ზაზა დემეტრაშვილი გურამი ძე დაიბადა ქ. თბილისში 1966 წლის 14 ოქტომბერს.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/16
1972-1982 წლებში სწავლობდა თბილისის 43-ე საშუალო სკოლაში.
1982-1987 წლებში სწავლობდა საქართველოს ვ.ი. ლენინის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე,
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 26 სეტქემბერს, ქალაქ სოხუმთან დაიკარგა უგზო-უკვლოდ.
ზაზა დემეტრაშვილი დაიბადა 1966 წლის 14 ოქტომბერს. 1972 წელს შევიდა და 1982 წელს დაამთავრა თბილისის #43 საშუალო სკოლა. ამავე წელს შევიდა და 1987 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. ახლობლების ხსოვნაში ზაზა დარჩა თავისუფალი, ლაღი ბუნების, ინიციატივიანი ახალგაზრდა. აფხაზეთში საბრძოლველად წასვლის მისი სურვილი რომ შეიტყვეს – შეეწინააღმდეგნენ ახლობლები. საქართველოს მთლიანობას ძირს უთხრიან და მე შინ რა გამაჩერებსო – უთქვამს. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს სოხუმში დაიკარგა. მშობლებს საამაყოდ დარჩათ, რომ ვაჟიშვილმა სიცოცხლე მამულს შესწირა და სამშობლოსათვის აღესრულა
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი
2024 წლის 5 - 6 აგვისტო.
5 აგვისტოს, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში 1992-93 წლების რუსეთ - საქართველოს ომის დროს დაღუპული 16 პირის ( 7 მებრძოლი და 9 - მშვიდობიანი მოქალაქე) სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
6 აგვისტოს, სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული 4 მეომარი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, დანარჩენი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენეს.
სამხედრო:
1. შალვა ბათლომეს ძე კარტოზია;
2. გოგი ბორისის ძე სიჭინავა;
3. გენადი (გია) გენადი ძე ნიკოლაიშვილი;
4. თემურ მოსეს ძე ბაბლიძე;
5. ლევან იურის ძე ლოგუა;
6. ზაზა გურამის ძე დემეტრაშვილი;
7. მურთაზ ინვერის ძე აკობია ;
სამოქალაქო:
1. დიმიტრი ვლადიმერის ძე აბაშმაძე;
2. ნათელა ალექსანდრეს ასული დიხამინჯია;
3. თამაზი ივანეს ძე ქასრაშვილი;
4. ზაქარია მალაქიას ძე ხარაიშვილი;
5. ელენე ალექსანდრეს ასული ხარაიშვილი;
6. აკაკი გრიგოლის ძე სიგუა;
7. ციცინო ალანია;
8. ილია ეფრემის ძე ნარიმანიძე;
9. ჯემალ შალვას ძე ჩაჩავა;
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
დაიბადა 1966 წლის 14 ოქტომბერს, თბილისში. დაამთავრა თბილისის 43-ე საშუალო სკოლა; სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე. აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში. 1993 წლის 1 აპრილიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის პირად შემადგენლობაში. აფხაზეთში საბრძოლველად მისი წასვლის სურვილი რომ შეიტყვეს, შეეწინააღმდეგნენ ახლობლები. ‘’საქართველოს მთლიანობას ძირს უთხრიან და მე შინ რა გამაჩერებსო’’,-ზაზას უთქვამს. 1993 წლის 26 სექტემბერს, სოხუმში,რკინიგზის სადგურის მიდამოებში გამართულ ბრძოლებში, ბატალიონის 20-კაციანი ჯგუფი, რომელსაც მაიორი ვლადიმერ ტოკმაევი მეთაურობდა, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ მოხვდა ალყაში;
გივი პაპუაშვილი 1945-26/09/93წწ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი
ტყვია-წამალი უკვე ელეოდათ; გაიცა ბრძანება ალყიდან გამოსვლის შესახებ. ალყიდან გამოსვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდებოდა ჩვენი პოზიციების ფლანგების დაფარვა ტყვიამფრქვევების ცეცხლით. ფლანგების ცეცხლით დაფარვა თავის თავზე აიღო ბატალიონის მეთაურის მოადგილემ ზურგის დარგში, გივი (დათო) პაპუაშვილმა, მეტყვიამფრქვევეებმა_ ზაზა დემეტრაშვილმა და შალვა ნადირაძემ, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად უზრუნველყვეს ბატალიონის გამოყვანა ალყიდან და დაჭრილების გადარჩენა.
