მღვდელი ისააკ ანტონის ძე კეკელიძე 1863 წლის 9 იანვარს (ძვ. სტილით), გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ იანეულში, მღვდლის -– ანტონ კეკელიძისა და ელისაბედ იობის ასულ ჩიგოგიძის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. იანეულში მცხოვრებ კეკელიძეთა ეს შტო სასულიერო წოდებას განეკუთვნებოდა. საარქივო მასალებით ირკვევა, რომ მამა ისააკის ბაბუა მღვდელი იოანე იესეს ძე კეკა „ი ლიძე იყო პირველი მოძღვარი ამ 8 შტოში. იგი დაიბადა 1795 წელს გურიის სამთავროში საბატონოს ყმის ოჯახში. ჰყავდა მეულლე და ოთხი ვაჟი: ნიკოლოზი (დაბ. 1831წ.), მაქსიმე (დაბ. 1832წ.), ანტონი (დაბ. 1837წ.) და იესე (დაბ. 1838წ.). წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი ყმაწვილმა იოანემ იმერეთში, გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში ისწავლა, რის შემდეგაც მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა და 1820 წელს ჯუმ ათე ელმა მიტროპოლიტმა ნიკოლო ზმა. (შარვაშიძე) ჯერ დიაკვნად აკურთხა, მალევე კი მღვდლად დაასხა ხელი და იანეულის წმინდა გითავის ორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. თითქმის ორმოცი წელი იმსახურა მამა იოანემ იანეულის ეკლესიაში ერთგულებითა და პატიოსნებით, რითაც მრევლის დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. 1839 წელს მამა იოანეს თაოსნობით აშენდა იანეულის ახალი ხის ეკლესია, რომელიც ამავე წელს იკურთხა წმინდა გიორგის სახელზე. მამა იოანეს შემდეგ ტაძრის წინამძღვრის ადგილი მისმა მესამე ვაჟმა, მლვდელმა ანტონმა დაიკავა. სასულიერო განათლების მიღების შემდეგ იგი თავდაპირველად ტაძარში მედავითნის მოვალეობას ასრულებდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 1858 წელს, გურიის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ტუსკია) მას მლვდლად დაასხა ხელი და იანეულის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინა. მამა ანტონი სამი ათეული წელი ემსახურა უფალს და 1893 წლის 16 მაისს, თავისი თხოვნის საფუძველზე, პენსიაზე გავიდა. ბაბუისა და მამის გზის ღირსეული გამგრძელებელი იყო მღვდელი ისააკ კეკელიძე, რომელიც ამ შტოში უკანასკნელი მოძღვარი გახლდათ. ისააკმა 1882 წელს წარჩინებით დაამთავრა ოზურგეთის ოთხწლიანი სასულიერო სასწავლებელი და ამავე წლის 1 სექტემბერს სოფელ ციხიის სამრევლო-საეკლესიო სკოლის
მასწავლებლად დაინიშნა. 1890 წლის 15 ოქტომბერს იგი ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის უშტატო მედავითნედ დაინიშნა. ამ პერიოდშივე ისააკმა ჯვარი დაიწერა ანა ბართლომეს ასულ მილორავაზე, რომელთანაც 10 შვილი შეეძინა: ანტონი, ტარასი, გრიგოლი (გრიშა), ნინო, ალექსანდრა, თომა (კოტე), ოლღა, ანდრია, მიხეილი და კორნელი. 1892 წლის 27 მაისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) ისააკი დიაკვნად აკურთხა და ფოთის საკათედრო ტაძარში დაადგინა. 1893 წლის 6 ივნისს მეუფე გრიგოლმა მღვდლად დაასხა ხელი და იანეულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1894-1899 წლებში მამა ისააკი ერკეთის ოლქის სამღვდელოების მხრიდან იყო დეპუტატის კანდიდატად ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. 1899 წლის 10 ივნისს გურიასამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის საგვერდულით დააჯილდოვა. 1895 წლის 1 სექტემბერს მამა ისააკი იანეულის სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1905 წლის 1 მარტს სკუფია უბოძეს. 