რევაზ მარგიანი (1916-1984) დაიბადა მესტიის რაიონის სოფელ მულახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს.
1942 წელს მოხალისედ წავიდა დიდ სამამულო ომში. ომის შემდეგ იყო ჟურნალების "ოქტომბრელის", "პიონერის", "დროშის", გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა "ლიტერატურა და ხელოვნების" დირექტორი, 1979 წლიდან გამომცემლობა "მერანის" დირექტორი. პირველი ლექსი "მირანგულა" 1934 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "ლექსები" - 1940 წელს. სამამულო ომის წლებს ეკუთვნის ლექსების კრებული "მუმლი მუხასა" (1946).
შემდგომ კრებულებში: "მხოლოდ ახალი"(1958), "მთანი მაღალნი"(1960), "ლილე"(1965), "გამოღვიძება"(1966), "თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან"(1975) და სხვ., მხატვრულ დაოსტატებასთან ერთად, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა მარგიანის შემოქმედების ტენდენციები და თავისებურებანი. მის თხზულებებში წარმოჩინდა სვანური ბუნება და მითოსი, რომელიც პოეტმა ორგანულად დაუკავშირა თანამედროვეობას("ოია ოიალე", "ოიდა ნანაილა", "მარილი", "ელეგია მეგობრის სიკვდილზე" და სხვ.). რ. მარგიანის ლექსები თარგმნილია ყოფილ სსრკ-ის ხალხთა მრავალ ენაზე, აგრეთვე ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუმინულ, პოლონურ, ბულგარულ ენებზე.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.243
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საპატიო ნიშნის ორდენი
- ხალხთა მეგობრობის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
ბიბლიოგრაფია
- თოვლაი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1987. - 95გვ.
- შარშან, შარშანწინ და ცოტა ადრე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1977. - 211გვ.
- თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან 1942 : ლირიკული პოემა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1976. - 133გვ.
- გამოღვიძება : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1966. - 141გვ.
- ლექსები, ბალადები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1954. - 282გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001134/