სულ ვიზიტორი : 52186515
განთავსებული სტატია : 6915

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები
აფხაზეთის ომი
მაცი ქირია 1974-93წწ გარდ. გუმისთა ოჩამჩირე აფხაზეთი დ. სოფ. იაშტუხვა სოხუმი მაცი ქირია 1974-93წწ გარდ. გუმისთა ოჩამჩირე აფხაზეთი დ. სოფ. იაშტუხვა სოხუმი

72       ბეჭდვა

მაცი ქირია 1974-93წწ გარდ. გუმისთა ოჩამჩირე აფხაზეთი დ. სოფ. იაშტუხვა სოხუმი

მაცი ქირია. 1974 წლის 16 ოქტომბერს სოხუმთან ახლოს, სოფელ იაშტუხვაში, დაიბადა
დედისერთა აფხაზეთის ომში
„ოთხი წლის შემდეგ ისევ აფხაზების დახმარებით ჩავედი აფხაზეთში“
აფხაზეთიდან დევნილი ციცანა შელია დიღმის მასივში, მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობს. ერთი პატარა ოთახი პატარა სამზარეულოთი... მისთვის ესეც საკმარისია. მთავარია, კედლები და თავზე ჭერი, რომ შვილს ფიქრებში განუწყვეტლად ესაუბროს. სწორედ ამ ფიქრების გასანდობად ვეწვიეთ დედას, რომელიც გულიდან ამოხეთქილ თითოეულ სიტყვას სიამაყესაც შიგ აქსოვდა და მოუშუშებელ ტკივილსაც.
ქირიების ოჯახის ტრაგედიის შესახებ ქალბატონი მარინა ნაჭყებიასგან შევიტყვე. ისიც აფხაზეთიდან დევნილია, ტყვეობაგამოვლილი... აფხაზეთის ომის გმირის, აქვსენტი ნაჭყებიას და, ამიტომაც ყველაზე ძლიერად გრძნობს ომში დაღუპულთა დედების განცდებს. აფხაზეთის ა/რ მთავრობის იუსტიციის დეპარტამენტში მუშაობისას ქალბატონი მარინა შვილმკვდარ დედებს ხვდებოდა და მათი საუბრის მიხედვით გმირების ისტორიებს წერდა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს მას ციცანა ქირიამ შვილის დახვრეტილი ფოტო მიუტანა და შესანახად დაუტოვა. ქალბატონი მარინა სურათს სასოებით ინახავდა. სამსახურის დატოვების შემდეგ კი მისი არქივის ნაწილი მე გადმომცა, მათ შორის, ეს ფოტოც, რომელსაც ძალზე მძიმე და სულისშემძვრელი ისტორია აქვს.
1974 წლის 16 ოქტომბერს სოხუმთან ახლოს, სოფელ იაშტუხვაში, დაიბადა ჩვენი ქვეყნის მომავალი გმირი, მაცი ქირია. წლინახევრის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. ობლობაში გაზარდა დედამ. მუხლჩაუხრელად შრომობდა, რათა ერთადერთი შვილისთვის არაფერი მოეკლო. მაციც არ უმტყუნებდა იმედებს, დედის დამჯერე ბიჭი სოფელში თითით საჩვენებელი ბავშვი იყო. უკითხავად არსად წავიდოდა, სამეზობლოშიც კი. რომ იტყოდა, ოც წუთში მოვალო, დაძახება არ სჭირდებოდა, ზუსტად ოც წუთში მოდიოდა. გაკვეთილების გაცდენა არ უყვარდა, მთელი ათი წლის განმავლობაში სკოლა ერთხელაც არ გაუცდენიაო, იხსენებს ქალბატონი ციცანა. ოცნებობდა, როდის დადგებოდა ის დრო, როცა მაცი უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებდა. მაგრამ აფხაზეთის ომმა დედის გეგმები თავდაყირა დააყენა. 18 წლის მაციმ ჯერ ჯარში, შემდეგ კი ომში წასვლა გადაწყვიტა.
ომში წასული დედისერთა და მისი დახვრეტილი პორტრეტი... ქართულ-აფხაზური მტრობა და მასზე ძლიერი სიყვარული... დევნილობა და სიმარტოვე, გაუნელებელი ტკივილი და ჭირში განცდილი სიამაყე... წინამდებარე ინტერვიუში ციცანა შელია საკუთარ თავთან ათიათასჯერ ნათქვამს ხმამაღლა გვიყვება.
