სეფაშვილი გრიგოლ ხარჭაშნელი (1736–1797), მწიგნობარი, საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე (ხარჭაშნის ეპისკოპოსი)
სეფაშვილი გრიგოლი (30.09.1735 სოფ. მელაანი, კახეთი, – 01.09.1807, ქ. ასტრახანი), საეკლესიო მოღვაწე, ეპისკოპოსიეპისკოპოსი გრიგოლი (სეფაშვილი)
გრიგოლი (სეფაშვილი), (30.09.1735 სოფ. მელაანი, კახეთი, – 01.09.1807, ქ. ასტრახანი), საეკლესიო მოღვაწე, ეპისკოპოსი.
უცნობია, თუ სად მიიღო საეკლესიო განათლება. სავარაუდოდ, იგი აღზრდილია ბოდბის ან ხირსის მამათა მონასტერში. 1750 წ. 24 დეკემბერს ალავერდელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ჩოლოყაშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად გრიგოლი უწოდა. იმავე წელს დიაკვნად ეკურთხა. 1759 წ. 26 ივნისს ალავერდელი ნიკოლოზი რუსეთს გაემგზავრა და ბერ-დიაკონი გრიგოლი თან გაიყოლა. ისინი რუსეთში რაჭის გზით წავიდნენ. გრიგოლის მიხედვით, ნიკოლოზმა „მე მღვდლად მაკურთხა რაჭას 1759, აგვისტოს 15. იმავე რაჭას, ონის ქალაქს, მაკურთხა იღუმნად სეკდემბერს 14“. 1760 წ. 24 ივლისს გრიგოლი მიტროპოლიტ ნიკოლოზთან ერთად უკვე მოსკოვშია. 1761 წ. 9 ივნისს ნიკოლოზ ალავერდელმა გრიგოლი მოსკოვში დატოვა, თვითონ კი საქართველოში დაბრუნდა.
მ. ბროსეს ცნობით, 1764 წ. გრიგოლი იმყოფებოდა მოსკოვში, ალავერდელ მიტროპოლიტ ნიკოლოზის ამალაში, რომელმაც მას არქიმანდრიტის პატივი მიანიჭა.
1783 წ. 29 ივლისს გრიგოლი ასტრახანიდან გამოვიდა და საქართველოში გამოემგზავრა. „სეკდემბერს 4 ტფილისს მივედით კალასკით“ – წერს იგი თავის ბიოგრაფიაში. 1783 წ. 11 ოქტომბერს კათოლიკოსმა ანტონ I-მა (ბაგრატიონი) ეპისკოპოსად დაასხა ხელი და ხარჭაშნის კათედრაზე დაადგინა. 1784 წ. 17 მარტს ერეკლე II-ის ბრძანებით გრიგოლი მოსკოვს გაიგზავნა. 1785 წ. 7 თებერვალს მას „გაწირვა“ მოსვლია რუსეთის წმ. სინოდისგან. ამავე წლის 30 მარტიდან მოსკოვის ჯვრის მონასტერში მოღვაწეობდა, სადაც ერთი წელი და ექვსი კვირა დაჰყო, ხოლო 1786 წ. 1 მარტს ჩუდოვის მონასტერში „დაუყენებია“ ყოვლადსამღვდელო პლატონს. 1788 წ. 1 აპრილს მოსკოვში იმყოფება, საიდანაც 1795 წ. 14 ივლისს გამოვიდა, 26 აგვისტოს კი ასტრახანში დაბინავდა.
