ილია შავერდაშვილი, ყვარლის რაიონში, სოფელ ენისელში, 1989 წლის 1 აგვისტოს დაიბადა.
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
„9 აპრილი ახალი გადავლილი იყო და მაშინ ვთქვი, სამშობლოს სიყვარულით უნდა გავზარდო-მეთქი“- იტყვის გმირის დედა, გმირისა, რომელსაც ომის დაწყებამდე სულ ერთი კვირით ადრე შეუსრულდა 19 წელი. სწორედ 19 წლის იყო, როდესაც რუსმა ოკუპანტმა მოუსწრაფა სიცოცხლე და გმირულად დაეცა სამშობლოს მიწაზე.
ილო სულ ორი თვის გაწვეული იყო ჯარში, მაგრამ დედამ ზუსტად იცის, რომ მისი ვაჟი, გაწვეულიც რომ არ ყოფილიყო, მაინც წავიდოდა ომში, მშობლებს გაეპარებოდა და წავიდოდა. წავიდოდა, რადგან იცოდა, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის საქართველოს სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისებით სმა არ კმაროდა.
ლეილა ბერიაშვილი, დედა: „ძალიან თბილი ბავშვი იყო, ცოტა ხათრიანიც, დედას სიცოცხლე და დედას სიხარულო-მეთქი, ვეტყოდი ხოლმე, დედა მოუკვდეს... მამამ ბავშვობიდანვე მიაჩვია შრომას. იტყოდა ხოლმე, ბირჟაზე ტყუილად დგომას, ტყუილად შრომა სჯობიაო. ბავშვობიდან თან დაჰყვებოდა მამას. ბავშვობიდან ისწავლა ვენახის მოვლა-პატრონობა, არ არსებობდა სოფლის საქმე, მას რომ არ სცოდნოდა, მისი ხელიდან რომ არ გამოსულიყო. სოფელში დიდი სტადიონი გვაქვს და ძალიან უყვარდა ფეხბურთის თამაში. სოფელში ჭიდაობის წრე არ იყო და თვითონ ვარჯიშობდა... სკოლაში თავიდან კარგად სწავლობდა, მაგრამ ბოლო კლასებში ცოტა ხელი აიღო სწავლაზე. ერთი პერიოდი სხვადასხვა საგნებში ვამზადებდით, ჩაბარებას აპირებდა, მაგრამ საშუალება აღარ გვქონდა და თავი დაანება სწავლას. სამხედრო განხრით უნდოდა სწავლის გაგრძელება, თავად მოიწადინა, თორემ სანათესაოში სამხედრო არავინ გვყოლია, ვინმეს ზეგავლენით რომ გადაეწყვიტა. ჯერ კიდევ პირველ კლასში იყო, მასწავლებელს რომ უთხრა, პოლიციელი მინდა გამოვიდეო. რომ წამოიზარდა, უკვე სამხედრო ფორმა მოსწონდა... სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი წელი შინ იყო, გვერდში გვედგა, შრომობდა...“
2008 წლის გაზაფხულზე ილო სამხედრო ვალის მოსახდელად გაიწვიეს.
დედა: „ჯარში რომ მიდიოდა, მთელი სანათესაო შემოიარა, ყველას გამოემშვიდობა. 27 მაისს წაიყვანეს ჯარში. იმ დილით, სამუშაოდ მივდიოდი ვენახში, ზუსტად არც ვიცოდით იმ დღეს წაიყვანდნენ თუ არა, ვუთხარი, შვილო, ვენახში მივდივარ სამუშაოდ, წავიდე თუ დავრჩე და გაგაცილო-მეთქი. არა, დედი, წადი, იქნებ არც წამიყვანონ და საქმეს რატომ უნდა მოცდეო. თუ წაგიყვანეს, აბა შენ იცი-მეთქი... მალევე ჩაეძინა, შუბლზე ვაკოცე და წავედი. მძინარე დავტოვე, საღამოს, სახლში რომ მოვედი უკვე წასული დამხვდა... ერთი თვე, ფიცის მიღებამდე გეგუთში იყო. ყველასთვის შეუთავაზებიათ, ვისაც სურვილი გაქვთ, სპეცნაზში სამსახურის, ჩაეწერეთო. დაგვირეკა და გვკითხა, მე სპეცნაზში მინდა შესვლა და თქვენ რას მირჩევთო. უკვე ჩაწერილი ყოფილა, მაგრამ მაინც გვკითხა და გვასიამოვნა. მამამისმა უთხრა: შენი გადასაწყვეტია, შენ უნდა იყო მანდ და თუ გაძლებ ჩაეწერეო. გეგუთის შემდეგ, რუსთავში იყო სასჯელ-აღსრულების დეპარტამენტში. ჩემი გოგონა, თამუნა იყო სანახავად მისული, ხელები სულ დაწყლულებული ჰქონდა ვარჯიშისგან. ფიზიკურად ძლიერი ბიჭი იყო... სულ 2 თვე იყო ჯარში, მაგრამ ძალიან მოსწონდა ჯარისკაცური ცხოვრება. ერთ-ერთი ძმაკაცი იყო ჩასული სანახავად და რომ ჩამოვიდა, გვითხრა, ისეთი ნავარჯიშებია, რომ მოიწადინო 6-7 ბიჭს სცემსო. იქ ბიჭებთან მოულაპარაკია, სავალდებულოს რომ მოვრჩებით, კომანდოში გადავიდეთო. ჩემი ძმისთვისაც უთქვამს, კონტრაქტს უნდა მოვაწერო ხელი მერეო...“
მშობლებმა ილო ბოლოს სამ აგვისტოს ნახეს...