მათი ცხედრების გამოტანის მცდელობისას დაიჭრნენ თვითონ მეთაური, ვლადიმერ ტოკმაევი, თემურ ძაბახიძე, ხოლო თამაზ გოჩაშვილმა მიიღო მძიმე კონტუზია,რის გამოც, დაღუპულების გამოყვანა, შეუძლებელი გახდა.
ზაზა დემეტრაშვილი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
თედო ოქროპირიძე- ზაზა დემეტრაშვილის თანამებრძოლი _ ‘’ზაზა, სანამ აფხაზეთში წავიდოდით, მანამდე გავიცანი, საერთო მეგობარმა გაგვაცნო ერთმანეთი. უიშვიათესი ადამიანი, პატრიოტი ვაჟკაცი იყო. შემდეგ უკვე, აფხაზეთში, რამდენიმე ბრძოლაში ერთად მოგვიწია ყოფნა_ანუარხუზე, ტამიშთან, კინდღში, ადიუბჟაზე; სოხუმის დაცემამდე, ბოლო 2 კვირა სულ ერთად ვიყავით. სოხუმის სადგურთან, მიწისქვეშა გადასასვლელთან, ალყაში მოვყევით_ მხოლოდ ერთი მხარე იყო გახსნილი, სამმაგ ცეცხლში ვიყავით სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის მებრძოლები; ბაგრამიანის ბატალიონმა მოგვაქცია ალყაში_იარაღი დაყარეთო, შემოგვითვალეს; ვინ იყო იქ ან ტყვედ ჩამბარებელი ან იარაღის დამყრელი?! ზაზამ ‘’ლიმონკა’’ ამოიღო და მითხრა_ სულ მზად მაქვს, თუ სხვა გზა არ იქნა, თავს ავიფეთქებ და ტყვედ არ ჩავბარდებიო. ყველა მაგ აზრზე ვიყავით.. თუმცა, აღარ დასჭირდა ის მომზადებული ყუმბარა და თავის აფეთქება...სნაიპერმა შეიწირა მისი ლამაზი სიცოცხლე!..
...ზაზა, ჩვენთან შედარებით, თითქოს, უკეთეს პოზიციაში იყო და იქიდან უნდა გაეკეთებინა ‘’დაფარვა’’; შეტაკების დროს, ჩვენი ერთი თანამებრძოლი, 18 წლის შალვა ნადირაძე, ჩვენი’’შალო’’ შეიწირა მტრის ტყვიამ. ეს რომ დაინახა ზაზამ, გამწარებულმა, ავტომატის ჯერი მიუშვირა მტერს; სწორედ ამ დროს ამოიღო მიზანში სნაიპერმა!... სახის არეში დაიჭრა;იქვე მდგარ კიპარისის ხეს მიეყრდნო, ნელ-ნელა დაეშვა მიწაზე და ასე შეავედრა სული ღმერთს. ძალიან ინტენსიური და დაუნდობელი სროლა მიმდინარეობდა_ მოწინააღმდეგე მხარე, თითქმის ყველა იარაღიდან გვესროდა. ვერ მივედით ახლოს ჩვენ დაღუპულ ბიჭებთან_ზაზას და შალვას ცხედრები ვერ გამოვიტანეთ. მე ტვინის შერყევა მქონდა,მძიმე კონტუზია.ჩვენმა თანამებრძოლებმა _ზვიად საბაშვილმა და ნუკრი ცუკოშვილმა გამომიყვანეს.ჯერ კოტე მოგვიკლეს, პატარქალაშვილი;
კონსტანტინე პატარქალაშვილი 1962-25/09/93წწ გარდ. სოხუმი აფხაზეთი წარმ. სოფ. მეტეხი, კასპი
