სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი /Генералы/Generals
გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი
აბელ მაყაშვილი გაბრიელის ძე  1860-1920წწ გენერალ-მაიორი დაბ. სოფ. იყალთო თელავი აბელ მაყაშვილი გაბრიელის ძე  1860-1920წწ გენერალ-მაიორი დაბ. სოფ. იყალთო თელავი აბელ მაყაშვილი გაბრიელის ძე  1860-1920წწ გენერალ-მაიორი დაბ. სოფ. იყალთო თელავი აბელ მაყაშვილი გაბრიელის ძე  1860-1920წწ გენერალ-მაიორი დაბ. სოფ. იყალთო თელავი აბელ მაყაშვილი გაბრიელის ძე  1860-1920წწ გენერალ-მაიორი დაბ. სოფ. იყალთო თელავი

1860-1920 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება

გენერლები საქართველოდან 800-ზე მეტი

გვარი მაყაშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

465       ბეჭდვა

აბელ მაყაშვილი გაბრიელის ძე 1860-1920წწ გენერალ-მაიორი დაბ. სოფ. იყალთო თელავი

მაყაშვილი  აბელ გაბრიელის ძე  (6 ივნისი 1860-1920)   თავადი, გენერალ-მაიორი (1916),


1918_19 ახალციხის გენერალ-გუბერნატორი, და თბილისის სამხედრო კომენდანტი, 1920 წელს განჯის სამხედრო სკოლის უფროსი, „წმ. გიორგის“ ოქროს იარაღი (1917);

დაამთავრა ელისავეტგრადის სამხედრო პროგიმნაზია 1877 წელს, ყაზანის ქვეითი უნკერთა სასწავლებელი 1880 წელს და ოფიცერთა მსროლელი სკოლა.



ჯარში მსახურობდა 1877 წლიდან. 1880 წლიდან მსახურობდა 164-ე ზაქათალას ქვეით პოლკში. მეთაურობდა ასეულს და ბატალიონს. 1909 -1914 წლებში მსახურობდა პოდპოლკოვნიკად 185-ე ბაშკადიკლარის სარეზერვო ბატალიონის მეთაურის თანაშემწედ, შემდეგ მეთაურად. 1910 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1914 წლის 25 ივნისს დაინიშნა გორის 202-ე ქვეითი პოლკის მეთაურის დროებით მოვალეობის შემსრულებლად. მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში. 1914-1917 წლებში მეთაურობდა მე-16 გრენადერთა მინგრელსკის პოლკს. 1917 წლის 26 აპრილიდან მეთაურობდა კავკასიის გრენადერთა დივიზიის 1-ლ ბრიგადას. 1917 წლის რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გავიდა თადარიგში და ცხოვრობდა ტფილისში. 1918 – 1919 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. იყო ახალციხის გენერალ-გუბერნატორი და ტფილისის სამხედრო კომენდანტი. 1919-1920 წლებში მსახურობდა აზერბაიჯანის ჯარში, მე-2 ქვეითი დივიზიის უფროსის თანაშემწედ. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის, არტილერიის გენერლის სამედ-ბეი მეხმანდაროვის (1855-1931) ბრძანებით, გენერალ-მაიორი მაყაშვილი მიღებულ იქნა სამხედრო სამსახურში და დაინიშნა ჯერ 1-ი ქვეითი დივიზიის უფროსის თანაშემწედ (ხანკენდის გარნიზონის უფროსის მოვალეობის უფლებების შესრულებით), ხოლო მოგვიანებით მე-2 ქვეითი დივიზიის უფროსის თანაშემწედ. 1920 წლის მარტში დაინიშნა განჯის გამაგრებული რაიონის უფროსად და განჯის სამხედრო სკოლის უფროსად. დაიღუპა აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დროს. (ერთი ვერსიით მას ხელ-ფეხი შეუკრეს და გადააგდეს კასპიის ზღვაში) წითლების მიერ ბაქოს აღების შემდეგ. რუსეთის არმიის გენერალი, საქართველოს ეროვნული არმიის ერთერთი მშენებელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.647; სამხედრო ფიცის ერთგულნიქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.74


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1917 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი (მახვილებით)
  • 1910 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1899 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • Макаев Авель Гаврилович, князь  (06.06.1860 – 1920)
                генерал-майор с 18.01.1916

კვირის პალიტრა 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავისი დიდმპყრობლური ფრთა კავკასიას გადმოაფარა, ქართველი თავადაზნაურობა სამხედრო განათლებას რუსეთში იღებდა და ვალდებული იყო, სამხედრო სამსახური იქვე გაეგრძელებინა.მათი ნაწილი სამშობლოში არც დაბრუნებულა. თუმცა, გულანთებულ მამულიშვილებს არ შეეძლოთ გულგრილად ეცქირათ, როგორ იბრძოდა მათი ქვეყანა უთანასწორო ბრძოლაში დამოუკიდებლობისთვის და უცხო მხარის დიდებისთვის ბრძოლას სამშობლოსთვის თავგანწირვა ერჩიათ.

რუსეთის არმიის გენერალი აბელ (ბალო) მაყაშვილიც საქართველოს სამსახურში ჩადგა. იგი დაიბადა 1860 წლის 6 ივნისს კახეთში, სოფელ იყალთოში (თელავის მაზრაში), ოფიცრის ოჯახში. თავდაპირველად თბილისის კადეტთა კორპუსში შევიდა, ხოლო შემდეგ სწავლა რუსეთში განაგრძო. 1877 წელს დაამთავრა ელიზავეტგრადის სამხედრო პროგიმნაზია. ამავე წელს ჩადგა რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში და ოფიცრად მსახურობდა ახალციხეში მდგარ თენგინის პოლკში. 1880 წელს ყაზანის ქვეით იუნკერთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ზაქათალის 164-ე ქვეით პოლკში მეთაურობდა ასეულსა და ბატალიონს. თავი გამოიჩინა იაპონიასთან ომისას და პირველი მსოფლიო ომის დროს თავის პოლკთან ერთად დასავლეთის ფრონტზე იბრძოდა. მეტსახელად "სანგრის გენერალი" შეარქვეს, რადგან მუდამ წინა ხაზზე იბრძოდა. მაყაშვილის თავდადება არაერთი უმაღლესი ჯილდოთია აღნიშნული.


აბელ მაყაშვილი სამშობლოში დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე დაბრუნდა. 1918 წლის მაისის ბოლოს დამოუკიდებლობა აზერბაიჯანმა და სომხეთმაც გამოაცხადეს. საქართველოს პირველ ამოცანას სწორედ ამ ორ სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოგვარება წარმოადგენდა, რადგან მათ საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიებისადმი თავიანთი პრეტენზიები ჰქონდათ. მაგალითად, სომხეთის მმართველი პარტია დაშნაკცუტუნი ე.წ. დიდი სომხეთის შემადგენლობაში არა მარტო ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრებს, არამედ გორსა და თბილისსაც მოიაზრებდა. გასათვალისწინებელია, რომ ბათუმსა და სამხრეთ რეგიონებში თურქული სამხედრო ნაწილები იყო განლაგებული.

ასეთ ვითარებაში ჩავიდა აბელ მაყაშვილი ახალციხეში და შეხვდა შალვა მაღლაკელიძეს, რომელსაც ქვეყნის დასაცავად ოცეული სთხოვა. მალე შალვა მაღლაკელიძე ქუთაისში გადაიყვანეს და მის ნაცვლად ახალციხის მაზრის გენერალ-გუბერნატორის პოსტი მაყაშვილმა დაიკავა. თურქეთის აგრესიის გაძლიერების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ვითარების მოსაგვარებლად მესხეთ-ჯავახეთში აქტიური მოქმედებები დაიწყო. აქ თავმოყრილი იყო საქართველოს სამხედრო ნაწილები გენერალ ბალო მაყაშვილის ხელმძღვანელობით: "გენერალი ბალო მაყაშვილი იყო იმ დივიზიის მეთაური, რომელსაც მიმდინარე წლის დასაწყისიდან მესხეთისა და მისი დედაქალაქის, ახალციხის დაცვა დაევალა... 39-40 დღის განმავლობაში უდიდესი განსაცდელი გადაიტანა ახალციხემ", ვკითხულობთ 1918 წელს გამოცემულ გაზეთ "სახალხო საქმის" ივლისის ნომერში.

1918 წლის მუდროსის ზავით, ნოემბერ-დეკემბერში თურქეთმა თავისი ჯარის ნაწილები ბათუმიდან გაიყვანა და მისი ადგილი ქართულმა არმიამ დაიკავა. მიუხედავად ამისა, თურქეთი მაინც ცდილობდა გავლენის შენარჩუნებას. საამისოდ საიმედო დასაყრდენს წარმოადგენდა სერვერ ბეგ ათაბაგი, რომელმაც ჯერ ყარსის, ხოლო შემდეგ სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის მთავრობა ჩამოაყალიბა და ხალხს ოსმალეთის ერთგულებისკენ მოუწოდა. 1918 წლის 3 დეკემბერს საქართველოსა და ოსმალეთს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, თურქეთის ჯარებმა დატოვეს ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები.



ამ ფაქტთან დაკავშირებით გაზეთ "სახალხო საქმეში" ვკითხულობთ: "წუხელის ოსმალებმა... სერვერ ბეგ ქობლიანსკის მეთაურობით ცეცხლი წაუკიდეს თოფ-იარაღს და სახელმწიფო ნივთებს... დილით აჭარისკენ გაიპარა სერვერ ბეგი". დაცლილი მაზრების დაკავება და იქ წესრიგის დამყარება კვლავ ბალო მაყაშვილს დაევალა. 4 დეკემბერს საქართველოს სამხედრო სამინისტროს სახელზე მიღებულ ტელეგრამაში ნათქვამია: "ღენერალ მაყაშვილის ნაწილი უკვე შევიდა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში. მოსახლეობა დიდი აღტაცებითა და სიხარულით ეგებება". გაზეთი "საქართველო" იუწყება: "რესპუბლიკის ჯარები შევიდნენ ახალციხე-ახალქალაქში და შემოუერთეს საქართველოს მისი უმართებულოდ მიხვეჭილი ნაწილები".

