
მამა ანდრია მონასტრის წევრებთან ერთად. მეორე რიგში მარჯვნიდან მეორე იღუმენია თამარი, პირველ რიგში მარჯვნიდან პირველი მონაზონი ეფემია
მონაზონი ეფემია (გეგეშიძე): - ერში როცა ოჯახი მქონდა და მეუღლეც ცოცხალი მყავდა, სულ მონასტრულ ცხოვრებაზე ვფიქრობდი და ვოცნებობდი. ყოველთვის მაქსიმალისტი ვიყავი. როცა აღმსარებელი გავხდი და ვკითხულობდი წმინდანთა ცხოვრებას, სურვილი გამიჩნდა, მეც მათსავით მეცხოვრა, მონასტერში ვყოფილიყავი. ბუნებრივია, ამ სურვილს ოჯახი მიშლიდა და ყოველივე ოცნებად მრჩებოდა. თავიდან მამა ზაქარიას (ძინძიბაძის) აღმსარებელი ვიყავი.როცა მამა ზაქარია პენსიაში გავიდა ჯანმრთელობის გამო, ჩვენ მამა ადამთან აღმოვჩნდით... მეუღლე გარდამეცვალა, მერე დედაც...
ლაზარეს შაბათი იყო, რომ მამა ადამი ტელეფონით დამიკავშირდა. მთხოვა, სამორჩილედ თუ წამოხვალო. სულ ვფიქრობდი, რომ უფლის ნება თუ იქნებოდა, ჩემს ცხოვრებას უფალს დავუკავშრებდი. მეშინოდა უარის თქმაც, იმიტომ, რომ უფალი ყოველთვის არ უხმობს ადამიანებს. ვფიქრობდი, თუ ერთხელ მიხმობდა უფალი თავისთან, შეიძლება სხვა დროს არ მქონოდა ამის საშუალება. ეს ჩამჯდარი მქონდა გონებაში. მამა ადამმა რომ დამირეკა და მორჩილება შემომთავაზა, ვთქვი, იყოს უფლის ნება-მეთქი. მამა ადამმა მკითხა, შენი ნება რა არისო. მე ვუპასუხე, თქვენ როგორც მაკურთებთ-მეთქი და მაშინ უწმინდესთან წავიდეთო, წავედით კიდეც.
უწმინდესთან ბზობას, საღამო ხანს მივედით, პატრიარქმა მონაზვნებად აკურთხა ისინი, ვინც მონასტერში ცხოვრობდნენ, ხოლო ვინც ერიდან წავედით - ისინი სამონაზვნედ. დედა თამარი სამი-ოთხი თვე შინდისში, მონასტერში ცხოვრობდა. იმის მაგივრად, რომ ძალაინ გამხარებოდა, ფაქტის წინაშე რომ დავდექი, მივხვდი, ძნელი ყოფილა. ძალიან დამიმძიმდა ჯვარი და ძალიან გამიჭირდა. გამიჭირდა იმით, რომ უნდა დამეტოვებინა ოჯახი. მესამე დღეს სამონაზვნედ აღმკვეცეს.
დადგება დრო და ჩვენი მონასტერი დიდ ლავრად იქცევა. დედები ვშორმობთ, ვლოცულობთ, დრო არ გვაქვს იმისა, რომ უქმად ვიყოთ. ერთმანეთის ჯვარს ვტვირთულობთ. ინებოს უფალმა, რომ გვეტვირთოს და ასე შევწეოდეთ ერთმანეთს.
მამა ადამი გვმოძღვრავს, გვასწავლის, როგორები უნდა ვიყოთ. მის თითოეულ სიტყვას იმხელა ძალა აქვს, რომ სიხარულითა და სიყვარულით გვავსებს. მჯერა, დედა ღვთისმშობლისა და წმინდა თამარის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება.