სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10641

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
წიგნები
გაჩეჩილაძეთა საგვარეულო, გაჩეჩილაძე, წეველიძე, ჯაჭვაძე ავტ. ეკატერინე გაჩეჩილაძე 
გაჩეჩილაძეთა საგვარეულო, გაჩეჩილაძე, წეველიძე, ჯაჭვაძე ავტ. ეკატერინე გაჩეჩილაძე
ბმულის კოპირება

წიგნები

გვარი გაჩეჩილაძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

81       ბეჭდვა

გაჩეჩილაძეთა საგვარეულო, გაჩეჩილაძე, წეველიძე, ჯაჭვაძე ავტ. ეკატერინე გაჩეჩილაძე

გაჩეჩილაძეთა საგვარეულო (გაჩეჩილაძეები, ჯაჭვაძეები, წეველიძეები) წყარო ლინკი

კრებული შეადგინა, შესავალი წერილი და გამოკვლევები დაურთო, რედაქტირება გაუკეთა და გამოსცა ეკატერინე გაჩეჩილაძემ 


დიდ მადლობას ვუხდით ჩვენი “საგვარეულო დარბაზის” ყველა წევრს, მათ ახლობლებს, და ყველა ადამიანს, ვინც დაგვეხმარა ამ კრებულისათვის მასალის შეკრებაში.

განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნავთ ბატონი გოჩა არონიშიძის “საგვარეულო დარბაზის” საქმიანობაში თითოეული ადამიანის წვლილი აღნიშნულია კრებულში წარმოდგენილ სტატიებში, სქემებსა და შენიშვნებში  და მისი ოჯახის წევრების მნიშვნელოვან წვლილს კრებულისათვის მასალის მომზადებაში.

წიგნის შემდგენელ-რედაქტორი


შემდგენელ – რედაქტორისაგან


გაჩეჩილაძეთა საგვარეულო საერთო წინაპრის შთამომავალ სამ გვარს მოიცავს: გაჩეჩილაძეებს, ჯაჭვაძეებს და წეველიძეებს.

2001 წლის 10 დეკემბერს, “საქართველოს გვარიშვილობის კავშირისა” და ჟურნალისტ თენგიზ გაჩეჩილაძის* თაოსნობით და ქორეოგრაფ თენგიზ გაჩეჩილაძის ხელშეწყობით, ჩატარდა საგვარეულოს პირველი ყრილობა და, სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდია “თელას” ბაზაზე, შეიქმნა ე. წ. “საგვარეულო დარბაზი”, რომლის მიზანია საგვარეულოს შეკავშირება, ზრუნვა დადებითი ეროვნული და საგვარეულო ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის, გაჩეჩილაძეთა “ბუდე სოფელ” წევის აღორძინებისათვის, საგვარეულო სალოცავში, წევის წმინდა გიორგის ეკლესიაში, წირვა-ლოცვის აღდგენისათვის და სხვ....

“საგვარეულო დარბაზის” საქმიანობის ერთ-ერთი უპირველესი სფერო გახდა ჩვენი საგვარეულოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და მასთან დაკავშირებული

სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლების კვლევა, ქვეყნის აღმშენებლობასა და დაცვაში გაჩეჩილაძეთა, ჯაჭვაძეთა და წეველიძეთა მიერ შეტანილი წვლილის გარკვევა.

ამ საქმიანობის ხელმძღვანელობა, საკუთარი ინიციატივით, ჩვენ ვითავეთ. წინამდებარე კრებული “საგვარეულო დარბაზის” მიერ ამ მიმართულებით სამი წლის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგია. ზემოხსენებული საკითხების კვლევა შრომატევადი, სისტემატურად საწარმოებელი პროცესია და მრავალი ადამიანის ძალისხმევას მოითხოვს. სამ წელიწადში, რა თქმა უნდა, ვერ შევძელით საგვარეულოს ისტორიის სათანადო სიცხადით გაშუქება, მაგრამ, რადგან აუცილებლად მიგვაჩნია კვლევაში ჩვენი საგვარეულო “ჯაჭვის” მომდევნო “რგოლების” ჩაბმა, დავეშურეთ მოპოვებული ინფორმაციის გამოქვეყნებას, იმ იმედით, რომ ჩვენი მუშაობის გაცნობა გაზრდის ჩვენი მოგვარეების ინტერესს აღნიშნული საკითხებისადმი, ხელს შეუწყობს მათ გაერთიანებას, მოიზიდავს კვლევის გაგრძელების მსურველებს, “გამოიხმობს” შენიშვნებს, რაც დაეხმარებათ მკვლევარებს შემდგომი საქმიანობის უფრო სწორად და ეფექტურად წარმართვაში.

გარდა ისტორიული ხასიათის ოთხი სტატიისა, წიგნი შეიცავს ბოლო ორნახევარი საუკუნის განმავლობაში გაჩეჩილაძეების საგვარეულოს მეტ-ნაკლებად თვალსაჩინო წარმომადგენელთა ერთი ნაწილის (160 ადამიანი) და, საგვარეულოს წინაშე სათანადო დამსახურების მქონე, მათი რამდენიმე უახლოესი ნათესავის ბიოგრაფიულ მონაცემებს.

მათ შორის არიან სხვადასხვა ეპოქისა და სოციალური ფენის წარმომადგენელი, განსხვავებული იდეოლოგიური მრწამსის მქონე ადამიანები. საგვარეულო წიგნში

შესატან პირთა შესარჩევ კრიტერიუმად ჩვენს მოგვარეებს შევთავაზეთ პიროვნების გამორჩეულობა რაიმე დადებითი ნიშნით (პროფესიაში წარმატებულობით,

საზოგადოებრივი აქტიურობით, პიროვნული ღირსებებით). ჩვენ ვენდეთ ჩვენი მოგვარეების არჩევანს... დაე, მკითხველმა განსაჯოს როგორც ჩვენს მიერ შეთავაზებული კრიტერიუმის, ისე ჩვენი მოგვარეების მიერ გაკეთებული არჩევანის სისწორე (ბიოგრაფიული მონაცემების გადამოწმება ჩვენ არ გვიცდია, - გარდა ცალკეული შემთხვევებისა. ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელნი არიან მასალის მომწოდებელნი).

წიგნში შესულია, ასევე, “საგვარეულო დარბაზის” პირველი შემადგენლობის სია, ინფორმაცია, სათანადო დამსახურებისათვის, ბოლო წლებში გაჩეჩილაძეებისა და

ჯაჭვაძეების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ, XX საუკუნის ომებში დაღუპული ჩვენი საგვარეულოს წარმომადგენლების სია, საგვარეულოს რამდენიმე შტოს გენეალოგიური სქემა და ფოტოები.


ჩემს ნაშრომს ვუძღვნი მშობლების - მიხეილ ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძისა და მარიამ პლატონის ასულ ღიბრაძის ნათელ ხსოვნას.

მასალები გაჩეჩილაძეთა საგვარეულოს ( გაჩეჩილაძეები , ჯაჭვაძეები , წეველიძეები ) ისტორიისათვის საქართველოში, 1995 წელს ჩატარებული მასობრივი პრივატიზაციისა და

ვაუჩერიზაციის მასალების მიხედვით, რეგისტრირებულია:

გაჩეჩილაძე – 4325 სული (თბილისი – 1084; ზესტაფონი – 1071; ქუთაისი – 367);

ჯაჭვაძე – 1203 სული (გურჯაანი – 381; გარდაბანი – 232; თბილისი – 203);

წეველიძე – 283 სული (თბილისი – 104; ბორჯომი – 32; გორი – 27)1

.

წევა დ ა გაჩეჩილაძეები


გაჩეჩილაძეთა საგვარეულოს ისტორია განუყოფელია ზესტაფონის რაიონის სოფ. წევის და მისი წმინდა გიორგის ეკლესიის ისტორიისაგან და, შესაბამისად, კომპლექსურ შესწავლას მოითხოვს, რაც ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს უცდია ცნობილ ფოლკლორისტს, სევასტი გაჩეჩილაძეს* (1863 – 1943). მისი ნაშრომი “სოფელი წევა, წეველები, მათი ვინაობა და თავგადასავალი”, რომელიც ავტორის საფუძვლიან საბუნებისმეტყველო და ზოგად განათლებას პირად დაკვირვებას და წეველთა ზეპირ გადმოცემებს ეფუძნება, მეტად მდიდარ და საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. მასვე ზედმიწევნით შეუსწავლია წეველთა ფოლკლორი და გამოუქვეყნებია ჟურნალში “აკაკის კრებული” და კრებულში “ძველი საქართველო”

.წევისა და წეველთა ისტორიას ეხება, აგრეთვე, როსტომ გაჩეჩილაძის* (დ. 1927) მემუარული ხასიათის ბროშურა “წეველი ზიკილიელები”

.ინფორმაცია წევის, გაჩეჩილაძეებისა და წევის წმ. გიორგის ეკლესიის შესახებ გაფანტულია, აგრეთვე, ისტორიულ დოკუმენტებში, საცნობარო, მემუარული და

სამეცნიერო ხასიათის ლიტერატურაში, პრესაში, მატერიალური კულტურის ძეგლებზე არსებულ წარწერებში, საგვარეულო გადმოცემებში...

საეკლესიო აქტების ჩანაწერებს გაგაცნობთ ამავე წიგნში წარმოდგენილი გოჩა არონიშიძის სტატია, ხოლო გაჩეჩილაძეების გვარის წარმოშობის შესახებ ლეგენდებს, სათანდო კომენტარებითა და წევის ეკლესიის ხუროთმოძღვრებისა და კედლის მხატვრობის კვლევის შედეგებს შემოგთავაზებთ საგვარეულო წიგნის მეორე ნაწილში, რომელზეც მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს.

წინამდებარე სტატიაში კი ჩვენ შევკრიბეთ და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, განმარტებების დართვით წარმოვადგინეთ ზემოხსენებულ დანარჩენ

წყაროებში დღემდე მოძიებული ფაქტობრივი მასალა, წარმოვაჩინეთ ის კითხვები და ვარაუდები, რომელიც დაგვებადა ამ მასალის გაცნობისას და რომელზეც პასუხი ჯერ კიდევ საძიებელია. სამწუხაროდ, დოკუმენტური მასალის სიმწირე და ფრაგმენტულობა არ იძლევა საგვარეულოს ისტორიის თანმიმდევრული თხრობის საშუალებას. იმედი გვაქვს, რომ შემდგომი კვლევა გამოავლენს დამატებით მასალას და რამდენადმე მაინც სრულყოფს ჩვენს მიერ ამჟამად წარმოდგენილ საგვარეულოს ისტორიის სურათს.

სოფელი წევა, რომელშიც წარმოიშვა და XVIII საუკუნემდე ლოკალიზებული იყო გაჩეჩილაძეთა გვარი, მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში, ზესტაფონიდან

აღმოსავლეთით 16 კმ-ის დაშორებით. იგი ერთმანეთისაგან საკმაოდ მკვეთრად განსხვავებული ორი ნაწილისაგან შედგება. თანამედროვე ოფიციალურ წყაროებში ეს ნაწილები ორ სოფლად – ზედა და ქვედა წევად იხსენება.

ზედა წევა რამდენიმე საუკუნით უფრო ხანდაზმულია, ვიდრე ქვედა. იგი ზღვის დონიდან 580 მეტრი სიმაღლის ქედზე მდებარეობს, ხოლო ქვედა წევა. ე. წ. ჭალა, ამავე ქედის ძირში, გაცილებით უფრო დაბლაა განლაგებული, რის გამოც ამ სოფელში ორნაირი ჰავაა, ზედა წევაში შედარებით ცივი, ქვედაში კი ცხელი. ნიადაგიც

განსხვავებულია - მაღლა ეწერია, ქვემოთ კი უფრო ნოყიერი. შესაბამისად განსხვავდება მცენარეულის ნაყოფიერება და ხარისხი.

გაჩეჩილაძეთა საგვარეულო გადმოცემებში სოფ. წევის სახელწოდება ორგვარადაა განმარტებული: I – როგორც გაწევა, გადაადგილება (ტვირთის). (“დავით აღმაშენებელს, აღდგენითი და სააღმშენებლო სამუშაოების საწარმოებლად, იმერეთში ჩაუყვანია ხელოსნები. მათი ერთი ჯგუფი, რომელიც ახლანდელი წევის ტერიტორიაზე მუშაობდა, ჯგუფი, რომელიც ახლანდელი წევის ტერიტორიაზე მუშაობდა, მშენებლობამდე ქვას ჯაჭვისებური, ანუ ხელიდან ხელში გადაცემის წესით ეწეოდა. იმ ადგილისათვის, საიდანაც ქვას ეწეოდნენ, წევა შეურქმევიათ”

II – როგორც მიწევნა, მიღწევა (გარკვეულ ადგილამდე). (“სვანეთიდან მომავალ თამარ მეფეს გამოუვლია “ულევი”, ამ დაუსრულებელი სერ-ტრიამელისათვის

დაულეველი უწოდებია და სრული “ულევი” დარქმევია... განაპირეს ვუწიეთო და დაურქმევიათ ჩვენი სოფლისთვის წევა”

არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე ამ განმარტებათაგანი სიმართლეს შეესაბამებოდეს, ჩვენი აზრით კი, - წევა – ღვთის შეწევნას უნდა ნიშნავდეს (ამის შესახებ

უფრო ვრცლად იხილეთ სტატიაში “ჯაჭვაძეების კვალდაკვალ” წევა რომ ძირძველი სოფელია, ამას ადასტურებს მის ტერიტორიაზე XI საუკუნით დათარიღებული ეკლესიის არსებობა, ხოლო უძველესი წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც წევის სახელი  ამოუკითხავთ მკვლევარებს, არის ქართული საკორპორაციო სამართლის უმნიშვნელოვანესი ძეგლის “ვაჰანის ქვაბთა განგების” (XIIIს.) 8 ხელნაწერი გრაგნილის მეორე გვერდზე არსებული ერთ-ერთი მინაწერი8ა (ქვემოთ

მას, პირობითად, “პირველ” მინაწერად მოვიხსენიებთ), რომელიც თ. ჟორდანიას ასე წაუკითხავს: - როსტევან რჩეულასძემ შესწირა ვანის ქვაბებს მის მიერ “აღშენებული წევის ბოლო და ახალშენი მისითა ვენაჴითა” (თ. ჟორდანიას აზრით, ხსენებული “ვაჰანის ანუ ვანის” მონასტერი ტაო-კლარჯეთში მდებარეობდა). ამავე გრაგნილზე არსებული “მეორე” მინაწერიდან ვიგებთ, რომ როსტევან რჩეულასძე ყოფილა ვანის ქვაბთა ბატონი, რომელსაც შეუწირავს თავისი მონასტრისათვის--- აბჯაარეული ზვარი და თავისი აშენებული პარტახტი.

თ. ჟორდანია ამ მინაწერებს XIII – XIV საუკუნეებით ათარიღებს. ზ. ალექსიძე და შ. ბურჯანაძე იზიარებენ “პირველი” მინაწერის ჟორდანიასეულ წაკითხვას, მაგრამ მინაწერს XV საუკუნით ათარიღებენ12. (“პირველი” და “მეორე” მინაწერები თანადროულია...).

ლ. მუსხელიშვილი, “ვაჰანის ძეგლზე” არსებულ მრავალრიცხოვან მინაწერში ნახსენები ტოპონიმების საფუძველზე, სავსებით დამაჯერებლად ასაბუთებს, რომ იქვე

ნახსენები ვანის მონასტერი მდებარეობს ასპინძის რაიონში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ვარძიის მონასტერსა და თმოგვის ციხეს შორის13 (მისი აზით, “ვაჰანი” ვანის მონასტრის ძველი სახელია). რჩეულასძენი და რჩეულაშვილები მოხსენებული არიან ამ მონასტრის კედლებზე არსებულ წარწერებშიც (XV – XVI სს)14.

“პირველი” მინაწერის ჟორდანიასეული წაკითხვა საეჭვოდ შეიძლება გვეჩვენოს

შემდეგ მიზეზთა გამო:

I – წევა შორსაა აღნიშნული მონასტრიდან (თუმცა ვიცით, რომ: - “ფეოდალიზმის პირობებში, როცა მემკვიდრეობა და პირადი წყალობა დიდ როლს თამაშობდა.... ასეთი გაფანტული, ერთიმეორეს ძალზე დაშორებული მიწის მფლობელობა ხშირი მოვლენა იყო”)

15;

II – გვარი რჩეულასძე ისტორიულ წყაროებში, წევასთან მიმართებაში, მხოლოდ ამ ერთადერთ შემთხვევაშია ნახსენები... III – პირველ მინაწერში გამოყენებული “და” კავშირი ალბათ მიუთითებს იმას, რომ შეწირული იყო ერთზე მეტი გეოგრაფიული ობიექტი. მხოლოდ ერთ გეოგრაფიულ პუნქტზე რომ იყოს საუბარი, მაშინ, ალბათ, ასე დაწერდენ: - რჩეულასძემ შესწირა... ახალაღშენებული წევის ბოლო მისითა ვენახითა. ამავე დოკუმენტში ვ. სილოგავა კითხულობს არა “წევის ბოლოს”, არამედ “ჴევის ბოლოს”

16.

მისი აზრით, “ჴევი” უნდა იყოს ვანის მონასტრის მიდამოებში წარსულში და ამჟამადაც არსებული პატარა, რამდენიმე კომლიანი დასახლების, ვანისხევის შემოკლებული სახელი, ხოლო “ახალშენი” უნდა იყოს ამავე რაიონში მდებარე პატარა, 5- კომლიანი სოფლის, ახაშენის, ძველი სახელი. ამ დასახლებათა მიდამოებში დღემდეა შემორჩენილი ვაზის უძველესი ჯიშები...16. ამრიგად, ზემოხსენებული მინაწერის სილოგავასეული წაკითხვის საფუძველზე გამოდის, რომ როსტევან რჩეულასძეს შეუწირავს თავისი მონასტრისათვის ამ მონასტრის ახლოს მდებარე მამულები, რაც დამაჯერებელია, მაგრამ კატეგორიულად ვერც ამ დოკუმენტის ჟორდანიასეულ წაკითხვას უარვყოფთ, შემდეგი მოსაზრებების გამო:

1) ტერმინი წევის ბოლო (ანუ ქვედა წევის ქვედა ნაწილი) დღესაც არსებობს. იქ საუკუნეთა განმავლობაში შესანიშნავი ვენახები ყოფილა და დღესაც ასეა...

2) პირველ მინაწერში, რომელშიც თ. ჟორდანიასეული წაკითხვით, სოფ. წევის ბოლოა ნახსენები, ვანის ქვაბთა ბატონის გვარი ძე-ზე ბოლოვდება, ხოლო “ვაჰანის

ქვაბთა განგებაზე” არსებულ “მესამე”, უფრო მოგვიანო ხანის, მინაწერში იმავე “რჩეულ” ფუძის მქონე გვარი შვილზეა დაბოლოებული (ენუქ და ალფეზ რჩეულაშვილები სწირავენ ვანის ქვაბებს ვენახებს, გლეხებს... თ. ჟორდანია ამ მინაწერს XV საუკუნით ათარიღებს)

17.

ორივე სახის დაბოლოება აქვს ამ გვარს ვანის მონასტრის კედლებზე არსებულ მინაწერებშიც (XV – XVI სს.)18. გვარის დაბოლოების ასეთი ცვლილება, შესაძლოა, ამ გვარის წარმომადგენელთა მიერ საცხოვრებელი და სამოღვაწეო ადგილის შეცვლასთან იყოს დაკავშირებული...

3) პირველი მინაწერის არც ჟორდანიასეული (XIII - XIV სს. მიჯნა) და არც ალექსიძე-ბურჯანაძისეული (XIV ს.) დათარიღება წინააღმდეგობაში არ მოდის წევასთან დაკავშირებული მომდევნო დოკუმენტის თარიღთან (ალექსიძე-ბურჯანაძისეული დათარიღება უშუალოდ ემიჯნება მის თარიღს). ეს დოკუმენტი იუწყება, რომ 1452 წელს გიორგი მეფემ წევის მიმართ წყალობა განუახლა გოგია და გოგნია მაჭავარიანსიქდურიშვილებს19. ესე იგი, წევა, 1452 წლამდე კარგა ხნით ადრე, იმ დროს სამეფო აზნაურების, მაჭავარიანების საკუთრება ყოფილა (1452 წლის შემდეგაც მაჭავარიანებმა წევის ხან სრული, ხან კი ნაწილობრივი მფლობელობა (აბაშიძეებთან და, მცირე ხნით, შესაძლოა, წერეთლებთან საზიარო) შეინარჩუნეს ბატონყმობის გადავარდნამდე.

ცნობილია, რომ 1230-იან წლებამდე თმოგვის ციხეს და, შესაბამისად, ვანის მონასტერს თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა, 1350 – 1393 წლებში –

კითხას ძე მურვანის ძენი, შემდეგ კი რჩეულასძე –რჩეულაშვილები20. თუ პირველ მინაწერში მართლაც წევის ბოლოა ნახსენები, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ

რჩეულასძენი XIV საუკუნის მიწურულს, ან XV საუკუნის დასაწყისში გადავიდნენ წევიდან თმოგვში და წევის ბოლოც მაშინ შესწირეს ვანის მონასტერს. გამოდის, რომ

წევა მაჭავარიანებს რჩეულასძეების წასვლის შემდეგ ებოძათ, ვინაიდან, არც რჩეულასძეების საბუთში არიან ნახსენები მაჭავარიანები და არც პირიქით.

(ზემოხსენებული “მეორე” მინაწერიდან ირკვევა, რომ რჩეულასძეს ვანის მონასტრისათვის სხვა, მისივე აშენებული, პარტახტი და ზვარიც შეუწირავს

21.