დედა: „პირველ აგვისტოს დაბადების დღე ჰქონდა, ჩასვლა გვინდოდა მისალოცად, დამირეკა, დედი, დღეს პარასკევია, სანახავად მაინც არ შემოგიშვებენ და კვირას ჩამოდითო. 3 აგვისტოს, მე, მამამისი, ბიძამისი და ბებიამისი ჩავედით და ვნახეთ. უკვე არეულობა ყოფილა, ჩვენ კი არაფერი ვიცოდით... ნორიოში დაჰყავდათ სროლებზე, ამბობდა, სულ 10-ანებში ვარტყამო. რომ მოვდიოდით, დავემშვიდობე, გადავკოცნე, აბა, კარგად იყავი-მეთქი, ისევ მობრუნდა, რაღაც გვითხრა და ისევ ჩამეხუტა. შეიძლება გული ცუდსაც უგრძნობდა და ორჯერ იმიტომ გამომეშვიდობა ჩემი შვილი... ძალიან დასერიოზულებული იყო... შეიძლება იცოდა კიდეც, მაგრამ არ გვითხრა, რომ არ გვენერვიულა“.
თამუნა, და: „ილიას 1 აგვისტოს ჰქონდა დაბადების დღე, მე – 5 აგვისტოს. ჯარში მობილური ტელეფონები ჩამორთმეული ჰქონდათ, ასმეთაურის ტელეფონიდან მიშვებდა ზარს და მე ვურეკავდი ხოლმე. 5 აგვისტოს ვერ დამირეკა, 6 აგვისტოს დამირეკა დილით, დაბადების დღეს გილოცავ დაგვიანებითო. ძალიან ცუდი ხმა ჰქონდა, რა გჭირს, ცუდად ხომ არა ხარ-მეთქი, ვკითხე. არა, არაფერი, კარგად ვარ, ნორიოში ვართ სავარჯიშოდო, აბა, კარგად იყავით, მერე, ალბათ შეგეხმიანებითო.
ვეღარ დავუკავშირდი. ბოლოს მე მელაპარაკა... ორი წლით ჩემზე უმცროსი იყო, მაგრამ უახლოესი
253
მეგობრები ვიყავით, ყველაფერს მიყვებოდა და ყველაფერს ვუყვებოდი, ერთმანეთის მესაიდუმლეები ვიყავით... ვერავის ვეუბნები ჩემი გულის დარდს. ღამე რომ ვწვები, ვტირივარ და ველაპარაკები, რატომ მიმატოვე-მეთქი...“
7 აგვისტოს დილიდან დედას ცუდი წინათგრძნობა აეკვიატა, მთელი დღე ტელევიზორს იყო მიჯაჭვული, 8 აგვისტოს კი დაბომბვისას 12 ბიჭის დაღუპვის ამბავი რომ გაიგო, ატირდა, მეზობლები, ახლობლები აწყნარებდნენ, მაგრამ გული ტირილს არ წყვეტდა.
დედა: „თავს ვიმშვიდებდი, მაგრამ გული საშინლად ცუდს მიგრძნობდა. მთელი დღე ვტიროდი. ნაშუადღევს, მე და თამუნა გრემის მონასტერში წავედით. ვიდექი, ვლოცულობდი და ცრემლები ღვარად თავისით მდიოდა, მეკითხებოდნენ, რა გატირებსო, ილიასი არაფერი ვიცი-მეთქი... ჩემი შვილი ამ დროს ცოცხალი აღარ ყოფილა... 7 აგვისტოს გორში ჩაუყვანიათ მთელი ასეული. შემდეგ ერედვში გადაიყვანეს.
