რაზმაძე ნუგზარ
ზამთრის ლამაზ თოვლიან დღეს 1967 წლის 20 დეკემბერს სოფელ აჩაბეთში დაიბადა ბიჭი ნუგზარ ირაკლის ძე რაზმაძე. 1983 წელს დაამთავრა აჩაბეთის რვაწლიანი სკოლა, შემდეგ სწავლა განაგრძო ტბეთის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 1987 წელს. სიხარულით მიდიოდა ჯარში.
თბილისიდან ჩამოსულ დედას ხალისით ემშვიდობებოდა, მშვიდობა იყო და ფიქრი არაფრის ჰქონდა ნუგზარს. უკრაინის ოლქში უჟგოროდში იმსახურა. ტანკისტი იყო, ალბათ იმიტომ შეარქვეს საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლ ბიჭს ნუგზარ რაზმაძეს ''ტანკისტა,'' რომელიც აფხაზეთში ტანკითვე ებრძოდა სეპარატისტების მიერ დაქირავებულ კბილებამდის შეიარაღებულ ბარბაროსებს. უჭირდა საქართველოს და 1992 წლის ოქტომბრიდან წავიდა მამულის დასაცავად. ცაირიცხა 23-ე შტაბის მე-9 ბატალიონში, გენო ადამიას ბატალიონის წევრად. იბრძოდა ; ეშერაში, მაიაკში, შრომაში, კამანში, ქ. სოხუმში.
კამანი.... ბრძოლა უთანასწორო, დაქირავებული მკვლელები ჯავშან-ჟილეტებით. ნასროლი ტყვია სხლტებოდა მკვლელების ტანიდან, მამულის დამცველი ბიჭები ოცდახუთიღა დარჩა. ნუგზარი ტანკიდან ამოხტა, წელში გაიმართა და ხოხვით მიმავალ ჯავშან-ჟილეტებიან, შეიარაღებულ, დაქირავებულ მკვლელებისკენ ''გრანატამოიტი'' მიუშვა. მან კი მოცელა რამოდენიმე მათგანი, მაგრამ მკვლელების ნასროლი ტყვია მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ამხანაგებმა ვერ შესძლეს მისი გადარჩენა. თავისივე გათხრილ სანგარში ჩააწვინეს 26 წლის ბიჭი.
მამულის დაცვას შეეწირა 1993 წლის 5 ივლისს. დასაფლავებულია ცხინვალის რაიონი სოფელ აჩაბეთში.
ფოტო აღებულია რუსთავის ძველი სამხედრო კომისარიატი