ბადრი კაკაბაძე ( 25 დეკემბერი 1954) მსახიობი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ. თუმანიშვილის სახელოსნო) 1975 წელს.
ერთი სეზონი (1975) გამოდიოდა კინომსახიობთა თეატრის სცენაზე. 1976 წლიდან მოღვაწეობს რუსთავის დრამატულ თეატრში. ამავე წლიდან მუშაობს კინოში. ეკრანზე გამოჩდა ფილმში "გასერნება თბილისში" (ნ. მჭედლიძე, 1976, ვოკალისტი). მთავარი როლები შეასრულა ფილმებში: "რაჭა ჩემი სიყვარული" (თ. ფალავანდიშვილი, 1977, ზაური), "აქედანა და შენამდე" (ლ. გორდელაძე, 1984, ბუჭუტა). მონაწილეობს ფილმებში: "იმერული ესკიზები" (ნ. მჭედლიძე, 1979, ბარნაბა), "ყოჩაღად პაპებო" (ნ. ნენოვა, გ. წულაია, 1981), "უკვდავების თეთრი ვარდი" (ნ. მჭედლიძე, 1984), "წყარო" დ. ხოჯავა, 1985), "ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი" (თ. ფალავანდიშვილი, 1990). კინოსა და თეატრის მსახიობი.
კაკაბაძე
ამ გვარის ფუძედ ზოგი კაკაბას მიიჩნევს და ფრინველს უკავშირებს, კერძოდ, კაკაბს. ვფიქრობ, ეს გულუბრყვილო ეტიმოლოგიაა.
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი კაკა, რომელსაც თან ერთვის სუფიქსები ბა და ძე.
კაკა – ჩხარის ციხის მეციხოვნე, მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნეში.
კაკაბაძე ერთ-ერთი უძველესი და ლიბოძლიერი გვარია. გვარი გვხვდება 1545 წლიდან.
„კაკაბაძე, კურსევს მცხოვრები, ბაგრატ მეფემ მისი შეწირულსა განუახლა გელათის წმიდა გიორგის“ (1545 წელი).
კაკაბაძეები მოიხსენიებიან 1561-1612 წლებში ქვემო ქართლში, 1621 წელს – ხონში, 1583 წელს – ფიმში. ასევე, კაკაბაძეები მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდნენ აჭარაშიც, კერძოდ კი, ქედის რაიონის სოფელ ორიცვაში. აქ ცნობილი იყო 1895 წელს მღვდელი კაკაბაძე, დიდი მქადაგებელი, მოყვარე და პატივმცემელი ქართველთა. თურმე, ის არ უშინდებოდა მუქარას. ეკლესიაში ზარებს რეკდა და რამდენიმე სოფლის ხალხს ამით წირვაზე იხმობდა. წინ აღდგომია ჯამეს აგებას, მაგრამ თავისი არ გასვლია. მან ჩაქვისკენ გაქცევით უშველა თავს, რადგან იქ ისლამი ისე ძლიერად არ იყო. იმ პატრიოტი მღვდლის, კაკაბაძის შვილები მომხვდურებმა ქეშიშოღლებად მონათლეს, ანუ „ურჩი მღვდლის შვილები“. გადმოცემის თანახმად, დევნის თავიდან ასაცილებლად, მღვდელს დედის თუ ახლო ნათესავის გვარი კეკიძე – გეგიძე მიუღია. ემსახურებოდა ჩაქვი-მახინჯაურის ზონის, ჯერ კიდევ, ქრისტიანად დარჩენილ მოსახლეობას.
მარადიდის უბან ქუთურეთში არიან კეკიძეები – ასე მონათლეს მღვდელ კაკაბაძის შთამომავლები. დაბა ქედის გარეუბანში კი არის სოფელი კაკაბაძეები, აქვეა ნაცოხვარი ამავე სახელწოდებით.
კაკაბაძეები, კეკიძეები და გეგიძეები ცხოვრობენ სხვა ადგილებშიც. ისინი დამოუკიდებლად გაჩენილი გვარებია.
გეგიძეები აზნაურებიც იყვნენ.
იმ კაკაბაძეებმა კი, რომლებიც აჭარაში ცხოვრობდნენ, აწარმოეს გვარი კეკიძე და გეგიძე.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, კაკაბაძეებს რაოდენობის მიხედვით 169-ე ადგილი უჭირავთ.
საქართველოში 3 444 კაკაბაძე ცხოვრობს. თბილისში – 868, ხონში – 575, ხელვაჩაურში – 422, არიან სხვაგანაც.