სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11923

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
გიორგი ნიკოლოზის ძე ბერიძე 1845-1912წწ დეკანოზი 12 შვილი გიორგი ნიკოლოზის ძე ბერიძე 1845-1912წწ დეკანოზი 12 შვილი

1845-1912 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ბერიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

46       ბეჭდვა

გიორგი ნიკოლოზის ძე ბერიძე 1845-1912წწ დეკანოზი 12 შვილი

დეკანოზი გიორგი ბერიძე 1845-1912


დეკანოზი გიორგი ნიკოლოზის ძე ბერიძე 1845 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. ეკუთვნოდა აზნაურთა წოდებას. 1863 წელს დაამთავრა სამეგრელოს ოთხწლიანი სასულიერო სასწავლებელი პირველი ხარისხის დიპლომით. 1863 წლის 2 ივლისს სამეგრელოს ეპარქიის კანცელარიაში მწერლად დაინიშნა. 1867 წლის 29 მაისს იმერეთის ეპარქიის კანცელარიაში გადავიდა. 1870 წელს გიორგიმ ცოლად შეირთო გურძემელი დეკანოზ გიორგი ახვლედიანის ასული ეფროსინე (დაბ. 1857წ.). მათ 12 შვილი, 9 ვაჟი და სამი ასული აღუზარდეს სამშობლოს: კალისტრატე (1871წ.) იყო სამხედრო უწყებაში, ვიქტორი (1872წ.), გორის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი, ლევანი (1879წ.), ვარლაამი (1882წ.), მინა (1883წ.), დაამთავრა მოსკოვის კომერციული ინსტიტუტი, გრიგოლი (1885წ.), მიხეილი (1890წ.), შალვა (1891წ.), დაამთავრა თბილისის თავადაზნაურთა გიმნაზია, ნესტორი (1895წ.), ოლღა (1877წ.), გათხოვილი იყო სენაკის მაზრის ექიმ ივლიანე გაბრიელის ძე ხოფერიაზე, აგრაფინა (1880წ.). გათხოვილი შორაპნის მაზრის უფროსის თანაშემწე ტარიელ სპირიდონის ძე დვალზე და მარიამი (დაბ. 1896წ.), დაამთავრა ქუთაისის ქალთა ეპარქიული სასწავლებელი. 1870 წლის 25 ივლისს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ტარასიმ (ელიავა) გიორგი დიაკვნად აკურთხა და ალავერტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაადგინა. 1870 წლის 13 სექტემბერს ეპისკოპოსმა ტარასიმ მღვდლად დაასხა ხელი და ალავერტის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1871 წლის 29 იანვრიდან 1880 წლამდე მამა გიორგი სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრია. 1871 წლის 17 ივლისს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი კომიტეტის IV განყოფილების წევრად აირჩიეს. 1872 წლის 17 ივნისს იგი საგვერდულით დაჯილდოვდა. 1873 წელს ოლქის სამღვდელოებამ მღვდელი გიორგი სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის შემოსავალ-გასავლების შემმოწმებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩია. ამავე წელს მან სასწავლებლის სასარგებლოდ 4000 მანეთი გადარიცხა, რის გამოც გორდის ოლქის მთავარხუცესობა დაევალა და მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1874 წლის 30 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) მამა გიორგი მარტვილის ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად დაადგინა. 1875 წლის 5 მაისს იგი დამტკიცდა ამ თანამდებობაზე. 1878 წელს სკუფია უბოძეს, ხოლო 1882 წელს კი კამილავკა ეწყალობა.  მამა გიორგის სიყრმიდანვე ფიზიკურად სხვადასხვა სახის ავადმყოფობა სტანჯავდა. მიუხედავად ამისა, იგი დაუზარლად და მორჩილებით ასრულებდა თავის მოვალეობას. მისი გამოცდილება და ავტორიტეტი ყველა საქმეში იგრძნობოდა. ამის გამო იყო, რომ მას ხშირად ირჩევდნენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. 1883 წლის 10 მარტს სენაკის ოლქის სამღვდელოებამ იგი კვლავ აირჩია სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის შემოსავალ-გასავლების კომიტეტის თავმჯდომარედ. 1884 წელს მამა გიორგის სენაკის მაზრის სამრევლო-საეკლესიო სკოლების ზედამხედველობაც დააკისრეს. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა სამრევლო სკოლების გამრავლებას ეპარქიაში. იყო ერთგული დამცველი სამლვდელოებისა და მოწაფე ახალგაზრდობის ინტერესებისა, ამიტომ მისი დაუღალავი ენერგიის წყალობით არა ერთი და ორი სამრევლო სკოლა გაიხსნა როგორც მის სამთავარხუცესო ოლქში, ისე მთელ გურია-სამეგრელოს ეპარქიაში. გარდა ამისა, მისი მმართველობის დროს აშენდა 11 სკოლის ახალი შენობა. 1893 წლის 13 ივლისს მამა გიორგი მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის ქართული ბიბლიით დააჯილდოვეს. 1886 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1887 წლის 13 იანვარს მთავარხუცესის პოსტზე თორმეტწლიანი კეთილსინდისიერი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის წმინდა სინოდმა მადლობა გამოუცხადა. 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს წითელი ჯვრით დაჯილდოვდა. მის დაუღალავ ენერგიას, თავდადებასა და პატიოსან სამსახურს დიდ აფასებდნენ გურია-სამეგრელოს ეპარქიის მღვდელმთავრები. 1887 წლის 25 ივლისს ეპისკოპოსმა გრიგოლმა ეპარქიის რევიზია დაავალა. 1889 წლის 16 მაისს ალავერტის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.


