წყარო კარიბჭე მონაზონ მარიამ ტურიაშვილის ცხოვრება
ვაქირის იოანე ნათლისმცემლის ტაძრის ეზოში ერთი გამორჩეული საფლავია. მამა თეიმურაზმა მითხრა, - აქ, დედა მარიამი განისვენებსო. დავინტერესდი და დედა მარიამის ოჯახს ვესტუმრე. მისმა რძალმა, მარინე პეტრიაშვილმა გვიმასპინძლა. ვთხოვე, რაც შეიძლებოდა მეტი ეამბნა დედამთილზე.
- ერობაში ის იყო ქრისტინე იასეს ასული ტურიაშვილი. სამი შვილი გააჩინა - ჟუჟუნა, ირაკლი და ავთანდილი. სამივე დაოჯახებულია და ყველას კარგი მოდგმა ჰყავთ. უფალმა დაინახა, თუ რამხელა მადლი ტრიალებს ჩვენი ოჯახის გარშემო. დედა მარიამის ერთი შვილი დაბადებულია იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დროს, მეორე - ნათლისღების დღეს. თავად დედა მარიამი ძალიან სათნო პიროვნება გახლდათ. მე 16 წელი ვიცხოვრე მის გვერდით. სულ ჩემზე ფიქრობდა, - რამდენს წვალობ და რამდენს შრომობო.
ჩემი დისშვილი კობა კობაიძე ძალიან ურჩი, თავისებური ბავშვი იყო. ერთ დღეს ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, მონასტერში წავიდა. იქ მეუფე იობს უნახავს. მერე გვეწვია. დაწვრილებით გამოგვკითხა ჩემი დისშვილის ამბავი და გვითხრა, მინდა ვიშვილოო. ჩემს დედამთილს დიდხანს ესაუბრა. ოთხშაბათ-პარსკევს მარხვას ვინახავო, - პასუხობდა მეუფეს. სტუმრები გავაცილეთ. ერთი კვირის მერე კობამ დამირეკა - მეუფეს ხილვა აქვს, - ეს მოხუცი მონაზვნად უნდა აღიკვეცოსო. ჩემმა დედამთილმა გაიხარა... 81 წლისა ბოდბის მონასტერში დიდ სქემაში აღკვეცეს აღდგომის მესამე დღეს. ისეთი გაცისკროვნებული სახე ჰქონდა, განცვიფრებული დავრჩით. ყველამ დაუჩოქა და დალოცვა სთხოვეს. მეუფე იობმა მითხრა, - ქალბატონო მარინე, დაემხეთ მის წინაშე, ყველაზე დიდი ძალა მას ახლა აქვსო. მუხლები თითქოს მომწყდა. ამ დროს მოვიდა წნორის ტაძრის მოძღვარი დავით გრიგალაშვილი და ისე მიესიყვარულა, გაოცებულები დავრჩით. აღკვეცის დღიდან მისი საქმე მხოლოდ ლოცვა იყო. ხალხიც სთხოვდა ლოცვებში მოხსენიებას.
დედა მარიამი აღკვეციდან სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა. მეუფე დაკრძალვაზეც მობრძანდა, ორმოცზეც.
ისეთი ადამიანი იყო, ჭიანჭველასაც არ დაადგამდა ფეხს. მთელ სოფელში მისი ნაწყენი არავინ დადის. თავისი ცხოვრებით ყველას მაგალითს აძლევდა. დედაოს სიცოცხლეშივე სურდა ბოდბის დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალულიყო, მაგრამ...
- აღკვეცის შემდეგ შეეცვალა ხასიათი?
- ყოველთვის ცდილობდა, სხვას ელაპარაკა, თვითონ კი მხოლოდ მოესმინა. სულ კითხულობდა მეუფის ჩამოტანილ წიგნებს, წმინდანთა ცხოვრებას. ყველაფერი აინტერესებდა, რაც უფლის გარშემო ტრიალებდა. ცუდად შეიქნა და თბილისში წავიყვანეთ. ამ დროს ეზიარა კიდეც. იმდენად კარგად იმოქმედა ზიარებამ, რომ საწოლიდან წამოდგომა შეძლო. დედაოს სიცოცხლეშივე სურდა, ბოდბის მონასტერში დასაფლავებულიყო, მაგრამ... ზიარებიდან სამი თვე იცოცხლა.
1981წ. ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი