ვახტანგ კვაშილავა გულრიფშიდან
დაიბადა 1972 წლის 28 ივლისს,1993 წლის 29 სექტემბერს 21 წლის ასაკში აფხაზმა სეპარატისტებმა მოკლეს.
საშუალო სკოლა ვახტანგმა გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმეროვკაში დაამთავრა და სწავლა თბილისის საფინანსო-ეკონომიკური ტექნიკუმის დაუსწრებელ ფაკულტეტზე განაგრძო.ომმაც მოუსწრო. ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ჩაირიცხა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 მოტომსროლელი ბატალიონის დაზვერვის ოცეულში.მონაწილეობას იღებდა ყველა საბრძოლო ოპერაციებში,კერძოდ იბრძოდა ოჩამჩირის რაიონში,სოფელ ათარა არმიანსკაიაში,ათარა აფხაზსკაიაში,ახალდაბაში,კინდღში და ბოლოს 1993 წლის სექტემბერში, კოდორის ხიდის დაცვაში.
27ში დაეცა სოხუმი,ეს ცნობა სოფელშიც გავრცელდა,28ში ვახტანგიც ამოვიდა,ორად-ორი სიტყვა ძლივს ამიღერღა,,ომი წაგებულიაო"და იმავე დღეს შეაგროვა სოფელში ქალები,ბავშვები და მოხუცები.ტრაქტორზე მისაბმელი საბარგულით თვითონვე მიაცილა დაბა გულრიფშში,საიდანაც გემით უნდა გამგზავრებულიყვნენ.მაგრამ გემი არ მივიდა.ღამით იქ დარჩნენ გემის მოლოდინში. ეს იყო მხოლოდ თანასოფლელების რაღაც ნაწილი...250 თანასოფლელი კი ვახოს ჩათვლით გაუდგა სვანეთის გზას. ვახოს არ ასვენებდა გემბანზე დარჩენილი ხალხის დარდი,მათ შორის დედა და ახლო ნათესავები იმყოფებოდნენ.მიბრუნდა მათ გამოსაყვანად,მაგრამ
ეს ინფორმაცია მამაწოდა მისმა დამ ეკატერინე ერქომაიშვილმა
სხედან მარცხნიდან: და ეკატერინე , დედა სულიკო (გული) გაბუნია ვლადიმერის ასული. დაბადებულია 17 ივლისი 1946წ. გულრიფში გარდაიცვალა 20 აგვისტო 1997 წელს დაკრძალულია წყნეთი, თბილისში, მამა ხუტა ვლადიმერის ძე კვაშილავა დაიბადა 14 სექრემბერი 1937 წელს სოფელი ვლადიმეროვკა, გულრიფში. გარდაიცვალა 2010 წელს დაკრძალულია მეუღლის გვერდით, წყნეთი, თბილისი.
პირადობის მოწმობაში არასწორი მონაცემებია.
დასთან ერთად, ეკატერინე ერქომაიშვილი
ერქომაიშვილი ავთანდილი გიორგის ძე. დაბ.ქ.სოხუმში 16 ნოემბერს 1955წ.გარდაიცვალა 02 თებერვალი 2015 წელს, პროფესიით: ფსიქიატრიული ექსპერტი. ვეტერანი, ომის პერიოდში რამოდენიმეჯერ შემთხვევით გადაურჩა დახვრეტას. ვახტანგ კვაშილავას დის (ეკატერინე) მეუღლე.
დისშვილები (ეკატერინე) ლაშა და თამარ ერქომაიშვილები
ინფორმაცია მოგვაწოდა დამ ეკატერინე ერქომაიშვილი დაიბადა ზუგდიდი, 08 მაისი 1968 წელს, ორი წლიდან ცხოვრობდა გულრიფშში, 1986 წელს დაოჯახდა ავთანდილ ერქომაიშვილზე, ცხოვრობდნენ სოხუმში, ჰყავთ ოთხი შვილი.