1891 და 1898 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის სხდომების თავმჯდომარეა. 1900 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დაავალა ეხელმძღვანელა კომიტეტისთვის, რომელსაც კიწიაში ორკლასიანი სკოლის აშენება დაევალა. მისი მსახურების პერიოდში სენაკის მაზრაში აშენდა 34 ახალი ეკლესია. 1899 წლის 282-ში გაზეთი „ივერია“ მამა გიორგის შესახებ წერდა: „ამ სოფელში არის ერთი ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის სახელზე აშენებული, ზედ მიწერილი ალავერტის ეკლესიისადმი, შემავალნი ამა ეკლესიისა ყველა წოდებისა ირიცხებიან 55-მდის კომლი კაცი. ეს ეკლესია იყო ძველი, ხისა და პატარა, ამისთვის განიზრახეს აეშენებინათ ქვითკირის ეკლესია. 1897 წლის 23 ნოემბერს მთავარხუცესი, დეკანოზი გიორგი ბერიძის წინადადებით დაადგინეს, ააშენონ ნაცვლად ძველის პატარა ხის ეკლესიისა, ახალი
22-1  საპატრიარქოს უწყებანი N22 6-12 ივნისი 2013წ გვ.19
დეკანოზი გიორგი ბერიძე 1845-1912 (გაგრძელება)
ქვითკირ-აგურის ეკლესია. აირჩიეს აღმშენებელი კომიტეტები და დაავალეს დაუყოვნებლივ შეუდგ- ნენ საქმეს და თვითონაც ვალდებული გოდორი”, ყოველივე მოთხოვნილება მათი უსიტყვოდ აღასრულონ. ვისურვებთ ამ კეთილი და წმინდა საქმის თავსმდებთა გამხნევებას, ქველმოქმედთა შემწეობასა და საქმის კეთილად დაგვირგვინებას“. 1887 წლის 25 ივლისს წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1893 წელს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. 1893 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1894 წელს საქართველოს საეგზარქოსოში სამთავარხუცესო ოლქების ახლიდან გადანაწილების შემდეგ მამა გიორგი ხელახლა აირჩიეს სენაკის მაზრის ალავერტის ოლქის მთავარხუცესად. საზოგადო (ცხოვრებაში დეკანოზი გიორგი სამაგალითო პიროვნება გახლდათ. ის იყო პირდაპირი, უშიშარი და შეუპოვარი თვისებების მქონე, ვერ ეგუებოდა უკანონობასა და უსინდისობას, იყო ქვრივ-ობოლთა დამხმარე და შემწე. არა ერთი და ორი ადამიანი გაჭირვებული და უკუღმართი ცხოვრებისგან დაუხსნია. მთელ სამეგრელოში არ დაწყებულა არც ერთი სასარგებლო და კეთილი საქმე, რომელშიც მას მხურვალე მონაწილეობა არ მიუღია. იგი იყო კარგი მოსაუბრე და მქადაგებელი, ღვთისაგან ნაბოძები ქადაგების ნიჭით, წირვას ისე არ დაასრულებდა, შესაბამისი ქადაგებითა და დამოძლვრით არ მიემართა სამწყსოსათვის. ალავერტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ცნობილი იყო მთელ დასავლეთ საქართველოში, როგორც ერთ-ერთი წმინდა ადგილი. გიორგობის დღესთან დაკავშირებით ამ დღეს ტაძარში იკრიბება დიდძალი საზოგადოება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. წირვა-ლოცვა სრულდება საზეიმოდ, რამდენიმე მღვდლის თანამწირველობითა და ქართული სამხმიანი გალობით. შემორჩენილია მამა გიორგის 1899 წლის 