1825-1826 წლებში ჭყონდიდის ეპარქიაში ჩატარებული აღწერის დროს სოფელ ჯგალის ეკლესიაზე შემდეგ ინფორმაციას ვკითხულობთ: „სამთავრო სოფელ ჯგალს სდგას საყდარი ხისა; წმიდის გიორგისა, მომაღლო გორაზედ, კარი აქვს ორი, დასავლეთით და სამხრეთით, სიგრძით არის, შიგნით საკურთხევლიანად, ათი ადლი და განი -–– ხუთი ადლი, აღსავლის კედელი ფიცრისა. კარი აქვს ორი სამეუფო და ჩრდილოეთით, კრეტსაბმელი ჩითისა. ტრაპეზი ქვისა, კედელზედ მიდგმული, შიგნით აცკვია ტილო და მეორეთ -– ჩითი. ტრაპეზზედ სასვენი სახარება სტამბისა. ჯვარი ტრაპეზზედ სასვენი თუთბირისა, სამკვეთლო ხისა, თავის საფენი;, ბარძიმი, ფეშხუმი, კამარა და კოვზი კალისა, ტაკუკი ვერცხლისა, ლახვარი ფოლადისა. ერთი ხელი დაფარნა ჩითის, საცეცხლური სპილენძისა, სააიაზმე თიხისა, ემბაზი ხისა. ამავე წმიდისა ხატი ხეზედ ნახატი; მეორე ხატი, თორმეტი საუფლოსი, ხეზედ ნახატი. ერთი ხელი სამღვდელო შესამოსელი სტოფისა, მოძველო. ამ საყდრის მღვდელი ქვარცხავა ზაქარია, არს შობიდამ 62 წლისა, უსწავლიეს საეკლესიო წიგნი, აღზრდილა ცაიშის მონასტერზედ, დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმულია თავის მწყემსმთავრის მიერ და რა მღვდლობა მიუღებიეს, იქმნებიან წელნი 32; მეორე მღვდელი, ამავე მღვდლის შვილი გიორგი, არს წლისა შობიდამ 27-ის, უსწავლია წიგნი წალენჯიხის ეკლესიაზე და დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმულია თავის მწყემსმთავრის მიერ და რა მღვდლობა მიუღიეს, იქმნების წელი 5.