ამგვარი მიღწევის შემდეგ საქართველოს მთავრობამ სამხედრო უწყებას უფლებები შეუკვეცა და მესხეთ-ჯავახეთის დაკავებიდან ორი დღის შემდეგ აქ საგანგებო რწმუნებულად ლეო რუხაძე დანიშნა, ხოლო ახალციხის მაზრის კომისრად - ჰაიდარ აბაშიძე. ამ ყველაფერს კარგი არაფერი მოჰყოლია, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა მეტად უარყოფითად განეწყო ახალი მოხელეების მიმართ. ამის შესახებ გაზეთ "სახალხო საქმეში" ვკითხულობთ: "საქართველოს ჯარების შემოსვლის შემდეგ ახალციხე-ახალქალაქის მაზრებში დაარსდა საგენერალგუბერნატორო, მაგრამ არ გასულა ორი კვირა და ეს თანამდებობა გაუქმდა... ამის შემდეგ გენერალ-გუბერნატორის თანამდებობის ძალაუფლება ახალციხის მაზრაში გადავიდა მაზრის კომისრის ჰაიდარ აბაშიძის ხელში". მოსახლეობას დიდი იმედი ჰქონდა, რომ ეს უკანასკნელი მოაგვარებდა ბევრ პრობლემას, თუმცა "ასეთი რამ არ მოხდა იმიტომ, რომ ჰაიდარ აბაშიძემ თავისი კაბინეტის მეტი არა იცის-რა, რომლის კარზეც უწერია: "მთხოვნელებს ვიღებ 12 საათიდან 2 საათამდე"-ო... დანარჩენ დროს კი პარტიულ მუშაობაში და სოციალ-დემოკრატების ბიუროში ატარებს", - ვკითხულობთ გაზეთში.
ამასობაში სომხეთი მომენტს ელოდა, რათა შეტევა წამოეწყო საქართველოს წინააღმდეგ და ეს დღეც დადგა. 1918 წლის 7 დეკემბერს სომხეთის შეიარაღებულმა რაზმებმა დაიკავეს სანაინისა და ალავერდის ტერიტორიები; 8 დეკემბერს მოშალეს სარკინიგზო ხაზი. ამის შემდეგ სომხეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას წაუყენა ულტიმატუმი, დაეტოვებინათ ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრები. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს დაევალა სომხეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლება. გენერალ აბელ მაყაშვილისა და მისი გვარდიის, აგრეთვე ქართული არმიის თავდადებამ შედეგი გამოიღო. ჯავახეთში სომხეთის ჯარი დამარცხდა. ამ წარმატების შემდეგ მან მიიღო ბრძანება, დაკავებული ტერიტორია დაეცვა და მტერს მეტად აღარ გადევნებოდა.
ამ დროს კონფლიქტში ჩაერია ინგლისის მხედრობის ამიერკავკასიის სარდლობა, რომელმაც მოითხოვა, საქართველოს ჯარებს დაეტოვებინათ ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრები, რომლებსაც საზავო კონფერენციამდე თავად დაიკავებდა, თუმცა საქართველოს მთავრობის დაჟინებული მოთხოვნით, ახალქალაქის მაზრაში შენარჩუნდა ქართული ადმინისტრაცია, ხოლო ბორჩალო ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა.



აზერბაიჯანის სამხედრო
სამსახურში გადასვლა
1919 წლის იანვრის ბოლოს სერვერ-ბეგმა და მისმა მოსახლეობისგან შეკრებილმა რაზმებზე დაიწყეს თავდასხმა ქართველ მოსახლეობაზე, დაიკავეს რამდენიმე სოფელი და ხალხის ნაწილის აჯანყებაც მოახერხეს. მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ გენერალი მაყაშვილი იძულებული გახდა, თავისი ძალებით უკან დაეხია, რის შემდეგაც იგი გადააყენეს და გენერალ გიორგი მაზნიაშვილით ჩაანაცვლეს. როგორც გაზეთ "სახალხო საქმეშია" ნათქვამი: "ლეო რუხაძემ და მისმა დამქაშებმა დიდი ხანია ნიშანში ამოიღეს იგი (აბელ მაყაშვილი. - ავტ.) და გადააყენეს კიდეც სამსახურიდან, მაგრამ ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ჯარის უკან დახევაში დიდი დანაშაული მიუძღვით სანჩო-პანჩო სოციალ-დემოკრატებს, ვიდრე გენერალ მაყაშვილს".

მაზნიაშვილის მონდომების მიუხედავად, მან რაიმეს შეცვლა ვერ მოასწრო: მთავრობამ მალე გაიწვია და მის ადგილას გენერალი გიორგი კვინიტაძე დანიშნა, რომელმაც ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების კვლავ საქართველოსთვის დაბრუნება შეძლო.
გენერალი მაყაშვილი თბილისში დაბრუნდა და შალვა მაღლაკელიძემ, რომელიც იმხანად თბილისის გენერალ-გუბერნატორი იყო, ის თბილისის კომენდანტად დანიშნა. მაყაშვილის დიდი მონდომებისა და შრომის მიუხედავად, ფაქტია, რომ სამთავრობო წრეებმა აიძულეს მაღლაკელიძე და გენერალს დაკავებული პოსტი დაატოვებინეს, ფართო რეორგანიზაციის შემდეგ კი მისთვის მხოლოდ ათასეულის უფროსის ადგილი გაიმეტეს. მაყაშვილმა ეს შეურაცხმყოფელ დაქვეითებად ჩათვალა და აზერბაიჯანის ჯარში შესვლა არჩია, სადაც პირველი ქვეითი დივიზიის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 1920 წლის მარტში მაყაშვილი დააწინაურეს და განჯის გარნიზონის ხელმძღვანელობა ჩააბარეს.