ზაზამ მის ცხედარს უპატრონა და თბილისში გამოაგზავნა ბოლო თვითმფრინავით, თვითონ კი, ისევ დაბრუნდა პოზიციებზე და ბრძოლა განაგრძო. ტყვიების, აფეთქებების წვიმაში ვიყავით, თუმცა, სიკვდილსა და შიშზე არც ერთი ჩვენგანი არ ფიქრობდა! ჩვენ მხოლოდ ავტომატები გვქონდა ცნობილი სამშვიდობო ხელშეკრულების წყალობით, რის საფუძველზეც, მთელი მძიმე ტექნიკა ჩამოგვართვეს და ვითომ, მშვიდობა უნდა დამყარებულიყო_ბავშვების სკოლაში დადიოდნენ.ამ დროს, დაიწყო მასირებული შეტევა სოხუმის ასაღებად, რაც კიდეც მოახერხეს აფხაზებმა, რუსების და მათი მოკავშირეების დახმარებით; ჩვენ, რუსებს, ომს ვერ მოვუგებდით, მაგრამ ისეთი შემართება და სიყვარული გვქონდა, ქართული გული და სული_სამშობლოს სიყვარულით სავსე, შეიარაღება რომ არ ჩამოერთმიათ, კარგა ხანს გავნაგრძობდით ბრძოლას და სოხუმი,ალბათ, 5 წელი მაინც არ დაეცემოდა...
ზაზა იყო ჩვენი იმედი, ყველა მეგობრის, მისი თანამებრძოლისთვის საყრდენი, საიმედო კედელი_ისე მიუშვერდა მკერს ტყვიას თანამებრძოლის გამო,წამით არ დაფიქრდებოდა. ისეთი ვაჟკაცი იყო, ტყვიაზე გადაგეფარებოდა. ჩვენს ქვეყანას უმრავლოს ღმერთმა ზაზასნაირი კაცები! დღემდე, მისი ყველა მეგობარი თუ თანამებრძოლი გულმოკლულნი ვართ მის გამო. ზაზა, ალბათ, მაინც ბედნიერია, მაინც ბედნიერი წავიდა იმ ქვეყნად_მეომარი იყო, ვაჟკაცი და ამაზე ლამაზი და ღირსეული სიკვდილი რა უნდა ინატრო ქართველმა კაცმა, ვიდრე შენი სამშობლოსთვის ბრძოლის ველზე სიკვდილია?!
ომის მერე, ბევრი ჩვენი თანამებრძოლი შეიწირა მძიმე ფსიქოლოგიურმა სტრესმა, ვერ გაუძლეს ომში მიღებულ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმას... ბევრჯერ მინატრია, იქნებ, ჯობდა, მეც ზაზასთან ერთად მოვმკვდარიყავი, ისე ლამაზად, როგორც ის წავიდა! სამშობლოსთვის საკუთარი სიცოცხლე არც მე და არც ზაზას, არც ერთ ჩვენს თანამებრძოლს არასოდეს დაგვნანებია და არც ახლა დაგვენანება! ბედნიერებაა სამშობლოსათვის სიკვდილი!
ჩემი ერთად ერთი საფიქრალი და ოცნება იცით რა არის? ჩავიდე სოხუმში და აი, სწორედ იმ კიპარისთან დავაწყო ყვავილები, სადაც ჩემმა ზაზამ სამშობლოსთვის დალია სული! იმ ადგილს, როგორც არ უნდა შეცვლილიყო, რა დამავიწყებს?!’’