როგორც ჩანს, იგი მორწმუნე და მოღვაწე ადამიანი იყო. არ არის გამორიცხული, რომ იგი, იმერეთში ცხოვრების დროს, სხვა ციხის და მონასტრის პატრონი ყოფილიყო და, წევაც იმ მონასტრისათვის აეშენებინა...);

4) თ.ჟორდანიას თავის ნაშრომში წამოჭრილი აქვს მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხი: მას უცდია, სხვადასხვა მონასტრების სახელთა და სხვა ტოპონიმთა იდენტურობაში, მონასტერთაშორისი ისტორიული ურთიერთმიმართებების ამოკითხვა. იგი წერს, - რომ ძველად, ტაო-კლარჯეთში, სომხეთის საზღვართან ახლოს, ყოფილა “ვაჰანის ანუ ვანის” წმიდა გიორგის მონასტერი (იმოწმებს ვახუშტის გეოგრაფიას, გვ. 88, 82), საიდანაც, “როდესაც თათრებმა გააუქმეს აქ ქრისტიანობა, რამდენიმე სიწმიდე (ხატები) ამ მონასტრისა იქაურის ქრისტიანებითურთ გადმოვიდენ იმერეთში და დასახლდენ ჩხერიმელას სათაურში. ახალს სოფელს უწოდეს იგივე სახელი ძველის თვისის სოფლისა ვაჰანი ანუ ვახანი (აქიდამ ვახანის ხეობა, ვახანის ციხე) და ახლად აშენებულს ეკლესიასაც ვახანის ქუაბი”22 (ზემოხსენებული ყველა ობიექტი ხარაგაულის რაიონში მდებარეობს). სახელწოდება ვაჰანი – ვახანი საქართველოში მხოლოდ იმერეთში შემორჩა (ზემოხსენებულ ობიექტებს). 

23

ვანი საქართველოში რამდენიმეა, მათ შორის იმერეთში – ვანის, ხარაგაულის, ჭიათურის რაიონებში. ხარაგაულის რაიონში არის სოფ. ვარძიაც, რომელშიც იყო სამონასტრო კომპლექსი (თქმულების მიხედვით, ამ მონასტრის უძველესი ეკლესია აუგია თამარ მეფეს, ახალციხის ახლოს მდებარე სოფ. ვარძიის ეკლესიიდან აქ გადმოსვენებული ღვთისმშობლის ხატის სახელზე. თამარს თან წამოუყვანია მის მიერ გაქრისტიანებული ახალციხელი თათრები და ეკლესიის ირგვლივ დაუსახლებია.

ახალწარმოქმნილ სოფელს ვარძია შერქმევია

24

დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში საკმაოდ მრავლადაა პარალელური, მეტწილად საეკლესიო ობიექტებთან დაკავშირებული ტოპონიმები. მონასტრებისათვის ერთნაირი სახელების შერქმევა, მონასტრის სახელის ან ფეოდალის გვარის “სახეცვლილება”, ცხადია, შემთხვევით არ ხდებოდა... ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თ. ჟორდანიას განწყობა, რჩეულაძისეულ შეწირულობის საბუთში იმერეთის სოფლის სახელის ამოსაკითხად, შემთხვევითი არ არის...

დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს საეკლესიო ურთიერთობების კვლევის გაღრმავების შემთხვევაში სოფ. წევისა და მისი წმ. გიორგის ეკლესიის სახელის ამოტივტივება სავარაუდოა (ცხადია იმ შემთხვევაში, თუ ამის დამადასტურებელი საბუთები დროს გადაურჩა), მით უმეტეს, რომ წევის ეკლესიის ხუროთმოძღვრება და ჩუქურთმა, ჩვენი აზრით, საკმაო მსგავსებას ავლენს სამხრეთ საქართველოს ძეგლებთან

25.

თ. ჟორდანიასეული ან ვ. სილოგავასეული წაკითხვის სისწორე საბოლოოდ იმ შემთხვევაში დადგინდება, თუკი დამატებითი დამადასტურებელი საბუთი აღმოჩნდება...

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქრონოლოგიურად შემდგომი დოკუმენტი, 1452 წლით დათარიღებული წყალობის წიგნი გვაუწყებს, რომ წევა XV საუკუნეში მაჭავარიანების საკუთრება ყოფილა. როგორც ჩანს, წევის მიდამოებში, მაშინ, მაჭავარიანები მრავლად

ყოფილან, ვინაიდან წევის მფლობელი მაჭავარიანების სხვებისაგან გამოსარჩევად, მათი გვარიშვილობის სახელის გარდა, მამიშვილობის სახელს – სიქდურიშვილსაც მოიხსენებენ19.

XV – XVI საუკუნეთა მიჯნაზე ზემო იმერეთში ჩამოყალიბდა აბაშიძეების სათავადო. ისტორიული საბუთების მიხედვით, XVI საუკუნის მეორე ნახევარში წევის დიდი ნაწილი უკვე აბაშიძეების საკუთრებაა15. მაგრამ, სავარაუდოა, რომ წევაში მათი უფრო ადრინდელი კვალიც ჩანდეს, რაც, შესაძლოა, წევაზე მათი ძალაუფლების უფრო ადრე გავრცელებაზე მეტყველებდეს. კერძოდ, წევის ეკლესიის საკურთხევლის აბსიდში წმიდა მამების რიგში წმ. მელქისედექის (ასე წერია) გამოსახულება, ჩვენი ვარაუდით, XVI საუკუნის პირველ მეოთხედში მოღვაწე გელათის წინამძღვრის, მელქიზედეკ აბაშიძის26 “პორტრეტს” უნდა წარმოადგენდეს. იგივე პირი გამოსახულია ხარაგაულის რ. სოფ. ვანის წევის ეკლესიის აბსიდის შუა რეგისტრის მოხატულობა, ისევე, როგორც ვანის ეკლესიის მოხატულობა, XVI საუკუნის პირველი მესამედის ხალხური ნაკადის მხატვრობის სტილშია შესრულებული. ვანის მოხატულობა 1505 – 1510 წლებით არის დათარიღებული27, ხოლო წევის ეკლესიის აღნიშნული ნაწილის მოხატულობა, ჩვენი ვარაუდით, რამდენიმე წლით გვიანი უნდა იყოს (ამის შესახებ უფრო ვრცლად იხილავთ საგვარეულო წიგნის შემდგომ გამოცემაში).

 წმ. გიორგის ეკლესიის საკურთხევლის აბსიდშიც, წმ. მამების რიგში, იქაც, როგორც წევაში, საკურთხევლის სარკმლიდან სამხრეთით. ვანში მელქიზედეგის (იქ ასე წერია) გვარიცაა მოხსენებული27.

(საინტერესოა, ის ფაქტი, რომ წევისა და ვანის ეკლესიების აბსიდებში ერთი და იმავე პირის, ერთ სტილში შესრულებული, დაახლოებით თანადროული გამოსახულებები გვხვდება, ხომ არ მიუთითებს ამ ეკლესიებს შორის კონტაქტებზე და ხომ არ ეხმიანება როსტევან რჩეულასძისეულ საბუთს?..).

ის ამბავი, რომ წევის ეკლესიაში წმ. მელქიზედეკის გვარი აღნიშნული არ არის, გასაკვირი არ უნდა იყოს. როგორც XVIII – XIX სს მიჯნის დოკუმენტებიდან ჩანს (და ალბათ უფრო ადრეც ასე იქნებოდა), აბაშიძეებსა და მაჭავარიანებს შორის უმწვავესი დაპირისპირება არსებობდა სოფ. წევისა და მისი ეკლესიის მფლობელობასთან დაკავშირებით

28.

როცა XVI საუკუნეში აბაშიძეებმა წევაზე უფლება მოიპოვეს, ისინი, რა თქმა უნდა, შეეცდებოდენ კედლებზე თავიანთი კვალის აღბეჭდვას. ამ ეკლესიის აბსიდის მოხატულობის XVI საუკუნის ფენა, სავარაუდოა, რომ მათივე დაკვეთით,

კერძოდ, სწორედ გელათის წინამძღვარ მელქიზედეკის დაკვეთით იყოს შესრულებული. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ იგი წმინდა მამათა შორის გამოესახათ, გვარსაც ალბათ მიაწერდნენ. მაჭავარიანები კი, რომელთაც ეს ეკლესია თავიანთი “მამაპაპისაგან აღშენებულად” მიაჩნდათ, XVIII საუკუნის ბოლოს, როცა მათ კვლავ განიმტკიცეს ძალაუფლება წევაში, აბაშიძის გვარს ეკლესიის აბსიდში, ალბათ, წაშლიდნენ... წევის ეკლესიის აბსიდის მოხატულობას წარწერების განახლების კვალი ემჩნევა. მოხატულობის სათანადოდ გამოკვლევის შედეგად, შესაძლოა, ეს წარწერა

გამოჩნდეს. [წევის ეკლესიაში ყოფილა მაჭავარიანების გამოსახულებებიც, ალბათ, უფრო მოგვიანო ხანისა. ბატონი სევასტი გაჩეჩილაძე წერს, რომ - “როდესაც ამ გრძელ საყდრისთვის ცალი გვერდი უნდა ჩამოერთმიათ (რაც XIX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში მოხდა – ე.გ.), რომ მიემატებინათ შენობა, მაშინდელ იმერეთის ეპისკოპოზს, გაბრიელს (1860 – 1896) მაჭავარიანები წინააღდგომოდენ, წარწერილი წაიშლება და ყმები დაგვეკარგებაო”...)

29.

გაჩეჩილაძეთა გვარი და წევის ეკლესია, პირველად, მოხსენებულია ვახუშტი აბაშიძის შეწირულობის წიგნში, რომელიც 1550 – 1570 წლებითაა დათარიღებული. დოკუმენტი იუწყება, რომ თავადი სწირავს თავის სამკვიდრო კაცხის მონასტერს და სხვა ეკლესიებს მიწა-წყალს, სასახლეებს, გლეხებს... მოგვყავს ნაწყვეტი ამ დოკუმენტიდან:

“არის შეწირული ღმრთისათვის და მის წმიდათათვის და წმიდის გიორგის წევისათვის სააღაპოდ ჩემის სულისათვის საყდართან ლომინის მოსყიდული პარტახტი ტაბატაური ერთ გლეხად, მახარებელი გაჩეჩილაძე და მისი განაყოფური რაც სხუას წეველს კაცსა მართებს, ისი ამათ მართებს. ამისგან ერთი ჩარექი სანთელი, ერთი ცხუარი და ერთი მთელი საკლავი, ორი კოდი პური და ხუთი კოკა ღვინო, ერთი ლიტრა მარილი. ოთხს ხუცესსა ჟამს მიწირევდეს მისიანათ და სხუა რაც გადარჩეს, ის დეკანოზისა იყოს და ფარემუზ მაჭავარიანმა და მისმა შვილმან და ნათესავმან აჭარელმან, წეველმან და ილმელმან ხელოსანმან ისაქმონ” (ანუ იქაურმა მოხელეებმა შეასრულონო – ე. გ.)