ითანამშრომლა ნუგზარ ქებურია ანდრიას ძე დ.1953წ. სამხედრო მწერალი დ. სოფ. დრანდა გულრიფში, აფხაზეთი
წიგნიდან "სულით ძლიერნი" ავტორი ნუგზარ ქებურია
აფხაზეთი. სოხუმი. 1993 წ.
▪️ ▪️ ▪️
... „გრადის“ რამდენიმე ჭურვი ლაშხიების სახლის მახლობლად დაეცა... აფეთქების ტალღამ სახლი შეაზანზარა. ჰაერში კვამლისა და მტვრის ბუღი ავარდა.
- ბომბი მაჭარკის ხიდს იქეთ, ჩალიგავების ეზოში აფეთქდა, იქედან მოვდივარ ახლა... - ჭურვის მოზრდილი ნაგლეჯივით შემოვარდა სარდაფში ლაშხიების ახლო მეზობელი, ჟორა ახალაია, - საბრალო ვანო ჩალიგავა თავის ჭიშკართან იდგა, აფეთქების ტალღამ ჰაერში აისროლა, თავის ქალა ახადა.
- ქალაქის სატელეფონო სადგურის წინ ახალგაზრდა პოეტი, გურამ სალია ზღვიდან გამოსროლილ ჭურვის ნაფლეთებს მოუკლავს... - შემორბის სახემოღრეცილი, აქოშინებული დოდო ალანია. - ქალაქს აფხაზები და სოსლანბეკოვის ბოევიკები აკონტროლებენო... ყოველი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ჩერდებოდა და სულს ძლივს ითქვამდა.
- აქ ჯდომას აფხაზებთან ბრძოლა თუ არ მერჩიოს, მე ვიყო ძაღლის შვილი. - ადგილს ვერ პოულობდა თემურ ლაშხია, ჯერ კიდევ ჭრილობა მოუშუშებელი მეომარი ბიჭი.
უცებ დაბომბვა ისევ განახლდა და... ლაშხიების ორსართულიანი სახლი ისე ძლიერ შეაზანზარა, რომ უბნის პოლიციელი, დათო ჭაავა უნებურად წამოხტა:
- სად არის ღმერთი? - ისე წამოიძახა მან, თითქოს სარდაფს გარეთ შემთხვევით დარჩენილ რომელიმე მეზობელს კითხულობსო.
- ღმერთი?.. - გაკვირვებით აიჩეჩა მხრები ბატონმა რეზო ლაშხიამ და მოულოდნელად სარდაფში შემოსულ უშანგი კვაშილავას მიაპყრო მზერა.
- რა ხდება? - ჰკითხა მან, როცა უშანგის შიშჩამდგარ თვალებში ჩახედა.
უშანგი კვაშილავა ვლადიმიროვკელი იყო. ის და რეზო ლაშხია ერთად მუშაობდნენ გულრიფშის უშიშროების სამსახურში. ლომივით კაცს, როგორღაც ამღვრეილი, ჩაწითლებული თვალები და გაფითრებული სახე ჰქონდა.
- რა იყო, შე კაცო, ასე რამ შეგაშინა?- უთხრა რეზო ლაშხიამ და გუმანით მიხვდა, რაღაც ცუდი ამბავი, რომ იყო მის თავს.
- ჩემი უმცროსი ძმა, ვახტანგი მოკლეს... - ძლივს გასაგონად, აკანკალებული ხმით თქვა მან.
- სად!.. როდის!.. ღმერთო, შენ გვიშველე!.. - სარდაფი აიშალა...
- ჩემ ძმას გაუგია, რომ აფხაზები სანაპიროზე ძარცვავდნენ და აწიოკებდნენ გემს მომლოდინე ხალხს... და პოზიციიდან აქეთ წამოსულა... გულრიფშში „ლიტერატურნაია გაზეტას“ წინ, გემების მისადგომთან, მართლაც უამრავი ხალხი ელოდა უკრაინის სადესანტო გემს... დედას შორიდან შეუნიშნავს ვახტანგი და ხელით უნიშნებია, წადიო აქედან... რადგან აფხაზები და ჩეჩნები მართლა ძარცვავდნენ ხალხს, თუმცა ისინი მარტო ოქროულობას და ფულს ართმევდნენ დატყვევებულებს... სხვა რამ უხეში მოპყრობა აფხაზების მხრიდან არ ყოფილაო... ჩემი ძმა, ვახტანგი, რომ დარწმუნდა დედაჩვენის უსაფრთხოებაში, აქეთ წამოსულა, დრანდის მიმართულებით... აეროპორტის გზის მოსახვევთან, ზარანდიების სახლის წინ მანქანა გაუჩერებია... ეტყობა საწვავი გაუთავდა, იქნებ მანქანა გაუფუჭდა, არავინ იცის... ასეა თუ ისე, სომხურ სოფლებში წინასწარ შეგზავნილმა აფხაზი ბოევიკების ჯგუფმა რომ ნახა სამხედრო ფორმაში და შეიარაღებული, იქვე ჩაცხრილეს...
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
დაიბადა 1972 წლის 28 ივლისს, გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის საფინანსო-ეკონომიკური ტექნიკუმში, დაუსწრებელ განყოფილებაზე; მალე, ომმაც მოუსწრო. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების პირველი დღეებიდანვე სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა და ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის მე-5 მოტომსროლელი ბატალიონის დაზვერვის ოცეულში. მონაწილეობა მიიღო საბრძოლო ოპერაციებში ოჩამჩირის რაიონის სოფელ ათარა არმიანსკოეში, ათარა აფხაზსკოეში, ახალდაბაში, კინდღში და ბოლოს, 1993 წლის სექტემბერში, კოდორის ხიდის დაცვაში...
1993 წლის 29 სექტემბერს, ვახტანგ კვაშილავა, გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფში, აფხაზ სეპარატისტებთან შეტაკების დროს დაიღუპა; დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკაში..
ეკატერინე ერქომაიშვილი, ვახტანგ კვაშილავას და_ ‘’მე და ჩემი შვილები, სოხუმიდან, 27 სექტემბერს გამოვედით_გამოვყევით უკრაინის იმ ცნობილ სადესანტო გემს, რომლის კადრებიც ყველას სისხლს გვიყინავს_ძაღლი რომ ცდილობს, ასვლას, იმ გემს ვგულისხმობ... 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შესახებ ამბავი, ჩვენს სოფელშიც გავრცელდა_28-ში, ვახტანგი, სოფელში ამოვიდა და დარდისგან განადგურებულმა, ორად-ორი სიტყვა ძლივს ამოღერღა: „ომი წაგებულიაო;" მან, იმავე დღეს შეაგროვა სოფელში ქალები, ბავშვები, მოხუცები და დედაჩემთან,ჩვენ ნათესავებთან, ჩემს მეუღლესთან და დედამთილთან ერთად, ტრაქტორზე მიბმული საბარგულით, თვითონვე მიაცილა დაბა გულრიფშამდე, საიდანაც, საკუთარი სახლებიდან აყრილი მოსახლეობა, უკრაინის სადესანტო გემს ელოდებოდა; მაგრამ გემი, იმ დღეს, არ მოვიდა... გემის მოლოდინში, თანასოფლელების მხოლოდ ნაწილი, იმ ღამეს, ნავსადგუში დარჩა; ვახო კი, ვლადიმიროვკაში დაბრუნდა, სადაც საკენ-ჭუბერის გზით მიმავალი ხალხი იკრიბებოდა. სვანეთისკენ მიმავალ ხალხს, მამაჩემი, ხუტა კვაშილავა მეთაურობდა; ვახოს არ ასვენებდა ნავსადგურში დარჩენილი ხალხის დარდი, რადგან გავრცელდა ამბავი, რომ აფხაზები და ჩეჩენი ბოევიკები უკვე გულრიფშამდე იყვნენ მისულნი და ეთნიკურ ქართველებს აწიოკებდნენ; ვახომ, თავისი რუკზაკი, მამას დაუტოვა და უთხრა_დედას და ჩვენებს გამოვიყვან და მალე დაგეწევითო, მაგრამ ვეღარ დაბრუნდა და ვერც დედამდე მიაღწია; ბაბუშერას აეროპორტის გადასახვევთან, სოფელ ფშაფში, მანქანით მიმავალს, წინ მოწინააღმდეგის ტანკი შემოხვდა; ალბათ, მიხვდა, რომ ეს მისი უკანასკნელი ბრძოლა იყო_ გადმოვიდა მანქანიდან და მათ ცეცხლი გაუხსნა; ამ შეტაკებისას დაიღუპა ჩემი ძმა...