1907 წლის 10 ივლისს გურია-სამეგრელოს ეპარქიის, ერკეთის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1913 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა. 1909 წლის 13 მაისს ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექციამ მამა ისააკი სოფელ სურების ორკლასიანი სახალხო-სამინისტრო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დანიშნა. 1909 წელს მამა ისააკმა თავისი პირადი ხარჯებით ააშენა იანეულის ეკლესიის ახალი სამრეკლო, რაც მას 150 მანეთი დაუჯდა. 1910 წელს, ასევე თავისი ხარჯებით, სოფელ იანეულში გახსნა ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლა, რომლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელიც თავადვე იყო. ამ სკოლამ 1918 წლამდე იარსება. ამჟამად იქ საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. მამა ისააკს დიდი ავტორიტეტი და სახელი ჰქონდა სოფელში. იგი იყო ფრიად განსწავლული და კეთილშობილი პიროვნება. მისი წინამძლვრობის დროს სოფელში უამრავი სასიკეთო რამ გაკეთდა და თითქმის ყველაფრის სულის ჩამდგმელი და წამომწყები მამა ისააკი გახლდათ. იგი ხელს უმართავდა გაჭირვებულ ადამიანებს, სოფლის ახალგაზრდებს ღვთისა და სამ-
21-1 საპატრიარქოს უწყებანი N21 30მაისი-5ივნისი 2013წ გვ.19
მღვდელი ისააკ კეკელიძე 1863-1947 (გაგრძელება)
შობლის სიყვარულს უნერგავდა, წირვის შემდეგ ხშირად ქადაგებით მიმართავდა მრევლს და სარწმუნოების სხვადასხვა საკითხებს განუმარტავდა. 1921 წელს საქართველოს სახელმწიფოს ხელმეორე ანექსიის შემდეგ ქვეყანაში საშინელი რეპრესიები დაიწყო. უღმერთო კომუნისტური ხელისუფლება ანგრევდა ეკლესია-მონასტრებს და ხელყოფდა საეკლესიო სიწმინდეებს. 1922/23 წლებში ადგილობრივმა ხელისუფლების წაქეზებით სოფლის კომკავშირლებმა იანეულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დაანგრიეს და მამა ისააკს ღვთისმსახურება აუკრძალეს. ოჯახის წევრთა გადმოცემით, როდესაც ტაძრის სამრეკლოდან ზარს აგდებდნენ, გაავებულ კომკავშირლებს მამა ისააკი წინ გადაუდგა და შეევედრა, ნუ ჩაიდენდნენ ღვთის საწინააღმდეგო საქმეს, რადგან სასჯელი არ აცდებოდათ ამ ცოდვის გამო. ერთმა კომკავშირელმა მაინც ჩამოაგდო ზარი და შეშლილი ხმით დაუყვირა მოძღვარს: „ისაკია გლახა, ზარი რომ ჩამოვაგდე, რატომ არ დამსაჯა ღმერთმაო?“. მამა ისააკმა კი უპასუხა: „მეტი რაღა უნდა დაგსაჯოს, აზრი და გონება დაკარგული გაქვს უკვეო“. ზოგადი წარმოდგენა რომ ვიქონიოთ, თუ რა მდგომარეობა იყო მთელი გურიის მასშტაბით ანტირელიგიური კამპანიის მხრივ, საკმარისია გადავხედოთ 1924 წელს გაზეთ „კომუნისტში“ ვინმე გრ. მ-ს ინიციალებით გამოქვეყნებულ პატარა წერილს სათაურით „რელიგიის საკითხი გურიაში“: „აგრარულ მოძრაობის დაწყებასთან ერთად (1901 წელი) იწყება ბრძოლა, როგორც მემამულეების, ისე სამღვდელოების წინააღმდეგ. ეს მოძრაობა თანდათან გაძლიერდა და 1905 წელში თითქმის ლეგალური შეიქმნა. მთავრობა ფაქტიურად არსად ჩანდა. მღვდლებს, ეკლესიას და მემამულეებს გამოეცხადა ბოიკოტი. პირველი რევოლუციის დამარცხების შემდეგ გამარჯვებული რეაქცია ავალებს გლეხობას, იაროს ეკლესიაში და პატივისცემით მოეპყრან სამღვდელოებას. გლეხობაში კი ეს უფრო მეტ ზიზღსა და მძულვარებას იწვევს ეკლესიისა და სამღვდელოებისადმი. საბჭოთა მოძრაობის დაარსებისთანავე ბევრმა სოფელმა, დაუკითხავად ხელისუფლებისა, ეკლესიები გადააკეთა სახალხო სახლებად, დარწმუნებული მასში, რომ მუშურ-გლეხურ მთავრობას საწინააღმდეგო არაფერი ექნებოდა.