30.

როგორც ვხედავთ, გაჩეჩილაძეებს, მათი ეკლესიისათვის შეწირვით, მოვალეობები არ შემცირებიათ... ეს დოკუმენტი ვრცელია და დიდ ინფორმაციას გვაწვდის. იგი წარმოგვიდგენს ვახუშტი აბაშიძეს, როგორც ძლიერ, დიდი მამულების მფლობელ ფეოდალს, ხოლო, ადრე სამეფო აზნაურები, მაჭავარიანები, იმჟამად დამცრობილი და აბაშიძეებისადმი დაქვემდებარებული ჩანან. დოკუმენტი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის წეველთა საარსებო საშუალებების, მათზე დაკისრებული გადასახადების და მათი მმართველი წრის შესახებ...

ისტორიკოსთა ნაშრომებიდან ცნობილია, რომ ზემოხსენებული ვახუშტის შემდეგ? აბაშიძეთა გვარი კიდევ უფრო გადიდდა და გამდიდრდა. განსაკუთრებით გაფართოვდა მათი სათავადო XVII საუკუნის მიწურულსა და მომდევნო საუკუნის პირველ ნახევარში. მასში შედიოდა 80-ზე მეტი სოფელი, მათ შორის წევაც (ნაწილობრივ)

31.

გაჩეჩილაძეებთან დაკავშირებულ XVII საუკუნის საბუთს ჩვენ, ჯერჯერობით, ვერ მივაკვლიეთ.

XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში “აღწერა სამეფოსა საქართველოსა” რამდენიმეგან ახსენებს წევას. წევის ეკლესიის შესახებ კი წერს:–“ძირულას ჩრდილოთ და შორაპნის აღმოსავლით არს წევას ეკლესია წმიდისა გიორგისა სასწაულთმოქმედი”

32.

წევის ეკლესიას თავისი ძლიერებით სახელი ჰქონდა განთქმული და საკმაოდ შორიდანაც იზიდავდა მლოცველებს. წევის შემოგარენში იგი გარკვეულ სასულიერო ცენტრს ქმნიდა. ამ ეკლესიამ უდიდესი როლი შეასრულა გაჩეჩილაძეების ინტელექტუალურ, სულიერ და ზნეობრივ ჩამოყალიბებაში (აღნიშნულ საკითხს ქვემოთ დავუბრუნდებით).

XVIII საუკუნეში მეტად მძიმე იყო იმერეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. შინაფეოდალური ომები აჩანაგებდა ამ მხარეს და ოსმალებს მის დაპყრობას უადვილებდა. გამწვავებული იყო მებატონეთაგან გლეხთა ჩაგვრა. “მძვინვარებდა” ტყვეთა სყიდვა. გაწამებული გლეხები სხვადასხვა ფორმით გამოხატავდნენ სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ პროტესტს. ერთ-ერთი ასეთი ფორმა იყო ბატონისაგან გაქცევა საქართველოს სხვადასხვა მხარეში, რაც წევაში დაახლოებით XVIII საუკუნის მეორე მეოთხედიდან უნდა დაწყებულიყო.

სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატულებას წარმოადგენდა, როგორც ჩანს, წეველთაგან მეფისადმი გაგზავნილი საჩივარი, რომლის პასუხი უნდა იყოს სოლომონ პირველის (1751 – 1784) ბრძანება: “ქ. მეფე სოლომონ. პატელა ჟღენტო კეთილად მოგიკითხავ მერმეთ ამ წეველებს დაეხსენი ნურასა სთხოვ იცოდე”

33.

გლეხების უუფლებო მდგომარეობას მოწმობს ქაიხოსრო და ბეჟან წერეთლების მიერ 1756 წლის 1 აპრილს როსაპ მაჭავარიანისადმი მიცემული თამასუქი: “ქ.ევიღე მე, ქაიხოსრო წერეთელმა და ძმამა ჩემ(მ)ა ბეჟან, როსაპ მაჭავარიანისაგან ორმოცდაოთხი მარჩილი თეთრი, რასაც ხანს შენი თეთრი ჩემს ხელთ იყოს, თვეში მარჩილის თავზე ნახევარ შაურის მამცემი ვიყო. ახლა ამის საწინდრათ მომიცემია მახარობელი გაჩეჩილაძე, გიორგი გაჩეჩილაძის შვილები და ხარება გაჩეჩილაძის შვილები მათის ცოლით, შვილით, მამულ-ადგილით, ეკლესია-სასაფლაოთი, წყლითა

და წისქვილით, მათის ყოვლისფრით საქმით, მაძებარ-უძებრით. არის ამისი მოწმე ნიკოლოზ ჩიქუანი, გიორგი ჩხეიძე, მაჭავარიანი ნასყიდა, მახარობელი ბიბიჩაძე, დათუნა აზბედიაშვილი. მე მღდელს ანდრიას დამიწერია, მოწამეც ვარ ამისი...

34, 

.გასარკვევია, იყო თუ არა წევა ოდესმე წერეთლების საკუთრებაში? თუ არ იყო, მაშინ, XVIII საუკუნის შუა წლებში, სად შეიძლება ყოფილიყო წერეთელს დაქვემდებარებული ამდენი გაჩეჩილაძე, რომელთაც უკვე აწყობილი მეურნეობა ჰქონიათ? ჩვენს მიერ დღემდე მოკვლეული მასალებიდან ისე ჩანს, რომ გაჩეჩილაძეები საწერეთლოში (კაცხი, გუნდაეთი, ღორეშა...) არა უადრეს XVIII საუკუნის II ნახევრისა უნდა იყვნენ ჩასახლებული...

(აღსანიშნავია, რომ აკაკი ბელიაშვილს, რომანში “ოქროს ჩარდახი”, ნახსენები ჰყავს სოლომონ პირველისავე მეფობის წლებში მოღვაწე შორაპნის მეციხოვნე ხახუტა გაჩეჩილაძე

35,

რომელიც, გადმოცემის მიხედვით, გაჩეჩილაძეთა ერთ-ერთი შტოს “ბელტიყლაპიების” წინაპარი ყოფილა. გადმოცემისავე მიხედვით, არა ერთი გაჩეჩილაძე ყოფილა შორაპნის ჩხერისა და სხვა ციხეების მეციხოვნე). [სავარაუდოდ, XVIII საუკუნის დასაწყისიდან (ან XVII საუკუნის ბოლოდან),

წევაში, მოსახლეობის მატების კვალობაზე, უნდა დაწყებულიყო ერთი და იმავე სახელისა და მამის სახელის მქონე პირთა ერთმანეთისაგან გამოსარჩევი მეტსახელების შექმნა, რომელიც შემდგომში მათ შთამომავლობაზე გავრცელდა და საგვარეულოს “შტოების” მეტსახელებად იქცა. ამჟამად გაჩეჩილაძეთა 60-მდე “შტოა” ცნობილი

35

.შემდეგი საბუთი წარმოადგენს, ფეოდალური მმართველობისათვის ჩვეულ, საგადასახადო შეუვალობის, “თარხნობის”, სიგელს. ამგვარი სიგელები ართულებდა რუსულ საგადასახადო მმართველობას, ამიტომ რუსებმა თარხნობის უფლების შესახებ საბუთები მოსთხოვეს მემამულეებს და თარხნობის პრეტენზიის მქონე სახაზინო გლეხებს და 1819 წელს შეადგინეს ამ საბუთების სრული ნუსხა რუსულად, ოლქების მიხედვით. შორაპნის ოლქის საბუთებში შეტანილია 1770 წლის პირველ აპრილს არჩილ მეფის მიერ გაცემული სიგელი, რომლის თანახმადაც იგი, გულმოდგინე

სამსახურისათვის, საურის გადასახადისაგან ათავისუფლებს რამდენიმე კომლ გლეხს, მათ შორის ერთ კომლ გაჩეჩილაძეს. ეს გვარი ნუსხაში ნახსენებია ორჯერ, ორჯერვე შეცდომით: - «Гачичиладзе», «Качичиладзе». გლეხის სახელი და საცხოვრებელი ადგილი

მითითებული არ არის

36.

ვინმე მ. გაჩეჩილაძისაგან გაგონილ, სავარაუდოდ XVIII საუკუნის ბოლოს მომხდარ ამბავს გადმოგვცემს სევასტი გაჩეჩილაძე: - “მაჭავარიანები იყვნენ წეველების მებატონეები. აი, მათ როგორ ჩაეგდოთ ხელში წევა: დიდი სოლომონ მეფის დროს (1752- 1784) ქაიხოსრო მაჭავარიანი ყოფილა წევის და მის ახლო-მახლო სოფლების მოურავი.

სოლომონ დიდს შეუწირავს ვიღაც გამოწირული გაჩეჩილაძეები ეკლესიისათვის და ამის საბუთიც ჰქონიათ გაჩეჩილაძეებს. როდესაც სოლომონ მეფე გარდაიცვალაო,  ქაიხოსრო მაჭავარიანი 100 ცხენოსანი კაცით ვისაც მიუკვალიანებდა, ჩაუდგებოდა სახლში და თხოვდაო. ეს საბუთები ჩუმ-ჩუმად აძლიეს გლეხებმა ერთმანეთს და ჰფარეს, სანამ შეეძლოთ--- ბოლოს, წეველებმა ეს თარეში რომ ვეღარ აიტანეს, წაიღეს საბუთები, ჩაუდვეს წევის უძრავის წმიდა გიორგის (ხატს) უბეშიო--- ეს რომ ქაიხოსრომ გაიგო, შევიდა საყდარში, გამოიღო ხატის უბისაგან საბუთები და სიხარულით სამჯერ გადაახტა ამოღებულ ხმალს და იძახოდა: ახლა კი მეშველა, წევა ვიშოვნეო.

37.

(წევა რომ მაჭავარიანების მფლობელობაში ჯერ კიდევ 1452 წლამდე ყოფილა, ჩვენ უკვე აღვნიშნეთ. XVII – XVIII საუკუნეებში წევის მფლობელობა უფრო დაწვრილებით არის გამოსაკვლევი, თუმცა ზემოხენებული და მომდევნო საბუთებიდან ზოგი რამ მისახვედრია...).

საინტერესოა, რომ ზემოთ მოყვანილ ამბავში ს.გ-ს ჩაურთავს ინფორმაცია წევის ეკლესიის ხატების შესახებ: - “აქ სამია ძველი წმინდა გიორგის ხატი: - წევისა, სენისა და უძრავისა. ძველის-ძველი ხუცური ასოებით წარწერაც აქვს, მაგრამ ძნელი ამოსაკითხავია.

37.

1789 – 1811 წლებითაა დათარიღებული “სასამართლო განჩინება დავით ღაბუაშვილისა და ზურაბ მაჭავარიანის მამულის საქმეზე”. როგორც ჩანს, მამული წევაშია, რადგან ამ საქმეში, გარდა ზემოხსენებული პირებისა, მონაწილეობენ “სამოცი კაცი მწეველები” (ალბათ წეველები).