მანუჩარ გუგუნაშვილი თანამებრძოლი
მანუჩარ გუგუნაშვილი- ზაზა დემეტრაშვილის მეგობარი და თანამებრძოლი_ ‘’ზაზას ადრეული ასაკიდან ვიცნობდი. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ მე, გია გლურჯიძე და ზაზა. ზაზასთან ძმასავით ვიყავი; ომშიც ერთად აღმოვჩნდით. არა ერთი ბრძოლა ერთად გამოვიარეთ. მახსოვს, ერთხელ, ანუარხუზე ბრძოლის დროს, ხალხი გვიჭირდა_მეომრები გვჭირდებოდა; ზაზა, ამ დროს, ავად იყო_ სიცხე ჰქონდა, ფეხზე ძვლივს იდგა, მაგრამ მაინც წამოვიდა, არ მიგვატოვა. სოხუმისთვის ბრძოლების დროს, ისე მოხდა, რომ ჩემი შენაერთი სოხუმში ვერ შევიდა. ზაზასთან ვერ მოვხვდი_სხვადასხვა პოზიციებზე აღმოვჩნდით. ის ალყაში იყო.არ შემიძლია, არ აღვნიშნო ახლახანს გარდაცვლილი თამაზ გოჩაშვილის დამსახურება_სწორედ მისი წყალობით გადარჩა მაშინ 9 კაცი სიკვდილს! იმ მიმართულებით დაუშვა ტყვიამფრქვევის ჯერი, საიდანაც სნაიპერი ისროდა და ბიჭები სიკვდილს გადაარჩინა!
თამაზ გოჩაშვილი 1957-2022წწ ვეტერანი
ზაზა იყო უგანათლებულესი კაცი, მსგავსი ინტელექტუალური ადამიანი იშვიათად შემხვედრია. შესაშური ეროვნული სულისკვეთებით სავსე! წარმოუდგენელია, მის პატრიოტიზმს არ აღეფრთოვანებინე. ჩემი თვალით მაქვს ნანახი_ გაშლიდა საქართველოს დროშას, ჯერ დაკოცნიდა და შემდეგ, ამხელა ვაჟკაცს, ცრემლები წამოსცვივდებოდა ხოლმე:’’ოდესღაც მართლა რა დიდი იყო ჩვენი საქართველო და ახლა, რა დღეშიაო!’’უძლიერესი, თავგანწირული მებრძოლი იყო, უკანდახევა არ იცოდა! არც ერთი ბრძოლა არ გამოუტოვებია_ყველგან იყო...
ფიზიკურადაც გამორჩეულად ლამაზი, ახოვანი კაცი გახლდათ. ხშირად, ვხუმრობდით, როცა სადმე ერთად მივდიოდით_ ზაზა თუ მოდის, ჩვენ ყურადღებას ვინღა მოგვაქცევსო?! სულით, ხორცით, ზნეობით_ულამაზესი ქართველი ვაჟკაცი! მისნაირებს ერი უნდა ემრავლებინათ, თუმცა, განგებამ ასე ინება_ ჩვენს ქვეყანას შეეწირა მისი ლამაზი სიცოცხლე! ვაჟკაცი იყო და ვაჟკაცურადაც წავიდა ამ ქვეყნიდან! მოსაყოლად, თითქოს, ‘’ადვილია’’, მაგრამ თითოეული დაღუპული თანამებრძოლის გახსენებაზე, სისხლი გეყინება და სუნთქვა გიჭირს კაცს! ყველაზე მწარე იცით რა არის? როცა უყურებ შენს უსაყვარლეს მეგობარს, თანამებრძოლს დაჭრილს, გინდა, მიხვიდე, ხელი შეაშველო, გამოიყვანე ბრძოლის ველიდან და ვერ მიდიხარ, რადგან ყველგან ტყვიების წვიმაა! სიცოცხლე კი არ გენანება?! გინდა, იცოცხლო, რომ იმ შენი დაღუპული თანამებრძოლის წილიც შენ იბრძოლო და მისი სისხლი უკვალოდ არ იყოს დაღვრილი!.. ნათელში იყავით, საქართველოსთვის ბრძოლის ველზე დაცემულო ბიჭებო!"
სტატიაზე იმუშავა შორენა სიხარულიძე სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი