ამირან რაზმაძე მეომარი არ ყოფილა, არც იარაღით ხელში იბრძოდა რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ.
ის გორის ჯავშან-სატანკო ბაზაზე სამშენებლო მასალების აღრიცხვის ინსპექტორი იყო და რუსებმა მას მერე მოკლეს, რაც ფხვენისში ქართველ მეომრებს წყალი მიუტანა და შინ შეიარა, ცოლი რომ სამშვიდობოს გამოეყვანა… და სწორედ აქ იწყება თავზარდამცემი ისტორია.
მის თავგადასავალს გვიამბობს მისი მეუღლე ნუნუ ჩლაიძე, რომელმაც ომის მთელი საშინელება გადაიტანა… 11 აგვისტოს ღამე იყო, ცოლ-ქმარი ცდილობდნენ, მანქანით დაეღწიათ თავი კარსმომდგარი მტრისთვის. ნუნუ ჩლაიძეს ისღა ახსოვს, ქმარმა რომ უთხრა, ფეხები წამერთვა, საჭეს ვეღარ ვიმორჩილებო და მანქანაში რაღაც გასკდა… მეორე დილითღა მოეგო გონს ნუნუ ჩლაიძე, ცოლ-ქმარი საქაშეთის გადასახვევთან, ბენზინგასამართი სადგურის წინ ეყარნენ, ერთმანეთისგან 3 მეტრის დაშორებით… ცოლმა ქმართან მიღწევა ვერ შეძლო, მძიმედ იყო დაჭრილი, რუსმა ჯარისკაცებმა ქალი საველე ჰოსპიტალში წაიყვანეს, ცოლმა სთხოვა, ჩემი ქმარიც წამოიყვანეთო… აზრი არ აქვს, ის უკვე მკვდარიაო. იყო პასუხი… მხოლოდ პატრიარქის შესვლის შემდეგ მოხერხდა მისი გადმოსვენება… ნუნუ ჩლაიძის კოშმარი აქ არ დასრულებულა… ამირან რაზმაძე აჩაბეთში დაიბადა 1951 წლის 21 სექტემბერს. 6 თვის იყო, მამიდამ რომ იშვილა და ფხვენისში წაიყვანა გასაზრდელად. ნუნუ ჩლაიძე: „მის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ, 3 ვაჟი და 2 ქალი. ამირანი მეორე შვილი იყო… და-ძმებთან ბოლომდე შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ გული სტკიოდა, იტყოდა ხოლმე, მე ხომ მეორე ვიყავი და რატომ გამაშვილესო… ხანდახან ბევრი რამე მაგის გამოც დამითმია…“ ამირან რაზმაძემ ცხინვალის პირველი საშუალო სკოლა დაამთავრა. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას გაიცნეს ერთმანეთი ამირანმა და ნუნუმ. ამირანი 16 წლის იყო, ნუნუ – 14-ის. ერთმანეთი შეუყვარდათ… 4 წლის შემდეგ იქორწინეს კიდეც. „ყველაფერი ძალიან სხვანაირად იყო… ხანდახან თავი სიზმარშიც კი მგონია, თვითონაც ძალიან მოკრძალებული იყო და ისე წავიდა, რომ, ალბათ, ისიც არ იცოდა, როგორ ძალიან მიყვარდა…“ ქორწინებამდე კი ამირანმა სკოლა დაამთავრა და თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა. ინსტიტუტში სწავლისას გაიარა სამხედრო კათედრა, შემდეგ 3 თვით კოჯორში მსახურობდა. ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა. მშენებელი ინჟინერი იყო. მუშაობა ცხინვალის სამშენებლო ტრესტში დაიწყო განყოფილების გამგედ, შემდეგ გორის მესამე სამშენებლო ტრესტში გადავიდა, შემდეგ – საბინაო ტრესტში, მუშაობდა ნიქოზში მიწათმომწყობად, დაღუპვამდე ბოლო სამი წელი კი გორის ბაზაზე გაატარა. დაიღუპა 56 წლის. ნუნუ ჩლაიძე: „ძალიან მშრომელი, ინტერესიანი და ნიჭიერი იყო. უამრავი რამე გააკეთა, ბოლოს