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) ალავერტის ტაძარში წარმოთქმული ქადაგება: „ძმანო მართლმადიდებელნო, ქრისტიანენო! დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ წმიდის მთავარმოწამის და ძლევამოსილის წმინდა გიორგის დღეობას. ჩვენ შევკრებილვართ დღეს ღვთის ტაძარში მისთვის, რათა პატივი ვცეთ ხსენებასა მისსა და აღვავლინოთ მისდამო ჩვენი მხურვალე ლოცვანი და ვედრებანი, რათა წინაშე ღვთისა მეოხ გვეყოს ჩვენ. შემდგომად წმინდა ჩვენის ლოცვისა საზოგადო დასატკბობლად ჩვენდა და პატივად წმიდის გიორგისა, მე მსურს მივაქციო თქვენი ყურადღება იმ საგანზე, თუ რა ზნეობითი და სამოძღვრო შეგონება იქნება სანარგუბლო არა თუ ამ წუთის ცხოვრები- სათვის, არამედ საუკუნო „ ცხოვრება და ცხონებისათვის. პირველი საგანი, რომელიც ღირსია ჩვენის ყურადღებისა არის ის, რომ წმიდა მოწამის გიორგის დროს მის სამშობლო ქვეყანაში მძვინვარებდა ერთი უსაშველო ვეშაპი, რომელიც ასობით და ათასობით ასალმებდა წუთისოფელს მცხოვრებლებთ. თუმცაღა, 1 600 წელმა განვლო მას აქეთ, მაგრამ ჩვენ ეხლაც არა ვართ თავისუფალი ამ საშინელი კაცობრიობის მტერისაგან, თუმცაღა, იმ გველეშაპს მოუსპო სიცოცხლე ძლევამოსილმა წმინდა “ გიორგიმ, მაგრამ იმაზე უსაშინელესი არის ჩვენში დაბუდებული ეშმაკი უხილავი, რომელიც გვისპობს ჩვენ, არამც თუ ამ წუთისოფლის სიცოცხლეს, არამედ თვით საუკუნო ცხოვრებას და ცხონებას. ის გველეშაპი, რომელზედაც წმინდა გიორგის ცხოვრების აღწერა მოგვითხრობს, მძვინვარებდა და მუსრავდა უსჯულოთ მხოლოდ რამდენიმე წელს, ეს ვეშაპი -– ეშმაკი, რომელიც ეხლაც არის ჩვენში დაბუდებული, მძვინვარებს და გვღუპავს ჩვენ აგერ 8 000 წლის განმავლობაში. სწორეთ იმ დროიდან, როცა ჩვენმა პირველმა წინაპრებმა ადამ და ევამ შესცოდეს ღმერთს. აბა, წარმოიდგინეთ, ძმანო ჩემნო, თუ რამდენი ჩვენი მოძმეთაგანი იქნება დაღუპული ამდენი ხნის განმავლობაში ამ ჩვენის მტრის ეშმაკისაგან. წარმოიდგინეთ, რამდენად საშიშარი და საშინელი უნდა იყოს ჩვენთვის იგი. აგრეთვე ეხლაც არის ტბა, რომლისაგან ამოდის გველეშაპი. რაი არს ეს ტბა? ეს არის ჩვენი ცუდი საქმეები, რომლისაგან გამოდიან ეშმაკნი და გვღუპავენ ჩვენ, რომლებიც გვიკარგავენ ჩვენ საუკუნო ცხოვრებას და სასუფეველს ღვთისას. ახლა, ძმანო ჩემნო, მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ რა ზომები უნდა ვიხმაროთ ამ გველ-ვეშაპ-ეშმაკის წინააღმდეგ, რომ მას არ შეეძლოს ჩვენი ასე საშინლად დამარცხება და დაღუპვა. წმინდა მოწამე გიორგის დროს ურჯულოთა მიჰმართეს რჩევისათვის კერპებს და მათში დამალულ მარჩიელებს ჩვენ კი, როგორც მართლადიდებელნი ქრისტიანენი, ნუ მოვიქცევით ასე, ნუ მივმართავთ მარჩიელ მკითხავს, როგორც ბევრნი ჩვენთაგანი შვრებიან, როცა რაიმე უბედურება შეემთხვევათ ხოლმე, არამედ მივიქცეოდეთ ლოცვითა და ვედრებითა ჩვენს და ჩვენის ეკლესიის მფარველი წმინდა გი-

