2014წ. მდგომარეობით იღუმენია შინდისი (თბილის) თმარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი
მამა ანდრია მონასტრის წევრებთან ერთად. მეორე რიგში მარჯვნიდან მეორე იღუმენია თამარი, პირველ რიგში მარჯვნიდან პირველი მონაზონი ეფემია
იღუმენია თამარი (პაპუნაშვილი): - ერში მამა ადამის (ახალაძე) მრევლი ვიყავი. როცა მონასტრული ცხოვრება გადავწყვიტე, მამა ადამს გვერდიდან აღარ მოვშორებივარ. როცა მონასტრის მშენებლობა დაიწყო, მშენებლებს ტრაპეზს ვუმზადებდით. ერთხელაც, ერთი კვირა რომ გავიდა და სახლში არ მივედი, მითხრეს, რაშია საქმე, შინ რატომ არ მოდიხარო. მე უკვე მონასტერში დარჩენა მქონდა გადაწყვეტილი. თავიდან ოჯახიდან წინააღმდეგობა შემხვდა. მერე შეურიგდნენ ჩემს მდგომარეობას. ახლა კი პირიქით, ამაყობენ კიდეც. 2009 წელს შვიდი დედა აღვიკვეცეთ მონაზვნებად. შვიდიდან ოთხი ვიყავით მონაზონი და სამი - სამონაზვნე. მამა ადამს მონასტრის წევრები ერიდან მოვყვებით. მადლობა უფალს, უწმინდესს, მამა ადამს, რომ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. სულ სხვანაირი გზით მივდიოდი. მონასტერი კი მქონდა ოცნებად, მაგრამ თუ მონაზონი გავხდებოდი, ვერ წარმომედგინა. ვფიქრობდი, ამის ღირსი არ ვიქნებოდი. ერში ოჯახი მყავდა, კარგი შვილები მყავს, შვილიშვილები... კარგი ოჯახი მივატოვე.
როცა ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, მაშინ ჩემი მოძღვარი იყო მამა ზაქარია (ძინძიბაძე). მისი ლოცვა-კურთხევით გადავედი მამა ადამთან. მადლობა ღმერთს, რომ ღირსი ვარ მონასტერში ცხოვრების. თავიდან აქ რომ მოვედით, არაფერი არ იყო, მონასტერი ჩვენ თვალწინ შენდებოდა, კარავში ვცხოვრობდით. მერე აშენდა საცხოვრებელი სენაკები, სამლოცველო. თავიდან აქ მუდმივად, ცხოვრობდნენ დედა ანასტასია და დედა ნინო. ჩვენ ვმორიგეობდით. ისინი აქ ათენებდნენ და აღამებდნენ. მერე ჩვენ შევემატეთ. ამჟამად მონასტერში ექვსი მონაზონი ვართ და ოთხი სამონაზვნე. მონასტრის წინამძღვარია მამა ადამი.
მონასტრის ტიპიკონი: დილის ხუთის ნაზევარზე მოხმობის ზარი ირეკება. ვდგებით ხუთის ნახევარზე. 5 საათზე ლოცვა იწყება. ლოცვაზე დაახლოებით 9 საათამდე ვართ. მერე გავდივართ ყველა ჩვენს მორჩილებებზე. სამი მონაზონი ვუვლით პირუტყვს - მე, დედა ეფემია და იოანა. ტრაპეზში ორი დედა მორიგეობს, დედა ანასტასია უვლის ხატებსა და სამლოცველოს. ყველას ჩვენი მორჩილება გვაქვს. მონასტერს საკუთარი მეურნეობა აქვს. შრომას და ლოცვას ერთმანეთს ვუხამებთ...