სოფელში ჰესის აშენება უნდოდა, პროექტი შეადგინა, ის პროექტი ჩეხეთში გაგზავნეს და გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ ვერ მოასწრო გაკეთება, მე კი რაღას გავაკეთებ ახლა…“ მერე ომი დაიწყო. ამირან რაზმაძე გორის ბაზაზე მსახურობდა, მისი უფროსი ვაჟი სამხედრო ექიმია, არტილერიაში მსახურობს და შინ არც ის იყო, უმცროსი ვაჟი და ქალიშვილი თბილისში ცხოვრობდნენ. დედასთან შვილიშვილები იყვნენ და ბებიამ ისინიც გორში ჩაიყვანა, სიტუაცია რომ დაიძაბა. 11 აგვისტოს შინ, ფხვენისში მხოლოდ ნუნუ ჩლაიძეღა იყო. „11 აგვისტოს დილით წყალი შემოუტანა ფხვენისის სკოლის ეზოში მდგარ ჩვენს ჯარისკაცებს. შინ მოვარდა. სოფელში საშინელი პანიკა იყო უკვე. გნიასი, უბედურება ტრიალებდა… იყო სროლები… მე მეშინოდა… არაფრით არ უნდოდა წამოსვლა. ღამე იყო, რომ წამოვედით, გორისკენ მოვდიოდით, საშინლად დაძაბულები და დაზაფრულები ვიყავით. რა გზითაც მოვდიოდით, არ გამოგვიშვეს, სხვა გზით წამოვედით, ბაღებზე გადმოვიარეთ, საქაშეთის გადასახვევთან ვიყავით… მხოლოდ ის მახსოვს, მითხრა, მანქანას ვეღარ ვმართავო და რაღაც გასკდა კიდეც… დილით, გონს რომ მოვეგე, ბენზინგასამართი სადგურის წინ ვეყარეთ მიწაზე… ბევრი ჭრილობა მქონდა, კბილები ჩამტვრეული… იქ ქართველებიც ყოფილან, აუყვანიათ, იმათ მიამბეს მერე, თქვენ რომ აგაფეთქეს, მაშინ დაგვიჭირესო, ჯერ ტანკს შეეჯახეთ და მერე შემოგიგდეს რაღაცო, ვთქვით კიდეც, ადგილზე ჩახოცესო… მე შეჯახება არ მახსოვს, ტვინის შერყევა მქონდა… ფეხშიც დაჭრილი ვიყავი ავტომატით, მეუღლემდე ვერ მივედი… ეტყობა, აფეთქებისთანავე მოკვდა… რუსმა ჯარისკაცებმა წამიყვანეს თავის საველე ჰოსპიტალში, სულ ჭრილობები მქონდა, იმათმა ექიმმა შემიხვია. ვთხოვე, ჩემს მეუღლესთან მივეყვანე. არაფერს მეუბნებოდნენ, არც მიშვებდნენ. ექიმმა მითხრა, ჩემზე არაა დამოკიდებული თქვენი გაშვებაო. მერე უცებ ყველამ შექუჩება დაიწყო, დიდძალი ტექნიკა იყო, მანქანები, ტანკები… მესმოდა, რომ შინდისში აპირებდნენ მისვლას, გაიგეს, რომ იქ ჩვენი ბიჭები იდგნენ… დრო ვიხელთე, ავიღე ჩანთა და როგორღაც გამოვედი, მოვდიოდი და ვფიქრობდი, ან ახლა მესვრიან, ან ახლა-მეთქი… საქაშეთში მანამდე ნამყოფიც 247 არ ვიყავი. მივდიოდი და სად მივდიოდი, არ ვიცოდი. ერთ სახლთან მივედი, სამი ქალი დამხვდა, იმათ მითხრეს, საქაშეთში ხარო. ვთხოვე, იქ ჩემი ქმარია, დამეხმარეთ, გამომაყვანინეთ-მეთქი… კიდევ არ მჯეროდა, რომ მკვდარი იყო… არ გამომყვნენ… შინდისისკენ წავედი, მაგ დროს ბრძოლები მიდიოდა, ტანკები რომ დავინახე, „ლატოკებში“ ჩავწექი… მერე გზა გავაგრძელე და შინდისის სადგურთან იმ დროს მივედი, როცა უკვე იბომბებოდა. მოვდიოდი და იბომბებოდა… ორი დიდი მანქანა იწვოდა, შევედი ერთ- ერთ ეზოში, მიწაზე გარდაცვლილი ჯარისკაცი ეგდო… იქ მოხუცი კაცი ვნახე, ვთხოვე, ტელეფონზე დამარეკინეთ- მეთქი. მე აღარაფერი აღარ მქონდა