ციცანა შელია: ერთხელ სკოლიდან მოსულმა თავის ოთახში დამიძახა, შევედი და ვხედავ, საწერ მაგიდასთან დაჩოქილა. ვუთხარი, ისეთი რა უნდა მთხოვო, დაჩოქილი რომ ხარ, ფეხზე ადექი-მეთქი. ადგა, 18 წლის ვარ უკვე და ჯარში რომ გამიწვიონ, თუ გამიშვებო? ოღონდაც ჯანმრთელი მყავდე და გაგიშვებ, აბა, რას ვიზამ-მეთქი?! გაწვევა ვერ მოასწრო, ომიც დაიწყო. ჯერ ჩვენი სოფლის დამცველებთან წყალი და საჭმელი მიჰქონდა, სულ იმათთან იყო. შემდეგ კი სოხუმის მე-6 საშუალო სკოლაში თოფის სროლაში სამი თვე ვარჯიშობდა. სოხუმის 23-ე ბრიგადაში, გენო ადამიასთან ჩაირიცხა. თვითონ გენო მოვიდა და მსთხოვა, ერთი შვილის პატრონი ხარ, ნუ გამოუშვებო. ვუთხარი, ძალიან დადარდიანებულია, სულ ცას უყურებს-მეთქი. იმას დარდობდა, ჩემი ამხანაგები, ყველანი ომში არიან და მე როგორ არ წავიდეო?
ობლობაში გავზარდე დედისერთა შვილი. მატერიაულურად არ გვიჭირდა, რვა-ცხრა ტონა მანდარინი მოგვდიოდა. გარდა ამისა, ყვავილები მომყავდა და ვყიდდი. არაფერი გვაკლდა, მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს შვილს დედის ხელი აკლდა. სამხედრო სანატორიუმში მზარეულად ვმუშაობდი. სამსახურის გაცდენა ვერ წარმომედინა, მივდიოდი, მძინარეს ვტოვებდი, სამსახურიდან მოვდიოდი, დაძინებული მხვდებოდა. ძირითადად, ბებიასთან იყო.
ცეკვიდან გვიან ბრუნდებოდა. ავტობუსს ვეღარ უსწრებდა, ტაქსიში კი ფულს არ დახარჯავდა, ფეხით მოდიოდა. ჩვენს სოფელში, ძირითადად, ეთნიკური სომხები ცხოვრობდნენ. გზად რომელიმე მეზობელს თუ წამოეწეოდა, ტვირთს ჩამოართმევდა და ჭიშკრამდე მიუტანდა. ამიტომაც იყო, როცა ჩემი შვილი დაიჭრა, ჩვენმა სომეხმა მეზობლებმა მე და ჩემს მაზლს შემოგვთავაზეს, მილიონ მანეთს შევაგროვებთ, ოღონდაც ბავშვი სადმე წაიყვანეთ და გადაარჩინეთო. მაგრამ ისე მძიმედ იყო დაჭრილი, მისი გადაადგილებაც არ შეიძლებოდა.
- ომში გყავდათ, რას განიცდიდით, რას გრძნობდით?
- რომ გითხრათ, შვილი მომიკვდება-მეთქი, არ მიგრძნია. 1993 წლის 22 მაისს გუმისთაზე იყვნენ, თურმე ყველას ეხურა „კასკა“, ამას კი გვერდზე დაუდევს. ჭურვის ნამსხვრევი თავში ჰქონდა მოხვედრილი. ასე უთქვამს, დედას არ უთხრათო. 9 დღე იწვა საავადმყოფოში. სანამ სული ამოუვიდოდა, გრძნობაზე მოვიდა. დედაო, დამიძახა, ხელი ხელზე მომიჭირა და უკანასკნელად ამოისუნთქა. იმის მერე აღარაფერი მახსოვს...
- ყველაფერი რომ თავიდან დაიწყოს და იცოდეთ, თქვენს შვილს იგივე ბედისწერა ელოდება, ომში გაუშვებდით?
- სასიკვდილოდ ვერ გავიმეტებდი, მაგრამ იგივე სიტყვას თუ მეტყოდა, გავუშვებდი.
- ახლა ფოტოს ისტორიაც მოგვიყევით...
- გასვენების დღეს ამხანაგებმა ჩარჩოში ჩასმული მაცის დიდი პორტრეტი მოიტანეს და კუთხეში დავდგით. სოხუმის დაცემის შემდეგ, როცა მოსახლეობაში წმენდას ატარებდნენ, ჩვენს სახლშიც შემოვიდნენ. არ ვიცი, ვინ იყო, აფხაზი, კაზაკი თუ ჩეჩენი, სურათს ესროლა და სულ დაცხრილა.
