სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11165

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
აბაშიძე გაბრიელი (გიორგი) დაბ. 1878-დაახლ. 1930-იანი წწ. არქიმანდრიტი 1899 წელი ათონის მთა აბაშიძე გაბრიელი (გიორგი) დაბ. 1878-დაახლ. 1930-იანი წწ. არქიმანდრიტი 1899 წელი ათონის მთა
ბმულის კოპირება



გვარი აბაშიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

289       ბეჭდვა

აბაშიძე გაბრიელი (გიორგი) დაბ. 1878-დაახლ. 1930-იანი წწ. არქიმანდრიტი 1899 წელი ათონის მთა

გაბრიელი – (აბაშიძე გიორგი), (დაახლ. 1868-XX ს. 30-იანი წწ.), საეკლესიო მოღვაწე, მისიონერი, არქიმანდრიტი.


სწავლობდა ჯერ თბილისის, შემდეგ კი ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში. სწავლის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელი ქუთაისის საოლქო სასამართლოში მუშაობდა. 1892 წელს მონაზვნად შედგომის სურვილმა ახალგაზრდა გიორგი საბერძნეთში, ათონის წმ. მთაზე მიიყვანა. იქ იგი ქართველთა წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში მივიდა, სადაც წლების განმავლობაში მოღვაწე სულიერ მამებთან მოსაგრეობამ მას მონაზვნური ცხოვრების საკმაოდ კარგი გამოცდილება შესძინა. ათონზე მისი მასწავლებელი იყო კოსტანტინეპოლის ყოფილი პატრიარქი იოაკიმე III, რომელთანაც საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა. მან ასევე დაამთავრა ათონის საღვთისმეტყველო სკოლა. პეტრე კონჭოშვილი მასზე თავის წიგნში „მოგზაურობა წმიდა ქალაქს იერუსალიმსა და წმიდა ათონის მთაზედ“, წერდა: „მონაზონი გაბრიელი (აბაშიძე), ჯერ წლოვანობით ახალგაზრდა, გარნა განვითარებული და მცოდნე ბერძნულის ენისა“.


1899 წ. შემოდგომაზე, გორის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოში ბერმონაზვნობის განმტკიცების მიზნით, ათონის წმ. მთიდან რამდენიმე ქართველი ჩამოვიდა და გარეჯის უდაბნოში დამკვიდრდა. მათ შორის იყო მორჩილი გიორგიც. 1899 წ. 15 დეკემბერს გარეჯის მონასტერში ეპისკოპოსმა ლეონიდემ იგი ბერად აღკვეცა და სახელად გაბრიელი უწოდა. 17 დეკემბერს დიაკვნად აკურთხა. 1901 წ. 2 აგვისტოს დავით გარეჯის მონასტრის ხაზინადრად დაინიშნა. 1901 წ. 12 აგვისტოს მღვდლად დაასხეს ხელი. 1902 წ. 23 იანვარს გარეჯის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად დაადგინეს. 1902 წ. 14 დეკემბერს ზედაზნის მონასტერში გაამწესეს. 1903 წ. 17 იანვარს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერში გადაიყვანეს. 1904 წ. 21 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1904 წ. სექტემბრიდან, ცოდნის გასაღრმავებლად სწავლა გააგრძელა ყაზანის სასულიერო აკადემიაში, სადაც 1907 წ. მისიონერული ფაკულტეტი დაამთავრა. 1908 წ. სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის თავისუფალ მსმენელად მიიღეს, სადაც 1909 წ. 25 მაისამდე დარჩა. 1909 წ. 16 ივლისს ქვათახევის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის საძმოში ჩაირიცხა. 1909 წ. 20 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარიაში არსებულ წმ. ანდრია მოციქულის ეკლესიაში დაინიშნა მღვდლად. 1909 წ. 1 დეკემბერს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების საბჭომ ბათუმის ოლქის მისიონერად და სოფელ ხულოს ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1910 წ. 22 თებერვალს, როგორც ბათუმის ოლქის დეპუტატი, მონაწილეობდა გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელოების ყრილობაში. 1912 წ. 12 თებერვალს განაწესეს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერში, სადაც დაევალა მედავითნეობისა და გალობის მასწავლებლობა. 1912 წ. 5 ივლისს ჯრუჭის წმ. გიორგის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1912 წ. 15 მაისს არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა.