ჩანთაში, ფული, ოქრო და ტელეფონი კი არა, სათვალე რომ სათვალეა, ისიც ამოღებული იყო. იმ კაცმა მითხრა, აქ ჩემს მეტი არავინაა, სოფლისკენ წადი, იქნებ იქ უფრო ნახო ვინმეო. გავაგრძელე გზა, ორი ბიჭი შემხვდა, იმათ დამარეკვინეს ჩემს გოგოსთან თბილისში… ჩემმა გოგომ ჩემი ხმა რომ გაიგო, აკივლდა… იმათ უკვე იცოდნენ, რომ მამა დაღუპული იყო და მე ვერ მპოულობდნენ, მეც დაღუპული ვეგონე. ჩემი შვილი მიყვებოდა მერე, თქვენი ამბავი რომ გავიგე, მეოთხე სართულზე ვიდექი და გადავარდნასა და თავის მოკვლას ვფიქრობდიო… ჩემს გოგოს ვუთხარი, შინდისში ვარ და ფხვენისში მივდივარ-მეთქი. გამოვედი გაჩერებისკენ. ხალხი მიშლიდა, არ წახვიდე, მოგკლავენო, ჩემსას არ ვიშლიდი, ვერ ვიაზრებდი, რას ვაკეთებდი. მერე ერთმა ჩემს ბიჭთან დარეკა, დამალაპარაკეს. ჩემმა ბიჭმა მითხრა, დაუჯერე მაგ ხალხს, მანდ იყავი, ჩამოგაკითხავთო. ჟუჟუნა ფაცინაშვილმა წამიყვანა თავის ოჯახში, საშინლად გავსივდი, 5 დღე მივლიდნენ ჟუჟუნა, ნაზო საბაშვილი, ლილი ომაძე. მოხუცი ექთანიც მომიყვანეს, შინდისელებმა ჩემი გულისთვის აფთიაქი გატეხეს, ისეთი პატივი მცეს, ალბათ, ვერასოდეს გადავიხდი. მერე, ჩემებმა სთხოვეს, სასწრაფო შემოვიდა ჩემს გასაყვანად, მარტო მე გამიყვანეს. იქვე, გვერდით სახლში ქართველი დაჭრილი ჯარისკაცები ჰყავდათ გადამალული, ისინი ვერ წამოიყვანეს, გაფრთხილებული ჰყავდათ, ერთი ქალის მეტს თუ გამოიყვანთ, ყველას ადგილზე ჩაგხოცავთო… რუსების ორი საგუშაგო უნდა გამოგვევლო… სწორედ იმ დღეს გამოიტანა პატრიარქმა ჩემი მეუღლის ცხედარი… თბილისში დაკრძალეს, წლისთავზე გადავასვენეთ ფხვენისში…“ ამირან რაზმაძის ძმა და რძალი აჩაბეთში ტყვედ ჰყავდათ, ტყვეობიდან რომ დაიხსნეს, ამირანის ძმას გული გაუსკდა და დაიღუპა… ნუნუ ჩლაიძეს ერთი თვე მკურნალობდნენ ღუდუშაურის კლინიკაში. შინ დაბრუნებულს სახლ-კარი აოხრებული დახვდა. ნუნუ ჩლაიძე: „ძალიან უწყინარი კაცი იყო, ხანდახან ვფიქრობდი, ბავშვად არის დარჩენილი-მეთქი. სიკეთით სავსე. სახლში ერთი ლარი რომ ჰქონოდა და ვიღაც გაჭირვებული მოსულიყო, აიღებდა და მისცემდა… უფროს რძალს შვილებისგან არ არჩევდა, გადამკვდარი იყო შვილიშვილებზე, ორ გოგონას მოესწრო, ვაჟი ახლა შეეძინა უფროს ვაჟს. შუადღით, შესვენებაზე შვილიშვილებს სკოლაში აკითხავდა ხოლმე… ძალიან უაზრო გახდა ჩემთვის ცხოვრება, ამათ რა ვუყო, რომ ვერ ვღალატობ თორემ… ყველაფერი შეიცვალა, რაც ყველაზე ძვირფასი იყო ჩემთვის, ყველაფერი დავკარგე… ერგნეთიდან ვარ მე თვითონ, სამშობლო აღარ მაქვს, ჩემების სახლი გადამწვარია, ჩემები ყველანი ლტოლვილები არიან. ამირანის სამშობლო აღარ მაქვს, აჩაბეთი, ისინიც ლტოლვილები არიან… ჩემთვის ძალიან რთულია ცხოვრება მის გარეშე… განსხვავებული იყო – დილით რომ სამსახურში წასვლა უხაროდა და სამსახურიდან ჩქარა სახლში მოსვლა. შვილებზე იყო გადამკვდარი, ოღონდ ამათ ესწავლათ. არაფერს იშურებდა…“