1922 წელში გურიის კომიტეტმა ორმოცამდე ანტირელიგიური ლექცია მოაწყო სპეციალურად. 1923 წლის მარტის თვიდან ყველა კუთხიდან მოდიოდა დადგენილებები ეკლესიების გაუქმებაზე. გურიის კომიტეტმა გაუწია ან გარიში ხალხის მოთხოვნილებას, დაგზავნა ყველგან პროპაგანდისტაგიტატორები, რომლებიც უხსნიდნენ ხალხს მღვდელ-ბერების მატყუარობას და ღმერთების არარსებობას. ხალხს გამოჰქონდათ დადგენილებები, თითქმის ერთხმად, ეკლესიების დახურვის შესახებ. თუ სადმე წინააღმდეგი იქნებოდა უმნიშვნელო უმცირესობა, იქ ეკლესია არ იკეტებოდა. გაუქმდა 130-მდე ეკლესია და გადაკეთდა სახალხო სახლებად, სკოლებად და სამკითხველოებად. ძველი ისტორიული ეკლესიები, რომელთაც ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდათ, ხელუხლებელნი დარჩნენ. მღვდლების დიდმა უმეტესობამ გაიპარსა, ბევრმა მღვდელმა აშკარად აღიარა ხალხის წინაშე თუ როგორ ატყუებდნენ ხალხს. ეკლესიების კვლავ გახსნის შესახებ იყო სამი განცხადება, რომელზედაც ხელს აწერდნენ 60-მდე მღვდელი, მედავითნე და სასულიერო წოდების პირები. არცერთი მუშა და გლეხი მათ განცხადებას ხელს არ აწერდა“. მამა ისააკი ტაძრის დახურვის შემდეგ ქობულეთის მხარეში, ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში გადაასახლეს, სადაც ტიფით დაავადდა. იგი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. რამდენიმე წლის შემდეგ მას მისცეს უფლება, დაბრუნებულიყო სოფელში, თუმცა საეკლესიო წესების შესრულება აკრძალული ჰქონდა. მამა ისააკმა სახლში მოაწყო სამლოცველო და ფარულად აღასრულებდა ქრისტიანულ წესებს. 1935 წლამდე იგი კანონგარეშედ გამოცხადდა, არ ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობისა და სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება. ამ წელს კი მას თავისუფალი მოქმედების ნება დართეს. სიცოცხლის დარჩენილი წლები მამა ისააკი სამეურნეო საქმიანობით იყო დაკავებული. მუშაობდა მიწაზე და თავს ამით ირჩენდა. მოძღვარზე დაწყებული დევნა და რეპრესიები მისი ოჯახის წევრებზეც აისახა.
ქ. ჩოხატაურის ინტელიგენცია X; ს-ის 10-იანი წლები. ზედა რიგში მარცხნილან: 3) მღვდელი ნესტორ შაქარაშვილი, 7) მღვდელი ბესარიონ დოლიძე და მღვდელი ისააკ კეკელიძე.
კომუნისტურმა ხელისუფლებამ მისი სამი ვაჟი იმსხვერპლა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით, შორაპნის მაზრაში დახვრეტილთა შორის იყო სტუდენტი გრიგოლ კეკელიძე, რომელიც იმჟამად 24 წლისა გახლდათ და სოციალ-დემოკრატთა პარტიას ეკუთვნოდა, ხოლო 1937/38 წლის რეპრესიებს ტარასი და თომა კეკელიძეები შეეწირნენ. ხელისუფლების მიერ შევიწროებული და გატანჯული მამა ისააკი სულით არ დაცემულა. იგი ღირსეულად და ვაჟკაცურად შეხვდა ღვთისაგან მოვლენილ ყველა განსაცდელს. გულს მხოლოდ ის უკლავდა, რომ ტაძარში მსახურება აღარ შეეძლო და ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეღარ ეზიარებოდა. ღრმადმოხუცე-
21-2 საპატრიარქოს უწყებანი N21 30მაისი-5ივნისი 2013წ გვ.20
მღვდელი ისააკ კეკელიძე 1863-1947 (დასასრული)
ბული მოძღვარი 1947 წელს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მისი ცხედარი სოფელ იანეულის საგვარეულო სასაფლაოზე, წინაპართა გვერდით მიაბარეს. ასევე სასულიერო პირი გახლდათ მამა ისააკის უფროსი ძმა მიხეილი, რომელიც 1857 წელს დაიბადა. სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, სადაც ორი კლასი დაასრულა. 1880 წლის 20 მარტს იანეულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დაინიშნა. 1894 წლის 6 სექტემბერს ციხიის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის შტატის მედავითნედ გადაიყვანეს. 1895 წლის 25 მარტს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა და იმავე ტაძარში დატოვა. 1900 წლის 30 აპრილს, თავისი თხოვნის საფუძველზე, დიაკონი მიხეილი იანეულის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადავიდა. 1900 წლის სექტემბრიდან მამა მიხეილი იანეულის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში გალობის მასწავლებლად დაინიშნა. მასვე დაევალა ობოლ ბავშვთათვის გახსნილ სამზრუნველოზე ხელმძღვანელობა. 1914 წლის 9 მარტს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკონ მიხეილს მღვდლად დაასხა ხელი და ბუკნარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად დაადგინა. მოძღვარი ადრე დაქვრივდა. დარჩა ერთი ასული შუშანიკი (დაბ. 1895წ.). 1910 წელს შედგენილ ნამსახურებათა წიგნში მღვდელ ისააკ და დიაკონ მიხეილ კეკელიძეების გარდა, დასახელებულია ასევე მათი ორი უმცროსი ძმა: დიომიდე (დაბ. 1870წ.) და გიორგი (დაბ. 188ვწ.). დიომიდე ზუგდიდის მაზრაში ფერშლად მუშაობდა, ხოლო გიორგი ჩოხატაურის მაზრის საფოსტო განყოფილების თანამშრომელი იყო. ინფორმაციის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მამა ისააკის შვილიშვილს, ბატონ ისააკ კეკელიძეს.
წყარო: საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა I, საქმე 6731; 53088. გაზეთი „კომუნისტი“ 1924წ. 93; მღვდელ ისააკ კეკელიძის საოჯახო არქივი.