... გულრიფშში, „ლიტერატურნაია გაზეტას“ წინ, გემების მისადგომთან, უამრავი ხალხი ელოდა უკრაინის სადესანტო გემს, სამშვიდობოს რომ გასულიყო; ამ დროს, კი მათი დაყაჩაღება დაიწყეს აფხაზებმა და ჩეჩნებმა. ჩემი მეუღლე(ავთანდილ ერქომაიშვილი-ფსიქიატრიული ექსპერტი, ვეტერანი), თურმე, დახვრეტას, ორჯერ გადაურჩა; სეპარატისტებს და ჩრდილო-კავკასიელ ბოევიკებს, ქალები და გოგონები ავტომატის ქვეშ გაჰყავდათ, იქვე, სახლებში გამოკეტავდნენ და მათზე ძალადობდნენ... ამ დატყვევებულთა შორის იყო ფატიმა ბერულავა, ჩვენი თანასოფლელი, რომელიც ერთ-ერთმა აფხაზმა, რომელსაც შეეცოდა, გაუღო სახლის კარი და ვინც იმ სახლში დამწყვდეული იყო, მათთან ერთად გამოუშვა! ფატიმა, თავის შვილთან ერთად, ფეხით წამოვიდა და გზაზე, დაცხრილული იპოვა, თურმე, ჩემი ძმა... სადაც ვახოს ცხედარი იყო, იმ ადგილის მოპირდაპირედ, ერთი სომეხი ცხოვრობდა; ფატიმამ მას სთხოვა_ეს ბიჭი, ჩემი თანასოფლელია და დამასაფლავებინეო. იმ სომეხმა კაცმა დაასაფლავებინა ფატიმას ჩემი ძმა და მასთან ერთად, კიდევ 3 ქართველი... მთელი ცხოვრება მათი მადლიერი ვიქნები, რადგან დღეს თუ ჩემს ძმას საფლავი აქვს, ეს, უდაოდ მათი, პირველ რიგში კი, ფატიმას დამსახურებაა! 3 თვის შემდეგ, მამიდაჩემი და ჩემი მამიდაშვილი, ერთი აფხაზის დახმარებით, მივიდნენ იმ ადგილამდე, სადაც ვახო იყო დასაფლავებული; ცხედარი, ჩვენს მშობლიურ სოფელში, ვლადიმიროვკაში გადაასვენეს და ბებია-ბაბუის გვერდით დაკრძალეს. ოჯახმა, 3 წელი არ ვიცოდით, რომ ვახო გარდაცვლილი იყო. სხვადასხვა ვერსიას ეუბნებოდნენ დედას; ისიც კი უთხრეს, პარტიზანებთან ერთად არისო... დედამ, ბოლოს, მაინც გაიგო სიმართლე, შვილის სიკვდილს ვერ შეეგუა და 3 თვეში კიდეც გარდაიცვალა...