საბუთის შინაარსი ასეთია: თავად დავით ღაბუაშვილს (ღაბუაშვილი აბაშიძეების ერთ-ერთი შტოს მამიშვილობის სახელია) სამოცი მწეველი (წეველი) გლეხი დაპირისპირებია მამულის საკითხზე. მათ დაუფიციათ კიდეც, რომ მამული მათია და არა ღაბუაშვილის. მაგრამ ექვს კაცს, თურმე, “ფიცმა უწია”... მისულან ღაბუაშვილთან და შეხვეწნიან, - ფიცი აგვხსენი და ჩვენ წილ მამულს შენ დაგიტოვებთო. საქმეში ზურაბ მაჭავარიანი ჩარეულა და, თურმე, ამტკიცებდა: - ეს მამული არც ღაბუაშვილისაა და არც მწეველების, – ჩემიაო. სასამართლოს დაუდგენია: - თუ დაუფიცებს მაჭავარიანი, რომ ეს სამკვიდრო მამული მისია, მაშინ რას ემართლება ღაბუაშვილი? ადგილი მაჭავარიანს დარჩეს, და თუ ვერ დაუფიცებს, მაშინ მაჭავარიანმა და მისმა კაცებმა, მწეველებმა, ხელი აიღონ ამ ადგილზე და ღაბუაშვილს დაუტოვონ, მისი სამკვიდრო ყოფილაო.

საბუთს ახლავს მდივანბეგ ვახუშტი ჩიჯავაძის ბეჭედი.

38.

XVIII – XIX საუკუნეების მიჯნისათვის მაჭავარიანებს “თავიანთი ადრინდელი სამფლობელოდან მხოლოდ წევა-ილემის მცირე ნაწილი და წევის ეკლესია აქვთ შერჩენილი, მაგრამ აბაშიძეები ახლა “მამა-პაპისაგან--- აღშენებულ” და “შემკობილ” ეკლესიასაც ეცილებიან. ამ ეკლესიისა და სხვა მამულების გამო აბაშიძეებსა და მაჭავარიანებს შორის XIX საუკუნის დამდეგს დიდი დავა წარმოებს...

39

ამ დავის ამსახველი ერთ-ერთი დოკუმენტია 1817 წლის 24 ივლისით დათარიღებული, ლომსიათ-ხეველი აზნაურების მოწმობის წიგნი: “ლომსიათხევსა შინა მცხოვრებნი კეთილშობილნი ვაძლევთ ამ--- მართალს მოწმობას--- სახელმწიფო კეთილშობილს ილემს მცხოვრებს ერთობით მაჭავარიანებს...

თავადი ქაიხოსროს ძე, ივანე აბაშიძე და დავით და გიორგი აბაშიძე-ღაბუაშვილი რომ დეობს: წევის ეკლესიაში პირველად ჩვენი გვარი დალოცვილიყოსო, რადგან ჩვენ ახლოს მეზობელი ვართ და ვიცით მათი საქმე ჭეშმარიტებით, - ამისათვის სიმართლით ვმოწმობთ, რომ მამაპაპობით და შთამომავლობით წევის ეკლესია ილმელი მაჭავარიანებისა არის საკუთრებით და არა აბაშიძეების--- ბაგრატიონის მეფობაშიდ ილმელი მაჭვარიანების მეტს აბაშიძის გვარს წევის ეკლესიაშიდ საქმე არ ქონდეს რა ესეც ვიცით: ივლისის იე, დღესასწაულს დღეს კვირიკობას--- პირველ რომ მეფეს დალოცვიდენ, მას მერმეთ, დათუა მაჭავარიანს და მის შთამომავლობას, და სახელდობრ, არას გვარს სხვას”--- ხელს აწერენ ბეჭდების დასმით: მოურავი ნიკოლოზ მაჭავარიანი, ტაბაკინის მონასტრის არქიმანდრიტი გრიგოლი, მღვდელი იოსებ გუნცაძე, დავით და გრიგოლ ჩხეიძეები და სხვები40.

XIX საუკუნეში კლასობრივი ბრძოლის ერთ-ერთი გამოხატულება იყო სამართლებრივი გზით სადაო საკითხების გადაწყვეტა. მაგრამ, გლეხები ასეთი დავის დროს შეთანხმებულად ვერ მოქმედებდენ, რაც ასუსტებდა მათი ბრძოლის ეფექტურობას. ისტორიკოს ოლღა სოსელიას ამგვარი შეუთანხმებელი მოქმედების მაგალითად მოჰყავს “წევას მცხოვრებ გაჩეჩილაძეების “ხელით წერილი” მიცემული იმერეთის “ჟამიერის სასამართლოსადმი” (1818 წლისახლო)

41:

–“ჩვენ ქვემო ამისა ხელის მომწერნი, ერთობით წევას მცხოვრებნი გაჩეჩილაძე[ე]ბი გაძლ[ე]ვთ ამ მართალსა და ჭეშ[მ]არიტს ხელით წერილს ესრეთ, რომ რომელიც გაბრიყ[ვ]ებულა თავისი უგუნურებით და შემცდარა ჩვენის სახლის კაცები გაჩეჩილაძე სესიკა, გოგია და კიკოლა და მიუციათ მაღალმთავრობისათვის არზი რომ ჩვენ ილემს მცხ[ო]ვრებლის მაჭავარიანის ყმა არა ვართო, ჩვენ არ გაგვიგონია ძველთაგან, მამაპაპობით და შთამომავლობით. რადგან ჩვენც უმფრო ვიცით მადგან მაჭავარიანისა და ჩვენი ბატონყმობა, რომ არ გაგვიგონია და [ა]რც ვიცით ჩვენ ილემს

მცხოვრებლის მაჭავარიანის მეტი მემკვიდრე ბატონი ჩვენ გვყოლებოდეს. მხოლოდ განსაკუთრებით ამ ზემოხსენებულის მაჭავარიანის მეტი და კიდეც ამათი მკიდრნი ყმანი ვართ და ესეც ვიცით, როდესაც ბატონი ჩვენის ქაიხოსრო მაჭავარიანის შვილი დავით მი[ი]ცვალა, მაშინ მის კერძოთ მისცეს მცირეს ხანს ათი კომლი კაცი გაჩეჩილაძე. დიდმა მეფემ სოლომ[ო]ნმა საძმოთ დაგვაკავა, მაგრამ რადგან ამითი ყმა ვიყავით, მეორე მეფემ და ბატონის შვილებმან, ისევე ამათ უბოძა თავისი ყმები გაჩეჩილაძე[ე]ბი, რომლის წერილებიც აქვსთ ამ ბატონს ჩვენ მაჭავარიანებსა. და თუ ვინმე სიცრუით იტყვის, ვინმე არ ვართ მაჭავარიანის ყმაო, ჩვენ ვერ ვიტყვით მაგათისას, რომ არ მათი ყმა ვიყოთ. კიდეც თუ შეგვხვდება ფიცით დავამტკიცებთ, რომ არ ვინ გვყა[ვ]დეს მაგათ მეტი მემკვიდრე ბატონი...”

41.

ამ “ხელით წერილში” გამჟღავნებული ამბის გაგრძელება ჩანს 1824 წლის 15 თებერვლით დათარიღებულ წყალობის წიგნში, რომელიც მიცემულია დავით მაჭავარიანის მიერ ივანე და სხვა გაჩეჩილაძეებისადმი: ქ. ნებითა ღვთისათა, ესე წყალობის წიგნი დაგიწერე და გიბოძე მე, ბატონმან

თქვენმან პომოშნიკმა და პარუჩიკმა დავით მაჭავარიანმა თქვენ, ჩემს ყმას გაჩეჩილაძეს თომა ხუცის შვილს მღვდელ ივანეს და შენს ძმას კიკოლას და შაქარას, შვილთა და მომავალთა თქვენთა ასე ვითარად, რომ შენ და მოლოქაშვილებს ჭამკოტაძისაგან ნაყიდი

ადგილი გქონდა[თ] და რადგანაც შეიქმნა სესიკი და პავლია ჩემი ვორგული და მოღალატე და განეშორა ჩემ ყმობას, ამისთვის ის, იმის საწილო ადგილი, რადგანაც შენი ზიარი იყო, ახლა შენთვის გვიბოძებია გვერდზე ჭამკოტაძის სამზღვარს იქით, მოლოქაშვილის სამზღვრამდი, თავზე ბუღაშვილის სამზღვრამდი ეს ესე შენთვის მიბოძებია. თუმცა შენ ჩვენი ერთგული და ბრძანების მორჩილი ყმა იქვნე, არასვოდეს არც თქვენ, არც შვილთა და მომავალთა თქვენთა არ გამოგერთვასთ ეს ხსენებული ადგილი.

არის ამისი გამრიგე თვით დაუსაბამო ღ[მერ]თი და კაცთაგან მოწამე ხელოსანი ჩვენი ხომასურიძე კაცია და კიდე[ვ] სხვანი ჩვენი ყმანი და თურმანიძე ბეჟიკი. მე, თ[ავა]დ ჩიჯავაძის ასული დარეჯან ვსწერ ჩემის მეუღლის ბრძანებით და მოწამეცა ვარ ამისი”

42.

ზემოხსენებული სესიკი (სესია) და პავლია გაჩეჩილაძეები, როგორც ჩანს, იყვნენ გაჩეჩილაძეების მოლოქაშვილთა შტოს წარმომადგენლები. მათ დაპირისპირებას მაჭავარიანებთან ტრაგიკული დასასრული ჰქონია, რაც აღწერილი აქვს ბ-ნ სევასტი გაჩეჩილაძეს: “-მოლოქაშვილები ძალიან მდიდარი ყოფილან. ეს სახლობა გამაგრებულა და არ დამორჩილებია მაჭავარიანებს, მებატონეებს. ამ ოჯახის ბატონი ყოფილა დავით მაჭავარიანი. მას ჰყოლია მეუღლე “ჯიჯავაძის” ქალი. ეს ქალი ერთჯერ გამოსულა წევაში და სწვევია მოლოქაშვილებს. დიდი პატივი უციათ. მაგრამ ქმართან რომ გაბრუნებულა, სულ გადატრიალებულა. ქმარი გაუქეზებია...” რასაც შედეგად მოჰყოლია მოლოქაშვილების 30 სულიანი ოჯახის განადგურება: ზოგი რუსეთში გადაუსახლებიათ, ზოგი ჯარისკაცად “შეუწირავთ”, ზოგი მომკვდარა...

