2007 წლის 27 მარტს სამონაზვნად კურთხევა, დაბადებულია აფხაზეთში.
27 მარტს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მღვდელმონაზონმა ლაზარემ (გრძელიშვილი) შეასრულა მონაზვნად აღკვეცის წესი: სამონაზვნეები – ნატალია ხიდაშელი (სახელად ეწოდა ნინო), კლავდია ლიპარტელიანი (სახელად ეწოდა ნონა), ანა ხარჩილავა (სახელად ეწოდა ანა), ქრისტინე კალაძე (სახელად ეწოდა ეკატერინე), მართა თოლორდავა (სახელად ეწოდა ელენე), სიდონია მელითაური (სახელად ეწოდა სიდონია) მონაზვნად აღკვეცეს.
იმავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: მორჩილები მანანა ჩიხლაძე (სახელად ეწოდა ეფემია), ნანა მახარობლიძე (სახელად ეწოდა იოანა), ილარია ღურწკაია (სახელად ეწოდა ევა) და მორჩილის კაბებით შეიმოსნენ: ირინა ჩარაშვილი, ელისაბედ წიწილაშვილი და ნინო გოგშელიძე.
სამონაზვნე ევა (ღურწკაია): როდესაც ომი დამთავრდა და აფხაზეთის ქართველობა სხვადასხვა კუთხესა და ქალაქში მიმოიფანტა, ჩემი თანაკლასელების ძებნა დავიწყე. მინდოდა მათთვის უფლის ხმა მიმეწვდინა. რადგან მონასტერში ვცხოვრობდი, ეს ჩემს მოვალეობად მივიჩნიე. ჩამოვწერე თანაკლასელების სახელები და
დავიწყეთ ლოცვების დაყენება. მეთხუთმეტე ლოცვაზე გამომეხმაურენ (ერთ-ერთ მათგანს ზუგდიდში აღმოეჩინა ჩვენი ოჯახი). იმ დროს ზოგს შვილი ჰყავდა დაკარგული, ზოგს დედა, მამა, ძმა... მონასტერში პარაკლისებს ვიხდიდით, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულნი გამოჩენილიყვნენ. ბოდბელ დედათა ლოცვამ ერთ-ერთი თანაკლასელი იხსნა სიკვდილისაგან, სასუნთქ აპარატზე ჩართულმა მოიხედა. ვურჩიეთ სწრაფადვე ეზიარებინათ,მის მიმართ ღმერთმა წყალობა გამოიჩინა და გადარჩა, იმ დღიდან ეკლესიური გახდა.
ეს ფაქტი ჩვენთვის საოცრება იყო. როდესაც სკოლის დამთავრების ოცი წელი შეგვისრულდა, მთელი კლასი (სოხუმის პირველსკოლელები) მონასტერში მესტუმრნენ. ვცდილობდი ისინი ეკლესიისკენ მიმეზიდა. მონასტრის დედები ფაქტებსა და მოვლენებს ეკლესიური კუთხიდან აღიქვამენ.
27 სექტემბერი მათთვის არ არის ტრაგიკული თარიღი. თვლიან, რომ ეს დღე აფხაზთა და ქართველთა მოქცევის დღეა, რომ არა 27 სექტემბერი, ბნელეთსა და
ურწმუნოებაში დავრჩებოდით.
რატომ დავმარცხდით? _ მატერიალურად გაძლიერებულებმა არ იცოდნენ, თუ რა უნდა ეთხოვათ უფლისათვის, არ ახსოვდათ ღმერთი. ლტოლვილობა ღვთის მიერ დაშვებული განსაცდელია იმისათვის, რომ განვიწმინდოთ.
საკენ-ჭუბერის გზაზე ღმერთმა ყველა გაათანაბრა: ღარიბი, მდიდარი, მუშა, გლეხი, თანამდებობის პირნი, მთავრობის წევრები ყველა განსაცდელის გზით ატარა,რადგან არ ჰყავდათ ბოლომდე ღმერთი შეცნობილი.
აფხაზეთში მაშინ დავბრუნდებით,როდესაც მზად ვიქნებით უფლის სადიდებლად.