ჩემს სახლში ქართველ მეომრებს შტაბი ჰქონდათ გახსნილი. ეზოში კი ჭურვებით სავსე ყუთები ელაგა. სოხუმი რომ დაეცა, ჩვენმა ბიჭებმა იქაურობა დატოვეს. სამხედრო მანქანით მომადგნენ აფხაზები. მითხრეს, თუ გვეტყვი, ქართველები სად არიან, ცოცხალს დაგტოვებთო. ყველანი წავიდნენ-მეთქი, ვუპასუხე. მაშინ სარდაფში გაგვიძეხი, თუ იქ ქართველი ვნახეთ, შენც დაგხვრეტთ და იმათაც, თუ არადა, სამეგრელომდე გზა ხსნილი გაქვსო. ერთმა იარაღი მომადო და წინო, დამიყვირა. ჩემი მაზლის ცოლი იყო კიდევ ჩემთან ერთად. შიშით გული წაუვიდა და დავინახე, წყალს როგორ ასხამდნენ და ასულიერებდნენ. ჩავიყვანე სარდაფში, იქ ვერავინ ნახეს. ამის შემდეგ დაგვიწერეს წერილი სამ ეგზემპლარად, ჩემთვის, ჩემი რძლისთვის და დედამთილისთვის. წერდნენ, რომ ჩვენთვის ხელი არავის ეხლო და პირიქით, გაყვანაში დაგვხმარებოდნენ. როგორც გვითხრეს, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ჩვენთან მოსვლამდე ადგილობრივ სომხებში გავუკითხივართ და თურმე ყველას ვუქივართ. დაგვარიგეს, ტყე-ტყე გვევლო და სამეგრელოს გზას ასე დავდგომოდით. დატოვებული ჭურვები კი დატვირთეს და წაიღეს.
სარდაფის ჩხრეკისას ჩემი შვილის ქურთუკში ლექსი იპოვეს. ერთმა აფხაზმა ქურთუკი იღლიაში ამოიჩარა, ფურცელი მე მომაწოდა, შენი შვილის ნაწერია და გამოგადგებაო. ამ ჯგუფისთვის უთქვამთ მეზობლებს მაციზე, დაბომბვისას დაიღუპაო. დაუმალავთ, რომ იბრძოდა. ამათი გასვლა და ჩემი სომეხი მეზობლების მოსვლა ერთი იყო. აქ არ დაგტოვებთო და წაგვიყვანეს. შვიდი მეტრის სიღრმესა და ხუთი მეტრის სიგანეზე მიწა ჰქონდათ გათხრილი, სადაც 31 კაცი დაგვმალეს, მათ შორის ორი აფხაზიც.
- აფხაზები რატომ?
- ქართველს ვინც ხელს უწყობდა, იმასაც ერჩოდნენ. ის აფხაზები კი ქართველებს ეხმარებოდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ ისინიც აქეთ გადმოვიდნენ.
- დედამთილი სად იყო ამ დროს?
- არ წამოვიდა, ჩემი გულისთვის მეზობლებს ვერ ავაწიოკებინებ, მირჩევნია, აქ მომკლანო. 7 ოქტომბერს მეზობლებს ჩემი დედამთილის ხმა გაუგონიათ. მაციკოო, სამჯერ დაუძახია. აბა, მე რას გავიგონებდი, იმ სიღრმეზე ვიყავი ჩამალული. გაქცეულან და სასაფლაოზე უნახავთ მკვდარი. ფეხები შეუკრავს და საწამლავი დაულევია. საუკეთესო ქალი იყო ჩემი დედამთილი. მაცი თითქმის მის ხელში გაიზარდა. ვერ აიტანა შვილიშვილის სიკვდილი. ერთ დღესაც ის სურათი აუღია, რომელიც ახლა თქვენთან ინახება. ზურგში მოუკიდებია და სასაფლაოზე წასულა. იქ კი მაცის საფლავზე თავი მოუწამლავს.
საპასპორტო მაგიდის უფროსმა შემომითვალა, ერთი დღე სახლში დავასვენებთო. არ მინდა, დედას დასაფლავებამ ვინმეს პრობლემები შეუქმნას, პირდაპირ მივაბაროთ მიწას-მეთქი, შევუთვალე. იმ დღესვე დაასაფლავეს, ცელოფანში გადახვეული... მეზობლებმა უპატრონეს, სომხებმა და აფხაზებმა.
