ტაძრის წინამძღვარია მღვდელი ბიქტორ ბარბაქაძე. დაბადებული 1890 წელს. დამთავრებული აქვს თბილისის სასულიერო სასწავლებელი. დიაკვნად ნაკურთხია 1925 წელს. მღვდლად ხელდასხულია 1926 წლის 27 იანვარს. არავითარი ჯილდო არ მიუღია. მედავითნე არ ჰყავს. 2) ქსოვრისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (ზედ მიწერილი სოფელი ილტოზა, დაშორებული მთავარ ტაძარს 4 ვერსით) ილტოზაში არ არის ეკლესია. მთავარი სამრევლო ეკლესია შენებულია 1712 წელს. ნაშენებია ქვითკირით, კრამიტით დახურული, წმ. ტრაპეზი და კანკელი დაცულია წესიერად. ტაძარში წყალი არ ჩამოდის. მთავარი სამრევლო შედგება 130 კომლისაგან. ილტოზაში 30 კომლია. მრევლი სულ ქართველებია. წირვა-ლოცვა სრულდება მთავარ სამრევლოში. ოდიკი ახალია. წმიდა სანთელს ყიდულობენ თბილისის საეპარქიო ქარხანაში. 1927 წელს შეიძინეს 12 გირვანქამდე. შემოსავალი იყო სანთლის ოპერაციიდან 110 მანეთი. გასავალი 100 მანეთი. სანთელი დაგვრჩა 10 გირვანქა.
1933-1936 წლების მონაცემებით, საჩხერეში სულ სამი ტაძარია მოქმედი, რაც ძალზე სავალალო ვითარებაზე მეტყველებს; 5 წლის შემდეგ დაახლოებით 37 ეკლესიიდან 3 რჩება,
მსახურებას კი ორი მღვდელიღა ასრულებს.
მოქმედია ნიგვზარის ნათლისმცემელი, რომლის მოძღვარი ვასილ სამხარაძეა, ხოლო მედავითნე არ ჰყავს. იგივე მღვდელი წირავს კორბოულის ღვთისმშობლის ეკლესიაშიც.
ამავე წელს ასევე მოქმედია ჯალაურთის წმინდა გიორგის ეკლესია, მღვდელია ბიქტორ ბარბაქაძე, რომელსაც ასევე არ ჰყავს მედავითნე.