ამიერკავკასიის ანექსია
1920 წლის აპრილის მიწურულს ბოლშევიკურმა რუსეთმა კავკასიის გასაბჭოების ოპერაცია დაიწყო. მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა ბაქო და აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბოლშევიკებთან ბრძოლაში დახმარება სთხოვა საქართველოს, თუმცა წითელი არმიის სწრაფმა წინსვლამ ყველანაირი იმედი გააქარწყლა. მიმდინარე სასაზღვრო ბრძოლების პარალელურად, აჯანყება მოეწყო თავად აზერბაიჯანშიც. განჯაში კომუნისტური ოკუპაციით უკმაყოფილო აზერბაიჯანელმა სამხედროებმა შეიარაღებული გამოსვლა მოაწყვეს და ქალაქში მდგარი წითელი არმიის ნაწილები გაანადგურეს. ბალო მაყაშვილს ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია. აჯანყების ჩასახშობად ბოლშევიკებს ორი კვირა დასჭირდათ. გაზეთ "ერთობის" მაისის ნომერში ვკითხულობთ: "ქალაქიდან დიდი სროლის ხმა ისმოდა. სადგურთან ომის ნამდვილი სურათი გადაგეშლებოდათ თვალწინ: მიდიოდნენ წითელარმიელები "ცეპით", უფროსები იძლეოდნენ განკარგულებებს, აქა-იქ შეხვდებოდით დახოცილებსა და დაჭრილებს".


გენერალ მაყაშვილს ამის შემდეგ საქართველოში დაბრუნება სურდა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვერ მოახერხა. ბოლშევიკებმა რეპრესიები დაიწყეს. განჯაში სახალხოდ დახვრიტეს აჯანყების მონაწილეთა დიდი ნაწილი. ციხეში სვამდნენ აზერბაიჯანის არმიის ოფიცრებსა და მაღალჩინოსნებს. ამას ვერც აბელ მაყაშვილი გადაურჩა.
გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" 1920 წლის ივნისის ნომერში აღნიშნულია: "ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა მდგომარეობა აზერბეიჯანში ძლიერ მძიმეა. მათი რიცხვი უდრის 200 კაცს. ქართველ ოფიცრებს წინადადება მისცეს, წასულიყვნენ აზერბეიჯანის ფრონტზე, რის შემდეგ დაჭერილ იქნა 40 კაცამდე. სხვათა შორის, დაიჭირეს აზერბაიჯანის ჯარში მომსახურენი გენერლები ჩხეიძე და მაყაშვილი". ეს უკანასკნელი შეესწრო ქართველი ჯარისკაცების დაპატიმრებას და დამცირებას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, როდესაც კომუნისტებმა საქართველოს მისიის წარმომადგენელ დგებუაძეს ქუჩის გვა დააწყებინეს, მაყაშვილს გულმა ვერ მოუთმინა და მოძალადეებს შეეპასუხა: "ნება არა გაქვთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენელს ქუჩა აგვევინოთ! მაგ საქმეს მე არ შევასრულებ როგორც ჯარისკაცი".

