აფხაზეთის სამხედრო პოლიცია სრული სია წიგნიდან საქართველოსათვის
კახაბერ ოთარის ძე კოპალიანი დაიბადა 1974 წლის 18 აპრილს . 1991 წელს დაამთავრა კელასურის ნ.შელიას სახელობის საშუალო სკოლა. აფხაზეთში ომი დაიწყო და პირტიტველა კახას დაუდეგარი ბუნება სახლში როგორ დაასვენებდა და ისიც სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა (ირიცხებოდა ქალაქ სოხუმის სამხედრო პოლიციის რიგებში)... კელასურელი სასახელო ბიჭების გუნდს შეუერთდა. უფრთხილდებოდნენ ასაკით პატარას, მაგრამ ომი ომია და კახა მძიმედ დაიჭრა, თვალიც დაკარგა... გამოჯანმრთელებული, შეუპოვარი ყმაწვილის გადაწყვეტილება მკაცრი და ცალსახაა და ის ისევ, რამდენიმე თვეში, ბრძოლის ხაზს უბრუნდება...
1993 წლის 25 სექტემბერს, როცა ჩვენი გმირი ბიჭები, ფაქტობრივად განწირული ქალაქის შემოგარენს მედგრად იცავდნენ, კახაბერ კოპალიანი გუმისთის პირას სასიკვდილოდ დაიჭრა. მის გვერდით იბრძოდა და დაიღუპა ძმა გრიგოლი. ორი ვაჟკაცი, სამშობლოსათვის შეწირული ორი სიცოცხლე - ერთი ოჯახიდან...