გაბაშვილი (გაბაევი) ფრანგისტან ანდრიას ძე (4 ოქტომბერი 1853-1928), გენერალ-მაიორი (1917), „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენი
(1915); თავადი ფრანგისტან ანდრიას ძე გაბაევი დაიბადა 1853 წლის 4 ოქტომბერს ქვემო ქართლის სოფელ ერტისში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 1872 წელს დაამთავრა კიევის ვლადიმერის სახელობის სამხედრო გიმნაზია. იმავე წელს დაიწყო ჯარში სამსახური. 1874 წელს ალქსანდრეს სამხედრო სასწავლებელი დაასრულა და პრაპორშჩიკის ჩინით განამწესეს კავკასიის 1–ელ ქვეით ბატალიონში. 1877 წელს პოდპორუჩიკის წოდება მიიღო. მონაწილეობდა რუსეთ–თურქეთის ომში (1877–1878).
წარმატებული სამხედრო სამსახურისთვის 1878 წელს გახდა პორუჩიკი, 1881 წელს – შტაბსკაპიტანი, 1882–ში – კაპიტანი. 1884–1893 წლებში მეთაურობდა როტას, 1993– 1897 წლებში ბატალიონს. 1893 წლიდან პოდპოლკოვნიკია. მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში (1904–1905).
1907 წელს პენსიაზე გავიდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ იმავე ჩინით დაბრუნდა სამხედრო სამსახურში. 1914 წელს კავკასიის მე–3 მსროლელი ბრიგადის უფროსია, ერზერუმის შეტევის მონაწილე. იყო ეკატერინბურგის 37–ე ქვეითთა პოლკის მეთაურის მოადგილე, ბობრუისკის 301–ე ქვეითთა პოლკის მეთაური (21,10,1915–დან). 1917 წლიდან გენერალ–მაიორის ჩინით ხელმძღვანელობდა მე–4 ქვეითთა განსაკუთრებულ დივიზიას.
სამოქალაქო ომის დროს, 1918 წლის ნოემბერ–დეკემბერში, უკრაინაში გეტმანთა ჯარში კიევის რუს მოხალისეთა დაჯგუფებას მეთაურობდა. გეტმანის რეჟიმის დამარცხების შემდეგ თეთრ მოძრაობას შეუერთდა სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში.
1920 წლის ზაფხულში ყირიმში იბრძოდა და გენერალ ვრანგელის ჯარებთან ერთად გაიხიზნა იუგოსლავიაში.
ემიგრაციაში იყო ვლადიმირის კადეტთა კორპუსის სამეურვეო საზოგადოების თავმჯდომარე და საპატიო წევრი; რუს სამხედრო ინვალიდთა კავშირის საპატიო წევრი და პავლოვის სამხედრო სასწავლებლის იუნკერთა ურთიერთდახმარების საზოგადოების წევრი.
გარდაიცვალა 1928 წლის პირველ იანვარს სერბეთში, ქალაქ პანჩევოში. დაკრძალულია ადგილობრივ სასაფლაოზე.
გენერალი გაბაევი დაჯილდოებული იყო წმინდა გიორგის IV ხარისხის, წმინდა სტანისლავის III ხარისხის მახვილებითა და ბაფთით (1877), წმინდა ანას III ხარისხის მახვილებითა და ბაფთით (1879), წმინდა სტანისლავის II ხარისხის (1893), წმინდა ანას II ხარისხის (1898), წმინდა ვლადიმერის III ხარისხის მახვილებით (1916) ორდენებით.
დაკრძალვის ადგილი: | ქ. პანჩევოს სასაფლაო, სერბეთი |
---|
Габаев Прангистан Андреевич (05.10.1853 – 01.01.1928) генерал-майор с 03.10.1917 |
წყარო:
1.ბეჟიტაშვილი, გიორგი. ფრანგისტან ანდრიას ძე გაბაევი (გაბაშვილი) // ქართული ემგრაცია ევროპაში (1921-1953) / გ. ბეჟიტაშვილი. - თბ., 2012. - გვ.50.
2. regiment.ru/bio/G/120.htm