ფონდი მოლოდინი 1990-იანი წლებიდან, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიება
დავით ჩიხრაძე დაიბადა 1961 წელს ონში.
1968 წელს შევიდა ონის მე-2 საშუალო სკოლაში,რომელიც დაამთავრა 1978 წელს. 1980 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მსახურობდა პოლონეთის რესპუბლიკაში. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ 1982 წელს სწავლა დაიწყო თბილისის ჩხეიძის სახელობის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1985 წელს და მიენიჭა მშენებელ-ტექნიკოსის კვალიფიკაცია.
1985 წლიდან მუშაობდა სამშენებლო სამინისტროს მე-2 ტრესტის მე-8 სამმართველოში მშენებელ-ოსტატის თანამდებობაზე, 1990 წლიდან კი –ვაკის რაიონის M88-ე ს.ს. უბანში ტექნიკოსად.
1992 წელს ჩაირიცხა მოხალისედ დივიზია „თბილისელის“ პირველ ბატალიონში და იბრძოდა აფხაზეთში, ოჩამჩირის რეგიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, და დაჭრილი გადმოიყვანეს თბილისში,რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
1993 წელს ისევ აფხაზეთშია, დაინიშნა მე-7 ცალკეული საპატრულო ბატალიონის ასეულის ზემდეგად. ამავე წლის აპრილის თვიდან იბრძოდა ლაბრაში, აჩადარაში, კინდღში, ხოლო მთავრობის შეთანხმების საფუძველზე აფხაზეთიდან მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების გამოყვანის დროს,აგვისტოს დასაწყისში დანაღმულ ტერიტორიაზე ნაღმზე აფეთქდა და დაჭრილი ჩამოიყვანეს. ამავე წლის 17 სექტემბერს ბატალიონმა აფხაზეთში საბრძოლველად წასვლის ბრძანება მიიღო და 19 სექტემბერს წავიდა კიდეც.
21 სექტემბერს დავით ჩიხრაძე გმირულად დაიღუპა სოხუმთან – აჩადარაში უთანასწორო ბრძოლის დროს.
სამშობლოს თავდაცვისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისთვის ვახტანგ გორგასალის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა სიკვდილის შემდეგ.