იცით, როგორი გამორჩეული ბიჭი იყო? ყველას უყვარდა... მისი გარდაცვალების ამბავი რომ გაიგეს, მთელი სოფელი ცხარე ცრემლით ტიროდა! თავისი ვაჟკაცობით, სამართლიანობით, კეთილშობილებით და სიყვარულის გამორჩეული უნარით განსაკუთრებული იყო. თავის ასაკთან შედარებით, ძალიან გაწონასწორებული, გონიერი გახლდათ; პატარაობიდან გამოირჩეოდა ვაჟკაცობით, მოყვასზე მზრუნველობით და თანადგომით. უსამართლობას ვერ იტანდა. სკოლიდან, ხშირად, სასკოლო ფორმაზე ღილამწყდარი რომ მოდიოდა_სულ როგორ ჩხუბობ-მეთქი, ვსაყვედურობდი; რომ წამოიზარდა, შემდეგ, სიტყვით აგვარებდა პრობლემებს; ჩემთვის ვახო იყო დიდი ზურგი და მფარველი. მის გვერდით ძალიან ლაღად და მშვიდად ვგრძნობდი თავს. ჩემს მიერ უნებლიედ ნათქვამ სურვილსაც კი, წუთში მისრულებდა, რაც ძალიან მაოცებდა და უსაზღვრო ბედნიერებას მანიჭებდა... მე კი, მის საფლავზეც ვერ მივდივარ, იმ მიწას რომ მივეფერო, რომელიც ჩემს ძმას გულზე აყრია და რომელსაც შესწირა თავისი ლამაზი სიცოცხლე! სიზმარსა თუ ცხადში, სულ ჩემს აფხაზეთში ვარ და მჯერა, ეს დღეც დადგება!.. მჯერა, ვახოსნაირი ვაჟკაცების სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის...’’
✍️გოგი ნაჭყებია_თანამებრძოლი_ ‘’ვლადიმიროვკაში მე და ვახო მეზობლები ვიყავით. ვახოს ძმა არ ყავდა და მე და ჩემს ძმას გვეუბნებოდა_თქვენ ხართ ჩემი ძმებიო.ასაკით ჩემზე პატარა იყო, თუმცა, ომში, ჩემზე ადრე წავიდა. ჯერ, სანამ ომი დაიწყებოდა,’’ქართულ ომონში’’ შევიდა; შემდეგ, უკვე, როცა ბრძოლები დაიწყო, ჩვენ, ადგილობრივმა მოსახლეობამაც ავიღეთ იარაღი ხელში და ვახოც, თავის მეგობრებთან ერთად, ჩვენ შემოგვიერთდა. რამდენიმე ბრძოლაში ‘’შავნაბადასთან’’, კასპის ბატალიონთან, გია ყარყარაშვილთან ერთად ვიყავით. ქართული შენაერთებისთვის, ჩვენ, ადგილობრივები, ერთგვარი გზამკვლევები ვიყავით აფხაზეთში. ლაბრაში 11 დღის განმავლობაში გააფთრებულ ბრძოლებში ერთად ვიბრძოდით მე და ვახო; ერთხელ, ალყაშიც მოვხვდით, თუმცა, ჩვენი შენაერთების დახმარებით, შევძელით ალყის გარღვევა. ყველა ბრძოლაში, თუნდაც, გამოუვალ სიტუაციაში, ვახო იყო უშიშარი, მედგარი და შეუპოვარი! თავისი სიცოცხლის გადარჩენაზე არასოდეს ფიქრობდა! არასოდეს ვარდებოდა პანიკაში! ის მოყვასის დახმარებასა და გადარჩენას ცდილობდა ყოველთვის, რაც გმირობის ტოლფასია! სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ისეთი შეუპოვარი ვაჟკაცი იყო! ვახტანგ კვაშილავა ჩემთვის გმირია! ნათელი დაადგეს მის ვაჟკაც სულს და მალე გვენახოს ჩვენი სამშობლო ერთიანი,რისთვისაც მან თავი გაწირა!’’