ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის ძე (14 ოქტომბერი-2 აპრილი 83) თავადი, გენერალ-ადიუტანტი (1857),
ინფანტერიის გენერალი (1862), 1855-59 კასპიისპირეთის ჯარების სარდალი, 1860-62 თბილისის გენერალ-გუბერნატორი, ტფილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებლის დამაარსებელი (1863) „წმ. გიორგის“ IV ხარისხის (1854), „წმ. ანდრია პირველწოდებულის“ (1871) და „წმ. ალექსანდრე ნეველის“ორდენები (1861), ოქროს ხმალი (1847), ოქროს ხმალი (მამაცობისათვის 1857, 1872);
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი. დაიბადა დიდგვაროვანი ფეოდალის ოჯახში, იყო ერეკლე II შვილიშვილის შვილი. სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, შემდეგ საარტილერიო სკოლაში. მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში ლეკების წინააღმდეგ (1822 – 1830 წწ.), რუსეთ-ირანის (1826 – 1827წწ.) და რუსეთ-თურქეთის (1828 – 1829წწ.) ომებში. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. განთავისუფლების შემდეგ, 1859 წლიდან, თბილისში მთავარმმართებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
პროგრესული საზოგადოება დიდად აფასებდა გრ. ორბელიანს, როგორც საზოგადო მოღვაწეს. იგი ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი პოეზიის მამოძრავებელი ძალაა პატრიოტიზმი. პოეტმა სამშობლოს წარსულს, მის აღუდგენელ ბრწყინვალებას მიუძღვნა "იარალის" - 1832; "თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში" - 1877 და სხვ. თავის ძირითად თხზულებაში, ლირიულ-რომანტიულ პოემაში "სადღეგრძელო" (1827 – 1870 წწ.) გრ. ორბელიანმა გააცოცხლა სამშობლოს მოჭირნახულე, დიდებითა და ბრწყინვალებით მოსილ ისტორიულ გმირთა სახეები: ქართული ანბანის შემქმნელი მეფე ფარნაოზი; საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი მეფე მირიანი; ქვეყნის სპარსთა უღლისაგან დამხსნელი ვახტანგ გორგასალი; დავით აღმაშენებელი; თამარ მეფე; ქეთევან დედოფალი; ელიზბარ და შალვა ერისთავები; ბიძინა ჩოლოყაშვილი; ცხრა ძმანი ხერხეულიძენი; სამასი არაგველი და სხვ., დასასრულს - ”ივერიის ნუგეშ-დიდება” მეფე ერეკლე, რომლის გარდაცვალების შემდეგ სამშობლოს მზეც ჩაესვენა.
გრ. ორბელიანი ავტორია რამდენიმე მუხამბაზური ლექსისა ("მუხამბაზი" - 1829; 1833; 1835 წწ.).
პოეტს ნათარგმნი აქვს ვ. ჟუკოვსკის, ი. კრილოვის, მ. ლერმონტოვის თხზულებანი; შექმნა ლექსები ა. პუშკინის მიხედვით. მისი ეპისტოლური მემკვიდრეობა უხვ მასალას გვაწვდის ავტორის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ პირადი ცხოვრების შესახებ.
ბიბლიოგრაფია
- საღამო გამოსალმებისა : თხზულებანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1989. - 493გვ.
- სადღეგრძელო ანუ ომის შემდგომი ღამე, ლხინი ერევნის სიახლოვეს : პოემა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1972. - 18 გვ.
- თხზულებათა სრული კრებული (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1959. - 600 გვ.
- ლირიკა. ეპოსი. თარგმანები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1948. - 144 გვ.
- ლექსებისა და წერილების სრული კრებული (ავტორი). - ტფილისი, ქართული წიგნი, 1928. - 195გვ.
დაკრძალვის ადგილი: ქაშვეთის ტაძარი, თბილისი