ამ მოლოქაშვილების დროსვე ყოფილა “დიდ ოთიად” წოდებული გაჩეჩილაძე, რომელიც “მართლაც მეტად წარმოსადეგი, თეთრ-ყირმიზი, ახოვანი “ყაძახი” ყოფილა--- დიდი ვაჭრობა ჰქონია გამართული--- რაჭაში გადადიოდა, “ჭედისის” მთის ახლომახლოდან მოჰქონდა კაცობ თოხები. იქიდან ზურგის მოტანაში მუშას ეძლეოდა მაშინ მხოლოდ ერთი თოხი. თვითონ ამ ოთიას შვილს როსტომას ზურგით 30 თოხი და სახნისი გადმოჰქონდა თურმე. ამ ოთიას მიჰქონდა “ახტალაში” თუთუნი ცხენებით და იქიდან მოჰქონდა ზოდი-სპილენძი--- მაშინდელი ამ სიშორეს სიარული ძალიან საშიში იყო. ლეკები და ოსები იკლებდნენ მთელ სოფლებს და გზაზე ყაჩაღებად იყვნენ ხოლმე გამაგრებული--- კაცებს, ქალებს, ბალღებს, ხვადაგს – არასფერს არ ზოგავდენ რაც-კი მოხვდებოდათ ხელში, მიირეკავდენ და ჰყიდდენ. რაღა გარეშეები, როცა შინაურებიც,

თითონ მებატონეები ჰყიდდენ თავის ყმებს და უფრორე ქალებს”

43.

ოთია გაჩეჩილაძეს უცოცხლია ას ოც წელზე მეტ ხანს, “მაგრამ ღრმა მოხუცება არც კი ემჩნეოდაო”. მის ნაშიერს დაერქვა ოთიაშვილები. “როსტომა იყო ამის შვილი ძალუმი, ჯმუხი, ღჯუ, დაუზოგველი, რიხიანი, ჩაფსკვნილი ყაზახი და ძალიან ძუნწი” (ასაკით დაახლოებით არსენა ოძელაშვილის (1797 – 1842) თანატოლი). “ამბობენ, რომ ამან და არსენამ შეუტიეს ერთმანეთსაო...”

44.

როსტომმა “მაშინდელი ლაინის და ხამის სამღებროები იჯარით რომ იცემოდა, მთელ ზემო იმერეთში წაართვა ქუთათელ დიდ ვაჭრებს და ხვირჯინებით დაჰყარა იჯარისთვის ეკატერინეს მანეთიანები. ბატონს ბათმნობით მიუწყო ფული ვერცხლისა

და იმ უდროო დროს დაიხსნა თავი. აღებ-მიცემობის მეტოქეებმა, როგორც ამბობენ, სხვა ვერაფერი უხერხეს და მოწამლეს”

როსტომის შვილი იყო კომერსანტი იესე (სესია) ოთიაშვილი (XIX ს.), რომელსაც მისი მოურავი სევასტი კორძაია ახასიათებს, როგორც წეველთა თავკაცსა და ქომაგს, მრავალი სასიკეთო საქმის სულისჩამდგმელს. ს. კორძაია იუწყება, - რომ სესია ოთიაშვილის სახელს უკავშირდება სურამიდან შორაპნამდე შარა გზის გაყვანა, გაჭირვებული წეველებისათვის საარსებო გზის გაკვლევა: წევაში “ლაინის” ქსოვილის დამზადებისა და აღებ-მიცემობის საქმის ორგანიზება; იმერეთში ცხენის დაჭედვის შემოღება (მანამდე თურმე ცხენი არ იჭედებოდა)...

45.

კონსტანტინე მაკარის ძე გაჩეჩილაძის*, წინამდებარე წიგნში გამოქვეყნებული, წერილიდან ვიგებთ, - რომ 1860 წელს წევაში, ადგილობრივ ორშტატიან ეკლესიასთან გახსნილა დაწყებითი სასწავლებელი, რომელიც, საკუთარი შენობის უქონლობის გამო, მოუთავსებიათ სესია გაჩეჩილაძის სახლში, რაც, თურმე, “კიდევაც ესახელებოდაო ამ თავისებურ მეცენატს”. თავდაპირველად გაუხსნიათ ერთკომპლექტიანი (სამგანყოფილებიანი) სკოლა, შემდეგ კი, 1900 წელს, მეოთხე განყოფილება დაუმატებიათ და ორკომპლექტიანად გადაუკეთებიათ. სკოლისათვის ეკლესიის ტერიტორიაზე ქვის შენობა აუგიათ 1890 წელს.

წევის სკოლის შესახებ ასეთ ინფორმაციას გვაწვდის ამავე სკოლის ყოფილი მასწავლებელი აკაკი გაჩეჩილაძე: - “შორაპნის მაზრაში მარტო ორი სკოლა იყო, ერთი წევაში, რომელიც იწოდებოდა ერთკლასიან სასწავლებლად, შედგებოდა ოთხი ჯგუფისაგან და მეორე ალისუბანში, რომელსაც ორკლასიან სასწავლებელს ეძახდნენ. მე, კი პირადად მაქვს დამთავრებული ჯერ წევის ერთკლასიანი და შემდეგ ალისუბნის ორკლასიანი სასწავლებელი”

46.

“წევის ეკლესიის ეზოში მდგარა ხის დაბალი შენობა, რომელსაც სამრევლო სკოლა რქმევია---შემდეგ ეს შენობა დამწვარა--- და სკოლა ოთიაშვილების უბანში გადაუტანიათ--- ოთიაშვილების სახლში--- აქ სკოლა თითქმის ათეული წლის მანძილზე ყოფილა. შემდეგ კი ეკლესიაზე მიუშენებიათ ვეებერთელა შენობა, თავისი სამრეკლოთი---1863 წელს ეკლესიის მოშორებით, ეზოს მიღმა აუშენებიათ ორსართულიანი შენობა სკოლისათვის--- რომელიც ამჟამადაც დგას. აქ სწავლობდნენ--- ოთხი კლასის ჩათვლით.

1890 წელს ამავე შენობაზე მიუშენებიათ პატარა ოთახი, რომელშიდაც თავს იყრიდნენ მასწავლებლები, ასევე ამ სოფლის მოწინავე ადამიანები”  ბატონი აკაკის ნაამბობიდან გამოდის, რომ წევაში სკოლა მისი ოთიაშვილების სახლში განთავსებამდეც არსებულა (გაუგებარია, ეკლესიაზე ვეებერთელა შენობის მიშენებაში რას გულისხმობს, თვით ეკლესიის შენობის გადიდებას? (რაც 1863 წელს ჩატარებული რეკონსტრუქციის დროს მოხდა), თუ უკვე გადიდებულ შენობაზე მიშენებას? საყურადღებოა, რომ ეკლესიის ორი შესასვლელის ზემოთ ჩანს ორფერდა მინაშენის ნაკვალევი. ეს მინაშენები არსებულა ჯერ კიდევ სამრეკლოს აგებამდე (სამრეკლო ეკლესიას XX საუკუნის დასაწყისში მიაშენეს), რაც ჩანს იქიდან, რომ დასავლეთის მინაშენის ნაკვალევი სამრეკლოს შიგნით არის მოქცეული. ამჟამად ძნელი დასადგენია, ეს მინაშენები მხოლოდ კარიბჭეებს წარმოადგენდნენ, თუ ეკლესიის გარშემო არსებული შენობის ნაწილებს.

გივი ჯაოშვილი თავისი წიგნის - “ზესტაფონი” იმ თავში, რომელიც ზესტაფონის რაიონის სახალხო განათლებას ეხება, საერთოდ არ ახსენებს წევის სკოლას. იგი წერს, – XIX საუკუნის 60-იან წლებამდე დღევანდელი ზესტაფონის რაიონის ტერიტორიაზე სასწავლებლები არ ყოფილა. 1867 წელს იხსენებენ საქარის სახაზინო დაწყებით სკოლასოა ყოველივე ზემოთქმული გვარწმუნებს იმაში, რომ წევის სკოლა ყოფილ შორაპნის მაზრაში, თუ ყველაზე ადრინდელი არა, ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელია. ტრადიციულად, ამ სკოლაში სწავლების დონე ყოველთვის მაღალი იყო. რაც გზას უხსნიდა წეველ მოწაფეებს განათლების უფრო მაღალი საფეხურებისაკენ. წევის ეკლესიასთან ერთად, ამ სკოლამ უდიდესი როლი შეასრულა გაჩეჩილაძეების, და არა მხოლოდ მათი, ინტელექტუალურ სულიერ განვითარებაში.

წევის წმ. გიორგის ეკლესიას, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წევის შემოგარენში სასულიერო ცენტრის როლს ასრულებდა, XIX საუკუნის ბოლოს “შემომავალი” ჰყოლია ხუთი სოფლის (წევა, წიფლავაკე, ლაშე, აჭარა და სანახშირე) მოსახლეობა, რომელიც ეკლესიის მეშვეობით “ურთიერთთან შინაურებივით


ღვთისმსახური გაჩეჩილაძეები (XVIII საუკუნის II ნახევარი - XXI საუკუნის დასაწყისი)

2002 წლის 10 მარტს, გაჩეჩილაძეთა საგვარეულოს დალოცვისას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ მოხსენიებული გაჩეჩილაძეთა წმიდა სალოცავი, XI საუკუნეში აშენებული წევის წმიდა გიორგის ეკლესია, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი სასწაულმოქმედად მოიხსენიებს,

ამჟამად (1863 წ. ჩატარებული გადაკეთების შემდეგ), სამნავიანი ბაზილიკაა. გარედან საკურთხევლის ძველი, მუქი ფერის ქვის კედელი მკვეთრად გამოირჩევა მინაშენი ნავებისა და დასავლეთ შესასვლელზე მიდგმული სამრეკლოს ღია ფერის კვადრებით შემოსილი კედლებისაგან. საკურთხევლის კედელში არსებულ საცავებში ძნელბედობისას სიწმიდეებსა და ურჯულოთაგან დევნილებსაც მალავდნენ. ტაძრის ჩრდილოეთ შესასვლელის ზემოთ ლუნეტია, ტიმპანი დამშვენებულია ნატიფი ჯვრითა და მთავარანგელოზისა და წმიდა გიორგის ბარელიეფებით. ტაძარში შემორჩენილია XVI– XVII საუკუნეების ფრესკები.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში შორაპნის მაზრის (მოიცავდა თითქმის მთელ ზემო იმერეთს) ყველა სოფელში იყო მოქმედი ეკლესია, მათ შორის, წევის წმიდა გიორგის ეკლესიას, რომელიც ერთ-ერთ გამორჩეულად ძლიერ სალოცავად ითვლებოდა, ყველაზე მეტი მღვდელი ემსახურებოდა. ტაძარში, სადაც სხვა სიწმიდეებთან ერთად დაბრძანებული იყო უძრავად წოდებული წმიდა გიორგის ხატი, სხვა სოფლებიდანაც უამრავი მომლოცველი მოდიოდა.

ღვთისმსახურთა უმრავლესობა აქ წეველი გაჩეჩილაძეები იყვნენ, რომელთა გვარის წარმოშობა, ხალხური გადმოცემით, ამ ეკლესიის ამშენებელ თმაგაჩეჩილ დიაკონს, გვარად ჯაჭვაძეს, უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნის I ნახევარში აქ ერთდროულად მოღვაწე ოთხივე მღვდელი გაჩეჩილაძე იყო.

საოჯახო გადმოცემების და საარქივო მასალების მიხედვით, ბოლო ორნახევარი საუკუნის განმავლობაში გვარში, ჯერ-ჯერობით, სავარაუდოდ, ოცდაცამეტი

სასულიერო პირი, - ოცდაცხრა მღვდელი და ოთხი დიაკონი გამოვავლინეთ, რომელთაგან რამდენიმე საქართველოს სხვადასხვა მხარეში და ქვეყნის გარეთაც ეწეოდა ღვთისმსახურებას (ამათ გარდა, მრავლად იყვნენ მედავითნეები და ეკლესიის სხვა

მსახურნიც). “საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის” პირველივე, 1826 წლის, საეკლესიო ჩანაწერების მიხედვით, წევის ეკლესიაში ირიცხებიან მღვდლები:

წინამძღვარი ნიკოლოზ გიორგის ძე, მარკოზ დავითის ძე, იოვანე თომას ძე და გიორგი ბერის ძე გაჩეჩილაძეები, რომელთაც შეემატათ 1829 წ. დიაკონი დიმიტრი პეტრეს ძე და 1832 წ. მედავითნე შაქარა თომას ძე გაჩეჩილაძეები. ამავე წიგნში, ეკატერინე გაჩეჩილაძის სტატიაში მოყვანილი, 1824 წლით დათარიღებული “წყალობის წიგნიდან” (გვ.16) ვიგებთ, რომ ზემოხსენებული მღვდელი იოვანე და მედავითნე შაქარა ძმები ყოფილან, ხოლო მათი მამა, თომა, - მღვდელი (ჩანაწერების მიხედვით, მღვდელ იოვანეს და მის ცოლს, მღვდელ დავით გველესიანისას, მარიამს, შეეძინათ 1826 წ. რუსუდანი და 1832 წ. თომა). მღვდლები გიორგი და იოვანე გარდაიცვალნენ 1859 წელს, შესაბამისად აპრილსა და აგვისტოში, ერთი 79 წლის, მეორე – 81 წლის ასაკში. მათ ბლაღოჩინმა დავით ავალოვმა “აღსარება ათქმევინა, აზიარა, ანდერძი აუგო და დაასაფლავა ამავე ეკლესიის გალავანსა შიგანივ” (აღსანიშნავია, რომ ამავე 1859 წელს 109 წლისა გარდაიცვალა საერო პირი, დავით გიორგის ძე გაჩეჩილაძე).

1826 წლიდან ჩანაწერში მოხსენიებული არიან მღვდელი გიორგი თანდილას ძე და, ალბათ, მისი ვაჟი, მედავითნე ალექსი გიორგის ძე გაჩეჩილაძეები, რომელნიც სოფ. დარბაიძეების წმიდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდნენ (1832 წ. მღვდელ გიორგის და მის ცოლს –თინათინ ნასყიდას ასულს შეეძინათ ანდრია, რომელიც მოუნათლავს სოფ. შუქრეთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელ შიო მეფარიძეს. ნათლისღებას ესწრებოდა დიაკონი გიორგი დევიძე, ხოლო მიმქმელი იყო სოფ. მერევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ოქროპირ შეყრილაძე).

საარქივო მასალებში მოპოვებული გვაქვს, აგრეთვე, რიგი ფრაგმენტული საინტერესო ცნობები, რომლებსაც, იმედი გვაქვს, რომ შემდგომი კვლევის შედეგად შევავსებთ და დავაზუსტებთ. მაგ.: ა) 1854 წ. მღვდლის შვილი ეგნატე გაჩეჩილაძე ითხოვს, რომ დატოვონ სასულიერო შთამომავლის წოდებაში; ბ) 1859 -62 წლებში მღვდელი ალექსანდრე გაჩეჩილაძის ნაცვლად დაინიშნა მღვდელი გიორგი გაჩეჩილაძე;

გ) 1880-იან წლებში სამხედრო ნაწილის მღვდელი დიმიტრი გაჩეჩილაძე გადაიყვანეს კავკასიის ბატალიონში;

დ) 1849 – 1850 წწ. ჩრდილოეთ ოსეთში, სალუგარდანის სამრევლო მღვდელია იოანე გაჩეჩილაძე, რომელიც შედიოდა კავკასიის მთის ხალხის, მაჰმადიანთა და წარმართთა გაქრისტიანების კომისიაში. მღვდლების მემკვიდრეობით შთამომავალთა ერთ-ერთ შტოს (გვარის მეტსახელი “ბელტიყლაპიები”) მიეკუთვნებოდა ს. ამაშუკეთის წმიდა გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი კონსტანტინეს ძე გაჩეჩილაძე. მისი მამა იყო მღვდელი კონსტანტინე, ბაბუა – მღვდელი თევდორე, პაპის პაპა – დიაკონი გრიგოლი, ხოლო მათი წინაპრები, ოჯახური გადმოცემით, იყვნენ სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი მღვდლები: მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე (რომელთა მოღვაწეობის წლების თანმიმდევრობა დასადგენია). მღვდლების ამ დინასტიის წინაპრად სახელდება ხახუტა გაჩეჩილაძე, რომელიც სოლომონ პირველის დროს (1752 – 1784 წწ.) შორაპნის მეციხოვნე იყო.

გაჩეჩილაძე სასულიერო პირთა სხვა დინასტიას წარმოადგენენ XVIII საუკუნის I ნახევარში წევიდან ჭიათურის რაიონის სოფ. გუნდაეთში სამოღვაწეოდ გადასული და იქ დამკვიდრებული მღვდლები: ზაქარია, მისი ვაჟი გიორგი და მათი შთამომავლები  მღვდლები: ანდრია გიორგის ძე, თომა ანდრიას ძე და დიაკვანი ქრისტეფორე ანდრიას ძე. მათ გუნდაეთში წმ. გიორგის ახალი – ქვის ეკლესია ააშენეს, ააღორძინეს სოფ. გუნდაეთი, განავითარეს მისი მეურნეობა. XIX საუკუნის შუა წლებიდან წევის წმიდა გიორგის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი შიო გაჩეჩილაძე, მღვდელ ლუკა ქიოტიშვილთან ერთად. სხვადასხვა ცნობების შეჯერებით, სავარაუდოდ, იგი ოთიაშვილების შტოს უნდა მიეკუთნებოდეს და საგვარეულოს პირველი პრეზიდენტის თენგიზ თომას ძე გაჩეჩილაძის წინაპარი უნდა იყოს. საეკლესიო ჩანაწერებით, 1859 წ. მამა შიო მიმქმელია (ნათლიაა) შემდგომში ცნობილი დეკანოზის მაკარ ეფრემის ძე გაჩეჩილაძისა*. 1869 წელს იგი ნათლავს მამა მაკარის დას მაკრინეს. მამა შიოს, სავარაუდოდ, ჰყავდა ვაჟები: ბესარიონი (მედავითნე) და გრიგოლი (დიაკონი მაკარ მღვდლის დროს). ამას, სხვა მონაცემებთან ერთად, გვაფიქრებინებს 1896 წლის საეკლესიო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ს. აჭარის ღვთისმშობლის ეკლესიაში,

მღვდელ ეფრემ იესეს ძე გაჩეჩილაძის მიერ შესრულებულ ნათლობაში მონაწილეობს მედავითნე – მეფსალმუნე, მღვდლის შვილი – ბესარიონ შიოს ძე გაჩეჩილაძე. წეველ ღვთისმსახურთაგან აღსანიშნავია გაჩეჩილაძე-ოთიაშვილების წარმომადგენლის, ცნობილი მეურნისა და ქველმოქმედის, ერისკაცის – იესე (სესია) როსტომის ძე გაჩეჩილაძის* ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი, რომლებიც მღვდლები გახდნენ. ესენი არიან შვილები: მღვდელი ეფრემი* (შემდგომში ოთხი მღვდლის მამა), რომელიც ბოლოს მოღვაწეობდა ს. აჭარის ღვთისმშობლის ეკლესიაში და მღვდელი სამსონი, რომელიც მოღვაწეობდა წევაში (დაიბადა 1859 წელს, მონათლა მღვდელმა ლუკა ქიოტიშვილმა. მიმქმელი – ილმელი აზნაური, პრაპორშჩიკი ზურაბ ივანეს ძე მაჭავარიანი). მღვდელი ეფრემის შვილები არიან:

ა) წევის ეკლესიის ცნობილი მოძღვარი, დეკანოზი მაკარი,

ბ) მღვდელი ეფთვიმი (მოღვაწეობდა ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში. მის მეუღლეს ასინეთი რქმევია;

გ) მღვდელი ბელოვანი (ლევი) (მოღვაწეობდა ქუთაისში, საფიჩხიაზე მდებარე ეკლესიაში. მას ჰყოლია მეუღლე  კატო). მის შესახებ აღმოჩენილია და შესასწავლია საარქივო მასალები;

დ) დეკანოზი კასიანე (1879 – 1953) წევის ეკლესიის მოძღვარი.

ჩვენ ჯერ არ გამოგვიკვლევია, იყვნენ თუ არა მღვდელმსახურნი გაჩეჩილაძეთა საგვარეულოს შტო გვარების – ჯაჭვაძეების და წეველიძეების წარმომადგენელთა შორის. ვიცით მხოლოდ, რომ, სავარაუდოდ, XIX საუკუნის ბოლოს, გურჯაანის რაიონის სოფ. ჭერემში ერთ-ერთმა ჯაჭვაძემ ააგო წმიდა გიორგის სამლოცველო (რომელშიც, ისევე როგორ წევის წმ. გიორგის ეკლესიაში, ძირითად რელიგიურ დღესასწაულად კვირიკობა აღინიშნება) და რომ, ზაქარია (შაქრო) სიმონის ძე ჯაჭვაძის თაოსნობით, თელავის რაიონის სოფ. ფშაველში აღადგინეს VIII – IX საუკუნეების

“კოხტაღვთისმშობლის “ ტაძარი. საბჭოთა წყობილების წლებში, ისევე როგორც მთელი საქართველოს მოსახლეობის, გაჩეჩილაძეთა საეკლესიო ცხოვრებაც მინავლული იყო. წევის ეკლესიის ბოლო მღვდლის კასიანე გაჩეჩილაძის გარდაცვალების შემდეგ (1953 წ.), წევის

ეკლესიაში მღვდელმსახურებას ძალზე იშვიათად, ისიც მხოლოდ რელიგიური დღესასწაულების დღეებში ასრულებდენ სხვა ეკლესიებიდან მოსული მოძღვრები. XX საუკუნის ბოლო წლებში, მთელს ქვეყანაში მოსახლეობის ეკლესიისაკენ ლტოლვის გაძლიერების შესატყვისად, ამგვარი ლტოლვის გაღვიძებამ თავი იჩინა გაჩეჩილაძეთა შედარებით ახალგაზრდა წარმომადგენელთა შორისაც: საეკლესიო მხატვრები გახდნენ ციალა (სიდონია) მიხეილის ას.* (დაბად. 1952 წ.) და ნინო ზაურის ას. (დაბ. 1976 წ.) გაჩეჩილაძეები, გელათის სასულიერო სემინარია დაამთავრა ვალერიან ტარიელის ძე გაჩეჩილაძემ (დაბ. 1976 წ.) (ზესტაფონის რაიონის სოფ. როდინოული), სასულიერო აკადემიაში სწავლობს გიორგი აკაკის ძე გაჩეჩილაძე (ქუთაისი)...გაჩეჩილაძეთა საგვარეულოს დალოცვის დროს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II აღნიშნა, რომ “ამ გვარში დიდი მადლი ტრიალებს”. იმედი გვაქვს, რომ ღვთის შეწევნით, წევის წმიდა გიორგის ეკლესიაში მოკლე ხანში კვლავ აღდგება ღვთისმსახურება და გაჩეჩილაძეთა საგვარეულოს ახალი თაობები განაგრძობენ და განამტკიცებენ მამა-პაპათა ქრისტიანული ცხოვრების ტრადიციებს.