გ. გაბაშვილი 1790 წ. მის შესახებ წერდა: „მეზობელმან ჩვენმან დააფუძნა სხვა და სხვა სახის დაფარებითა შემოყვანებად რუსეთს შინა მეთუალენი ერთგულნი ყმანი თვისნი და ნება დართო მათ განწესებად სამსახურსა შინა რუსეთისასა. რომელთაგანი არის არქიერი ხარჭაშნელი, რომელიც შემოვიდა კანკლის გაკეთების მიზეზით და შემდგომად გაწესდა ვიკარიად მოსკოვს შინა.“
ქ. შარაშიძემ ერთ-ერთ ხელნაწერზე დაყრდნობით დაადასტურა, რომ გრიგოლს საისტორიო მწერლობაშიც მიუძღვის წვლილი. მან შეავსო და გააგრძელა იესე ოსეს ძე მიქაძის (ბარათაშვილად წოდებულის) ქორონიკონი (XVIII ს.). 1786 წ. გადაწერა „საკითხავნი და სწავლანი“, რომელზეც არის მისივე მინაწერი: „ეს მამათა ცხოვრება ხარჭაშნელი ეპისკოპოსისა არის, გრიგოლ წოდებულისა. ვისაც შემდგომად ჩემსა დაგრჩესთ, ლოცუასა ჰყოფდეთ ჩემთა ცოდვათათვის. მოსკოვს წელსა 1785, თვესა ფებერვალსა შვიდსა, წმინდანო მამანო, მეოხ ექმნენით სულსა ჩემსა. ამინ“; „ესე წმინდა ცხოვრება მამათა მდაბლის გრიგოლ ხარჭაშნელისა არის. ნურავინ მოიპარავთ, და თუ მოიპარავს ვინმე, მკრეხველი იქმნება წმინდის ეკლესიისა. მდაბალი გრიგოლ ხარჭაშნელი ეპისკოპოსი“. ასევე გამოუხსნია ბევრი წიგნი ტყვეობიდან. ქართული „პასქალიის“ ხელნაწერზე ასეთი მინაწერია: „1795 წელს, ოდეს ტფილისი აღაოხრა ხოჯამ, მაშინ დატყვევებული იყო ეს პასხალია და სპარსეთით მოეტანათ ასტრახანს და მას ჟამსა შინა მე, მდაბალი ეპისკოპოსი გრიგოლ ხარჭაშნელი, ასტრახანს ვცხოვრობდი და მოვიყიდე ეს პასხალია და ვაჩუქე ჩემს დისწულს გრიგოლ დიაკონს“.
სხეც-ის A ფონდის №28 ხელნაწერის – ურბნისის ოთხთავის მე-7 გვერდზე მინაწერში აღნიშნულია: „წელს ჩღჟც (1798) ვსცხოვრებდი მე, მდაბალ ეპისკოპოსი გრიგოლი ხარჭაშნელი ქალაქსა შინა ასტრახანს და მას ჟამსა შინა ეს წმინდა სახარება დავსდევი ასტრახანის წიგნის საცავში, და ვინც იხილოთ, მოხსენებას იტყოდეთ ჩემთვის“. გრიგოლი 1803 წ. ისევ ასტრახანში იყო. როგორც ჩანს, იქ მას უთარგმნია მამათა ცხოვრება: „რუსულისაგან ქართულად თარგმნილი გრიგოლის მიერ ხარჭაშნელისა ეპისკოპოსისაგან, კახის სოფლით მელაანთით, სეფოშვილისაგან, ასტრახანს, წელს 1803-ს“ და ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსვლა და მოხრობა „პეტრე დიდზე“.
დიაკ. გ. მაჩურიშვილი
წყაროები და ლიტერატურა
ხელნაწერი აღწერილობა, H კოლექცია, ტ. 4, თბ., 1953;
ხელნაწერთა აღწერილობა, A კოლექცია, ტ. 5, თბ., 1955.
ბერძნიშვილი მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, ნ. 1-2, თბ., 1980-83;
ბურჯანაძე შ., იმერეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიისათვის 1784-1789 55., ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე, 1960. №2;
იოსელიანი პ, ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა ა. გაწერელიას რედ., თბ., 1978;
საქართველოს სიძველენი, ექ. თაყაიშვილის რედ., ტ. 3, ტფ., 1910.
წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია
ხარჭაშნელი მღვდელმთავრები (არასრულისია)
1. ეპისკოპოსი გიორგი XIIIს.
2. ეპისკოპოსი კლიმენტი 1556-1560
3. ეპისკოპოსი ელისე 1562-1590
4. ეპისკოპოსი კლიმენტი 1599-1603
5. უცნობი ეპისკოპოსი (დაეცა მარაბდის ბრძოლაში) 1625
6. ეპისკოპოსი მათე 1650
7. ეპისკოპოსი გრიგოლი (ერისთავი) 1690-1701
8. ეპისკოპოსი პართენი 1701-1713
9. ეპისკოპოსი ფილიპე (ჩოლოყაშვილი) 1713-1722
10. ეპისკოპოსი ზოსიმე (ჩოლოყაშვილი) 1722-1752
1 1. მიტროპოლიტი იოსები
12. (ჯანდიერი) 1764-1770
13. ეპისკოპოსი გრიგოლი(სეფაშვილი) 1783-1784
14. ეპისკოპოსი ვიქტორი 1784-1797
15. ეპისკოპოსი ნიკოლოზი _ (ჩოლოყაშვილი) 1798-1812