22-2 საპატრიარქოს უწყებანი N22 6-12 ივნისი 2013წ გვ.20
დეკანოზი გიორგი ბერიძე 1845-1912 (დასასრული)
ორგისა, რომელიც ეხლაც არის შემწე, ჩვენი მფარველი ღვთის წინაშე, რომელიც ყოველთვის მზათ არის შეგვეწიოს და მოგვეხმაროს ისე, როგორც მოეხმარა და უბედურებისაგან დაიხსნა მან სიროფინიკიის მეფის ქალიშვილი, თუ კი ჩვენ მას ნამდვილი გულითა და იმედით ვსთხოვთ ამა თუ იმ საქმეში დახმარებას. დღეს კი ჩვენ, რომლებიც შევკრებილვართ წმიდა გიორგის სახელის სადიდებლად და პატივისსაცემელად მისსა, უნდა მოვიმოქმედოთ ისეთი საქმენი, რომელნიც მას უყვარდა და ყოველთვის ასრულებდა. ესენი არიან: ლოცვა, ეკლესიის შეწირვა, გლახაკთა შეწყალება, სიმშვიდე, ურთიერთარს სიყვარული და სხვა მრავალი კეთილი საქმეები. აი, ამით ჩვენ ვასიამოვნებთ და ვადიდებთ წმინდა გიორგის ხსენებას და ჩვენც არ მოგვაკლებს ღვთის წყალობას, ამინ“ 1894 წლის 6 მაისს მამა გიორგის დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1899 წლის 14 მაისს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით, ხოლო 1904 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1905 წლის 24 მაისს კვლავ გამოეცხადა მწყემსმთავრული მადლობა. 1910 წლის 6 მაისს ენქერი ეწყალობა. 1909 წლის 29 მაისს მამა გიორგი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეIII-ის გარდაცვალების 25 წლისთავთან დაკავშირებით მოჭრილი ვერცხლის მედლით - ვლადიმერისა და ალექსანდრეს ორმაგი ლენტით დაჯილდოვდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია დეკანოზ გიორგის როლი სამეგრელოში ქართული ენის დაცვის საქმეში. XIX საუკუნის 90-იან წლების მიწურულს რუსეთის იმპერიამ დაიწყო თავისი მზაკვრული გეგმის განხორციელება სამეგრელოს მხარეში. მათი მიზანი იყო ქართული ენის ჩანაცვლება რუსული და მეგრული ენით. ტაძრებში წირვა-ლოცვა უნდა აღვლენილიყო მეგრულ ენაზე. ამ საქმეში მათ საზოგადოების წრეებში და ადგილობრივ სამღვდელოებაშიც კი იპოვეს დასაყრდენი და მომხრენი. გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი), ეპარქიის მოწინავე ინტილიგენცია და სამღვდელოება, წინ აღუდგა ვერაგ იმპერიალისტურ ზრახვას. დეკანოზი გიორგი ერთ-ერთი ორგინაზიტარი და სულისჩამდგმელი იყო ამ მოძრაობისა. მან შეადგინა ვრცელი მოხსენება, სადაც კარგად იყო განმარტებული და აღწერილი, თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ამ ვერაგი გეგმის განხორციელებას. ამით მან მიიპყრო მთელი საქართველოს ყურადღება და მთელი საზოგადოება დიდი ინტერესითა კითხულობდა ამ წერილს. საბოლოოდ, ეს მზაკვრული ჩანაფიქრი გაცამტვერდა. დეკანოზი გიორგი 1912 წელს გარდაიცვალა. სასულიერო ჟურნალი „შინაური საქმეები“ ამასთან დაკავშირებით წერდა: „20 აგვისტოს 1912 წელსა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ს. გურძემში ალავერდის წმიდის გიორგის ეკლესიის დიდად პატივცემული დეკანოზი გიორგი ბერიძე. განსვენებული მხოლოდ 66-ის წლის იყო, ასე რომ, მას კიდევ შეეძლო ბევრი სარგებლობა მოეტანა სამშობლოსათვის თავის ღვთისაგან კურთხეული ნიჭით და დაუღალავი მეცადინეობით, მაგრამ ამ მეცადინეობამ და მეტისმეტმა შრომამ იგი ძლიერ დაასუსტა და უდროვოდ გამოასალმა წუთისოფელს. მართალია, მოკვდა ის, მაგრამ ხსოვნა მისი, როგორც მის სამწყსოში, ისე ყველა მეგრელის გულში საუკუნოდ დარჩება”.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 17.11.2025
ბოლო რედაქტირება 17.11.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0