მაყაშვილს ბრალად ედებოდა აქტიური ბრძოლა ბოლშევიკების წინააღმდეგ "მუსავატელების" მთავრობის დროს და აგრეთვე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ქალაქ განჯაში მოწყობილ აჯანყებაში აქტიური მონაწილეობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. გენერალ ბალო მაყაშვილს სიკვდილით დასჯა მიესაჯა 12 ივნისს და 17 ივნისის ღამეს იგი სისრულეში მოიყვანეს. "კომუნისტების ეს ბარბაროსული საქციელი არ გვიკვირს, ეს მათი თანდაყოლილი თვისებაა", წერდა გაზეთი "სახალხო საქმე".
თავდაპირველი ცნობებით, გენერალი აბელ მაყაშვილი დახვრიტეს, ისევე როგორც სხვა სიკვდილმისჯილები, თუმცა შემდეგ გაირკვა რომ მას ხელ-ფეხი შეუკრეს და კასპიის ზღვაში ჩაახრჩვეს. ეს ალბათ საბჭოთა რუსეთის მხრიდან სიმბოლური "ჟესტი" იყო იმ სიტყვების დასამტკიცებლად, რომელსაც ხშირად იმეორებდა: "კასპიის ზღვა ეკუთვნის რუსეთს".
ქართულ პრესაში ამ ამბის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში იბეჭდებოდა სტატიები. აღსანიშნავია გაზეთი "ერთობა", სადაც მწვავედ არის გაკრიტიკებული ყოფილი სამხედრო მინისტრის, გრიგოლ გიორგაძის სიტყვა გაზეთ "ახალი სხივიდან", სადაც ის პილატე პონტოელის როლში აყენებს საკუთარ თავსა და სხვა მაღალჩინოსნებს, რომლებიც უშუალო მონაწილენი იყვნენ რეორგანიზაციისა, რის შემდეგაც აბელ მაყაშვილი იძულებული გახდა აზერბაიჯანში წასულიყო; გიორგაძის ეს პოზიცია სრულიად მიუღებელი და გულგრილია. საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდართან და სხვა გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც პასუხს სთხოვდნენ გაზეთ "სახალხო საქმეშიც".
გაზეთ "ერთობის" 1920 წლის 25 ივლისის ნომერში ვხვდებით ვრცელ ტექსტს, სადაც საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის მდივანი ქრისტინე შარაშიძე დიდი სითბოთი გადმოსცემს აბელ მაყაშვილის ბუნებასა და მის დამსახურებებს საქართველოს წინაშე: "...ჯერ კიდევ ძველი რუსეთის ჯარის დაშლამდის მოიხვეჭა მან "სანგრის გენერლის" (окопный генерал) სახელი თავისი სიმამაცით და ჯარისკაცებთან დაახლოებით... მისი პირადი სიმამაცის წყალობით შევინარჩუნეთ ჩვენ მესხეთის ნაწილი, როცა ბათუმი დავკარგეთ... გენერალმა მაყაშვილმა პირნათლად მოიხადა ვალი საქართველოს წინაშე - დაუზოგავად ამსახურა მას თავისი გამოცდილება და მამაცური ხმალი. თუ ბრძოლის ველზე სიკვდილით არა, საგმირო საქმეებით ხომ მაინც მიანიჭა სიცოცხლე და უკვდავება მშობელ ქვეყანას".

გვანცა ტვილდიანი
ჟურნალი "ისტორიანი",#104
წყარო  https://www.kvirispalitra.ge/istoriani/57932-ithqva-rom-generali-dakhvrites-thumca-shemdeg-gairkva-rom-khelfekhshekruli-kaspiis-zghvashi-daakhrchves-general-mayashvilis-thavdadeba.html



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 20.02.2023
სულ რედაქტირებულია 5

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.11.2021
სულ რედაქტირებულია 1



ნაპოლეონთან მებრძოლი ქართველი გენერლები

1 0


ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში 1698-1917წწ ანბანის მიხედვით

1 0


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი 1852-07წწ გარდ. რუსეთის გენერალი, ოდესის კომენდანტი. დაბ. დუშეთი,მხცეთა მთიანეთი

2 0


ჯამბურია, ელგუჯა ნოეს ძე დაბ. 1951 პოლიციის გენერალ მაიორი წარმ. მარტვილი

2 0

ბესარიონ ტატაშის ძე დგებუაძე 1835-1882წწ გენერალ-მაიორი დაბ. მარტვილი

2 0

ივანე გურგენიძე პაატას ძე (1841-1907), თავადი, გენერალ-მაიორი (1903); წარმ. ასპინძა

2 0