საბერძნეთში, ათონის წმ. მთაზე გაზრდილმა გაბრიელმა მონასტერში მკაცრი დისციპლინა დაამყარა და ტიპიკონიც საკმაოდ დაუმძიმა იქ მოღვაწე ძველ ბერებს. ამან გამოიწვია მათთან დაპირისპირება, რომელიც თანდათან ღვივდებოდა, რადგან დათმობას არცერთი მხარე არ აპირებდა. ამასთან დაკავშირებით, 1912 წ. დეკემბერში მონასტრის კრებულის ზოგიერთმა წევრმა და გლეხების ერთმა ნაწილმა უჩივლა გაბრიელს. სწორედ ამ პერიოდში მონასტერში ერთი კვირით იმყოფებოდა მთავარხუცესი, დეკანოზი იოსებ წერეთელი, რომელმაც თავად ნახა ყველაფერი და შემდეგ ჟურნალის ფურცლებზე წერდა: „დღეს მონასტრის ბერებსა და ახალ წინამძღვარს შორის დიდი უთანხმოება და შფოთია, რით დაბოლოვდება, ღმერთმა უწყის! სამწუხაროდ ჩემდა, ჩემს იქ ყოფნაში მამა წინამძღვარი არ იმყოფებოდა მონასტერში, თორემ უთანხმოების მიზეზს შევიტყობდი და ჩემს აზრს გამოვსთქვამდი. ღმერთმა ქმნას, მათ შორის მშვიდობის ანგელოზს ჩამოევლოს! ადგილობრივი საზოგადოება ამ უთანხმოებით დიდად გულნატკენია“.


1913 წ. იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) საქმის გასარკვევად შექმნა კომისია, რომელიც მონასტერში ჩავიდა. ადგილზე მისულმა პირებმა ადგილობრივი გლეხებისგან საპირისპირო მოსაზრებები მოისმინეს და გაბრიელი კვლავ წინამძღვრად დატოვეს. 1913 წ. სექტემბერში გაბრიელის თაოსნობით მონასტერში გაიხსნა ერთკლასიანი სასწავლებელი.


1917 6. გაბრიელის წინააღმდეგ კვლავ დაიწერა საჩივარი. ამჟამად ბერები და გლეხები ერთსულოვანნი აღმოჩნდნენ და საეკლესიო მმართველობა იძულებული გახდა, საქმის გამორკვევა ქელიშის მონასტრის წინამძღვრისთვის, იღუმენ პავლესთვის (ჯაფარიძე) და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლის, იაკობ ცინცაძისთვის დაევალებინათ. ადგილზე სიტუაციის გარკვევის შემდეგ კომისიამ დაასკვნა: „ამ დიდებულ მონასტერს სჭირდება მეტი ყურადღება და მეტი სიყვარული, ვიდრე ეს ჩანს დღევანდელ მის მზრუნველთაგან“.


1917 წ. მაისში საეკლესიო მმართველობამ გაბრიელი გაათავისუფლა მონასტრის წინამძღვრობიდან და ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა, სადაც 1917 წ. ივნისის ბოლომდე დარჩა, ხოლო იმავე წლის 1 ივლისს მან იმერეთის ეპარქიალურ კომიტეტს ამ თანამდებობიდანაც სთხოვა გათავისუფლება, რაზედაც 5 ივლისს თანხმობა მიიღო. მას უფლება მისცეს დროებით თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერში ეცხოვრა. უცნობია, თუ რამდენ ხანს დარჩა იგი ამ მონასტერში, ან სად გააგრძელა შემდგომ მოღვაწეობა. XX ს. 20-იან წლებში ანჩისხატის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი, დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე თავის მოგონებებში წერდა, რომ ყოფილი არქიმანდრიტ გაბრიელი ბუღალტრად მუშაობდა და ამით ირჩენდა თავს. გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია.


დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №53111; საქმე №55624; საქმე №457648; საქმე №60018; ქცსა, ფ. 21, აღწერა 1, საქმე №26701

გაზ. „სახალხო ფურცელი“, 1912, №687;

გაზ. „შინაური საქმეები“, 1913, 05;

ჟურნ. „საპატრიარქოს უწყებანი“, 2009, №31;

კონჭოშვილი პ., „მოგზაურობა იერუსალიმსა და ათონის მთაზე“, თბ., 2010.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.11.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0