მეზობელი სოფლიდან ერთი ბიჭი მსახურობდა ილოსთან, ამ ბიჭმა გვითხრა, 2 დღე და ღამე ფეხით უვლიათ და მეთაურებს უთქვამთ, ცოტა დაისვენეთო. ხის ჩრდილში გაჩერებულან. მერე ის ბიჭი წყალზე წასულა და უკან რომ დაბრუნებულა, ილია იქ აღარ დახვედრია, ამ პერიოდში დაწყებულა დაბომბვა. ზოგი წამომჯდარი ყოფილა, ზოგიც წამოწოლილი, კასეტური ბომბი რომ ჩამოუგდია თვითმფრინავს, რამდენიმე წამი გასულა და შემდეგ აფეთქებულა. ვინც ფეხზე წამომდგარა, ძირითადად ისინი დაიღუპნენ და დაიჭრნენ. მარჯვენა მხარეს უკან ჰქონდა ჭრილობა და მკერდის მხარეს იყო ამოსული ანასხლეტი. ასმეთაურმა გვითხრა, გული ოდნავ ფეთქავდა და მალე გაჩერდაო...“
ყველაზე ბოლოს დედამ გაიგო თავს დამტყდარი უბედურება. არადა აეჭვებდა, იმ დღისით ჯერ მეგობრები რომ მივიდნენ მათთან სახლში, მერე კი მათი დედები, შორიდან აპარებდნენ, ბევრი დაჭრილი ყოფილა და ილოს ტანზე რამე ნიშანი ხომ არ ჰქონდა, ჩვენც რომ მოვძებნოთ, ვერაფრით ვუკავშირდებითო.
დედა: „არადა, უკვე სცოდნიათ რომ ჩემი ილო აღარ იყო... ჩვენ რომ ვერაფრით ვერ გვიბედავდნენ, ჩემს ძმას უთხრეს. ჩემმა ძმამ დამიძახა, ეზოში ჩამოდი, ილო დაჭრილაო, მთელი ეზო სავსე იყო, ერთმა შვილმკვდარმა დედამ მითხრა: შვილი აღარ გყავსო. მანამდე ჩემი მეუღლე და გოგო გაუყვანიათ გვერდით და მათთვის უთქვამთ... ბოლომდე იმედი მქონდა, რომ რაღაც ეშლებოდათ და ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა, 9 აგვისტოს საღამოს მოასვენეს... 9 აგვისტოს კახეთში 4 გმირი ჩამოასვენეს, 2 დედოფლისწყაროს რაიონში, ერთი ახმეტაში და ჩემი ილო... თანატოლები იყვნენ, 19-20 წლისები, მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ, ჯარში გაიცნეს ერთმანეთი და დამეგობრდნენ. ოთხივე ერთმა ჭურვმა იმსხვერპლა. ოჯახებმა ჩვენი შვილების დაღუპვის შემდეგ გავიცანით ერთმანეთი, ჩვენ ერთმა დღემ გაგვაუბედურა და ერთმა ტკივილმა გაგვაერთიანა“.
ილია შავერდაშვილი, 12 აგვისტოს, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. დღეს, ენისელის საშუალო სკოლა ილია შავერდაშვილის სახელობისაა...
თორნიკე გოგიაშვილი, მეგობარი: „მშრომელი, დაუზარელი და უზომოდ პატიოსანი ადამიანი იყო. ვინც კი იცნობდა, ყველას უყვარდა. ძალიან მხიარული ახალგაზრდა იყო, სულ ხუმრობდა... ძალიან უყვარდა ნადირობა, ხშირად დავდიოდით ხოლმე სანადიროდ, ბუნებაში ქეიფი უყვარდა... ყოველ წელს, თოვლის მოსვლას ბუნებაში ვხვდებოდით, ვქეიფობდით, ღამეს ვათენებდით. როდესაც ძმაკაცები ვქეიფობდით, ხოლმე, ილია ყოველთვის საქართველოს სადღეგრძელოს სვამდა...“
დედა: „ყოველ წამს მისი სახე მიდგას თვალწინ. მარტო იმიტომღა ვცოცხლობ, რომ მისი სულისთვის ვილოცო... ძალიან ყურადღებიანი იყო, 3 მარტი ისე არ გავიდოდა, რომ ჩემთვის რაღაც საჩუქარი არ მოეტანა. ერთხელ ფული არ ჰქონდა, კაკალი მოაგროვა, ჩააბარა და იმ ფულით, ქვაბების კომპლექტი მიყიდა საჩუქრად, იცოდა რომ მომწონდა... გაზაფხულზე ია რომ შემოვიდოდა, იებს დაკრეფდა და გაზაფხულის მოსვლას ასე მილოცავდა...
დაოჯახებას ჯერ არ ფიქრობდა, ამბობდა, ჯარს, რომ მოვრჩები და მუშაობას დავიწყებ, ცოლს მერე მოვიყვანო...
ერთი ჩვენი თანასოფლელი გოგო მოსწონდა თურმე, მაგრამ თქმა ვერ მოასწრო... ეს მერე გავიგეთ... ძმაკაცისთვის უთქვამს, ჯარს, რომ დავამთავრებ და ჩამოვალ, მერე ვეტყვი, რომ მიყვარსო, დედა მოუკვდეს...“
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.
ილია შავერდაშვილი 1989-2008წწ გარდ. 19 წლის, სამაჩაბლო დაბ. სოფ. ენისელი ყვარელი
გიორგი აბიათარი 1990-2008წწ. გარდ. სამაჩაბლო ცხოვრ. სოფ. ჯაფარიძე დედოფლისწყარო