებით მოითხოვდა სასულიერო სასწავლებლებში ქართულ ენაზე საწვლების შემოღებას და პრაქტიკულადაც უწყობადა ხელს ამ საქმეს. დააარსა ,,იმერეთის სარწმუნოებრივ-განმანათლებელი ძმობა და მასთან არსებულ სტამბაში ჩაეყარა საფუძველი ქართულ ენაზე საღვთო სჯულისა და საღვთო ისტორიების, ღვთისმსახურების შესახებ ქართული სახელმძღვანელოების შექმნას. 1913 წლიდან მისივე რედაქტორობით დაარსდა ყოველთვიური საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური, პოლიტიკური და ლიტერატურული კრებული ,,განთიადი“, რომელიც 1915 წლიდან ჟურნალის სახით გამოდიოდა.
მღვდელი სიმონ მჭედლიძე, როგორც უკვე ავღნიშნე, ფართო პრაქტიკულ სასწავლო-საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწეოდა. მის მიერ იქნა სოფელ ლაშეში ( ხარაგაულის რაიონი) აშენებული და დაარსებული სკოლა, სადაც სწავლება ჯერ ორწლიანი, ოთხწლიანი , და შემდეგ რვაწლიანი ყოფილა. ხოლო 1958 წლიდან- საშუალო სკოლაა და დღესაც ემსახურება ხუთ სოფელს. მას მიაჩნდა, რომ გლეხობას უნდა მიეღო საწვლა-განათლება, უნდა სცოდნოდა წერა-კითხვა, ამიტომ აუცილებლობას წარმოადგენდა სოფელში სკოლა.
...და ჩაუდგა სათავეში ხალხს, შემოიკრიბა გარშემო თანამოაზრეები: გრიშა აბაშიძე, არტევან კვინიკაძე, სხვები და სხები და დაიწყო სკოლის მშენებლობა. 1918 წელს უკვე დამთავრდა კარგი, კაპიტალური, ორსართულიანი ქვითკირის შენობა, რომელიც აიგო ხალხიდან მოზიდული სახსრებითა და შემოწირულობებით. სიმონ მჭედლიძე ამ სკოლის პირველი გამგე იყო და სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა კიდეც მას.
განათლებული მღვდელი, დიდი მამულიშვილი ეროვნული იდეების გამო შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამის შედეგი იყო ის, რომ ,,ცრუ მოძღვართა“ აღზრდილებმა, რომელთაც სიტყვითა და კალმით ებრძოდა მამა სიმონ მჭედლიძე და მისი გაზეთი, შეიპყრეს მოძღვარი და მასთან ერთად მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა, მღვდელი გერმანე ჯაჯანიძე, იერეთეოზ ნიკოლაძე და პროტოდიაკვანი ბესარიონ კუხიანიძე. სასტიკად ნაგვემნი თოკებით ერთმანეთზე გადააბეს, მიტროპოლიტი ნაზარი კი ურემზე დააკრეს და 1924 წლის 1 სექტემბერს დახვრიტეს საფიჩხიის ტყეში. ჯერაც ცოცხლებს კი მიწა მიაყარეს. ამბობდნენ, ზემოდან წაყრილი მიწა დიდხანს სუნთქავდა და ინძრეოდაო.
დახოცეს ერის მამები, ქრისტეს რჯულის მქადაგებლები ილიას მკვლელების შთამომავლებმა, ოფიციალური ბრალდებით ,,აგვისტოს ავანტურაში მონაწილეობისათვის“.
1995 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო კრებამ, წმ. სინოდის განჩინებით ნაზარი მიტროპოლიტი და მისი სამღვდელო კრებული -დეკ. გერმანე ჯაჯანიძე, დეკ. იერეთეოზ ნიკოლაძე, მღვდ. სიმონ მჭედლიძე და პროტოდიაკვანი ბესარიონ კუხიანიძე შერაცხა წმინდანებად- ,,ახალმოწამეთა’’ წოდებით. ხსენების დღედ 27 აგვისტო დაწესდა.