2014წ. მდგომარეობით მონაზონი ბოდბის ეპარქია
სამონაზვნო სალომე (შონია) ლტოლვილთა მონასტერს სოხუმიდან მოვყვებით მე და დედა. უნივერსიტეტის პირველ კურსზე ვიყავი, ომი რომ დაიწყო.
მახსოვს, როგორ ჩავიკეტეთ და ოჯახს მოწყვეტილად ვცხოვრობდით სოხუმში.
ჩვენს სახლში დროებით მცხოვრებმა სასულიერო პირებმა: მამა ანტონმა და მამა სიმონმა საფრთხის დამუქრების შემთხვევაში ჩვენი მეურვეობა იკისრეს _
26 სექტემბერს, სოხუმზე მოსალოდნელი შტურმის წინადღეს, მე და დედამ ქალაქი დავტოვეთ და ბერ-მონაზვნებთან ერთად, 27-ში სვანეთის უღელტეხილს დავადექით.
მჟავე წყლებამდე _ ავტობუსით, შემდეგ კი 75 კილომეტრი ფეხით ვიარეთ. მახსოვს, მთელი ამ გზის გავლისას, დილით 1 ნაჭერ ორცხობილას, საღამოს ნამცხვრის პაწაწინა ნაჭერს ვიმყოფინებდით. მეუფე დანიელი, როგორც ყველაზე უმცროსს (17 წლისა ვიყავი),თავის ულუფას მე მითმობდა, გზაზე კი ლოცვით გვაძლიერებდა. ორ დღეში 5-წუთიანი შესვენებებით ეს მანძილი მთლიანად დავფარეთ. ასე გავედით ჭუბერამდე. დედა, ღვთის ნებით, ქარაფზე გადაჩეხვას გადარჩა. მეუფე დანიელმა გვირჩია დედებთან დავრჩენილიყავით, შემდეგ მე თვითონ აღარ მომინდა საერო ცხოვრებისაკენ მობრუნება. სოხუმის ლტოლვილმა მონასტერმა ბოდბეს შეაფარა თავი. მეთვრამეტე წელია მე და დედა მონაზონი ანა მონასტერში ვცხოვრობთ და აფხაზეთისთვის ვლოცულობთ