ჩემი დედამთილის სიკვდილის შემდეგ მესმოდა, ქალივით როგორ ტიროდა ჩვენი ძაღლი. მაცი ადამიანივით ზრდიდა მას. სიცილს და ცეკვას ასწავლიდა, ბანდა, ვარცხნიდა. ოთხი წლის შემდეგ რომ ვიყავი ჩასული, ჩემი მაზლის ეზოში, შორიდან დავინახე, ვიღაც კაცს მკერდზე ახტებოდა. ახლოს ვერ მივიდი, რადგან იქ უკვე აფხაზები ცხოვრობდნენ.
- დედამთილის გარდაცვალების შემდეგ თქვენ რა ბედი გეწიათ?
- ადგილს გვიცვლიდნენ ხოლმე. სანამ წამოვიდოდით, რამდენიმე სარდაფი გამოვიცვალეთ. არ მინდოდა აქეთ წამოსვლა, მეგონა, დავბრუნდებოდით. აცხადებდნენ, ვის სახლშიც ქართველს ვნახავთ, დედაბუდიანად ამოვწყვეტთო. იმ ოჯახს საფრთხეს ვუქმნიდი და იმიტომაც გადავწყვიტე წამოსვლა.
21 ნოემბერს წამოვედი. ენგურამდე აფხაზებმა გამოგვაცილეს. ჯერ მშობლებთან ჩავედი წალენჯიხაში. შემდეგ კი ჩემი ქირიები მოვძებნე და იმათთან ერთად ვიყავი.
- თქვენი შვილის ფოტომ როგორ მოაღწია თქვენამდე?
- ჩემი ნათლულის ახლობელ აფხაზ ცოლ-ქმარს, რომლებიც არც კი მიცნობდნენ, მაგრამ გაითავისეს, ალბათ, რა ძნელია გაუბედურებულ დედას შვილის სურათიც რომ არ ექნება, საფლავიდან აუღიათ მაცის დაცხრილული პორტრეტი და ჩვენი საერთო ნაცნობის ხელით გამომიგზავნეს. დანარჩენი ფოტოები კი ჩემს სომეხ მეზობელს უპოვია ეზოში დაყრილი, ფეხით გათელილი, ზოგს ჩექმის კვალიც კი ეტყობოდა. ოთხი წლის შემდეგ ისევ აფხაზების დახმარებით ჩავედი აფხაზეთში და ფოტოები დამახვედრა. ისეთი სიხარული განვიცადე, თითქოს ჩემი შვილი ცოცხალი მედგა გვერდით.
- თქვენ რა მიზნით ჩახვედით აფხაზეთში?
- აქეთ ხმა დადიოდა, მეომრების საფლავებს თხრიანო. მინდოდა, საკუთარი თვალით მენახა ჩემი შვილის საფლავი. იაშტუხვის ცენტრშია დასაფლავებული. ამოთხრით არ ამოუთხრიათ, მაგრამ მარმარილოს ქვისთვის კი უსვრიათ.
სამწუხაროდ, სხვა ბიჭების საფლავები მართლა ამოუთხრიათ და ადგილობრივ სომხებს ისინი თავიდან დაუსაფლავებიათ.
- ვისთან მიდიოდით, იცოდით?
- ოსი ნათლული მყავს, რომელიც სოხუმში ცხოვრობს, მასთან მივდიოდი. 1997 წლის 22 მაისს ჩემი შვილის გარდაცვალების ოთხი წლისთავი ხდებოდა. 16-ში წავედი, მეგონა, 22-მდე სოხუმში ვიქნებოდი. ენგურის ხიდთან რამდენიმე დღე გამაჩერეს. არ გამიშვეს. მერე ვიღაცამ საიდუმლო გადასასვლელი მასწავლა. აფეთქებულ ხიდზე მომიწია გადასვლა. ჩატეხილ ადგილებს ვახტებოდი და ამ ხტომიალში ფეხსაცმელი ჩამივარდა მდინარეში. ასე ფეხშიშველმა ვიარე გალის სადგურამდე. ავტობუსს ვეღარ მივუსწარი, მეორე დღემდე აღარაფერი გადიოდა. ჩემთან ერთად სხვებიც იყვნენ. სად წავსულიყავი, არ ვიცოდი და ტირილი დავიწყე. ორი ქალი იდგა განცალკავებით, ისინიც ჩემსავით შეშინებულები. ერთმა მკითხა, ფეხშიშველი რატომ ხარო? ვუთხარი, ფეხსაცმელები ენგურში ჩამიცვივდა-მეთქი. ძველი ჩუსტები ამოიღო და ჩამცვა. ერთი ბერძენი იყო, მეორე კი აფხაზი. ტყვარჩელის გადასახვევამდე ტაქსით მივედით, იქიდან კი ტყვარჩელის ავტობუსს გავყევით.