გოჩა არონიშიძე, 2004 წლის ივნისი. 

გაჩეჩილაძე გიორგი კონსტანტინეს ძე მღვდელი 1879-1924წწ მოღვ. სოფ. ამაშუკეთის ეკლესიის მოძღვარი დაბ. წევა ზესტაფონი

გიორგი გაჩეჩილაძე (ბელტიყლაპია) სოფ. ამაშუკეთის ეკლესიის მოძღვარი.

დაიბადა 1879 წ., წევაში, გარდაიცვალა 1924 წ. დაკრძალულია წევის წმიდა გიორგის ეკლესიის ეზოში. მამა გიორგი ეკუთვნოდა მღვდლების მემკვიდრეობით შტოს. მისი მამა იყო მღვდელი კონსტანტინე, ბაბუა – მღვდელი თევდორე, პაპის პაპა – დიაკვანი გრიგოლი. ოჯახური გადმოცემის მიხედვით, მათ წინაპარ მღვდლებს, სახარების ოთხი მოციქულის სახელების შესატყვისად, ერქვათ: მათე, მარკოზ, ლუკა და იოანე, რომელთა მოღვაწეობის დროის თანმიმდევრობა დასადგენია. სხვა სახელები უცნობია.

(გაჩეჩილაძეთა ამ შტოს შთამომავლებს ჯანმრთელი, ზორბა ტანისა და მადის გამო, მეტსახელად “ბელტიყლაპიები” ეწოდათ. ოჯახური გადმოცემით, მათ საერთო წინაპრად სახელდება (ხახუტა?) გაჩეჩილაძე, რომელიც სოლომონ I-ის დროს შორაპნის მეციხოვნე ყოფილაა).

მღვდლად კურთხევამდე მამა გიორგი ქუთაისის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო. პედაგოგიურმა პრაქტიკამ მიიყვანა იგი ღვთისმსახურებასთან დაკავშირების გადაწყვეტილებამდე. რაკი წევის წმიდა გიორგის ეკლესიაში სხვა მღვდელი წირავდა, ამიტომ იგი ამაშუკეთის ეკლესიაში ეკურთხა მღვდლად.

თანამედროვეებს მამა გიორგი დაამახსოვრდათ მისი, საერო ფასეულობათა განსულიერების და სულიერ ფასეულობათა საბუნებისმეტყველო მეცნიერაბათა დონეზე გააზრების, სულისკვეთებით. გადმოცემის მიხედვით, იგი იყო თავისი მრევლის სულიერი მამა ეკლესიაში და ჭირისა და ლხინის უცვლელი თამადა ეკლესიის გარეთ, იღვწოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის...

მრევლის თვალში მამა გიორგის ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, რომ გარდაცვალების შემდეგ, მისი მომსწრე მოხუცები მის სახელს უკავშირებდნენ ყველა არაკონიუნქტურულ აზრს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ასეთი აზრი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული, მოხუცები მათ მაინც მამა გიორგის მიაწერდნენ.

იმერული აქცენტით გაიძახოდნენ, - რავარც გიორგი მღვდელი იტყოდაო. – მაგალითად, ათეისტ კომკავშირლებს ეკლესიიდან მაუზერების სამიზნედ გამოუტანიათ ხატები და იძახდნენ:

- თუ ღმერთი არსებობს, დაგვაკლოს რამეო! მამა გიორგის უპასუხნია: - გადაურევიხართ, შვილო, და მეტი რა უნდა დაგაკლოთო!?

ერთი წეველი ბოლშევიკი აქტივისტი მრევლს არწმუნებდა, - ღმერთი არ არსებობსო!

მამა გიორგის გაუფრთხილებია: - დაისჯები. შვილოო!

მიდიოდა ეს აქტივისტი ზესტაფონში. ძირულა ყოფილა მოდიდებული და ბონდი მოუშლია. აქტივისტს გადაუწყეტია მდინარის ფონზე გასვლა. დასცდენია ფეხი, ჩავარდნილა წყალში და დამხრჩვალა. მორალი: - რავარც გიორგი მღვდელი იტყოდა: - იძახე ახლა – არ არის ღმერთიო!.. არავინ უწყის, მართლა თქვა თუ არა ეს მამა გიორგიმ, ალბათ არა, რადგანაც ამგვარ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა მამა გიორგის გარდაცვალების შემდეგ. მაგრამ, მთავარია არა ის, მართლა თქვა თუ არა მამა გიორგიმ ეს სიტყვები, არამედ ის, რომ ყველა ასეთ სიტყვას მრევლი უკავშირებდა მამა გიორგის ხსოვნას და ავტორიტეტს.

მამა გიორგის ჰყავდა მეუღლე – აზნაურ ტიმოთე კიკნაძის ასული – ოლღა, ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი. (ვაჟებს შორის უფროსი იყო სიმონი* - ცნობილი საზოგადო

მოვაწე, მეცნიერი, ლიტურატურის თეორიის პირველი სახელმძღვანელოს შემქმნელი, პოეტი, იუმორისტი).

ა. მასზე ყურადღება გაამახვილა ა.ბელიაშვილმა რომანში “ოქროს ჩარდახი” (ერთტომეული, გვ. 508, თბ., 1954).

გაჩეჩილაძე ეფრემ 

ეფრემ გაჩეჩილაძე (ოთიაშვილი)

სოფ. აჭარის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი.

დაიბადა XIX ს-ის პირველ ნახევარში, ს. წევაში – ცნობილი ქველმოქმედისა და მამულიშვილის იესე (სესია) როსტომის ძე გაჩეჩილაძის ოჯახში. დედა ეფემია (ფეფენა) სიმონის ასულიც წეველების შემწე და ღვთისნიერი ქალი იყო. დიდი, ღვთისმოსავი ოჯახის პატრონი იყო მამა ეფრემიც. შვიდი შვილი გაზარდეს მან და მისმა ცოლმა ტელფა (ატატო) ბესარიონის ასულმა ჩანკვეტაძემ. მორწმუნე მშობლებმა შვილები უფლისა და მოყვასის სიყვარულით, სამშობლოსადმი ერთგულების გრძნობი აღზარდეს.


ცოდნა მათსავე სახლში ახლადგახსნილ დაწყებით სკოლაში მიაღებინეს და გარჯა-შრომასაც თავიდანვე მიაჩვიეს. მათი ხუთი ვაჟიდან ოთხი მღვდელი გახდა, რომელთაგან მამა მაკარი და მამა კასიანე წევაში, მამა ეფთვიმე – ილორის წმ. გიორგის ეკლესიაში, ხოლო მამა ბელოვანი ქუთაისში, საფიჩხიაზე მდებარე ეკლესიაში მოღვაწეობდნენ. მეხუთე ვაჟი, ბესარიონი პედაგოგი იყო. მოძღვარს ორი ქალიშვილი ჰყავდა, პიღასი და მაკრინე (მაკა). მაკრინემ ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი დაამთავრა ქუთაისში, მოწაფეობის პერიოდში იყო რეალური სასწავლებლის რეგენტი,


შემდეგ სოფ. ჩიხაში გათხოვდა – მღვდელ აბიათარ იაკობაშვილზე. მამა ეფრემი მღვდლად ბატონყმობის გაუქმების შემდეგ ეკურთხა. იგი ს. წევასთან ახლოს მდებარე ს. აჭარის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი, ხალხში რწმენის განსამტკიცებლად იღვწოდა თავის შვილებთან ერთად, რომლებიც უკვე მღვდლები იყვნენ. მამა ეფრემი წირვა – ლოცვას წევის წმიდა გიორგის ეკლესიაშიც ატარებდა,

სადაც მისი შვილი, დეკანოზი მაკარი მსახურებდა. თავიანთი მრევლის შემწეობით ისინი ერთობლივად მიაგებდნენ პატივს დიდ სიწმიდეებს და დახმარებას უწევდნენ ეკლესია-მონასტრებს.

მადლიან მოძღვართან სხვადასხვა სოფლებიდან მოდიოდნენ ახლობლები და ნათესავები დასალოცავად და კურთხევის მისაღებად. განსაკუთრებით კი ბავშვები მოჰყავდათ მოსანათლად.

სასულიერო პირთა აღმზრდელი, ღვაწლმოსილი მღვდელი ეფრემი გარდაიცვალა მეოცე საუკუნის დასაწყისში.

ტექსტი შეადგინეს გოჩა არონიშიძემ და ნიკოლოზ შურღაიამ. 


 

გაჩეჩილაძე ქრისტეფორე ანდრიას ძე 1862-1960წწ დიაკონი ჭიათურის რ. სოფ. გუნდაეთის წმიდა გიორგის ეკლესია

ქრისტეფორე გაჩეჩილაძე (გუნდაეთელი)

ჭიათურის რ. სოფ. გუნდაეთის წმიდა გიორგის ეკლესიის დიაკონი.

დაიბადა 1862 წ. სოფ. გუნდაეთში, გარდაიცვალა 1960 წ.

მშობლები: ანდრია გიორგის ძე გაჩეჩილაძე*, (?) აბდუშელიშვილი.

მოღვაწეობდა სოფ. გუნდაეთის ეკლესიაში. ათეისტური რეჟიმის პერიოდში მისი

ოჯახი “განაკულაკეს” – უძრავი ქონება და საქონელი ჩამოართვეს. მამა ქრისტეფორე

ეცადა მეურნეობა აღედგინა, – ხარები შეიძინა, მაგრამ კვლავ ჩამოართვეს. არც ეს

აკმარეს და ორი წელი ციხეში ამყოფეს.

მამა ქრისტეფორეს პირველ ცოლისაგან, ყიფშიძის ქალისაგან ჰყავდა ერთი

ქალიშვილი – შუშანა, ხოლო მეორე ცოლისაგან – პიღასი ყარამანის ას. ჩხეიძისაგან –

ხუთი შვილი: ალექსანდრე, ელენე, ილია, გიორგი და შოთა.

ტექსტი შეადგინა გოჩა არონიშიძემ.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.03.2024
ბოლო რედაქტირება 03.03.2024
სულ რედაქტირებულია 8





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0