სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
გოცირიძე დავითი 1864-1938წწ დეკანოზი დაბ. სოფ. წესი, ამბროლაური დაკრძ. კუკია გოცირიძე დავითი 1864-1938წწ დეკანოზი დაბ. სოფ. წესი, ამბროლაური დაკრძ. კუკია

1864-1938 წწ. გარდ. 74 წლის

ბმულის კოპირება



გვარი გოცირიძე სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

32       ბეჭდვა

გოცირიძე დავითი 1864-1938წწ დეკანოზი დაბ. სოფ. წესი, ამბროლაური დაკრძ. კუკია

გოცირიძე დავითი – (1864, სოფ. წესი, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, – 1938, ქ. თბილისი), დეკანოზი, მისიონერი.


დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1882 წ. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1882-1884 წწ. ყაზანის სასულიერო აკადემიის მისიონერულ განყოფილებაზე სწავლობდა. 1884-1891 წწ. იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) გუნდში გალობდა. 1888 წ. 29 თებერვალს იმერეთის ეპარქიის კანცელარიაში მწერლად (მდივნად) დაინიშნა. 1891 წ. 15 სექტემბერს წმ. გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და ქუთაისის წმ. გიორგის ტაძარში განაწესა. 1893 წ. 28 ოქტომბერს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის კარის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1896 წ. 26 ოქტომბრიდან იმავე წლის 5 დეკემბრამდე დროებით ასრულებდა იმერეთის ეპარქიის კანცელარიის მდივნის მოადგილის მოვალეობას. 1902 წ. 29 აგვისტოს ეგზარქოსმა ალექსი I-მა (ოპოცკი) მღვდლად დაასხა ხელი და საროს მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ტაძრისა და ახალციხე-ახალქალაქის ოლქის უშტატო მისიონერად განაწესა. 1902 წ. 30 ოქტომბერს შტატში დამტკიცდა. ჯავახეთში რამდენიმე რელიგიური გაერთიანება არსებობდა და მოძღვრებს განსაკუთრებით უჭირდათ მათთან საერთო ენის გამონახვა. საჭირო იყო მტკიცე ხელი და ძლიერი ნებისყოფა, რათა არ მომხდარიყო დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. გოცირიძემ ყველაფერს ჩინებულად გაართვა თავი, რაც დასტურდება გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებული ვინმე „გიორგი ბეგის“ სტატიით: „სწავლა-განათლებით მთელი ჯავახეთი ძალიან ჩამორჩენილია. ჩვენს სოფელს ვარევანში არასოდეს ყოფილა სკოლა. მხოლოდ მ. დავით გოცირიძის მეოხებით შესდგა განაჩენი საეკლესიო სკოლის დაარსებისა. ჩვენს სოფელში სცხოვრობს სამი რჯულის ხალხი: მართლმადიდებელნი, სომეხ-კათოლიკენი და მაჰმადიანები. გოცირიძემ ყველანი შეაერთა სკოლის საქმეში და ყველას მიაღებინა მონაწილეობა“.


1905 წ. 4 ივლისს გოცირიძე საინგილოში, მეშაბაშის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარში განაწესეს და იქაც შეთავსებით მისიონერობა დაევალა. 1907-1910 66. ზაქათალის ოლქის სამღვდელოების მხრიდან სასულიერო დეპუტატად იყო არჩეული. 1908 წ. თასმალოს წმ. თომა მოციქულის ტაძარში გადაიყვანეს და საგვერდულით დააჯილდოვეს. 1911 წ. 27 მაისს ბაისუბნის წმ. გიორგის ტაძარში დაადგინეს და თავისი თხოვნის საფუძველზე, ამავე წლის აგვისტოში გათავისუფლდა მისიონერი მღვდლის მოვალეობისგან. აქედან მოყოლებული, გოცირიძე ლაგოდეხში დასახლდა, სადაც 1929 წლამდე ცხოვრობდა. 1914 წ. 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1916 წ. 2 დეკემბერს ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში დაინიშნა. 1917 წ. ჯილდოდ სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.


დიდი სიხარულით შეხვდა გოცირიძე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას. სვეტიცხოველში ჩატარებული საზეიმო წირვის შემდეგ იგი ლაგოდეხის ოლქის სამღვდელოების სახელით საქართველოს საკათოლიკოსოს სწერდა: „სიხარულით ვეგებებით საქართველოს ეკლესიის აღდგენას. გთხოვთ, შეგვატყობინოთ, რომელ მთავრობასთან ვიქონიოთ ამიერიდგან დამოკიდებულება, სამსახურის გამო“. 1918 წ. დეკანოზის პატივი მიენიჭა და ზაქათალის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. გოცირიძე, როგორც დელეგატი ალავერდის ეპარქიიდან, ესწრებოდა 1920-1921 წწ. გამართულ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის II და III საეკლესიო კრებებს.


გოცირიძე საზოგადოებასა და მრევლში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ლაგოდეხში, საკუთარ სახლში გახსნილი ჰქონდა უფასო საჯარო ბიბლიოთეკა.


გარეგნობით იყო ახოვანი, მჭევრმეტყველი, საკმაოდ განათლებული და გალობის კარგი მცოდნე. იგი იმდენად მაღალი და დიდი ტანის ადამიანი იყო, რომ ზედმეტ სახელად „დიდ მღვდელს“ ეძახდნენ.


XX ს. 20-იან წლების დასაწყისში სოფ. სვეტების სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა. 1923 წ. კომუნისტური ხელისუფლების ზემოქმედების შემდეგ იძულებული გახდა, რომ ანაფორა გაეხადა და ღვთისმსახურება შეეწყვიტა. 1924 წ., თბილისში საჭირო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, დამცველთა კოლეგიაში ჩარიცხეს. მუშაობა დაიწყო ვექილად თავდაპირველად ლაგოდეხში, ხოლო 1929 წლიდან – თბილისში. დაკრძალულია თბილისში, კუკიის წმ. ნინოს ტაძრის სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე მარიამ დათიაშვილი (1872-1940) და 25 შვილი, რის გამოც ოჯახს რუსეთის მთავრობისგან მიღებული ჰქონდა რამდენიმე მედალი.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №53147; საქმე No54505; ფ. 1698, აღწერა 1, საქმე №7;

„ცნობის ფურცელი“, 1903, No2321;

xypн., Духовный Вестник Грузинского Экзархата, 1905, №16;

Журн., Вестник Грузинского Экзархата, 1911, №12; 1914, №10.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.12.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0