ჩავედით სოხუმში. „გორსავეტთან“ საშინელი ამბავი დაგვხვდა. ორი ჯგუფი ერთმანეთს საქმეს ურჩევდა, ომის დროს ქართველებს რატომ ეხმარებოდიო?! ერთმანეთს იარაღს უმიზნებდნენ. სასწრაფოდ გამაშორეს იქაურობას და ვიღაც აფხაზის სახლში გადამიყვანეს, სადაც ძალიან თბილად მიმიღეს. ხუთი დღე გარეთ ვერ გამოვდიოდი, არადა, ჩემი ნათლულის სახლი ერთ კილომეტრში იყო. ამ ყველაფერს სრულიად უანგაროდ აკეთებდნენ. მეუბნებოდნენ, ვიცით, რატომც ჩამოხვედი, მალე ჩვენ თვითონ მიგიყვანთ საფლავზეო. მეხუთე დღეს წამიყვანეს ჩემს ნათლულთან. როცა გავყავდი, მაშინაც ატყდა სროლები, ისევ ქართველების შეფარების გამო. სროლების დროს შემთხვევით ბავში დაიჭრა. მერე თქვეს, მოკვდა ის ბავშვიო. ხუთი დღით წავედი და თვენახევარი იქ შევრჩი. შვილის საფლავზე მხოლოდ ერთხელ ვიყავი. სულ სროლების ხმა ისმოდა. როცა მივედი, იქაურობა ყვავილებით იყო მორთული, სანთელიც ენთო. ჩემამდე ის ცოლ-ქმარი ყოფილან, რომლებიც მაცის საფლავს უვლიდნენ.
- მეორედ როდის ჩახვედით?
- მეორედ 20 წლისთავზე ჩავედი. ისევ გალამაზებული დამხვდა საფლავი, მაგრამ ხუთი წუთიც ვერ გავჩერდი, გონება დავკარგე და პირდაპირ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადამიყვანეს. ენით ვერ გადმოვცემ, მედპერსონალი ისე კარგად მექცეოდა. ეთნიკურად ოსი ექიმი მყავდა. მითხრა, არაფრის შეგეშინდეს, თუ გინდა, ქართულად მელაპარაკეო. ინსტიტუტი თბილისში ჰქონია დამთავრებული. გამოწერის შემდეგ საფლავზე აღარ ავსულვარ. მომერიდა, ძალიან შევაწუხე ჩემი მასპინძლები, საავადმყოფოს ხარჯებიც მათ დაფარეს.
- მეორედ როცა ჩახვედით, შეცვლილი დაგხვდათ სიტუაცია?
- უკვე სიწყნარე იყო, მაგრამ დამწვარი სახლები ისევ იდგა. ნასახლარიც კი არ ეტყობოდა იქაურობას, ხეები იყო ეზოებში ამოსული. ჩემი სოფელიც ტყედაა ქცეული.
მენატრება ჩემი შვილის საფლავი, მაგრამ ავადმყოფობა მიშლის ხელს.
- როგორ მოერიეთ მარტოობას?
- ჩემმა მაზლიშვილებმა გამაძლებინეს, ჩემს შვილში არ გამომერჩევიან. იქაც ერთმანეთის გვერდიგვერდ ვცხოვრობდით და აქაც ასე ვართ. როცა სუფრაზე მოხვდებიან, რაც მაცის უყვარდა, ის სიმღერა უნდა ამღერონ. ეს ჩემთვის სიცოცხლეს ნიშნავს.
მიუხედავად იმისა, რომ 27 წელი ძლივს გავძელი, ჩემი შვილით ვამაყობ. მაცი 2019 წელს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. დედაქალაქში ერთ-ერთ სკვერს მისი სახელი მიენიჭა. ღმერთით სულ გამრავლება და მატება ყოფილიყოს, მაგრამ ერთი ქართველიც რომ დარჩეს საქართველოში, ჩემი შვილი მუდამ ცოცხალი იქნება. მისი სახელი დაუვიწყარია თაობებისთვის, ამაში დარწმუნებული ვარ. ეს მაძლიერებს და მაძლებინებს. შვილი როგორ არ მყავს,ზეცაშია ჩემი შვილი და იქიდან მიყურებს.
- როგორია ომში დაღუპულის დედის გზავნილი აფხაზებისათვის?
- ისე მიცხონდეს ჩემი დედისერთა შვილი, მე არცერთი აფხაზი არ მძულს. ისინი თავს იცავდნენ, ჩვენც თავს ვიცავდით, მესამე ძალა ჩაერთო და ჩვენი გადარჩენა შეუძლებელი იყო. ძმათა ომი-მეთქი, სულ ასე მოვიხსენიებდი აფხაზეთის ომს და ახლაც ასე ვუწოდებ.
ესაუბრა ზაირა მიქატაძე


ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 02.04.2021





სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

1 0


შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

1 0


II საარმიო კორპუსი ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა პირველი ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 1


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-2 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

2 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-3 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-5 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-7 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა `ცხუმი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მოტომსროლელი ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


ბატალიონი "მონადირე" 20 მებრძოლის სია რედ. ირმა ირემაძე *

1 0


სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე *

1 0


გაგრის ბატალიონი აფხ.1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე *

1 0


ლესელიძის ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


აფხაზეთის სამხედრო პოლიცია 81 მებრძოლი რედ. ირმა ირემაძე *

1 0


აფხაზეთის ა/რ საინფ.-სადაზვერვო სამსახური რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 250-ე ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 247-ე ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 246-ე ბატალიონი რედ. ირმა ირემაძე

1 0


აფხაზეთის ომი


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) 300 წელი დაბადებიდან ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


საეკლესიო ახალი წელი 14(ძვ.სტ 1) სექტემბერია

1 0


დანელიების საგვარეულო ტექნოლოგია - ღვინის თაფლით დამუშავება მარტვილი

1 0


ირაკლი ოთარის ძე გოგოთიძე თუში მხედარი ალვანი მეფე ერეკლეს სიმბ. მხედარი

2 0


1759წელი მონებით ვაჭრობის აკრძალვა სოლომონ I (1735-1784) -ის მიერ

1 0


სიბრძნე გამონათქვამები

1 0


ანეგდოტი 7

1 0

 

საპატრიარქოს 25 მილიონის განკარგვის სია

1 0


რუის-ურბნისის კრების ძეგლწერა(დადგენილებები)

1 0


როლანდ აბულაძე 18 წლის მოიძია 31 მოგვარე სამხედრო პირი 1800-1920-იანი წლებში ცხინვალი სამაჩაბლო

2 0


კინდღის ბრძოლა ზურაბ მახარაძე – 01/06/1993 გადარჩენილი არტილერისტი ლალი ცერაძე სგან

1 0